პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

სამართლიანი დარტყმა

დიდი ხანია ტორტი მხოლოდ საკონდიტრო ნაწარმი აღარ არის, წლებია კრემით მორთული ნამცხვარი უკვე პოლიტიკურ იარაღად იქცა. ძალაუფლების არმქონე, არაიერარქიული, მასობრივი სოციალური მოძრაობის წევრები ხშირად ისვრიან საკვებს თავიანთი მძვინვარებისა და უკმაყოფილების გამოსახატად. აგრესიული პროტესტის მონაწილენი აცხადებენ, რომ ტორტის ერთ სტყორცნას ათას სიტყვასა და ას დემონსტრაციაზე უფრო მეტი ძალა და გავლენა შეიძლება ჰქონდეს. კრემი სიცოცხლისათვის საშიში არ არის, მისი საშუალებით ადამიანის ჯანმრთელობის შელახვა ფაქტობრივად შეუძლებელია, მაგრამ კვერცხის, ფქვილისა და შაქრის გემრიელი კომბინაციის გამოყენებით საკმაოდ იაფი ჯდება პოლიტიკურ ლიდერთა ნამდვილი სახის მხილება, საზოგადოებრივი ყურადღების მიპყრობა და მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე დისკუსიების წახალისება. აქტივისტთა ნაწილს უვნებელი იარაღი კეთილშობილური მიზნებისთვის მოჰყავს მოქმედებაში, თუმცა, არიან ისეთებიც, რომელთა პრიორიტეტი გავლენიან პირთა უპირობო შეურაცხყოფა, დამცირება და შევიწროვებაა.

ევროპის ანტიელიტურ წრეებში ტორტის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ემხრობიან, თუ მოწინააღმდეგე პროტესტანტებზე მრავალჯერ ძლევამოსილია, გამოირჩევა ცინიკური ქედმაღლობითა და ცივსისხლიანი გულგრილობით, და თუ ბრძოლის ყველა სხვა მშვიდობიანი გზას უკვე აზრი აქვს დაკარგული. ცხადია, კულტურულ მოქალაქეებსა და საზოგადოებრივ მოღვაწეებს არ სურთ, რომ ტკბილეულით გუნდაობა დემოკრატიული ცხოვრების ყოველდღიურ ნაწილად აქციონ.

საკონდიტრო პოლიტიკური თავდასხმების ეთიკური მხარის განსახილველად ორი მაგალითი მოვიშველიოთ.

2010-ანი წლების შუა ხანებში ევროპას მიგრანტთა კრიზისის ტალღამ გადაუარა. ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან კეთილდღეობის სახელმწიფოებში მოხვედრას ათობით ათასი ლტოლვილი შეეცადა. ლტოლვილთა რაოდენობის უპრეცენდენტო ზრდამ უამრავი სერიოზული და უმძიმესი დილემის წინაშე დააყენა არაერთი დასავლური საზოგადოება. 2016 წელს აქტიურად განიხილავდნენ საზღვრის უკანონოდ დამრღვევთა წინააღმდეგ იარაღის გამოყენების აუცილებლობის საკითხს. დისკუსია შედგა ეროვნული პარლამენტების დონეზეც და საერთო ევროპულ ასპარეზზეც. პოლიტიკური და საზოგადოების წრეების მნიშვნელოვანი ნაწილი დაუშვებლად მიიჩნევდა საომარი ზონებიდან გამოქცეული, ნახევრად მშიერი და შიშველი, თავშესაფრის მაძიებელი დევნილებისათვის ტყვიის სროლას, თუნდაც ისინი არ დამორჩილებოდნენ მესაზღვრეთა მოწოდებას და არალეგალურად ეცადათ საზღვრის გადალახვა. ცხადია, უმრავლესობის პოზიციას სასტიკად შეეწინააღმდეგნენ ექსტრემისტული და ნაციონალისტური ძალების წარმომადგენლები. ევროპარლამენტის ულტრამემარჯვენე ფრაქციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბეატრიქს ფონ შტროხმა თავის სოციალურ პლატფორმაზე დაწერა: „ ვინც არაფრად აგდებს საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვას, არ ემორჩილება შეჩერების მოთხოვნას, ის თავდამსხმელია. ჩვენ კი თავი უნდა დავიცვათ თავდამსხმელებისგან!“. ევროპარლამენტარს ერთ-ერთმა მოქალაქემ იქვე დაუსვა შეკითხვა: „თქვენ გსურთ, რომ მწვანე მდელოზე ბავშვებიანი ქალების შესვლა იარაღის გამოყენებით აიცილოთ თავიდან?“. ბეატრიქს ფონ შტროხის პასუხი ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი გახლდათ: „დიახ!“.

რადიკალი ლიდერის ამგვარ პოზიციას მალევე საერთო ევროპული სკანდალი მოჰყვა, დემოკრატიულმა ძალებმა დაუნდობლად გააკრიტიკეს საჯარო მოღვაწე, რომელიც ლტოლვილი ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ იარაღის გამოყენებას მიემხრო. საზოგადოებრივმა ზეწოლამ თავისი შედეგები მოჰყვა, ჰიტლერის ფინანსთა მინისტრის შვილიშვილმა მალევე შეარბილა საკუთარი ტონი. უძველესი ევროპული არისტოკრატიული ოჯახის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ის იარაღის გამოყენებას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ემხრობა და ისიც მხოლოდ ქალების (და არა ბავშვების) ბრბოს წინააღმდეგ. დეპუტატს იმედი ჰქონდა, რომ რამდენიმე კვირა გაივლიდა და მისი „lapsus lingua” თუ შეგნებული ბოროტმოქმედება აღარავის ემახსოვრებოდა. თითქოს აქეთ მიდიოდა კიდეც საქმე! მაგრამ ქ-ნმა შტროხმა თავის დაღწევა მაინც ვერ შეძლო.

ერთ-ერთი დახურული პოლიტიკური შეხვედრის დროს მას კლოუნის უნიფორმაში გამოწყობილი ადამიანი მიუახლოვდა და დაბადების დღის სიმღერის ფონზე სილა ტორტის გამოყენებით გააწნა. კლოუნები ხელოვანთა, მეცნიერთა და აქტივისტთა გაერთიანება „პენგ-კოლექტივის“ წევრები იყვნენ, ისინი თავად ჩაბარდნენ პოლიციას და პატიოსნად მოიხადეს მსჯავრი. თავდამსხმელებს ერთადერთი მოტივაცია ჰქონდათ – „თუ მორალური ხაზების აშკარა დარღვევას კანონი სწრაფად და შედეგიანად არ პასუხობს, მაშინ ხაზის სიმტკიცე კრემიანი ტორტის საშუალებით მაინც უნდა შევინარჩუნოთ“.

დემოკრატიულ საზოგადოებაში „კულინარიული ტერორი“ სუსტების იარაღია, ავტორიტარულ რეჟიმებში კი ტორტით თავდასხმის ტრადიციაც არანორმალურ ფორმებს იძენს.

იმავე 2016 წელს მოსკოვის ცენტრში, ერთ-ერთ რესტორანში სავახშმოდ მისულ მიხეილ კასიანოვს თხუთმეტი კავკასიური წარმოშობის, კარგად ნავარჯიშები მამაკაცი მიუახლოვდა. კასიანოვი წლებია რუსეთის ლიბერალური ოპოზიციის ლიდერი და პუტინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგეა. მიუხედავად უმცირესი პოლიტიკური შესაძლებლობებისა, პარტია „პარნასის“ ლიდერი მაინც ცდილობს არ შეურიგდეს გაბატონებულ რეჟიმს, რომლის წარმომადგენელი ადრეულ ეტაპზე თავადვე იყო. სასადილო დარბაზში შემოსულმა ბრბომ ყვირილით აიკლო იქაურობა, ისინი ხმამაღლა ლანძღავდნენ და აგინებდნენ თითქმის სიკვდილის პირას მისული დემოკრატიული ძალის უღიმღამო ლიდერს. ხანგრძლივი ობსტრუქციის შემდეგ კი მთელი ძალით სახეში შეაზილეს ტორტის ნაჭერი და ოთხი მანქანით სწრაფადვე მიიმალნენ დანაშაულის ადგილიდან. არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ თავდასხმის მთავარი მოქმედი პირნი არ დაუსჯიათ და საქმის ბოლომდე გამოძიება ძლევამოსილმა რუსმა ძალოვნებმა ვერ შეძლეს. არც რომელიმე მცირერიცხოვან სამოქალაქო მოძრაობას აუღია პასუხისმგებლობა კასიანოვის შევიწროვებაზე. ბუნებრივია, ხულიგან მოჭიდავეებს „ანტიისტებლიშმენტური“, კასიანოვის ცოდვების მამხილებელი მანიფესტის გამოქვეყნებაც დაავიწყდათ.

მოცემული მაგალითების საფუძველზე ადვილად შესამჩნევია, თუ რა სახე შეიძლება მიიღოს უწყინარმა, ხუმრობანარევმა პოლიტიკურმა პერფორმანსმა ორ სხვადასხვა ნიადაგზე. ამიტომ მგონი სჯობს, რომ ჩვენს ქვეყანაში უარი ვთქვათ ამგვარი მეთოდების დანერგვაზე, რაც არ უნდა იყოს, მაინც პოსტ-საბჭოთა სივრცის ნაწილს წარმოვადგენთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი