ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ჩემი არდადეგები

ვიცი, დამაგვიანდა. ვიცი, იტყვით, რაღაც დროს არდადეგებიაო, მაგრამ რა ვქნა. დიდი გოგოების არდადეგები ზოგჯერ არ ემთხვევა კალენდრით გათვალისწინებულსა და საყოველთაოს. შეიძლება, სწორედ ესაა ზრდასრულობის ჭეშმარიტი სევდა.

ჰოდა, მიუხედავად იმისა, რომ სულ ორი კვირა დავისვენე, ჩემთვის სექტემბერსაც ზაფხულის სუნი აქვს. ყოველთვის ასე იყო. სექტემბერი ის თვეა, ზაფხულის ფერადი დღეებისთვის ხელის გაშვება რომ უჭირს და მუდმივად გაიძულებს, შორს დარჩენილ ზღვაზე იფიქრო. ვიღაცები ალბათ მთაზე ფიქრობენ. ჩემთვის ზღვაა მთავარი. ზღვა ჩემი მშვიდი ძილი და ნათელი დღეებია.

სკოლაში რომ ვსწავლობდი, ჩემი „როგორ გავატარე ზაფხულის არდადეგები”, სხვების თემებისგან განსხვავებით, წაკითხული წიგნების გრძელ ჩამონათვალს წარმოადგენდა. ჩემს არდადეგებს თავგადასავლები აკლდა, განძის ძიების, მდინარეზე ნავებით დაშვების, სახლიდან გაპარვის ისტორიები. სამაგიეროდ, მასწავლებლები მაქებდნენ.

მოგვიანებით, როცა გავიზარდე, არდადეგების შესახებ თემების წერაც დავივიწყე და უფრო მეტიც, ზაფხულოით დასვენებასაც თითქმის ავაღე ხელი. ამიტომ მომიტევეთ, თუ პოსტი, რომელსაც ახლა კითხულობთ, ხუთოსანი გოგოს შესაფერისად არ მოგეჩვენებათ.

ჩემი წლევანდელი ზაფხული დანარჩენებს არ ჰგავდა. წელს, პირველად, წლების განმავლობაში დაგროვილი დაღლილობა და უძილობა განსაკუთრებული სიმძაფრით ვიგრძენი და მივხვდი, რომ უნდა დამესვენა. ასეთი რამ, შეიძლება, ყველას დაემართოს, საგანგაშო არაფერია. ჩვენ ხშირად გვავიწყდება საკუთარი თავი ყოველდღიურ ორომტრიალში, გვავიწყდება ძილი, გვავიწყდება, ზოგჯერ სხეულს ვკითხოთ, ხომ არ გადაიქანცა, ჩვენი დახმარება ხომ არ სჭირდება, ხომ არ ურჩევნია, ცოტა ხნით ტემპი დააგდოს და ცხოვრების წესი შეიცვალოს. და მხოლოდ მაშინ ვიხსენებთ, როცა გადაწვის პირას მყოფი ორგანიზმი თავისას ითხოვს.

გასულ ზაფხულს გამოვიძინე. გამოვაძინე ჩემი დაღლილი გონება და დახმარების მომლოდინე თვალები. გამოვიძინე სინდისის ქენჯნის გარეშე, ისე მშვიდად, როგორც დედები იძინებენ შვილების შინ დაბრუნების შემდეგ.

ბავშვობის ზაფხულებისგან განსხვავებით, წლევანდელ არდადეგებზე წაკითხული წიგნების სია ძალიან მოკლე გამოდგა. სულ ერთი წიგნი ავიღე ხელში _ მარიო ვარგას ლიოსას „ცუდი გოგოს ოინები”. დავდიოდი ბათუმის ქუჩებში ლიოსასთან ერთად და დაუზარლად ვპასუხობდი სათაურით დაინტერესებული გამვლელ-გამომვლელების, მიმტანების, მძღოლების და მეზობელ შეზლონგებზე მოკალათებულების შეკითხვებს: „რაზეა?” „როგორი წიგნია?” „შინაარსიც სათაურივით საინტერესო აქვს?”

გასულ ზაფხულს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგი _ გადავწყვიტე, ცხოვრებაში პირველად, საშინელებათა ჟანრის ფილმი მენახა და „ამერიკულ საშინელებათა ისტორიის” მთელ პირველ სეზონს ვუყურე. საინტერესო იყო, მაგრამ დამთრგუნველი. დარწმუნებული არა ვარ, რომ გავაგრძელებ, თუმცა გარისკვად მაინც ღირდა. მთავარია, რომ ის გავაკეთე, რაც მანამდე არასოდეს გამიკეთებია. შეიძლება, თავგადასავლადაც კი ჩამეთვალოს.

გასულ ზაფხულს ფეხით სიარულის დავიწყებული ბედნიერება გავიხსენე. ვისწავლე, რომ ზოგჯერ აუცილებელია, მანქანა იქ დატოვო, სადაც მოგწყინდება, ქუჩას გაუყვე და ათვალიერო ადამიანები, შენობები, ღრმად ისუნთქო (თუკი ისეთ ადგილას ხარ, სადაც ჰაერი საკმარისია, რა თქმა უნდა), უცნობებს გაუღიმო, ნაცნობებს მიესალმო და სახლში რომ დაბრუნდები, უცნაური სიხარულით იყო სავსე.

გასულ ზაფხულს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ბავშვობის მეგობრები სრულიად განსაკუთრებული ადამიანები არიან. შეიძლება, ისინი წლობით ვერ ნახო, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, ყველანი ერთად დაბრუნდეთ მშობლიურ ქალაქში, ერთ-ერთი მათგანის ქორწილის გამო და ყველაფერი ისე იყოს, როგორც ამერიკულ ფილმებშია. დავრწმუნდი, რომ სანამ მათთან ერთად ხმამაღლა სიმღერისა და დაუდევრად ცეკვის არ გრცხვენია, ბავშვობა დაკარგული არ არის.

გასულ ზაფხულს ჩემი ახალი წიგნის წერა დავასრულე. ადვილი არ აღმოჩნდა, ყველაფერი ისე გადამეტანა ფურცელზე, როგორც ვფიქრობდი, გულწრფელად მომეყოლა ჩემი დარდისა და შიშის შესახებ, მაგრამ მაინც შევძელი. არ ვიცი, რა გამოვიდა. წიგნს „ქალაქი წყალზე” ჰქვია. წიგნზე მუშაობამ ხელით წერა გამახსენა. ჩემდა გასაოცრად, ტექსტის მნიშვნელოვანი ნაწილი ხელით დავწერე, რაც კიდევ უფრო უცნაური რამ იყო ჩემთვის, ვიდრე საღამოობით სეირნობა.

გასულ ზაფხულს მივხვდი, რომ შეიძლება, ერთ დღეს ადგე და ხელი გაუშვა მოგონებებს, ხელი გაუშვა ფიქრს, რომელიც გამძიმებს და იმ ადამიანის აჩრდილს, რომელიც, მართალია, ძვირფასი გეგონა, მაგრამ წავიდა. შეიძლება, გაუშვა და არ დაგენანოს. ყველაფერი შეიძლება.

ხედავთ? ისევ განძის და ექსტრემალური თავგადასავლების გარეშე დავრჩი. სანამ სხვები ფეისბუქზე იწონებდნენ თავს ულამაზეს ადგილებში გადაღებული ფოტოებით, მე საკუთარ თავში ვიმოგზაურე. ეს ჩემი საუკეთესო ზაფხული იყო.
პოსტ სკრიპტუმ: ამ პოსტის დაწერა ნასტასია არაბულის პოსტმა შთამაგონა. მადლობა მას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი