ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

პალიო, ანუ ჯადოქრობა იტალიურად

ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ გეცხოვრათ იდეალური დაგეგმარების ქალაქში, სადაც ულამაზესი არქიტექტურა, უძველესი ქუჩები და მოედნებია. უცნაურ, ზღაპრულ ატმოსფეროში. ქალაქში, სადაც რომელიმე ისტორიული თუ სულაც ფენტეზის ჟანრის ფილმის გადასაღებად დამატებითი დეკორაცია არ დასჭირდებოდათ. ქალაქში, რომელიც 17 უბნად იქნებოდა დაყოფილი, – პირობითად რომ ვთქვათ, 17 გუნდად. თითოეულ უბანს ანუ გუნდს ექნებოდა თავისი დროშა, გერბი, თავისი განმასხვავებელი ნიშნები, თავისი სიმბოლოც კი, უმეტესად – რაიმე არსება, ჰო, აი, როგორც ჯოან როულინგის მოფიქრებულ თამაშშია, ქვიდიჩში. თავად ეს ქალაქიც რაღაცით ჰოგსმიდს მგვანებოდა, თქვენ კი ერთ-ერთი ამ გუნდის წარმომადგენელი ან გულშემატკივარი ყოფილიყავით, ოღონდ მკაცრად, განსაზღვრულად, თქვენი გუნდისა, საკუთარი ფერებით, ტოტემით, სახელით და ა.შ. ამ 17 გუნდს შორის მუდმივად რაღაცნაირი უბოროტო ქიშპი ყოფილიყო, კონკურენცია, მუდმივი აზარტი, წელიწადში ორჯერ კი რაიმე თამაში გეთამაშათ, რაშიც პირისპირ შეეჯიბრებოდით ერთმანეთს. თამაში, რომელიც მხოლოდ თქვენი იქნებოდა, თქვენი ქალაქის, და ვერავინ, ვერც ერთი უცხოქალაქელი ვერ მოგპარავდათ ამ საიდუმლოს. დანარჩენ დროს იცხოვრებდით ჩვეულებრივ, თქვენს საქმეს გააკეთებდით, ჯადოსნურ ქალაქში ისეირნებდით, მაგრამ გამუდმებით გექნებოდათ შეგრძნება იმისა, რომ არ ხართ მარტო, თქვენ გუნდი გყავთ, თქვენს გუნდს ეკუთვნით და მუდმივად მობილიზებულები უნდა იყოთ, რათა სხვა გუნდმა არ გაჯობოთ. რა შეიძლებოდა რქმეოდა თქვენს გუნდს? არწივი? დრაკონი? ჯიქი? ან იქნებ სულაც რაიმე უსულო და გრანდიოზული, მაგალითად, კოშკი… საინტერესოა, არა? როცა მთელი ცხოვრება ერთი დიდი ჯადოსნური თამაშის ნაწილი ხარ… წარმოიდგინეთ?

მაშ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სიენაში.

 

სიენაში ივლისის ბოლოს აღმოვჩნდით მე და ანი. იტალიის ტურის დაგეგმვისას რას აღარ ველოდით – რომით გაოცებას, ფლორენციით გაოგნებას, ბოლონიით მოხიბვლას… მაგრამ სიენა ნამდვილად არ მიმაჩნდა ჩვენი მოგზაურობის მთავარ პუნქტად. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ სიენაში ჩასვლისას ისე ვკვდებოდი, ზოზიაც კი აღარ მიხსენებდა. არ ვიცი, რამ მომწამლა, მაგრამ ყოველი რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ ვჩერდებოდი და ანის შესვენებას ვთხოვდი მუცლის საშინელი ტკივილის გამო. სიცხემაც თავისი ქნა – 40 გრადუსამდე ხვატში მოდი და ისეირნე ახალ ქალაქში… მაგრამ თუ ქალაქს შეუძლია, ყოველგვარი ტკივილი და ცუდად ყოფნა დაგავიწყოს, ე.ი. მასში მართლაც არის რაღაც ჯადოსნური. საერთოდაც, სიენა ცალკე დასაწერი ამბავია, ამიტომ ამ პოსტში მისი აღწერით თავს აღარ შეგაწყენთ, შეგიძლიათ, ინტერნეტში დაათვალიეროთ ათასობით ფოტო, ნახოთ დოკუმენტური ფილმები ან კიდევ უკეთესი – ესტუმროთ იტალიას, აიღოთ ნომერი სიენის რომელიმე მყუდრო საოჯახო სასტუმროში და რამდენიმე დღით მოსწყდეთ რეალობას. მანამდე კი…
მანამდე ქვიდიჩი ვახსენე, 17 გუნდად დაყოფილი ქალაქი, ერთი დიდი თამაში და მუდმივი კონკურენცია, ჰოდა, ამ საქმეს მივხედოთ. სიენელები უბნებს კონტრადებს უწოდებენ. ჩვენი ჩასვლისას ქალაქის ერთი მოზრდილი კონტრადა მოშინდისფრო დროშებით იყო სავსე, რომელზეც მზეში ჩახატული სპილო და მასზე აღმართული კოშკი გამოესახათ. დროშები ეკიდა ყველგან – ფანჯრებზე, კარებთან, მაღაზიების ვიტრინებში. რამდენიმე პიცერია და ჰოსტერია ამ ემბლემებით იყო სავსე და მოზეიმე ხალხსაც ამავე ფერის ტანისამოსი ეცვა. უცებ მომეჩვენა, რომ შუა საუკუნეების რომელიღაც ორდენში ამოვყავი თავი და, ფაქტობრივად, ასეც იყო. ეს ტორრეა, ანუ კოშკი – სწორედ ასეთია სიენის ერთ-ერთი უბნის და, შესაბამისად, გუნდის დასახელება:
ის მიზეზი კი, რის გამოც ტორრეს დროშებმა ქალაქი მოიცვა, თამაშია, რომელიც სიენას 17 ნაწილად ყოფს და პარადოქსია, მაგრამ ამით ყველაზე მეტად აერთიანებს. ტორრეებმა 2 ივლისს მოიგეს თამაში, შესაბამისად, უფლება აქვთ, მომდევნო თამაშამდე თავიანთი დროშები მთელ სიენაში გამოფინონ. ამ ხნის განმავლობაში ყველა ჩამომსვლელი გაიგებს, რომ კონტრადა დი ტორრე ჩემპიონია და ასე იქნება, სანამ კიდევ ერთხელ არ გაიმართება პალიო და ახალი გამარჯვებული არ გამოვლინდება. მერე უკვე მისი დროშები აფრიალდება მთელ ქალაქში.
როგორც გითხარით ყველა კონტრადას თავისი სიმბოლიკა და, რაც მთავარია, ამ სიმბოლიკის განმსაზღვრელი ისტორია აქვს. სიენაში არწივის, ჯიქისა და დრაკონის გვერდით შეხვდებით კონტრადებს, რომელთა სიმბოლოებსაც ლოკოკინა, კუ, ტყე ან სულაც ჭიაყელა წარმოადგენენ. არ გეგონოთ, რომელიმე მათგანი უაზროდ იყოს არჩეული – თითოეულს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს, რომელიც წარსულში, რამდენიმე საუკუნის იქით გადაგისვრით.

რა არის პალიო? ერთი შეხედვით, ეს უბრალო საცხენოსნო შეჯიბრია, ერთგვარი დოღი, მაგრამ ასე მარტივადაც არაა საქმე. პალიოს მთავარი ნაწილი სულ რაღაც 90 წამს გრძელდება, მაგრამ სინამდვილეში პალიო მთელი წლის

განმავლობაში მიმდინარეობს.

 

პალიო ქალაქის მთავარ მოედანზე, პიაცა დელ კამპოზე იმართება, რომელსაც გაშლილი მარაოს ფორმა აქვს. შეჯიბრების დღე ნამდვილი დღესასწაულია. პალიოს მონაწილე მხედრები სიენელები არ არიან – აქაურები ყოველთვის სხვა ქალაქიდან იწვევენ ჟოკეებს და ეს ერთგვარი სატრანსფერო ფანჯარაც დაძაბულობითაა სავსე, თუმცა The winner takes it all და პალიოს გამარჯვებულ მხედარს და ცხენს შეჯიბრების შემდეგ მართლაც არნახული პატივი ელით.
პალიო წელიწადში ორჯერ იმართება 2 ივლისს და 16 აგვისტოს, მერე კი მთელი წელი მიმდინარეობს ახალი ცხენების არჩევის, მხედრების გადაბირების, კონტრადების შემზადების ხანგრძლივი პროცესი. ესეც არ იყოს, ყოველდღიური ცხოვრება სიენელთათვის კონტრადებს შორის გამართული ერთი დიდი შეჯიბრებაა, რომელსაც ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით. 16 აგვისტოს მორიგი პალიო გაიმართა. მე გადავწყვიტე, მაჩვზღარბებისთვის მექომაგა, რომლებმაც პალიო ბოლოს 2008 წელს მოიგეს. დევიზიც საინტერესო აქვთ: „ჩვენ მხოლოდ თავდაცვისთვის ვიჩხვლიტებით”. სამწუხაროდ მაჩვზღარბები მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდნენ, გამარჯვება კი ყველასთვის მოულოდნელად სელვამ, ანუ ტყის უბანმა მოიპოვა. მოკლედ თავშესაქცევად შესანიშნავი ამბავია სიენური პალიო, საგულშემატკივროდაც არჩევანი დიდია, ჰოდა წინ თითქმის ერთი წელია, აირჩიეთ თქვენი გუნდი და ჩავუსხდეთ 2016-ში პალიოს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი