პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

არ შეიცავს ტყვიას!…

  • ძვლები საერთოდ აღარ მაქვს, – ჩამესმა ყურში ვიღაც კაცის ხმა.

ავტობუსით ჩემს საქმეზე მივდიოდი და ცოტა შემაღლებულ ადგილას ვიჯექი. ამიტომ, დიდად თავი არ შემიწუხებია იმის გასარკვევად, ვის აღარ ჰქონდა ძვლები. მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი, როდესაც ხელით შემეხნენ და ოდნავ მიბიძგეს, მიპასუხეო:

  • ქალბატონო, თქვენ გაქვთ ძვლები?

მივიხედე და საკმაოდ ასაკოვანი კაცი, რომელიც ჩემ გვერდით სკამზე მოკალათებულიყო, ჩემივე ძვლების ამბავს მეკითხებოდა.

  • დიახ, მე ჯერ მაქვს, – თითქოს ოდნავ მობოდიშებით უპასუხე, რადგან ნახეთ, როგორი საქმე იყო, იმას აღარ ჰქონდა და მე მაქვს…

საერთოდ, დაკვირვებული ვარ, რომ ადამიანების უმეტესობა სხვას ადარებს თავს. არადა, ეს შედარება ოდნავ სასაცილოდაც კი გამოიყურება.

მაგალითად, დედასთან სამსახურში ერთი ქალი მუშაობდა, სახელად თინიკო. იცით, როგორი ტიპაჟი იყო? აი, მუდამ ახალგაზრდა, რომ არის. არა, სულით და გულით მუდამ ახალგაზრდად დარჩენის მომხრე ვარ, მაგრამ ცოტა შენს ბიოლოგიურ ასაკსაც უნდა სცე პატივი და შესაბამისად გამოეწყო. თორემ, თუთიყუშივით მორთვაც შეიძლება, რითაც მტერს გააცინებ, მოყვარეს დაამწუხრებ. ჰოდა, თინიკო ჩემზე სადღაც 25 წლით მაინც უფროსი გახლდათ. არადა, სკოლიდან დედასთან სამსახურში მისულს, სულ მე მადარებდა თავს და გულწრფელად უკვირდა, რომ მე თვალთან ნაოჭი არ მქონდა, მას კი ემჩნეოდა და რატომ?

  • თინააა, იმედია ჯანმრთელად და კარგად ხარ და თუ შემთხვევით ამ წერილს წაიკითხავ, თვალთან ნაოჭი მეც მემჩნევა უკვე. მართალია, კარგად ვუვლი, მაგრამ ზოგჯერ დაღლილზე მაინც გამოიჭყიტავს ხოლმე, აქ ვარო.

ჰოდა, ავტობუსში ამ უცხო კაცსაც თინასავით დაემართა.

მაცალეთ ბატონო, მივიდე თქვენს დრომდე და იქნება ძვლები მეც გამიქრეს, ან სულაც პირიქით, ძვლები უხორცოდ დამრჩეს და მთლად „უშიშარი, ვითარცა უხორცო“ შევიქმნა.

ამ დიალოგმა ერთ ამბავზე დამაფიქრა. პლუმბიზმი გაგიგონიათ? ასე ორგანიზმის ტყვიით მოწამვლის მდგომარეობას ჰქვია და სხვა სამიზნესთან ერთად, ჩვენს ძვლოვან ქსოვილს ემუქრება.

ტყვია ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი სისტემის ან სასუნთქი გზების მეშვეობით ხვდება. სისხლი მას მთელ ორგანიზმში ანაწილებს. ტყვიის მტვრის ჩასუნთქვა გაცილებით საზიანოა, ვიდრე საკვებთან ერთად მიღება. ქალაქში ეს საფრთხე გაცილებით მაღალია, თუნდაც მეთილირებული ბენზინის გამო.

ტყვია ძვლოვან ქსოვილში გროვდება და კალციუმის ფოსფატში კალციუმს ანაცვლებს. რბილ ქსოვილებში (კუნთები, თირკმელები, ღვიძლი, თავის ტვინი) დაგროვებისას ის დაავადება პლუმბიზმს იწვევს. ისევე როგორც სხვა მძიმე მეტალების იონები, ტყვია ზოგიერთ ფერმენტს ბლოკავს. თუ ტყვიის კონცენტრაციამ სისხლში ათჯერ მოიმატა, ფერმენტთა აქტიურობა ასჯერ შემცირდება. გარდა ამისა, განვითარდება ანემია, გართულდება თირკმელების მუშაობა, დაქვეითდება ინტელექტი.

ღრძილებზე რუხი ნადები მოწამვლის პირველი და უტყუარი ნიშანია. თუ ადამიანს განწყობა უმიზეზოდ ეცვლება და პირში ლითონის გემოც აქვს, საფუძვლიანი ეჭვია, რომ მოწამლულია.

ტყვიაზე და ორგანიზმში მისი მოხვედრის გზებზე ორჯერ დავწერე:

წვიმად მოსული ზევსი

საშიში სათამაშო

თუმცა, დღესაც იმავე თემას მინდა შევეხო. ოღონდ, ამჯერად ტყვიასთან ერთად ჩვენს ორგანიზმში სხვა მძიმე მეტალი კადმიუმიც შეიძლება მოხვდეს. საქმე თანამედროვე ჭურჭელს შეეხება. აი, იმ უამრავ და მრავალფეროვან ჭიქა-თეფშებს, ჩვენი თუ სხვა ქალაქების მაღაზიების თაროებზე რომ განუთავსებიათ და მომხმარებელსაც თვალები გაურბის, არ იცის, რომელი შეარჩიოს.

დიახ, სწორედ ლამაზად მოხატული ჭურჭლიდან ჩვენს ორგანიზმში შესაძლოა მძიმე მეტალები -ტყვია და კადმიუმი გადავიდეს, რადგან მათი იონები კაშკაშა ფერის საღებავებში შედის. სხვათა შორის, ძალიან ხშირად თავად მწარმოებელი წერს თეფშსა თუ ფინჯანზე, რომ ის მხოლოდ დეკორატიული გამოყენებისთვისაა, ანუ სახლში, ოთახში სამშვენისის როლს შეასრულებს. სხვებს აწერიათ, რომ თეფშზე მხოლოდ ცივი კერძის დადება შეიძლება.

სხვათა შორის, ასეთი დეკორატიული თეფშები სახლში მეც მაქვს. ძველი ჩინური ნივთია და ჩემს დაბადებამდეა შეძენილი. ძალიან ლამაზია. მთლიანად ოქროსფერია და ზედ თეთრი დრაკონებია გრავირებული. უკან რაღაცები ჩინურად აწერია. წარმოდგენა არ მაქვს, რა დააწერეს, მაგრამ შეხედავ თუ არა, მიხვდები, რომ დეკორატიულია და დიდი-დიდი ზედ გარეცხილი გარგარი ან ალუბალი დადო და დიდხანს არ გააჩერო, მაშინვე მიირთვა.

აქვე ერთი ლირიკული გადახვევა მინდა გავაკეთო და ჩინელ ხალხს მივმართო.

  • ძვირფასო ხალხო, გავიგეთ, რომ თქვენი ენა ძალიან გიყვართ და ჭურჭელს ჩინურად აწერთ, მაგრამ ქიმიური ლაბორატორიის დანადგარებს რომ ამზადებთ, საერთაშორისო ექსპორტზე რომ გაგაქვთ, მერე ტენდერში გამარჯვებული, ჩემი ცოდვით სავსე რაღაც ფირმა, რომ თქვენგან ყიდულობს, ჩემთან მოაქვს და წარწერა-ინსტრუქციები სულ „უწკუ-პუწკუ“ იეროგლიფებით წერია, ეგ საქმე როგორ იქნება, ნეტა? ანუ, ჩინური უნდა ვისწავლო, თუ თარჯიმანს ვუხადოთ ფული ან მე, ან უნივერსიტეტმა. დააწერეთ ინგლისურადაც, თორემ მე აწი ჩინურის მსწავლელი ვერ ვარ, აქვე გაფრთხილებთ.

ჰოდა, ისევ ჩემს თეფშებს დავუბრუნდები. წლების წინ, დედასგან დაუკითხავად ერთ თეფშს ზურგის მხრიდან ოქროსფერი საღებავი ჩამოვაფხიკე, ლაბორატორიაში წავიღე და ტყვიის იონებზე შევამოწმე. თვისებითმა რეაქციამ დადებითი აჩვენა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, თეფშს უკან იეროგლიფები რომ ახატია, უეჭველი გვეუბნება, შეხედე მხოლოდ და ზედ ცხელ-ცხელი ხაჭაპური არ დადოო.

კადმიუმზე სინჯი არ ჩამიტარებია, მაგრამ შეიძლება ეგეც დადებითი ამოსულიყო. კადმიუმიც მძიმე მეტალია, პერიოდულ სისტემაში მეორე ჯგუფის თანაურ ქვეჯგუფში მოძებნით, თუთიასა და ვერცხლისწყალს შორის. ხშირად თუთიის საბადოების კვალის ელემენტია და გარემოში ვრცელდება.მისი სიმკვრივე 8,64გ/სმ3-ია.

კადმიუმით ქრონიკული მოწამვლა დაავადება იტაი-იტაის იწვევს. ეს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებაა, რომლის დროსაც ძვლოვანი ქსოვილიდან კადმიუმით კალციუმის გამოძევება ხდება. კადმიუმზე უფრო ვრცლად ამ წერილში ნახეთ

უკაცრავად, თქვენ პარაცელსი ბრძანდებით?...

უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი სხვადასხვა კაშკაშა საღებავით (განსაკუთრებით, ყვითელი, სტაფილოსფერი და ამ გამის) მიხატულ-მოხატული ჭურჭელი, მათ შორის, ძველი წლების ანტიკვარიატიც, შესაძლოა საღებავში ტყვიას და კადმიუმს შეიცავდეს. ამიტომ, უბრალოდ უნდა შევძლოთ ასეთ ჭურჭელთან სწორი მოქცევა. გამოვიყენოთ ხილის, კონფეტების, თხილეულის დასალაგებლად და სუფრის გასალამაზებლად, რადგან ასეთი ჭურჭლიდან მძიმე მეტალები შესაძლოა ორგანიზმში გადმოვიდნენ, თუ:

– მათზე ცხელ საჭმელს მივირთმევთ და ან სუფრაზე დავდებთ სტუმრებისთვის გადასაღებად. მაღალი ტემპერატურა მეტალთა იონების საკვებში მიგრაციის პროვოცირებას იწვევს.

– მიკროტალღოვან ღუმელში გავაცხელებთ.

– თუ ასეთი ჭურჭლიდან მჟავა pH საკვებს მივიღებთ ან სტუმრებისთვის გადასაღებად გამოვიყენებთ. მაგ. სოიოს სოუსი, დაჭრილი, კანგაცლილი ციტრუსები, პომიდრის სალათი ან საწებელი, კომბოსტოს მწნილი ან სხვა მწნილეულობა, სალათის საკმაზი, რომელიც ძმარს შეიცავს და ა.შ.

ერთი ექსპერიმენტის თანახმად, ამერიკაში 1970 წლამდე დამზადებულ კაშკაშა ემალით მოხატულ ჭურჭელში ათავსებდნენ 4% ძმარმჟავას და აჩერებდნენ 24 საათის განმავლობაში. ძმარში ტყვიის კონცენტრაცია 610მკგ/მლ-ს აღწევდა, კადმიუმის კი-15მკგ/მლ (https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/9151439/).

 

იმავე დღეს, სახლში დაბრუნებამდე ერთ სუპერმარკეტში საყიდლებზე შევიარე. ჩაის განყოფილებაში ჩაის კოლოფის და ჭიქის ტანდემს მივაქციე ყურადღება. საგანგებო წარწერაც ამშვენებდათ:

  • არ შეიცავს ტყვიას!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი