ოთხშაბათი, აპრილი 17, 2024
17 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

სხვა ძველი წიგნების საქმე

საქმე ასე იყო: თითქმის ყოველღამე მესიზმრებოდა, რომ განძის საპოვნელად მიწას ვთხრიდით. მე და ჩემი მეზობელი, რომელიც სულაც არ ჰგავდა ჰეკლბერის და ეზოს უკან, ჩაის სიმბოლურ პლანტაციაში გამოყოლაც კი ეზარებოდა სათამაშოდ. მაგრამ სიზმარი რისი სიზმარია. ჰოდა, ვთხრიდით. საქმე და მთელი უბედურებაც ის იყო, რომ სწორედ მაშინ მეღვიძებოდა, როცა ნიჩაბს სკივრს დავკრავდი და ამაყად გადავხედავდი ჩემს თანამზრახველს. ან იქნებ ამ ამბის მთავარი სიკეთე სწორედ ეს გამოღვიძება უნდა ყოფილიყო – მერე რაღა მენახა სიზმრად?

მე და ჩემი მშობლები ერთსა და იმავე წიგნებს ვკითხულობდით ჩვენ-ჩვენს ბავშვობაში. გარდა, ვთქვათ, ვინმე საშუალო რანგის ინგლისელი მწერლის საყმაწვილო დეტექტივებისა, რომელთა მსგავსი წიგნები 90-იანების კოოპერატივ-გამომცემლობებმა მრავლად ბეჭდეს და სადაც, ვთქვათ, კოლეჯის მოსწავლის ამბავია, რომელიც ფოტოაპარატის საყიდლად ფულს აგროვებდა, მაგრამ იმ დანაზოგით დურბინდი იყიდა, რადგან რაღაც კერძო გამოძიებაში ჩაერთო. მეც დავიწყე ფულის გროვება და მერე მთელი ეს ოთხი ათასი კუპონი რობერტო ბაჯოს „ნაკლეიკაზე” გადავცვალე – 4 ნომერი იყო და ძნელად ამოდიოდა, როგორც მაშინ ვიტყოდით ხოლმე.

არ ვიცი, რატომ მიიჩნეოდა „ბიძია თომას ქოხი” საბავშვოდ, მაგრამ ტვენის თავზარდამცემად გენიალური ამბების გვერდით ეს წიგნი მომაჩეჩეს და მთელი კითხვის პროცესი უცხადესად მახსოვს. აჰა, ჩემი სოფლის ოდის ოთახი. კოღოები. და კედელზე რატომღაც ლომონოსოვის სურათი, რომელიც სულაც სამყაროს შემქმნელი მეგონა. მონები. ბამბა. ამერიკა. საბძელში მცხოვრები გომბეშოს ყიყინი. და სხვა მსგავსი რომანტიკანი. ძალიან მაგარი და დაუბრუნებელი – ჩემი აზრით. ხოლო ამის მერე რატომღაც „სალამურას თავგადასავალ” წავიკითხე – დიდი ქართული ზღაპარი.

მაგრამ მარტო წიგნები როდი გახსენდება – ყველაფერი, რაც მაშინ მოხდა. აი, ერთი გოგო, რომელიც ასაკით ჩემზე უფროსი იყო, მე ბეკი დავარქვი და მიყვარდა. ბებიაჩემი ასწავლიდა და დავყვებოდი გაკვეთილზე. და მინდოდა, რამე დაეშავებინა და მერე ამეღო ეგ ამბავი ჩემს თავზე და ბებიაჩემს მის მაგივრად გავეწკეპლე. ასე იცის…

მაგრამ იმ დიდი, აუცილებელი ავტორების გარდა (ვერნი, რიდი, სტივენსონი და სხვანი), რომლებსაც ახალი თაობა მგონი აღარასდროს წაიკითხავს, იყო სხვა წიგნებიც – ვანო ურჯუმელაშვილის „სამხრეთის ვარსკვლავი”, მოთხრობა სამაგალითო საბჭოთა პიონერზე, იური ოლეშას „სამი გოდორა”, რომელსაც ბოლო სამი გვერდი აკლდა და დღემდე მისი დარდი მაქვს, „ფილმი ზღაპრები” – ანიმაციები ტექსტად, ლამის მთელი ტელედანაკლისი რომ ამინაზღაურა და სხვანი. ვინ იცის, სად აწყვია ახლა ეს წიგნები, ან აწყვია კი?

„ბემბის” რომ ვკითხულობდი, გარდა ამბის განვითარებისა, საშინლად მაინტერესებდა, რა ერქვა ავტორს. საბჭოთა გამომცემლებს დაჟინებით მიეწერათ: „ფ. ზალტენი”. წიგნს ასეთი, გარე ფეტიშებიც აქვს. ბლომად. მერე მოძებნი. „უი, ფელიქსი”, – იტყვი და თითქოს დიდი საიდუმლო ამოხსენი.

იცით, ზოგი წიგნი საერთოდ გამოვტოვე. არ მქონდა. მერე დამეზარა. მაგალითად, „პინოქიო” (მისი წვრილცხვირა კლონის საქმე ვიცოდი) და „კარლსონიც” სულ ახლახან გადავშალე. პრინციპით – წაკითხული ხომ უნდა გქონდეს. მივხვდი, რომ დიდი წიგნებია, მაგრამ იმასაც, რომ რაღაც ბავშვობაში უნდა წაიკითხო. ემილს ახლა ვერაფერი ჩაანაცვლებს, თავისი გამოთლილი კაცუნებიანად.

ასე ბევრი გამოვა, წერტილი უნდა დავსვა.

როგორი დასასმელია… იმ სიზმრიდან გამოფხიზლებას ჰგავს, ზევით რომ მოგიყევით – სკივრს ნიჩაბს დაჰკრავ და უნდა გაიღვიძო. რას იზამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

გმირი თუ დამნაშავე

ენა, რიტუალი, კერძი

 ესკიზები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი