ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

კვარტეტი დიალოგისათვის

2015 წლის 9 ოქტომბერს ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურიატის ვინაობა გახდა ცნობილი. დამკვირვებელთა უმეტესობა ვარაუდობდა, რომ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ან რომის პაპი ფრანცისკი მოიპოვებდა. ევროკავშირის მოწინავე ქვეყნის ლიდერს მიგრანტთა მიმდინარე კრიზისის მოგვარების საქმეში გადამწყვეტი როლის შესრულების მცდელობის გამო ემადლიერებოდნენ. რელიგიურ იერარქს კი გაჭირვებული და დაჩაგრული ადამიანებისადმი კათოლიკური ეკლესიის მიერ ბოლო დროს გამოვლენილი განსაკუთრებული ყურადღების გამო უპირებდნენ ოსლოში მიპატიჟებას. ანალიტიკოსთა მოსაზრებები მცდარი აღმოჩნდა. ყველასათვის მოულოდნელად პრემია ტუნისის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა დაიმსახურეს.

ტუნისი „არაბული გაზაფხულის” სამშობლოდ მიიჩნევა. 2011 წელს პირველად სწორედ ჩრდილოეთ აფრიკის აღნიშნულ ქვეყანაში დაიწყო რევოლუციური გამოსვლა სახელმწიფოს მეთაურის, დიქტატორ ზინ ელ-აბიდინ ბენ ალის წინააღმდეგ. ბენ ალის დამარცხების შემდეგ რევოლუციურმა ტალღამ ლიბიას, ეგვიპტეს, იემენსა და სირიას გადაუარა. „არაბულმა გაზაფხულმა” სახელმწიფო გადატრიალებების შედეგად მინიმალური დემოკრატიის დამყარებაც კი ვერ მოახერხა რეგიონის ქვეყნების უმრავლესობაში. ლიბია დღემდე ორად არის გაყოფილი ისლამისტებსა და დასავლეთის მხარდამჭერებს შორის, იემენში შიიტები და სუნიტები ხოცავენ ერთმანეთს, ეგვიპტეში უდიდესი სისხლის ფასად კვლავ გენერლებმა დაიბრუნეს ძალაუფლება, სირიაში კი უკვე მეოთხე წელია გრძელდება ჯერ არ ნახული, უსასტიკესი სამოქალაქო ომი. „არაბულმა გაზაფხულმა” სასურველი და მდგრადი შედეგი მხოლოდ ტუნისში მოიტანა.

რატომ გადარჩა ტუნისი?

თავდაპირველად, სცენარი ტუნისშიც დრამატულად ვითარდებოდა. ისლამისტებსა და არაისლამისტებს შორის ძალაუფლების მოპოვებისათვის უმწვავესი ბრძოლა გაჩაღდა, გახშირდა ტერორისტული თავდასხმები პოლიტიკურ ოპონენტებს შორის, არასტაბილურობას და გამუცხადებელ სამოქალაქო ომს ეკონომიკური სიმძლავრეების გაჩერებაც მოჰყვა, შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ, დაიწყო საყოველთაო გაფიცვები. ქაოსით დივიდენდების დაგროვებას შეეცადნენ ISIS-ის წარმომადგენლებიც. მოკლედ, ქვეყანას ეროვნული თანხმობა და კონსტიტუციური პრინციპების საფუძველზე ერთიანობა სჭირდებოდა. გამაერთიანებლის ფუნქციას დანასისხლად გადაკიდებული პოლიტიკური პარტიები ვერ შეითავსებდნენ. ვერც რომელიმე ცალკეული სტრუქტურა ან ლიდერი იკისრებდა საყოველთაო მშვიდობის დამკვიდრების ურთულეს მისიას. აუცილებელი იყო უნივერსალური ძალის გამოჩენა, რომელიც ყველა გავლენიან ჯგუფს ერთ მაგიდასთან გააერთიანებდა და „თამაშის წესებზე” მათ შეთანხმებას მოახერხებდა.

მოულოდნელად, ერთმანეთთან საერთო ენა ოთხმა გალენიანმა ორგანიზაციამ გამონახა. პირველ ეტაპზე, ტუნისის პროფკავშირები და „ვაჭრობისა და მრეწველობის გაერთიანება” შეთანხმდნენ ერთობლივ მუშაობაზე საყოველთაო დიალოგის დასაწყებად. მოგვიანებით, დასაქმებულებისა და დამსაქმებლების ალიანსს ადვოკატთა ასოციაცია და ქვეყნის მთავარი ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ლიგა” შეუერთდნენ. ამგვარად, 2013 წელს სამოქალაქო საზოგადოების ოთხმა აქტორმა „ნაციოანალური დიალოგის კვარტეტი” დააფუძნა.

კვარტეტის ერთწლიანი ინტენსიური მუშაობისა და მოლაპარაკებების შედეგად ადამიანები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ერთმანეთს ხოცავდნენ, ახალ კონსტიტუციაზე შეთანხმდნენ. 2014 წელს ტუნისის პარლამენტმა დაამტკიცა ოთხეულის შუამავლობით შედგენილი ძირითადი კანონი, რომელსაც სეკულარული ჯგუფებიც და ისლამისტებიც თავიანთ მიღწევად და საერთო ეროვნულ ფასეულობად მიიჩნევენ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დამსახურებით ტუნისში დემოკრატიული და მშვიდობიანი პროცესები იწყება.

ნობელის კომიტეტის განცხადებაში კი წერია : „დასახელებული ოთხი ორგანიზაციის წევრები ტუნისური საზოგადოების განსხვავებულ ფენებსა და ღირებულებებს წარმოადგენენ, მაგრამ მათ იმ დროს, როდესაც ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე იდგა, გაერთიანება და ალტერნატიული სამშვიდობო პროცესის დაწყება მოახერხეს. ტუნისის მაგალითი დემოკრატიისთვის ბრძოლაში დამარცხებული ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის სახელმწიფოებისათვის ახალი სტიმული უნდა გახდეს.”

ეჭვი არ მეპარება, რომ სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე ნობელიანტთა ახალი ჯგუფის ისტორიის განხილვა მოსწავლეთა ნაწილში მაინც გაამყარებს რწმენას იმისა, რომ ყველაზე სანუკვარი ჯილდოს მოპოვება მცირერიცხვოვანი, მაგრამ გაერთიანებული ერების წარმომადგენლებსაც შეუძლიათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი