პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

მხატვრული წერის გაკვეთილები

ნაწილი მერვე

 

მეხუთე თავი

ახლა დროა, საკუთარი სიუჟეტის მოფიქრება ვისწავლოთ.

ამისთვის, მოდი, ჯერ რამდენიმე სავარჯიშო კიდევ გავაკეთოთ, მალე რჩევები აღარ დაგჭირდება, შენ ფინალურ ტურამდე ხარ მისული.

სავარჯიშო პირველი

მოიფიქრეთ

მთავარი პერსონაჟი;

მეორეხარისხოვანი პერსონაჟი;

როგორ იწყება ამბავი;

სიტუაცია;

ნაწარმოების თემა.

მაგალითი:
ბუსი კამპუსის ეზოში ზის სკამზე. მის გვერდით, 12 წლის გოგონა ჩამომჯდარა, გოგონას ძაღლი ჰყავს.
ამბავი იწყება სისხამ დილით. ბუსი სავარჯიშოდ გავიდა და ფეხი გადაუბრუნდა, ამიტომ სკამზე ჩამოჯდა.

კამპუსის ეზოში პოლიციის მანქანები დგანან. რაღაც დანაშაულია მომხდარი. სიჩუმეს ჰაერში გასროლის ხმა არღვევს. ბუსი და გოგონა, თავისდაუნებურად, დანაშაულის მომსწრენი და გამოძიების მონაწილეები გახდებიან.

 

სავარჯიშო მეორე

 

მოიფიქრეთ ამბავი, რომელზეც საკუთარი წიგნის დაწერას აპირებთ.

ა) ჩაატიეთ ეს ამბავი 1 წინადადებაში;

ბ) 3 აბზაცში;

გ) 1-2 გვერდში.

 

მაგალითი:

ა) უდედმამო გოგონას ცხოვრება კეთილი ფერიას გამოჩენის შემდეგ რადიკალურად იცვლება.

ბ) ერთ პატარა გოგონას მშობლები გარდაეცვალა. ის დედინაცვალთან იზრდებოდა, რომელიც გერს ძალიან ცუდად ექცეოდა, მეტსახელად კი „კონკიას“ ეძახდა.

გოგონას ყველანაირ რთულ დავალებას აძლევდნენ და გართობის საშუალებას არასოდეს აძლევდნენ. კონკია სახლში იყო გამოკეტილი და მეფის მიერ გამართულ მეჯლისებზე წასვლაზე ოცნებობდა, მაგრამ დედინაცვალი და მისი ორი ქალიშვილი ამის უფლებას არასოდეს აძლევდნენ, მაგრამ ერთხელაც, როდესაც კონკია ბრინჯისა და მუხუდოს მარცვლებს ერთმანეთისგან არჩევდა, მასთან კეთილი ფერია მივიდა, დაკონკილი ტანსაცმელი ძვირფასეულობად გადაუქცია, გოგრა ეტლად, თაგვები მსახურად და მეჯლისზე გააგზავნა, სადაც მან ფურორი მოახდინა.

მაგრამ დათქმისამებრ, ღამის 12 საათზე ყველაფერი გაქრა, კონკია ისევ ძველ მდგომარეობაში აღმოჩნდა, თუმცა სასახლეში მას ქოში დარჩა, რომლის პატრონის ძიებამ, უფლისწული კონკიას სახლამდეც მოიყვანა. შემთხვევითობის წყალობით, კონკია იმ ადამიანებში აღმოჩნდა, ვისაც ქოში მოაზომეს და ჰოი, საოცრებავ – მას ფეხსაცმელი მოერგო. გოგონა ღატაკი მოსამსახურიდან უფლისწულის მეუღლედ და პრინცესად გადაიქცა.

გ) ამბავი იწყება ერთ ოჯახში, სადაც ბოროტი დედინაცვალი, მისი ორი ქალიშვილი და გერი, მეტსახელად „კონკია“ ცხოვრობენ.

გოგონას ჯერ დედა გარდაეცვალა, მამამ ახალი ცოლი მოიყვანა და მალევე თავადაც წავიდა იმქვეყნად, რის შემდეგაც, დედინაცვალმა გერი აითვალწუნა და მოსამსახურედ დაიყენა.

კონკიას ნახევარდები და დედინაცვალი ძალიან ცუდად ეპყრობოდნენ. ხშირად აშიმშილებდნენ, ამუშავებდნენ მძიმედ და არასოდეს აძლევდნენ ნორმალურ ტანსაცმელს, რის გამოც, მას მეტსახელი „კონკია“ შეარქვეს.

„კონკია“ მდუმარედ იტანდა განსაცდელს, მაგრამ კარგ ცხოვრებაზე ფიქრს კი არასოდეს ეშვებოდა, ყოველთვის სჯეროდა, რომ ერთხელაც, ის ნამდვილ მეჯლისზე, ნამდვილი სამეჯლისო კაბით აღმოჩნდებოდა და იცეკვებდა ისე, როგორც არასოდეს არავის უცეკვია.

და აი, გამოჩნდა ეს დღეც, სამეფო კარმა გამოაცხადა, რომ უფლისწულისთვის საცოლეს ეძებს და უზარმაზარ მეჯლისზე იწვევს ყველა გოგონას, განურჩევლად სოციალური მდგომარეობისა.

„კონკიას“ იმედის სხივი ჩაესახა გულში. მერე რა, რომ კაბა არ აქვს, იქნებ გამოუვიდეს? მაგრამ აქაც ბოროტი დედინაცვალი გადაეღობა: გოგონას სახლში დარჩენა და ბრინჯისა და მუხუდოს, ქერისა და სიმინდის მარცვლების ერთმანეთისგან გარჩევა დაავალა. ყველაფერი ეს კი, რა ძნელი გამოსაცნობია, შეგნებულად აურია ერთმანეთში. თუ ამას გაარჩევ, მეჯლისზეც წაგიყვანთო, იყო პირობა.

მაგრამ როგორი გასარჩევია ოთხი სხვადასხვა კულტურა ერთმანეთისგან? „კონკიამ“ იმედი დაკარგა, საქმეს კი მაინც შეუდგა.

და აი, გამოჩნდა კეთილი ფერია, ვინც „კონკიას“ აღუთქვა, რომ სამეფო მეჯლისზე დასწრებას შეძლებდა. როგორ? მისი ჯადოსნური ჯოხის მეშვეობით, გოგრა ძვირფას ეტლად, თაგვები პირისფარეშებად, დაძონძილი კაბა კი ულამაზეს სამოსად გადაიქცეოდა. მხოლოდ, ეს ყველაფერი ღამის 12 საათამდე, ამის შემდეგ კი, ყველაფერი თავის პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდებოდა და თუ „კონკია“ სახლში დაბრუნებას ვერ მოასწრებდა, ყველა დაინახავდა, სინამდვილეში ვინაა ის.

„კონკიას“ სიხარულისგან ენა ჩაუვარდა, მაგრამ უცბად მოიწყინა: კი, მაგრამ ამ მარცვლეულს ვინ გაარჩევს ერთმანეთისგან? თუ დავალება არ შეასრულა, ბოროტი დედინაცვალი სასტიკად დასჯიდა გოგოს.

კეთილი ფერიასთვის არც ეს დავალება იყო რთული. სანამ „კონკია“ მეჯლისზე იქნებოდა, ფრინველთა მთელ ჯარს მოუხმობდა კეთილი ჯადოქარი და მარცვლებს ისე კოხტად დააბინავებინებდა ტომრებში, როგორც დაგიბარებია.

მართლაც, „კონკიას“ დაფლეთილი კაბა სადღესასწაულოდ გადაიქცა, გოგრა – ეტლად, თაგვები კი – პირისფარეშებად.

„კონკია“ მეჯლისზე დაგვიანებით მივიდა, მაგრამ ნამდვილი ფურორი კი მოახდინა. ყველა მას უყურებდა და მასთან ცეკვას ლამობდა, თუმცა გოგონამ საღამო დღის მთავარ გმირთან, პრინცთან ცეკვაში გაატარა. მეფეც და დედოფალიც კმაყოფილი იყვნენ, აი, მათ შვილს მგონი ვიღაც მოეწონა და ეს „ვიღაც“ ნამდვილი დედოფალია.

მაგრამ, საათმა ზარი შემოჰკრა. რამდენიმე წამიც და „კონკია“ ისევ დაძონძილტანსაცმლიან ქალიშვილად გადაიქცევა. რას იფიქრებენ მასზე სხვები? საჯაროდ შერცხვება ამდენ ხალხში და პრინცსაც შესძულდეს იქნებ?

„კონკია“ სასწრაფოდ გარბის დარბაზიდან, ჯდება ეტლში და სახლისკენ მიისწრაფვის, მაგრამ სიჩქარეში, მას ძვირფასი ქოში გასძვრება ფეხიდან, რომელსაც უფლისწული იპოვის და გამოაცხადებს, რომ ვისაც ეს ქოში მოერგება, ცოლადაც იმას მოიყვანს.

დედინაცვალი და მისი ბოროტი შვილები შინ უხასიათოდ ბრუნდებიან. მეჯლისზე პრინცი სულ ვიღაც უცნობ გოგონასთან ცეკვავდა და მათთვის ყურადღება არ მიუქცევია. რაღაცით მათ „კონკიასაც“ კი ჰგავდა ის გოგონა, მხოლოდ ძვირფას სამოსში იყო.

„კონკიას“ დავალება შესრულებული აქვს, მარცვლეული დახარისხებულია., გოგონებისა და მათი დედის დაცინვა გულზე აღარ ხვდება და გასულ ღამეს იხსენებს, როდესაც მათ კარზეც დააკაკუნებენ. ეს მეფისწული და მისი მსახურები არიან. ისინი საპატარძლოს ეძებენ, მაგრამ აი, აქაც ბოროტი დედინაცვალი – „კონკიას“, ყოველი შემთხვევისთვის, სკივრში ჩაკეტავენ, რომ ქოში მას არ მოერგოს. ერთი ქალიშვილი მოიზომებს და პატარა აქვს, მეორე უფრო ვირეშმაკა აღმოჩნდება, თითებს წაიჭრის, მაგრამ არც მას ერგება, ქოში ჯადოსნურია და ფეხის ზომაზე არაა დამოკიდებული.

არის აქ სხვა გოგონა? – კითხულობს უფლისწული, მაგრამ ყველა უარზეა. ის-ისაა, მეფის ხალხი უნდა წავიდეს დამწუხრებული, რომ პატარა ცუგა, „კონკიას“ მამის გაზრდილი ძაღლი პირს ჩაავლებს პრინცს და სკივრთან მიიყვანს. სკივრს გახსნიან და იქ გოგონას იპოვიან, მოაზომებენ ფეხზე და ჰოი, საოცრებავ – მისი ქოშია.

„კონკია“ ღატაკი გოგონადან ნამდვილ დედოფლად გადაიქცევა. მისი ყველა ოცნება ერთ წამში ახდება, ახლა თავადაა ძვირფასი მეჯლისების მასპინძელი.

 

 

სავარჯიშო მესამე

 

თქვენ უკვე მოფიქრებული გაქვთ საკუთარი ისტორია, ახლა საჭიროა ყველა მომენტი, სადაც მოქმედებაა აღწერილი, დეტალურად გაშალოთ და ამ დეტალიზაციას, სულ მცირე 3 გვერდი მაინც დაუთმოთ.

 

სავარჯიშო მეოთხე

იმისათვის, რომ ნამდვილი მოთხრობა გამოგვივიდეს, ჩვენ პროტაგონისტს ისეთი ამბავი უნდა გადახდეს თავს, სადაც ის შეიცვლება, ამასთანავე, აუცილებელი პირობაა გმირის ცხოვრების კონკრეტული მონაკვეთები მუდმივად მერყეობდეს ბედნიერებიდან უბედურებისკენ, წარმატებიდან – წარუმატებლობისკენ და პირიქით.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი