სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

ბელგა უკვე ვეღარასოდეს ითამაშებს ჭადრაკს

ბაბუებს მაინც უცნაურად უყვართ შვილიშვილები. მინდოდა მეთქვა, უცნაურად უყვართ და ესმით კიდეც მათი-თქო. თითქოს რა ისეთი აუხსნელი რამეა, კაცს რომ გაუკვირდეს, მაგრამ მაშინ, როცა მშობლები უამრავ ყოფით საქმეს არიან შეჭიდებულები, ბაბუებმა შეიძლება სწორედ ის აღმოაჩინონ, რაც მერე მისი შვილიშვილის ცხოვრებაც იქნება და საქმეც.
პატარა გაბოს შემთხვევაშიც ასე იყო.
პოლკოვნიკი ნიკოლას რიკარდო მარკესი, რომელსაც შვილიშვილები პაპალელოს ეძახდნენ, გვიანობამდე შერჩებოდა ხოლმე ბელგას სახელოსნოში. ბელგა – ეს შიშისმომგვრელი მოხუცი – თურმე პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გამოჩნდა არაკატაკაში, ორივე ფეხის კიდური ნორმანდიაში, დანაღმულ მინდორში დაეტოვებინა.
ოთხი წლისამ გავიცანიო, – ჰყვება გაბრიელ გარსია მარკესი ავტობიოგრაფიულ წიგნში „იცხოვრო, რომ მოჰყვე” (ესპანურიდან თარგმნა ლანა კალანდიამ), – ბაბუაჩემი მასთან ჭადრაკის მდუმარე და დაუსრულებელი მატჩების სათამაშოდ მიდიოდა ხოლმეო.
სანამ გაუთავებელი და მოსაწყენი სეანსები მიეწყობა, სახელოსნოში მოხვედრილ ბავშვს პირველივე საღამოდან უკვირს, რომ იქ არაფერია ისეთი, რაც შეიძლება რამეში გამოიყენო. აკვარელით დახატული ზღვის პეიზაჟები, ბავშვების დაბადების დღისა და ზიარების ფოტოები, აზიური სამკაულების ასლები, ძროხის რქებისგან დამზადებული ფიგურები, სხვადასხვა ეპოქის ავეჯი – ეს ყველაფერი ერთმანეთზე ახუხულავებული – და ბელგაც თითქოს საკუთარი ნამუშევრების ამ უწესრიგობაში ცხოვრობს.
– არასოდეს მყვარებია. მით უფრო, ჭადრაკის თამაშის დროს. საათობით აყოვნებდა ყოველი ფიგურის მოძრაობას, ძილისგან ჩამოღვენთილი ვიყავი. ერთ ღამეს უზომოდ დაუძლურებული მომეჩვენა და შინაგანად ვიგრძენი, რომ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ ეწერა. მის მიმართ სიბრალული გამიჩნდა, მაგრამ ხანდახან იმდენად დიდხანს ფიქრობდა ჭადრაკის თითოეულ სვლაზე, რომ გულწრფელად ვნატრობდი მის სიკვდილს.

