ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

It’s too much, Mediko!

ის დროა, მედეა ზაალიშვილზე რომ უნდა მოგიყვეთ. ჰო, გეხსომებათ ეს სახელი, ვისაც ჩემსავით მეთერმეტე კლასში (ან უფრო ადრე) ფოლკნერისკენ გაუწია გულმა და ნაცნობებში გაიკითხა, ამ რთულად საკითხავი მწერლის ყველაზე ადვილი წიგნი რა შეიძლება იყოსო. მაშინ კი მირჩიეს, აჯობებს „სული რომ ამომდიოდა”-თი თუ დაიწყებო, მაგრამ გულზე ხელს დავიდებ და ვიტყვი, ასეთი ულმობელი და თავზარდამცემი მანამდე ხომ არაფერი წამეკითხა და მას მერეც თითოოროლა გამოერევა. ადვილიო, და ერთი შეხედვით მარტივად აწყობილი (ესეც სადავოა) სიტყვების, წინადადებების ტევრში უთვალავჯერ შეგიძლია მოასწრო სიკვდილი და თუ სიკვდილი არა, აუტანელი, გულთან ახლოს გამავალი ტკივილისგან გახევება.

ეს ფოლკნერის გარდა, უთუოდ ამ რომანის მთარგმნელის – მედეა ზაალიშვილის დამსახურებაც არის, რომელსაც გარდა ერთი სწორუპოვარი უილიამისა, სხვა დიდებული უილიამებიც უთარგმნია: უილიამ შექსპირი გინდა, უილიამ ბატლერ იეიტსი თუ უილიამ ბლეიკი. 

სანამ ქალბატონი მედეა ამ ყველაფერზე თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში „ცაში გამოკიდული სახლი” მოგვიყვებოდეს, მე ერთ ეპიზოდს გავიხსენებ, რომელიც ამ ათიოდე წლის წინ მომხდარა.

ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის მთარგმნელმა, მედეა ზაალიშვილმა გადაწყვიტა თავისი ახალგამოცემული თარგმანი – უილიამ შექსპირის „ვენერა და ადონისი” – ძვირფას კოლეგას, პროფესორ არიანე ჭანტურიას მიართვას. თავისი სამუშაო საათების დიდ ნაწილს ბატონი არიანე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსის ერთ პატარა ოთახში ატარებდა, ამიტომ ადვილი მოსალოდნელია შეხვედრა იქ შემდგარიყო. 

სცენა რომ წარმოვიდგინოთ: მასპინძელი სათარგმნ მასალაში და ათასგვარ ლექსიკონებშია ჩაფლული, ყოველ სიტყვას ჩაჰკირკიტებს, უამრავჯერ ამოწმებს, სანამ გამოსაქვეყნებლად გაგზავნიდეს. უცებ კარი იღება და, „ოოო, მობრძანდითო”, მოულოდნელად შემოსულ სტუმარს ხმადაბლა შეაგებებს სალამს და სკამისკენ მიუთითებს.
საჩუქარი ვის არ უხარია, უფრო სწორად, ყველას სიამოვნებს და არც ბატონი არიანე იქნებოდა გამონაკლისი, მაგრამ კოლეგის პატივისცემისა თუ თარგმნილი თხზულებისადმი ინტერესის გამო, ეტყობა იქვე მოინდომა საჩუქრის მოხილვა და წიგნის თვალიერებას შეუდგა.

– ესეც შესავალი, აჰა, კი ბატონო, ოვიდიუსის ეპიგრაფი, შექსპირისეული მიძღვნა, შემდეგ ტექსტიც იწყება, სამი, ცხრა, ჩვიდმეტი, ოცდასამი, ოცდათერთმეტი, – აზარტულად მიჰყვება გვერდებს არიანე ჭანტურია, – აჰა, ფერადი ჩანართებიც, სანდრო ბოტიჩელის „ვენერა და მარსი”, შემდეგ მისივე „აფროდიტეს დაბადება”, იქვე ჯორჯონეს „მძინარე აფროდიტე”, კორეჯიოს „ვენერა მარსთან და ამურთან”, – გამომცემელს გვერდიგვერდ მოუთავსებია რენესანსის კორიფეების მიერ დახატული ღვთაებრივი ქალის შიშველი ტორსები, – ტიციანის „ვენერა სარკით”, „ვენერა და ადონისი”, „ვენერა და გრაციები” – ერთი, მეორე, მესამე… თურმე ჯერ სად ხარ! ჯერ წინაა ვერონეზეს „ვენერა და მარსი”, რუბენსის „ვენერა და ადონისი”, ველასკესის „ვენერა სარკით”, ისევ და ისევ, დაუსრულებლად ღვთაებრივი ქალის შიშველი ტორსი, და უცებ იფეთქებს ასკეტობითა და თავშეკავებულობით ცნობილი არიანე ჭანტურია:

–  It’s too much, Mediko! – ნამეტანი მოგსვლიათ, ბატონო, ნამეტანიო, სახეზე აწერია წყენა თუ მრისხანება თუ გაოცება თუ ეს ყველაფერი ერთად. თითქოს კოლეგას კი არ ურჩევდეს რამეს, შეთამამებულ სტუდენტს ტუქსავდეს, – It’s too much… – სიბრაზისგან უფრო უმძაფრდება მეგრული აქცენტი, და ახლა, ამწუთას, განსაკუთრებით ვგრძნობ, როგორ მენატრება არიანე ჭანტურია – იშვიათი ადამიანი,  რომელმაც თავის დიდ ნიჭთან და ცოდნასთან ერთად, საოცარი ამბებიც წაიყოლა იმქვეყნად. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი