შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ია

არა, ის არც კაზინოში დაითენებს ღამეს და არც ტოტალიზატორის ბუღში შეავსებს ბილეთებს პირში სიგარეტ გაჩრილი, მაგრამ თამაშში ცოტა ვინმე თუ გაეჯიბრება. მას ია ვეკუა ჰქვია და ფულს, აგერ უკვე 15 წელია, რაც ჟურნალისტობით შოულობს. კინოზე, ლიტერატურასა და თამაშების სამყაროზე წერაში, ჰა-ჰა სამი ბადალი ჰყავდეს. დოსტოევსკი იტყოდა, რომ ია ვეკუა მოთამაშეა, თანამედროვეები კი ამბობენ, რომ ია გეიმერია, თან სერიოზული გეიმერი და ის, ამ საქმის სათავეებთან მდგომთა კოჰორტას მიეკუთვნება. დისციპლინა, როგორც ყველა საქმეში, თამაშშიც არ ავიწყდება. თუკი კალენდარში დღე-ღამე ზომბების ხოცვისთვის აქვს მონიშნული, დახოცავს, თუ წერისთვის – დაწერს, თუ ჩვენთან, მეგობრებთან გასატარებლად – უთუოდ საღამოს მთავარი გმირი იქნება.

ია ვეკუა – კინოს ენციკლოპედისტი; ვარსკვლავური ომების ორთოდოქსი მრევლი; მეგობართათვის დედა ტერეზა; დეპრესიულთათვის ჭკუის საკითხავი ადამიანი; სმაში მსმელი; საუბარში მოლაპარაკე.
ია ვეკუა.
როცა პირველად ვნახე და გავისაუბრეთ, მაშინვე მივხვდი, რომ ყველა საინტერესო ადამიანის მსგავსად, მასაც რამდენიმე ცხოვრება ჰქონდა. ამ პარალელურ ცხოვრებებს შორის, არსებობდა სამი ძირითადი სამყარო: საჯარო, პირადი და საიდუმლო სამყაროები. იმის მიუხედავად, რომ ის სულაც არ ჰგავდა ისეთ ადამიანს, რომელიც იოლად გაგაშიფრინებს თავს, მაინც მარტივად შევამჩნიე, რომ იუმორი და ვარსკვლავური ომები მისთვის სამივე ცხოვრებაში მნიშვნელოვანი იქნებოდა. იუმორისა და ვარსკვლავური ომების მიმართ კი – გულგრილი არასოდეს ვიყავი.
ია ვეკუა, დანიელის, ანუ ბარნაბიჩის ასული, რომელზეც ნიკა ესებუასგან ბევრი მსმენოდა, კინოთეატრში გავიცანი. მაშინ მე პირველად ავეტორღიალე სახელოვანი კინომანიაკების ამქარს, რომელთა ვირტუალური თავშესაფარი ფორუმი GOL-GE იყო და რომლის მებაირახტრეც უთუოდ ია ვეკუა გახლდათ. გოგო ხუჭუჭა თმითა და წითელი კედებით, რომელსაც მაისურზე ლუკ სკაიუოკერის გამოსახულება ეხატა. ის სრულად ამსხვრევდა სტერეოტიპს იმის შესახებ, თუ როგორი ჩაცმულობა და იმიჯი უნდა ჰქონოდა ადამიანს, რომელიც ჟურნალისტიკაში აგერ უკვე 15 წელია საქმიანობს და ქართველ კინომიმომხილველტა სამეულში შედის.
ისიც იოლი შესამჩნევი იყო, რომ იას მებაირახტრეობა მხოლოდ კლავიატურაზე ხელების რახუნითა და ფორუმზე გრძელ-გრძელი პოსტების წერით არ შემოიფარგლებოდა. თუმცაღა, არც უამისობა იყო. ია არც მთლად ფეთიანი და არც მთლად გულგრილი მშობელივით დაფოფინებდა ყველას, ვინც კინომანიაკების ორდენის წევრი იყო. ყველას, ვისაც რამე უჭირდა ან აინტერესებდა. „სულ ორი ადამიანი ვიცი, ვისაც ჩემზე მეტი ფილმი აქვს ნანახი – დიკონი (ოთო ჯანგავაძე) და იკო (ია ვეკუა)” – მითხრა ნიკა ესებუამ ჩვენი ნაცნობობის მეორე თუ მესამე დღესვე – მაშინ, როცა აღმოვაჩინე, რომ თურმე არსებობდა ადამიანი, ვისაც ჩემზე მეტი კინო ჰქონდა ნანახი. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ათეულშიც ვერ შევდიოდი და შეიძლება ოცეული გამექაჩა. ცხადია, ისეთმა მიმნდობმა ადამიანმა, როგორიც მე ვარ, ნიკას სიტყვები დაიჯერა, მაგრამ გაივლის ია ვეკუასთან მეგობრობის წლები და მე ამაში ცხადად დავრწმუნდები, როცა მის სახლში პირველად მისული იას კინოკოლექციას ვნახავ. ვეკუა, ჩემს თვალში, წარმოისახება როგორც ყველაზე მდიდარი ადამიანი მათ შორის, ვისაც კი დედამიწა ზურგით ატარებს. ის დაემსგავსება დრაკონ სმაუგს, რომელიც ოქროულობის ნაცვლად DVD დისკების კოლექციაში წევს და მხოლოდ ასე პოულობს მოსვენებას. თუმცა, სმაუგის განსხვავებით ეს ქონება არა მოროდიორობით, არამედ საკუთარი მონდომებით, შრომით, ინტერესითა და მოთმინებით შეაგროვა.
როცა ვცადეთ ამ სიმდიდრიდან ერთი ეგზემპლარი ამოგვერჩია და გვენახა, დისკებმა უშველებელი, ცხენის გასაჭენებლად საკმარი მისაღები ოთახის იატაკი, მაგიდები, სკამები, დივანი და სავარძლები გადაფარა, მაგრამ მაინც არ დაეტია.იას კარადებიდან თითქოს კინოს ისტორია მდინარესავით გადმოიღვარა., „კარგით მაშინ, მეორე ოთახიდან აღარ გამოვიტან” – თქვა იამ, რომელსაც სახეზე სევდა ეტყობოდა. ჩვენ დავეთანხმეთ.
ერთხელ, ღამეა. იას მანქანით (ვარსკვლავური ომების ორნამენტებით გაწყობილი volkswagen passat-ი, გამოშვების წელი – 1999, ძრავი – 1,8, ავტომატიკა) სანაპიროზე მივდივართ. უაზრობებზე ვსაუბრობთ:
-წარმოიდგინე, რომ ბრედ პიტი შენი ქმარია, ან ანჯელინა ჯოლი ჩემი ცოლი – ვეუბნები მე.
-რას ლაპარაკობ, რამხელა პასუხისმგებლობაა – მპასუხობს ია და არცერთი ნაკვთი არ ერხევა. 50 მეტრიც არ გვაქვს გავლილი და ვხვდები, რომ იას პასუხი აბსოლუტურად სერიოზულია.
იამ იცის, როდის იხუმროს და როდის არა. თუკი ამის ხასიათზეა და სიტუაციაც ხელს უწყობს, იას შეუძლია ყველა ხუმრობაში სინამდვილის მარცვალი იპოვოს და გაამრავლოს, ან ყველა სერიოზული ნათქვამი ხუმრობად აქციოს. ისე, რომ გული არავის დაწყდეს.
იკოსთან ერთად ქალაქგარეთ გასვლა ცალკე სიკეთეა.
ერთხელ რაჭაში წავედით, ხუთი უქმე დღის გასატარებლად. ხუთნი ვიყავით. ბედუკუღმართობის გამო, ისე ხდება, რომ ზაფხულობით ექვსიდან შვიდ საათამდე მეღვიძება. ასეთ დროს, თამრიკო ჭოხონელიძეც რომ ჩამომიჯდეს თავთით და იავნანა მიმღეროს, ვერაფრით ვერ დავიძინებ. აღმოჩნდა, რომ ჩემს ოთხ მხლებელს, მათ შორის იას, უქმე დღეებში საღამოს ოთხამდე სძინავთ, ნებივრობენ. პირველად, როცა მათი გაღვიძება ვცადე, ლამის ეს იმჰოტეპის მუმიის გაღვიძების ტოლ-ფასი აღმოჩნდა. ამის გამო, დილის შვიდიდან საღამოს ოთხამდე დროს მარტო, აივანზე ან ეზოში ვატარებდი. დღეში თითო წიგნს ვკითხულობდი. როცა ხმის გამცემი წყალივით დამჭირდებოდა, მაგიდაზე ბოთლს ვდგამდი და წარმოვიდგენდი, რომ ადამიანია. ერთი-ორჯერ მეზობლის ბავშვს ვთხოვე მოდი ვილაპარაკოთ-მეთქი და ისიც 10 წუთში გამექცა – მომბეზრდა შენთან ლაპარაკიო. ოთხი საათი რომ შესრულდა, აივანზე ია გამოვიდა, ჯერ კიდევ ძილ-ბურანში მყოფი. ამ დროს მე შექსპირს ვთამაშობდი მაგიდაზე შემოდგმული ბოთლისთვის. სამი წლის ბავშვივით გამეხარდა, მივვარდი და შეკითხვების დასმა დავუწყე, რაზეც იამ მითხრა: „ახალგაღვიძებულზე 1-2 საათს ვერ ვლაპარაკობ”.
თუმცა, იმ საღამოს საკმარისზე მეტი ვილაპარაკეთ. უფრო სწორად ფილმი გავახმოვანეთ. აივანზე მდგომ გოგრისოდენა ტელევიზორში „ფორესტ გამპი” გადიოდა. მე და ია, ლუდით მთვრალები, რადგანაც ფილმი ზეპირად გვახსოვდა, შუაღამემდე ვისხედით და მსახიობებს სიტყვის თქმას ვასწრებდით.
იუმორი. იუმორი იას ძლიერი მხარე და თავდაცვითი სისტემაა, რომელიც მაშინვე ამოქმედდება, როცა საფრთხეს ან პირიქით, კომფორტს იგრძნობს. მისი იუმორის გრძნობა კი მრავალმხრივია – თვითირონიით დაწყებული, მამიმისის, ლეგენდარული ბარნაბიჩის ამბების მოყოლით დამთავრებული. ხანდახან ვფიქრობ, რომ შეუძლებელი იყო განგებას იასთვის იუმორის გრძნობის მოზრდილი ნაჭერი არ შეეხვედრებინა, რადგანაც ის ბარნაბიჩსა და ქალბატონ ნატოს შვილია და ისინი კიდევ ცალკე, საინტერესოზე საინტერესო პერსონაჟები არიან. მე თუ მკითხავთ, საქართველოს მაშინ ეშველება, როცა ბარნაბიჩი საქართველოს პარლამენტის სხდომების პირდაპირ ტრანსლაციას წაიყვანს ან რუსთავი 2-ზე საკუთარი ანალიტიკური გადაცემა ექნება.
ასეა: კაცს ოთხი რამ უნდა ჰქონდეს ცხოვრებაში გაკეთებული. სამი კი იცით. მეოთხე კი ია ვეკუას გაცნობაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი