შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

აუცილებელი ბედნიერება

ასე ვართ – ჩახუტუნებულები. ორმოცდაორი წელია.

ავთო სესაძე და ციური სარალიძე ვართ. ჩუნჩხაში ვცხოვრობთ. ჩახუტუნებულობა მარტო მოფერება კი არ არის – ერთმანეთს ოფლს ვუზიარებთ. ცხოვრება ასეთია. სხვა ეხლა რა ვქნათ. ვერაფერი. და აუცილებლად ბედნიერები ვართ. დილით რომ თენდება, მზე რომ იზმორება და ადგომა ეზარება, ჩვენ ვდგებით და ვშრომობთ. ეს შრომა ადვილი კი არ არის, მაგრამ შენ შრომა უნდა ფიქრში გადააკეთო და ფიქრში თქვა, რომ ადვილია. ფიქრში რასაც იტყვი, ადამიანიც ეგ არის. ხელი რომ გაგეჭრება, ხელი, ეგეც უნდა გამოიგონო და თქვა: აი, მეტკინა და რა კარგია, რომ მეტკინა. მეტკინა და ცოცხალი ვარ! უნდა იყვე ბედნიერი, რა ვქნათ! სიცოცხლე არის ბედნიერება, თვითონ სიცოცხლე. აპა, წარმოიდგინე, რომ სულ არ გაჩნდი, ეგ სჯობია? არა სჯობია!

სიკვდილი რა არი? სიკვდილი არაფერია, ჩვენი აზრით. დაწვები, დაიძინავ და აღარ ხარ! იქით თუ არი რამე? არსებობს რაღაცა ალბათ, აბა, ჩვენ რა ვიცით ჩუნჩხაში იქაური ამბები, დიდად არ გვენაღვლება

სიყვარული იცი რა არის? ზურგით რომ ზიხარ და ერთამენთსა ხედავ. ეგ არის სიყვარული.

ჰოდა, წლებია ასე მოვდივართ. ჩახუტუნებულებს გვიყვარს. ჩაუხუტუნებელსაც გვიყვარს. სხვანაირად როგორ იქნება? ხომ გითხარი, ცხოვრება არის ბედნიერება. აუცილებელი ბედნიერება. სხვანაირად არ გამოვა. სხვანაირად აღარც ვიცით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი