სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

Лапша, я поскользнулся…

პირველი სიტყვები რუსულად, რაც გავიგე და დავიმახსოვრე, სერჯო ლეონეს სახელგანთქმული ფილმიდან იყო, რომელსაც მაშინ ყველა „ადნაჟდი ვ ამერიკე”-ს ეძახდა. მაშინ არც მიცდია, უფრო ზუსტად, არც გამიბედავს ვინმესთვის მეკითხა, რას ნიშნავდა, ქართულად როგორ ითარგმნებოდა ეს ფრაზა – ყველა ისე მოხიბლული და აღტაცებული, აცრემლებული იყო გარშემო, მომეჩვენა, რომ მათთვის შეურაცხმყოფელი იქნებოდა შეკითხვის დასმა. და ბოლოს და ბოლოს, მეც ხომ თავმოყვარეობა მქონდა: სადმე ოდესმე უსათუოდ გავარკვევდი.

ეს „ოდესმე” ერთხელაც დადგა და ის დროც მოვიდა, როცა „ერთხელ ამერიკაში”-ს ქართული გახმოვანებით ვუყურე. ერთი ნაცნობი მეუბნებოდა, ქართულად გახმოვანებულ „ხიტებს” რომ ვუყურებ, მგონია, დასცინეს და გააბანძესო, კაცი კაცს არ ჰგავს, ქალი – ქალს, სიტყვა სიტყვას არ ემთხვევაო. მოგვიანებით ეს ბრალდება ქართულად თარგმნილი წიგნების შესახებაც მომისმენია, და ასე მგონია, ამ შეხედულებებს შუალედური ენის გამოცდილება კვებავს. თუმცა რაღა შუალედურის – გასული საუკუნის 70-იანების ბოლოს სულ ცოტა დააკლდა და კონსტიტუციით გამყარებული, დომინანტი, უპირატესი ენა იქნებოდა.

ხშირად ყოფილა, ტექსტზე მუშაობის დროს, ზოგიერთი ავტორისთვის მითხოვია, რუსულად ციტირებული ბოდლერის, სარტრის, ჰემინგუეის, აკუტაგავას და სხვათა ფრაზები როგორმე ქართულად ეთარგმნათ. „ეფექტი დაიკარგება”, – მათი არგუმენტები გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ერთმანეთს, – „განა თარგმნა მიჭირს, უბრალოდ ის სიმძაფრე, მოქნილობა, დატვირთვა არ ექნება”. „რატომ?” – მიკვირდა ხოლმე, და სულ ვფიქრობდი, კონკრეტული ავტორი ქართულ ენაში ვერ ხედავდა იმის შესაძლებლობას თუ საკუთარ თავში ვერ პოულობდა ძალას, რიგიანად ეთარგმნა ის (თუნდაც გენიალური) ფრაზა.

მერე დავრწმუნდი, რომ საჭიროდაც არ მიაჩნდა. „რად გვინდა იმის განმარტება, რაც ისედაც ყველას ესმის?” – მეტყოდნენ გაკვირვებულები. და მაშინ იძულებული ვიყავი ბავშვობიდან მყარად გამჯდარ თავმოყვარეობაზე ხელი ამეღო: „მე არ მესმის”.

წიგნი და ავტორი ცალკე, მაგრამ ეს უხერხულობა კიდევ უფრო თვალშისაცემია ქართულ კინოთეატრებში. იქ არაფერი შეცვლილა ვიზუალური ეფექტებისა და თანამედროვე ინტერიერის გარდა: გაუგებარია, როცა დამოუკიდებელ ქვეყნად თავის წარმოჩენას ცდილობ და ამ დროს ჰოლივუდში გადაღებულ ფილმს რუსული გახმოვანებით უჩვენებ. არ ვიცი, ფინანსურად რა ხარჯებთანაა ამის უზრუნველყოფა – უახლესი კინოს შეძენა/თარგმნა/გახმოვანება – დაკავშირებული, მაგრამ ფაქტია: რუსეთთან ომის ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი ქართულ კინოთეატრებში პირწმინდად წაგებული გვაქვს.

ამ შემთხვევაში კინოთეატრების მესვეურთა დადანაშაულება, რბილად რომ თქვა, პრობლემის მხოლოდ ცალმხრივად შეფასება იქნებოდა. საქმეში ჩახედული ადამიანები სხვა უამრავ მიზეზთან ერთად, რამდენიმეს ფაქტორს ხაზგასმულად ასახელებენ:

1) მიზანმიმართული სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობა, რაც შეზღუდავს კინოთეატრებში რუსულად გახმოვანებული/დუბლირებული ფილმების ჩვენებას, 2) საგანმანათლებლო დაწესებულებების, კინოსტუდიების, ამ თემით დაინტერესებული საჯარო და კერძო ორგანიზაციებისათვის ხელის შეწყობა სფეროს გასავითარებლად (ფილმის დუბლირებას, პროფესიონალი მსახიობების გარდა, მინიმუმ კარგი მთარგმნელი და დუბლირების რეჟისორი სჭირდება), 3) ქართულად დუბლირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება კინოთეატრებს შორის კონკურენციის გასაძლიერებლად (ვფიქრობ, უშუალო მფლობელისაგან შეძენილ, ორიგინალიდან ნათარგმნ და დუბლირებულ ფილმებს/მულტფილმებს მეტი მაყურებელიც ეყოლება და სერიოზულ როლსაც შეასრულებს ქართული ენის განვითარებაში).

ასე თუ არ მოხდა… ასე უნდა მოხდეს! ისიც ცხადია, რომ უფრო და უფრო მომძლავრდება ნაკითხი თუ გაუნათლებელი ნიჰილისტების ნიაღვარი, რომელიც ქართულ ენაზე თარგმნილი წიგნებისა და ფილმების გამასხრებაში გაეჯიბრებიან ერთმანეთს, მაგრამ ეს ქართულ ენას – ჩვენი სახელმწიფოსა და იდენტობის ყველაზე ძლიერ საყრდენს – კიდევ უფრო გააძლიერებს.

არადა, ის დროც კარგად მახსოვს (თქვენც გეხსომებათ), საოჯახო კინოთეატრთან („პანასონიკის” ტელევიზორი და „პრისტავკა”) შეჯგუფულები, აღელვებულები და აცრემლებულები თვალს რომ ვერ ვწყვეტდით ეკრანს, სადაც ენიო მორიკონეს შთამბეჭდავი მუსიკის ფონზე, სასიკვდილოდ დაჭრილი ბიჭი თავის მეგობარს გამოხედავს და ეუბნება: „Лапша, я поскользнулся…”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი