პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

მიკუთვნებულობის განცდა სკოლისადმი

რატომ არ უყვართ ჩვენს მოსწავლეებს სასკოლო გარემო? სწორედ ამ დილემას განვიხილავდით მე და ჩემი მეგობარი/კოლეგა. ვცდილობდით, გვეპასუხა კითხვებისთვის – რატომ აზიანებენ მოსწავლეები სკოლის კედლებს? რატომ ერჩიან/არ უფრთხილდებიან სასკოლო ინვენტარს? რატომ არ ზრუნავენ სასკოლო გარემოზე? რატომ იჩენენ გულგრილობას  და ა.შ. ბევრ მიზეზს შევეხეთ. შევთანხმდით, რომ მოსწავლე-სკოლის უხილავი თუ ხილული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში ისეთი აქტორები თამაშობენ განსაკუთრებულ როლს, როგორებიცაა:

  • მოსაწყენი, ერთფეროვანი არქიტექტურა;
  • სკოლების მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობა;
  • კვალიფიკაციის ნაკლებობა სკოლაში (დირექტორი, მასწავლებელი, სხვა პერსონალი);
  • სიყვარულისა და თანაგანცდის ნაკლებობა;
  • საგულდაგულოდ ჩაკეტილი სივრცეები;
  • ნდობის ნაკლებობა და ა.შ.

ჩამონათვალის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება. აღნიშნული ფაქტორები, ერთად აღებული თუ ცალ-ცალკე, განაპირობებენ იმას, რომ მოსწავლეს არ უჩნდება/უყალიბდება მიკუთვნებულობის განცდა სასკოლო სივრცისადმი. პრობლემას, რომელსაც წერილში შევეხები, თვალში საცემია ქართული სკოლების უმეტესობაში.

დამეთანხმებით, შეუძლებელია მოსწავლეს ჰქონდეს მიკუთვნებულობის განცდა იმ სივრცისადმი, სადაც გაკვეთილების შემდეგ მისი დარჩენა დირექციისათვის დიდი პრობლემაა. რამდენჯერ გექნებათ მოსმენილი შემდეგი ფრაზები: „რამეს გააფუჭებთ ახლა; დროზე წადით სახლში; სახლი არ გაქვთ, რას ჩამომსხდარხართ აქ; ხელი ეშლება სასწავლო პროცესს…“. შეუძლებელია მოსწავლეს ჰქონდეს იმ სივრცისადმი მიკუთვნებულობის განცდა, სადაც მას არ ენდობიან და არ უყვართ!

ქართულ რეალობაში, სკოლების უმეტესობაში გადაწყვეტილებები მოსწავლეების გარეშე მიიღება. ხშირად სკოლის დირექცია, ისე იღებს გადაწყვეტილებას, რომ მათ აზრს საერთოდ არ ეკითხება. მოსწავლეების რეალური მონაწილეობის გარეშე იცვლება სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლეთა ქცევის კოდექსი თუ სხვა დოკუმენტები. ფორმალობადაა ქცეული მოსწავლეთა თვითმმართველობა (ზოგადად ბოლო პერიოდში დაგვჩემდა ფორმალობები).

შეუძლებელია, მოსწავლეს ჰქონდეს მიკუთვნებულობა იმ სივრცისადმი, სადაც მას არ აქვს დროის გასატარებელი გარემო. ადგილი, სადაც ის თანაკლასელებთან თუ თანამოაზრეებთან ერთად მოკალათდება. შეასრულებს დავალებას, იმუშავებს პროექტზე ან უბრალოდ დაისვენებს.

მოსწავლესა და სკოლას შორის გაუცხოება კოვიდ პანდემიის შემდეგ უფრო თვალსაჩინო გახდა. ჯერ სრული დისტანციური სწავლების თითქმის ერთწლიანმა პერიოდმა,  ხოლო შემდეგ, შერეული სწავლებისა თუ გაუთავებელი ჩაკეტვა-გახსნის მონაკვეთმა აღსაზრდელები სრულად განსხვავებული რეალობის წინაშე დააყენა. ამ ყველაფერს თან დაერთო შეზღუდვები, რამაც მოსწავლე და სკოლა ერთმანეთს უფრო დააშორა.

საჯარო სკოლების უმრავლესობაში ფაქტობრივად არ არსებობს მოწესრიგებული სასადილოები. საბჭოთა გადმონაშთები, ე.წ. ბუფეტები გათვლილი იყო სწრაფ მომსახურებაზე (ახალგაზრდას რაც შეიძლება ნაკლები დრო უნდა დაეხარჯა ჭამაზე). ასეთ პირობებში, დღეს მოსწავლეს არათუ სკოლაში შეძენილი საკვების მირთმევა არ შეუძლია, არამედ სახლიდან წაღებული სადილსაც ვერ გეხლებათ ნორმალურად. საზღვარგარეთ ერთად ჭამის კულტურის გამომუშავება სასკოლო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია.  ცალკე პრობლემაა სველი წერტილები…

საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთად მოზარდის აღზრდის საკითხში უდიდესი როლი ოჯახსა და ზოგადად საზოგადოებას აკისრია.

ოჯახშიც პრობლემას ვაწყდებით. მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე მშობლების ერთი ნაწილი ემიგრაციაშია წასული, მეორე ნაწილი კი, არაადამიანური გრაფიკით მუშაობს. შედეგად, ბავშვს სწორი ღირებულებები ამ ინსტიტუტშიც ვერ უყალიბდება. ამის მარტივი საზომია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. გადავხედოთ სკვერებს, ბაღებს, პარკებს და სხვა თავშეყრის ადგილებს. ყველგან თვალშისაცემია დაზიანებული ატრაქციონები, სათამაშო მოედნები და ა.შ. ზოგადად, ჩვენ არ ვიცით იმის მოვლა-პატრონობა, რაც საზოგადოა. ალბათ, ამაში დამნაშავე ჯერ კიდევ მოუშორებელი ჭირი, საბჭოთა მენტალიტეტიცაა.

ცხადია, საგანმანათლებლო დაწესებულებას უფრო მეტი როლი და ბერკეტი აქვს, მოსწავლეებში განავითაროს სწორი ღირებულებები. აი, დღევანდელი ჩვენი სკოლები, პირიქით სუფთა ტექნიკური როლის შემსრულებლად გვევლინება. ჩაიბარა ბავშვი დილით, ასწავლა გარკვეული საგნები და გაუშვა დათქმულ დროს. აღზრდის კომპონენტი სრულად მივიწყებულია. არადა, ჩვენი გენიოსი ილია პირიქით ამბობდა – „განათლება შეიძლება გქონდეს საშუალო, მაგრამ აღზრდა გქონდეს უმაღლესიო“.

არსებობს, საჯარო სკოლები, მცირე გამონაკლისების სახით, სადაც დირექცია ორიენტირებულია მოსწავლეებზე, მათ საჭიროებებზე. ასეთ სკოლებში მოქმედებს მართვის ჰორიზონტალური პრინციპი. მოსწავლეებთან დაკავშირებული საკითხები წყდება მათი ჩართულობით. მოსწავლეებს ნამდვილად უყვართ სკოლა, ის სივრცე, სადაც დროის ძალიან დიდ მონაკვეთს ატარებენ. შესაბამისად, აქვთ მიკუთვნებულობის განცდა.

ჩემი ემპირიული დაკვირვება მინდა გაგიზიაროთ. სკოლაში, სადაც ვასწავლი ორი სექტორი მოქმედებს. სამოქალაქო განათლებას ქართულ სექტორზე ვასწავლი. მოსწავლეებთან ერთად, სკოლის უკან, არაფორმალური სივრცე განათლების ბაღი შევქმენით. მის შექმნაში ნაკლებად იყვნენ ჩართული არაქართულენოვანი სექტორის მოსწავლეები.

ცხადია, აღნიშნული სივრცე ყველა პედაგოგისთვის ხელმისაწვდომია. ჩემი კოლეგებიც ხშირად ატარებენ გაკვეთილებს. შემიმჩნევია, რომ მათი გაკვეთილების შემდეგ განათლების ბაღი ან დანაგვიანებულია, ან მცენარეა მოტეხილი, ან რაიმე ნივთი დაზიანებული. რატომ გვაქვს ერთ სკოლაში ორი რეალობა? იმიტომ, რომ იმ სივრცის შექმნაში არაქართულენოვანი სექტორის მოსწავლეებს მონაწილეობა არ მიუღიათ. შესაბამისად, რაც მათი ხელით არ არის შექმნილი, ის სხვისია.

არსებობს მთელი რიგი საკითხები, რომლებსაც სკოლის დირექცია საკუთარი ხარჯებით ვერ მოაგვარებს. სკოლა ვერ შეცვლის ერთფეროვან საბჭოთა არქიტექტურას, ვერ ააშენებს დარბაზებს (სამწუხაროდ, ქართულ სკოლებს ამის ფუფუნება არ აქვთ) და ა.შ. ეს ყველაფერი ცენტრალური თუ ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით უნდა გაკეთდეს.

აი მიკუთვნებულობის განცდის ჩამოსაყალიბებლად სკოლისადმი, საწყის ეტაპზე, მცირე ნაბიჯები საკმარისი იქნება. დავუთმოთ ერთი ოთახი, მოვუწყოთ კუთხე, გავხსნათ  გამოკეტილი დარბაზები და ვიზრუნოთ ორმხრივი ნდობის ჩამოყალიბებაზე. ცხადია, აქა-იქ თავს იჩენს არაკეთილსინდისიერი მოპყრობა. აუცილებლად გამოვავლინოთ ასეთი შემთხვევები და ვიფიქროთ გამომწვევ მიზეზებზე და არა დასჯაზე. პრაქტიკა ასევე აჩვენებს, რომ მიკუთვნებულობის განცდა იზრდება მაშინ, როდესაც მოსწავლეები ქმნიან კლუბებს და აქტიურად ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში.

დაგროვილი საერთაშორისო გამოცდილებაც იმავეს ამბობს. ნებისმიერ საგანმანათლებლო სივრცეში, უდიდესი ყურადღება ექცევა მოსწავლეებისთვის მოსასვენებელი ადგილების, იგივე საერთო სივრცეების, მოწესრიგებული სასადილოების, აღჭურვილი სამკითხველო სივრცის, კომპიუტერული ლაბორატორიებისა და, რაც მთავარია, სპორტული მოედნების არსებობას.

ახლახან დანიის ერთი პატარა ქალაქის სკოლა მოვინახულე. დირექციას დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის მოწყობილი აქვს სივრცე, სადაც პატარებს გაკვეთილების დაწყებამდე, ან მის შემდეგ (მშობლების მოსვლამდე) შეუძლიათ დარჩნენ და გაატარონ დრო ნაყოფიერად. დავსვათ შეკითხვა – რატომ არ ეყვარება მოსწავლეს ასეთი სკოლა? რატომ არ ექნება მიკუთვნებულობის განცდა ამ სივრცისადმი?

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი