უფასო სიკეთეები

ოდესმე ლატარიის ბილეთი გიყიდია? – საუბრისას სასხვათაშორისოდ მკითხა ერთმა ნაცნობმა.

არა, არასოდეს მიყიდია ლატარიის ბილეთი, არ მიოცნებია, დამეძინა და მეორე დღეს მდიდარს გამეღვიძა, ძვირად ღირებული საჩუქრები მიმეღო ან მუშაობის გარეშე შემძლებოდა ცხოვრება და თავის რჩენა. არა იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ცუდია, – უბრალოდ მგონია, რომ ჩემს ბედნიერებას სხვა, უფრო მტკიცე საფუძველი სჭირდება.

რატომ, არ გჯერა, რომ ჯეკპოტი მართლა თამაშდება და მას რიგითი ადამიანები იგებენ?

მჯერა, რატომაც არა. მჯერა, რომ ვინმეს ცხოვრებაში შეიძლება ასეთი რამ მოხდეს – ერთ დილას მდიდარს გაეღვიძოს, ძვირად ღირებული საჩუქრების მიღება მუდმივ სიამოვნებად ექცეს, მუშაობის გარეშე შეეძლოს ცხოვრება, მაგრამ ამ ვინმეს ადგილას არასოდეს წარმომიდგენია საკუთარი თავი.

რატომ?

იმიტომ, რომ პატარაობისას სხვა რამეებზე ვფიქრობდი და დღემდე მგონია, სწორ გზას ვადგავარ. ჩემს თავთან ასე უფრო იოლად გამომდის ურთიერთობა, შიგადაშიგ გარემოსთან წინააღმდეგობას ვეჯახები, მაგრამ ესეც ცხოვრების ნაწილია. უამისოდ ვის უცხოვრია…

რაზე ვფიქრობდი და მინდოდა, ისეთი საქმე მქონოდა, რომელსაც სიამოვნებით გავაკეთებდი; არ დამეკარგა შეგრძნება, რომ რასაც ვაკეთებ, საჭიროა, სასარგებლოა და თუ მასში სულს და გულს ჩავდებ, შედეგსაც დავინახავ. მინდა ვიცოდე, რომ თუ კარგად გააკეთებ, რაც გევალება, აღარ მოგიწევს ღია კარის მტვრევა. რომ შენ მიერ გაკეთებული საქმეების უკან შენი სახელია, რომელსაც გაფრთხილება უნდა. არ მინდა, შემთხვევითობაზე ვიყო დამოკიდებული, სტაბილური საყრდენი მჭირდება, რომელსაც შესაძლოა დამსახურებული მაღალი ხელფასი ან უზრუნველყოფილი სიბერე ერქვას, ის, რაც მე მოვიპოვე, რისთვისაც ვიშრომე.

მინდა ვიცოდე, რომ ჩემი ან სხვისი მაგალითი შესაძლოა გადამდები აღმოჩნდეს, სხვებმაც იფიქრონ, რომ მონდომებით ყველაფერს მიაღწევ, რომ რთული მიზნები არ არსებობს – არსებობს რთული გზები, მაგრამ გზა იმიტომაა გზა, რომ მისი გავლა შესაძლებელია და ა.შ.

რამ გამახსენა ეს ძველი ამბავი?

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში მშობლების წერილები მომხვდა თვალში. წუხდნენ, რამდენი ფულის გადახდა მოუწიათ სასკოლო სახელმძღვანელოების საყიდლად. დარწმუნებული ვარ, თქვენამდეც მოაღწევდა ეს ხმა. ისიც გემახსოვრებათ, რას ამბობდნენ რამდენიმე წლის წინ უფასო სახელმძღვანელოების დარიგებისას. წიგნები, რომელიც სახელმწიფომ ფაქტობრივად უკანონოდ, სხვისი ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევით ჩაიგდო ხელში, ყველა მოსწავლემ უფასოდ მიიღო. არც მაშინ და, როგორც ახლა ვხვდები, არც მერე არავის უფიქრია, რა მოხდებოდა რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ახალი სახელმძღვანელოების დაბეჭდვა გახდებოდა საჭირო, ვინ უზრუნველყოფდა ხარისხს, რომელიც კონკურენციის არარსებობის პირობებში აუცილებლად იკლებს, როდემდე იქნებოდა სახელმწიფო ისეთი კეთილი, როგორიც იმ მშვენიერ სექტემბერში იყო და მართლა სჭირდებოდა თუ არა ათასობით საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახს სახელმძღვანელოები უფასოდ. უფრო გონივრული ხომ არ იქნებოდა, ის მრავალი ათასი სხვა საქმეს მოხმარებოდა, ისევ ბავშვების სასიკეთოდ? ხომ არ აჯობებდა, ამაზე საშუალო შემოსავლის მქონე მშობლებს ელაპარაკათ, თავიანთ პირველად და მეორეულ საჭიროებებზე თავად დაფიქრებულიყვნენ, მერე კი ეცადათ, გადაწყვეტილების მიმღებთათვის მიეწვდინათ ხმა?

წინათ ასე, გამადიდებელი შუშით არ ვუყურებდი გარემოს; რაც შვილები მყავს, ყოველ ნაბიჯზე ვხვდები, რამდენად არამეგობრულია ჩვენი ქვეყანა, საზოგადოდ, ბავშვების მიმართ. ღარიბი გამწვანება, უხარისხო პლასტიკატის დეკორაციებით გაფორმებული პარკები, მანქანების მიერ ოკუპირებული ტროტუარები, კეთილმოუწყობელი საბავშო ბაღები და სკოლები, არაკონტროლირებადი კვების ობიექტები მათ გარშემო, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის ადაპტირებული სივრცის სიმცირე, თითქმის მკვდარი რეგიონები და, რაც მთავარია, ჩვენი, საზოგადოების, უგრძნობლობა ყოველივე ამის მიმართ, ვფიქრობ, სერიოზული პრობლემაა.

ყოველ ზაფხულს თბილისში მცხოვრები ათასობით მშობელი ერთ ჯადოსნურ ღამეს კომპიუტერებს ეჯაჭვება, რომ შვილები როგორმე დაარეგისტრირონ საბავშვო ბაღში. ყველას არ უმართლებს – ქვეყნის დედაქალაქში საკმარისად არ არის სკოლამდელი განათლებისთვის საჭირო დაწესებულება. განა არ ჯობდა, მათთვის სახელმძღვანელოების დარიგებას, ვისაც ყიდვაც შეეძლო, ბაღები აეშენებინათ იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც კერძო სერვისით სარგებლობა არ შეუძლია?

ათასობით სტუდენტი, რომლებიც ფინანსურად ჯერ კიდევ მშობლებზე არიან დამოკიდებულები, ყოველ დილას ძვირფას დროს კარგავს ავტობუსის გაჩერებაზე იმ იმედით, რომ რომელიმეში მაინც ავა. ეს ამბავი ცოტათი ჰგავს მშობლების თაობის მონათხრობს ტროლეიბუსზე ჩამოკიდებულ მგზავრობაზე საბჭოთა კავშირში. ქვეყნის დედაქალაქში არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკვე წლებია ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. უამინდობისას აქ ისევე აწვიმთ მგზავრებს, როგორც ქუჩაში მოსიარულეებს, სკამების ნახევარი მოტეხილია, ადაპტირებული არ არის განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის და, რაც მთავარია, ამ ვადაგასული, მწყობრიდან გამოსული ავტობუსების რაოდენობა სრულიად არ არის საკმარისი. განა არ ჯობდა, რამდენიმე ასეული ახალი ავტობუსი გვეყიდა მათთვის, ვისაც გადაადგილების სხვა საშუალებაზე ხელი არ მიუწვდება?

ათასობით მარტოხელა მშობელი, უმეტესად – დედები, სამსახურს ვერც კი ეძებენ, ვიდრე მათი შვილები საგანმანათლებლო დაწესებულებებში არ დაიწყებენ სიარულს, რაც მათ ფინანსურ მდგომარეობასა თუ კარიერაზე, ცხადია, უარყოფითად აისახება. მერეც, სკოლებსა და ბაღებში მიყვანის შემდეგ, ბავშვის ყოველი ავადმყოფობა თუ სხვა ისეთი რამ, რაც შვილის გვერდით მშობლის ყოფნას მოითხოვს, დამსაქმებლისთვის პრობლემად აღიქმება. მშობლებსაც შეუძლოდ მყოფი ბავშვები დაჰყავთ სკოლაში, რათა სამსახური შეინარჩუნონ. ხომ არ აჯობებდა, ასეთი მშობლების მხარდასაჭერად მოგვეფიქრებინა რამე, მათ გაძლიერებაზე გვეზრუნა, მათი შვილებისთვის თანაბარი პირობები შეგვექმნა?

ღარიბ ქვეყანაში (და საქართველო, ფაქტია, ასეთია) უფასო სიკეთეებით სიხარული და ჯეკ პოტის მოგების მსურველთა სიმრავლე (მით უმეტეს, რომ ასეთი ყველგან მრავლადაა) სულაც არ მიკვირს; უბრალოდ, უცნაურია, რატომ ვეძახით უფასოს იმას, რაც ჩვენი გადასახადებიდან ამოღებული ფულით კეთდება და რატომ არ გვინდა, ეს ფული უფრო გონივრულად იყოს გამოყენებული; რატომ გვირჩევნია, გვაჩუქონ ის, რისი ყიდვაც თავადაც შეგვიძლია, მაშინ როცა არ გვიკეთებენ იმას, რასაც ჩვენ თვითონ ვერ გავაკეთებთ? რატომ არ გვინდა, გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, უფრო სტაბილური და საიმედო იყოს? რატომ არ გვინდა, ჩვენ თვითონ შეგვეძლოს სასურველი რამეების შეძენა და თავად განვსაზღვროთ საკუთარი საჭიროებები?

კომენტარები

comments