სანამ ეს სიკვდილი ჩამოდგებოდეს, ბავშვის თვალს და ყურადღებას ბელგას ძვლებზე მიკრული ყვითელი კანი მიიქცევს, ასეთივე ფერის თმა და შუბლზე ჩამოყრილი ქოჩორი, სახეს რომ უფარავს და ლაპარაკს უშლის. მოხუცი ზღვის ლომის ძვლის ყალიონს ეწევა და მხოლოდ ჭადრაკის თამაშის დროს ანთებს ხოლმე – ამ ხრიკით მეტოქის დაბნევას ცდილობს. წელს ქვემოთ მოწყვეტილი, ზურგში მოკუზული და მარცხნივ გადახრილი, თავისი ყავარჯნებით თევზივით დაცურავს საკუთარი სახელოსნოს ნანგრევებში.
– არასოდეს მოუყოლია ნაოსნობის შესახებ. ვიცოდი, რომ არაერთი მღელვარე თავგადასავალი გადახდენოდა. ერთადერთი გატაცება, რომელიც გარეშე ხალხმა მის შესახებ იცოდა – კინო იყო.
არც ის კინოსეანსი ჩაივლის მოხუცის გარეშე – ლუის მაილსტოუნის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია”-ს ჩვენება. რემარკის ნაწარმოების მიხედვით შექმნილ ფილმის ნახვისას ბელგა ნორმანდიის ჭაობში ჩაყრილი მეომრების დაჩეხილ და დანაწევრებულ გვამებში საკუთარ თავს ამოიცნობს და იმდენად შეძრავს სანახაობა, რომ გადაწყვეტს, საბოლოო წერტილი დაუსვას თავის სიცოცხლეს.
– პატარა მისაღებ ოთახში ბინდი იდგა. ფანჯრები დახურული იყო. ეზოდან შემოსული მზის პირველი სხივი მხოლოდ საძინებელს ანათებდა. ქალაქის მერი და სხვა ოფიციალური პირები ბაბუას ელოდნენ. ზეწარგადაფარებული ცხედარი იქ ესვენა. ყავარჯნები ახლოს, ერთი ხელის გაწვდენაზე დაეწყო მის პატრონს, მანამ, სანამ ლოგინში სიკვდილთან შესახვედრად დაწვებოდა.
სასთუმალთან ხის პატარა მაგიდაა, ზედ – ის ჭურჭელი, საიდანაც ბელგამ ოქროს ციანიდის ორთქლი თავის ძაღლთან ერთად შეისუნთქა. იქვეა წერილიც, საღებავით, დიდი ასოებით გამოყვანილი: „არავის დააბრალოთ, თავს ვიკლავ, რადგან ბრიყვი ვარ”. მიცვალებულს შიშველი, მტკიცე და დაგრეხილი სხეული ინდაურის უხეში კანითა და ყვითელი ბალნით აქვს დაფარული და გარშემომყოფებს მშვიდი, შემრიგებლური თვალებით ცოცხალივით უმზერს.
და უცებ, ცხედრის დანახვაზე, ბელგას სახლში გატარებული ღამეების სევდა ახსენდება პატარა გაბოს და ბაბუას ეუბნება:
– ბელგა უკვე ვეღარასოდეს ითამაშებს ჭადრაკს.
უბრალო ნათქვამი იყოო, – მოკრძალებულად იხსენებს ავტობიოგრაფიულ წიგნში გაბრიელ გარსია მარკესი, – მაგრამ ბაბუაჩემმა ისე უამბო ოჯახის წევრებს, როგორც გენიალური აზრის გამონათება. ქალები ისეთი ენთუზიაზმით ავრცელებდნენ გარშემო, რომ სტუმრის მოსვლის დროს შიშის ზარი მცემდა და ვიმალებოდიო. არ მინდოდა ჩემი თანდასწრებით ეთქვათ, ან უარესი: იძულებული გავეხადე, თავად მომეყოლაო.
იქვე არც იმის აღნიშვნას მოერიდება, – არავინ იცის, როგორი თანაგრძნობით ვივსები იმ ბავშვების მიმართ, რომლებსაც მშობლები გენიოსებად მიიჩნევენ; აიძულებენ იმღერონ სტუმრების თანდასწრებით; მიბაძონ ჩიტებს ან უარესი, მოიტყუონ უფროსების გასართობადო, – მაგრამ დღეს ვხვდები, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, ის მარტივი ფრაზა ჩემი, როგორც მწერლის, პირველი წარმატება იყოო.
…ხომ მეთანხმებით: ბაბუებს მაინც უცნაურად უყვართ შვილიშვილები. უყვართ და ესმით კიდეც მათი. მაშინ, როცა მშობლები უამრავ ყოფით საქმეს არიან შეჭიდებულები, ბაბუებმა შეიძლება სწორედ ის აღმოაჩინონ, რაც მერე მისი შვილიშვილის ცხოვრებაც იქნება და საქმეც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი