პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12 ქართული სკოლებისთვის

საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12 თხუთმეტი წლის წინ იმ რწმენით შეიქმნა, რომ მსოფლიოს ყველა ბავშვს აქვს კარგი განათლების მიღების უფლება. ყველა ბავშვი სხვადასხვანაირია, სხვადასხვანაირია მათი საჭიროებები, რეალობა და შესაძლებლობები და იმისთვის, რომ მათ კარგი განათლება მიიღონ, სწავლის პროცესი პერსონალურ მოგზაურობას უნდა ჰგავდეს.

პლატფორმა, რომელსაც დღეს 221 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და სწავლების ყველა საფეხურისა და ყველა საგნისთვის ასეულობით სასწავლო რესურსს აერთიანებს, ცდილობს, მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს გაუმარტივოს წვდომა მასალებზე, რომლებიც, ერთი მხრივ, თანამედროვე ბავშვის ინტერესებს არის მორგებული და ინტერაქციულია, მეორე მხრივ კი საშუალებას აძლევს მოსწავლეს, სასკოლო პროცესის მიღმაც შეძლოს ჩავარდნების აღმოფხვრა, ცუდად ნასწავლ მასალასთან მიბრუნება და, პირიქით, იმის შესახებ ცოდნის გამდიდრება, რამაც განსაკუთრებით დააინტერესა გაკვეთილზე. განათლების სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ეს სასწავლო რესურსები განათლების პროცესს ბავშვისთვის უფრო სასიამოვნოსა და საინტერესოს ხდის და იმავდროულად ხელს უწყობს მას ინდივიდუალური მუშაობისთვის საჭირო უნარების გამომუშავებაში, მასწავლებლებისთვის კი ეს არის პლატფორმა, რომელიც მათ გამოცდილებისა და ცოდნის ურთიერთგაზიარებაში ეხმარება.

„ციფრულ სწავლებას XXI საუკუნის განათლების სისტემაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი აკისრია. ამასთან დაკავშირებით ვთანამშრომლობთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და ტექნიკურ დახმარებას ვუწევთ საქართველოში ციფრული სწავლისა და სწავლების ტექნოლოგიების დანერგვასა და გავრცელებაში. დიდი იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში ამ საგანმანათლებლო ინიციატივაში გაცილებით მეტი სკოლის ჩართვა გახდება შესაძლებელი“, – ამბობს იუნისეფის განათლების პროგრამების ხელმძღვანელი მაია ყუფარაძე.

მას მიაჩნია, რომ ქართულ სკოლებში CK-12-ის რესურსების ეფექტურად დანერგვა საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, განათლების ხარისხის უზრუნველყოფით გააუმჯობესონ მიღწევები როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

თავისთავად ცხადია, ასეთი ამბიციური მიზნის მისაღწევად საჭიროა ძალიან ბევრი პარტნიორის დაუღალავი მუშაობა და ინფორმაციის გავრცელება ციფრული ტექნოლოგიების შესახებ. ამასთან, ეს პროცესი უწყვეტი უნდა იყოს“, – გვეუბნება მაია ყუფარაძე, რომელსაც მიაჩნია, რომ პანდემიის დასრულების შემდეგაც არ უნდა შენელდეს ძალისხმევა ონლაინ სასწავლო რესურსების განვითარებისა და პრაქტიკაში გამოყენებისთვის, ვინაიდან განათლების მომავალი დიდწილად სწორედ ინოვაციური, ინტერაქციული სასწავლო პროცესია, რომელიც ციფრული რესურსების გარეშე წარმოუდგენელია.

უკვე წელიწადზე მეტია, CK-12 ქართულ ენაზეც გამოჩნდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, CK-12-ის საერთაშორისო ფონდისა და განათლების კოალიციის ერთობლივი ძალისხმევით ქართულენოვანი რესურსისთვის უკვე თარგმნილი და ადაპტირებულია 15 სახელმძღვანელო STEM საგნების მიმართულებით, მომზადებულია ფლექსბუქები და სიმულაციები. საქართველოს 60 სკოლაში ორგანიზებულად მიმდინარეობს ამ სასწავლო რესურსების გამოყენება სატესტო რეჟიმში.

„იდეას, რომ გვეთარგმნა CK-12-ის სასწავლო რესურსები, ბიძგი მისცა კოვიდ პანდემიამ და ონლაინ სწავლების პერიოდში ელექტრონული სასწავლო რესურსების დიდმა საჭიროებამ. შემდგომ, როცა მასწავლებლებმა პრაქტიკაში მისი გამოყენება დაიწყეს, უკვე კარგად დავინახეთ, რომ ეს პლატფორმა ძალიან სასარგებლო იყო არა მხოლოდ ონლაინ, არამედ სასკოლო სწავლების პროცესშიც. ის საშუალებას აძლევს მასწავლებლებს, მეტი ინტერაქციით უფრო შედეგიანი და სახალისო გახადონ სწავლების პროცესი. ორიგინალურ პლატფორმაზე ძალიან ბევრი მასალა და ყველაფრის გადმოქართულება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. ჩვენ ვეცადეთ, შეგვერჩია რესურსები ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად. შედეგად საბაზო და საშუალო სკოლის თითქმის უკვე ყველა საფეხურისთვის არსებობს წიგნები STEM-ის მიმართულების საგნებში ქართულ ენაზე, ასევე ხელმისაწვდომია 100-მდე სიმულაცია ფიზიკაში, რაც, ვფიქრობთ, გაამდიდრებს ფიზიკის გაკვეთილებს და მასწავლებლებს გაუმარტივებს რიგი საკითხების ახსნას“, – გვეუბნება განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძე.

ვინაიდან ქართულენოვან პლატფორმაზე მომუშავე გუნდს შეზღუდული რესურსების პირობებში უწევდა მასალის შერჩევა, უპირატესობა იმ წიგნებს მიანიჭეს, რომლებიც ყველაზე ახლოს იყო ეროვნული სასწავლო გეგმის კონკრეტული საგნისა და კლასის თემებსა და ამოცანებთან. სამუშაო პროცესი ქართულ რეალობასთან სასწავლო რესურსების ადაპტაციასაც მოიცავდა.

„ვერ ვიტყვით, რომ ავიღეთ კონკრეტული ფლექსბუქი და ვთარგმნეთ, – მაინც უფრო სხვადასხვა სახელმძღვანელოს კომპილაცია მოხდა იმისთვის, რომ, მაგალითად, მერვე კლასის ბიოლოგიის ან მეშვიდე კლასის ქიმიის სახელმძღვანელო გამოგვეყვანა. ადაპტირებისას გავითვალისწინეთ კულტურული ასპექტები, საზომი ერთეულები და ასეთი წვრილმანი, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალები“, – ამბობს ირინა ხანთაძე.

რესურსები, რომლებიც CK-12-ის ინგლისურენოვან პლატფორმაზეა განთავსებული, გამუდმებით ახლდება მასწავლებელთა ფართო თემის მიერ თანაშექმნის პრინციპის გამოყენებით. ქართულ ვერსიას ჯერ ეს ფუნქცია არ აქვს და თუ რომელიმე მასწავლებელს თავისი რესურსის სხვებისთვის გაზიარება მოუნდება, ინგლისურენოვან საიტზე უნდა დარეგისტრირდეს.

 

„მე ამ პლატფორმას მანამდეც ვიცნობდი, სანამ ქართულენოვანი ვერსია გაჩნდებოდა. აღფრთოვანებული ვიყავი, ონლაინ სწავლების დროს აქაურ სიმულაციებს ხშირად ვიყენებდი, რომ გაკვეთილები ბავშვებისთვის საინტერესო ყოფილიყო. მასწავლებლის ჟურნალისთვისაც დამიწერია ამაზე“, გვეუბნება თინათინ ზარდიაშვილი, ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებელი. ის ერთი მათგანია, ვინც რესურსების ადაპტაციასა და თარგმნაში მონაწილეობდა. გარდა ამისა, გზამკვლევებს უწერს და ვებინარებს უტარებს მასწავლებლებს მათ გამოყენებაში.

„მასწავლებლებს უმთავრესად აინტერესებთ, შეესაბამება თუ არა ეს რესურსები მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმას, დროის ფლანგვა ხომ არ იქნება მათი გამოყენება. ასევე აინტერესებთ ამ რესურსების გამოყენების შესაძლებლობები მდგრადი განვითარების მიზნების ასახსნელად. ჩემი დაკვირვებით, მოსწავლეები უფრო სწრაფად ითვისებენ სწავლების ამ მეთოდს, მათ ნაკლებად აინტერესებთ ის დეტალები, რაზეც მასწავლებლები ფიქრობენ“, – გვიზიარებს თავის გამოცდილებას თინათინ ზარდიაშვილი.

გასულ სასწავლო წელს CK-12-ის გამოყენება საქართველოს 200-მდე სკოლის მასწავლებელმა სცადა. ამ პროცესში მათ განათლების კოალიცია უწევდა მხარდაჭერას და ფასილიტაციას. იმისთვის, რომ მასწავლებლებს ამ პლატფორმის გამოყენება გაუადვილდეთ, კოალიცია წელსაც სთავაზობს სკოლებს დახმარებას და მიზანმიმართულად ნერგავს ამ პრაქტიკას 60 სკოლაში კონსულტანტი მასწავლებლების დახმარებით. გარდა ამისა, მზადდება ვებინარები, რომლებიც ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის იქნება ღია. მათთვის თვალის დევნება დაინტერესებულ მასწავლებლებს STEM-ის მასწავლებელთა ასოციაციის ფეისბუკ გვერდსა და CK-12-ის ქართულენოვან საიტზე შეუძლიათ.

ციფრული სწავლების რესურსების ეფექტური გამოყენებისთვის, მასწავლებლებს შორის მათ პოპულარიზაციასთან ერთად სათანადო ტექნიკური აღჭურვილობაც სჭირდება. ირინა ხანთაძე ამბობს, რომ არასაკმარისი ტექნიკური აღჭურვილობა და ნელი ინტერნეტი ჯერ კიდევ მრავალი სკოლისთვის რჩება გამოწვევად.

არსებული სტატისტიკის თანახმად, CK-12-ის რესურსებით მთელ მსოფლიოში 137 მილიონზე მეტმა მოსწავლემ და მასწავლებელმა ისარგებლა, ხოლო პანდემიის პერიოდში ვებგვერდით სარგებლობა 480%-ით გაიზარდა.

ინიციატივას ახორციელებს განათლების კოალიცია პროექტის „ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ყველა მოსწავლისათვის“ ფარგლებში. პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნორვეგიის სპეციალური საჭიროების საგანმანათლებლო სააგენტოს (სტატპედი) და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ნაწილია და მიზნად ისახავს ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერებას, დაფინანსებულია ნორვეგიის მთავრობის მიერ და განხორციელდება 2021-2023 წლების პერიოდში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი