ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

„არასწორი აღზრდა“ – თუ განსხვავებული მიდგომები

Heater Shumaker – ცნობილი ამერიკელი ავტორი და სკოლამდელი ასაკის ბავშვთა აღზრდის საკითხების ექსპერტია. მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი სოციოლოგიასა და ანთროპოლოგიაში. მაგისტრის ხარისხი დაიცვა ვისკონსინის უნივერსიტეტში. 1996 წლიდან დაიწყო პროფესიული მოღვაწეობა. წერს სტატიებს რადიოსა და ჟურნალ-გაზეთებისთვის თანამშრომლობს ისეთ გამოცემებთან როგორებიცაა: New York Post, Huffington Post, Parenting, Pregnancy და სხვა. ის არის ორი წიგნის ავტორი, რომლებიც როგორც თავად ამბობს, „არასწორ აღზრდას“ ეძღვნება. ამ წესების შემუშავების საფუძველი გახდა მის მშობლიურ ქალაქ კოლუმბუსში (ოჰაიოს შტატი) მოქმედი უნიკალური საბავშვო ბაღის ფილოსოფია, რომელიც თავისუფალ, არასტრუქტურირებულ თამაშებს უწევს პროპაგანდას. ეს წესები ეხება, როგორც საბავშვო დაწესებულებებს, ასევე ოჯახებს. თავად ავტორი ამჟამად, მეუღლესთან და ორ ვაჟთან ერთად ცხოვრობს და მოღვაწეობს მიჩიგანის ჩრდილოეთში.

ამ სტატიაში მინდა, გაგაცნოთ ავტორის შეხედულება ბავშვების მიერ კონფლიქტების გადაჭრის უნარ-ჩვევის შესახებ. ქალბატონს მიაჩნია, რომ ბავშვებმა ადრეული ასაკიდანვე უნდა ისწავლონ სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, თანამშრომლობა, რათა როდესაც რაიმე სახის კონფლიქტში მოუწევთ მონაწილეობა, მისი გადაჭრა სხვისთვის და საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების გარეშე შეძლონ. ბავშვები თამაშის დროს უნებურად თუ მიზანმიმართულად ებმებიან კონფლიქტებში: „მას რომ სათამაშო მანქანა აქვს, მეც ისეთი მინდა!“, „ეს ჩემი ადგილია, მანდ მე ვზივარ ყოველთვის და ეს ახალმოსული წავიდეს აქედან!“. უფროსების ვალია, სულ მცირე ასაკის ბავშვებსაც კი ასწავლონ საკუთარი და სხვების უფლებების დაცვა. ამ პროცესში ისინი რთულ სოციალურ უნარ-ჩვევებს შეიძენენ.

კონფლიქტები – ადამიანების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძირითადად გვსურს მათი თავიდან არიდება – ფიქრობს Heater Shumaker – ჩვენ არ ვასწავლით ბავშვებს კონფლიქტების გადაჭრას, რადგან გვეშინია მათი და ძირითადად ნებისმიერ ფასად, კონფლიქტების თავიდან არიდებასა და მათგან გაქცევას ვამჯობინებთ. სამწუხაროდ, მშობლები, რომლებიც საკუთარ შვილებს ასწავლიან, იყვნენ კეთილები, კარგად მოიქცნენ უფროსებთან და უმცროსებთან, რომ მათი ცხოვრება სიმშვიდით იყოს სავსე. მაგრამ, სამწუხაროდ, მშვიდობა გრძელვადიანი არ აღმოჩნდება ხოლმე. მშვიდობა ხომ უკონფლიქტობას არ ნიშნავს. მშვიდობა – კონფლიქტის გადაჭრის უნარია, რომელიც მხარეების მიერ ურთიერთპატივისცემას ემყარება.

„არასწორი აღზრდის“ წესების მიხედვით: როდესაც ბავშვი კონფლიქტში ერთვება, მან შესაძლოა გამოიმუშაოს ისეთი უნარ-ჩვევები, როგორებიცაა, საკუთარ თავში დარწმუნებულობა, დამოუკიდებლობა და მოლაპარაკების უნარი, რომელიც სამომავლოდ კონფლიქტების მოგვარებაში დიდ დახმარებას გაუწევს ბავშვს. პატარა სწავლობს, რომ მას შეუძლია დაიცვას საკუთარი თავი; დააწესოს საზღვრები სხვა ბავშვებისთვის; თუ ბავშვს პრობლემა გაუჩნდება სხვა თანატოლთან, ის პირდაპირ, გულწრფელად შეატყობინებს მას ყველაფერს, რაც არ მოეწონება; თავის მხრივ, ბავშვს შეეძლება მოუსმინოს თანატოლს და თავადაც გაჩერდეს, პატივი სცეს სხვის მიერ დაწესებულ საზღვრებს; ხანდახან შესაძლებელია ის, რაც ბავშვს აწუხებს, სულაც არ იყოს პრობლემური და ეს მას ეცოდინება; ზოგჯერ თანატოლების სურვილები ერთმანეთის არ დაემთხვევა, მაგრამ მაინც შესაძლებელია ერთობლივად გამოსავლის მოძებნა; პატარა ისწავლის, რომ მას ყოველთვის არ დასჭირდება ზრდასრულის დახმარება, რადგან ბევრი პრობლემის გადაჭრას ის თავადაც მშვენივრად შეძლებს.

ბავშვებისთვის იმის მტკიცება, რომ თანატოლებთან მშვიდობიანი თანაარსებობა უფრო კარგია, ვიდრე ჩხუბი და აყალ-მაყალი, ძირითადად უშედეგოა. მათ უნდა მივცეთ საშუალება და დავეხმაროთ, ისწავლონ კონფლიქტების მოგვარება. კონფლიქტი – ეს არის შესაძლებლობა სულ მცირე ასაკიდანვე პატარებმა ისწავლონ მასთან გამკლავება. არასტრუქტურირებული, სპონტანური, თავისუფალი თამაშები საუკეთესო ინსტრუმენტია მშვიდობიანი თანაცხოვრების მექანიზმების სასწავლად. პატარები მშვიდობიან ცხოვრებას, პრობლემებთან გამკლავების საშუალებით გაცილებით უკეთ სწავლობენ. ბულინგთან და ძალადობასთან გამკლავების უნარ-ჩვევების შემუშავების ყველაზე ეფექტური პროგრამები ეფუძნება სწორედ კონფლიქტის ჭეშმარიტი არსის გაგებას და მასზე რეაგირების მართებული სტრატეგიების სწავლებას. რა და როგორ უნდა ითქვას; როგორ დაიცვას ბავშვმა თავი მოძალადისგან და შეძლოს სხვასაც გამოესარჩლოს; პატარებისთვის მხოლოდ რჩევა-დარიგებები არ არის საკმარისი, საჭიროა პრაქტიკა.

„მე ვიცნობ ბევრ მშობელს – განაგრძობს თხრობას ავტორი – რომლებიც შვილებს საბავშვო ბაღებში იმ მიზნით ატარებენ, რომ მათ ისწავლონ სხვა ბავშვებთან ურთიერთობა. სამწუხაროდ, ბავშვთა დაწესებულებების დიდი ნაწილი არ აძლევს პატარებს თავისუფალი, არაკონსტრუირებული გართობის საშუალებას. იქაური აღმზრდელები ძირითადად, ცდილობენ აღსაზრდელების თავისუფალი დრო წესრიგის სწავლებითა და სხვა „სასარგებლო“ აქტივობებით შეავსონ. ამგვარი მიდგომები ვერ დაეხმარება ბავშვებს მშვიდობიანი თანაარსებობის შესწავლაში. და რის ბრალია ეს? უფროსები მყისიერად ერევიან და კონფლიქტის ჩასაქრობად ძალ-ღონეს არ იშურებენ. პატარებს კი არ უტოვებენ მცირედ შანსსაც კი, რომ მათ თავად გამოიმუშაონ ერთმანეთთან ურთიერთობის სოციალური უნარ-ჩვევები.

მაგალითისთვის, ვნახოთ, როგორ აგვარებს კონფლიქტს ბაღის აღმზრდელი: სამი ბავშვი თამაშობს ფაზლებით სპეციალურ მაგიდასთან. მათთან მიდის კიდევ ორი ბიჭუნა, რომელთაც ასევე სურთ თამაში. ყურადღებიანი აღმზრდელი: „ბავშვებო, თქვენ კიდევ სამი წუთი შეგიძლიათ ითამაშოთ და შემდეგ უნდა დაუთმოთ ადგილი თქვენს ჯგუფელებს“. ზუსტად სამი წუთის შემდეგ აღმზრდელი აცხადებს: „დრო ამოიწურა. შეგიძლიათ სხვა რამით გაერთოთ, რადგან მეორე ჯგუფს უნდა დაუთმოთ თქვენი სათამაშო მაგიდა“. მართლაც, ყველა პატარა ემორჩილება უფროსს, ეს შესაძლოა განვიხილოთ, როგორც წარმატება. არავინ ჩხუბობს, აღმზრდელმა თავიდან აირიდა შესაძლო კონფლიქტი, მაგრამ რისთვის იყო აუცილებელი იმ სამი ბავშვისთვის თამაშის შეწყვეტის იძულება? ვფიქრობ, არ იქნებოდა ცუდი ის ორი ბიჭიც შეერთებოდა პირველ სამეულს და იქნებ კიდევ სხვებსაც გასჩენოდათ იგივე თამაშით გართობის სურვილი? მაგიდის გარშემო ადგილი არ ეყოფოდათ და სწორედ ამიტომ შესაძლოა კონფლიქტი წარმოქმნილიყო? ჰოდა, ზუსტად ეს არის საუკეთესო საშუალება, ასწავლოთ პატარებს მისი მოგვარების გზები. კარგი იქნება, აღმზრდელები კონფლიქტს განიხილავდნენ, როგორც შესაძლებლობას. „აბა, რა ხდება აქ?“, „როგორც ვხედავ ბევრნი მოგროვდით მაგიდასთან და ადგილი აღარ გყოფნით? არ დაიწყოთ ბავშვების „გადარჩენა“, „გაშველება“, ნოტაციების კითხვა, ამის სანაცვლოდ შესთავაზეთ სიტუაციის გადაჭრისთვის საჭირო მოსაზრებები, ინსტრუმენტები. თუ კარგად დავფიქრდებით, ბავშვებს შორის წარმოქმნილ კონფლიქტურ სიტუაციაში შუამავლის როლის თამაში არცთუ ისე რთული აღმოჩნდება. რა თქმა უნდა, ზოგჯერ, შესაძლოა საქმე გაჭიანურდეს კიდეც, მაგრამ ზოგადად ყველაფერი დაახლოებით ასე გამოიყურება: ოთხი წლის გიორგი და საბა აუზში თამაშობენ. გიორგი საბას წყალს ასხამს. საბა გიორგის: „გეყოფა, შეწყვიტე!“. გიორგი კვლავ აგრძელებს წყლის შესხმას, საბაც თავის მხრივ განაგრძობს: „გეყოფა, შეწყვიტე“. საქმეში ერთვება უფროსი და კითხულობს: „მესმოდა, რომ შენ ამბობდი – „შეწყვიტე“ – და რა უნდა შეწყვიტოს გიორგიმ? საბა ჩურჩულით ამბობს: „ჩემთვის წყლის შესხმა“. მასწავლებელი: „ჰოდა უთხარი გიორგის ზუსტად ასე მკაფიოდ და გასაგებად. საბა, ჩურჩულს წყვეტს და მტკიცე ხმით ამბობს – „გიორგი, შეწყვიტე ჩემთვის წყლის შესხმა!“. თქვენ წარმოიდგინეთ, გიორგი მართლაც წყვეტს საბას გაწუწვას.

უდავოა, რომ მსგავსი სიტუაციები ყოველთვის ასე სწრაფად და შედეგიანად არ სრულდება, რადგან უფროსებს ხშირ შემთხვევაში არც სურვილი, არც დრო და არც უნარი არ შესწევთ, დაეხმაონ ბავშვებს კონფლიქტების ამდაგვარად მოგვარებაში. მაგრამ, მერწმუნეთ, რომ რაც უფრო ხშირად აღიჭურვებიან უფროსები ნებისყოფით და მოთმინებით მით უფრო იშვიათად გაიგონებთ ბავშვების სათამაშო მოედნებზე იმ პატარების ტირილსა და „დედა მიშველე, დამეხმარე“ შეძახილებს, რომლებმაც მანამდე არ იცოდნენ თანატოლებთან ურთიერთობა, მოლაპარაკება. ამიტომ ისინი ხშირად მომრიგებელი მოსამართლის როლში ამყოფებდნენ უფროსებს. კონფლიქტების მოგვარების პრაქტიკა ბავშვების დამოუკიდებლობას თანდათანობით სულ უფრო მეტად ზრდის. თუ ბავშვმა არ იცის მოლაპარაკება, არავითარ შემთხვევაში არ ეცადოთ, გადაეღობოთ მას და გაარიდოთ კონფლიქტს. გაამხნევეთ ბავშვი, აუხსენით, რა შეუძლია გააკეთოს იმ კონკრეტულ შემთხვევაში და თუ ყოველ ჯერზე ასე მოიქცევით, საბოლოოდ პოზიტიურ შედეგს მიაღწევთ – ბავშვი ისწავლის კონფლიქტის მოგვარებას.

პატივცემულო, უფროსებო ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე თქვენთვის ამერიკელი ავტორის Heater Shumaker-ის მოსაზრებების გაცნობას მომავალ სტატიებშიც განვაგრძობ, რადგან ვფიქრობ, თქვენთვის საინტერესოა განსხვავებული მოსაზრებების გაცნობა.

სტატია თარგმნა: ქეთევან კობალაძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი