სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

მარათონი როგორც ბრძოლის ველი

რამდენიმე დღის წინ 26 წლის კირან განდიმ, რომელიც მთელი წელი აქტიურად ემზადებოდა ლონდონის მარათონისთვის, 26,2 მილი გაირბინა, მაგრამ მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში არა დაფარული მანძილის, არამედ თავისი პერიოდის წყალობით მოხვდა, რომელიც მარათონს დაემთხვა. ჰარვარდის ბიზნესსკოლის მაგისტრმა და Thievery Corporation-ის დრამერმა იცოდა, რომ შესაძლოა მენსტრუაცია ჰქონოდა, მაგრამ ტამპონი არ გამოუყენებია. დასვრილმა შარვალმა, ცხადია, შთაბეჭდილება მოახდინა საზოგადოებაზე.

„შარშან მარათონში ჩემი მეგობარიც მონაწილეობდა. მასაც კრიტიკული დღეების წინა პერიოდი ჰქონდა და ბიუსტჰალტერში პატარა ტამპონი შეინახა, საჭიროების შემთხვევაში რომ გამოეყენებინა. ამის გამო მკერდთან პატარა ნაიარევი გაუჩნდა. მისი გამოცდილების გათვალისწინებით, უარი ვთქვი ტამპონზე. როდესაც სისხლდენა დამეწყო, ვიფიქრე, რაც არის, არის-მეთქი, და ვიგრძენი, რომ გავძლიერდი.

სირბილის დროს იმაზე ვფიქრობდი, როგორი დამოკიდებულება აქვთ ქალებსა თუ მამაკაცებს მენსტრუაციის მიმართ – თითქოს ის არც კი არსებობდეს. მასზე საუბარი რთულია; არ ვიცით, როგორ გამოვხატოთ მენსტრუაციით გამოწვეული ტკივილი სამუშაო ადგილზე და არც იმ განსხვავებებს ვაცნობიერებთ და ვაღიარებთ, ქალსა და კაცს შორის რომ არის. ქალები ვერ იქნებიან საკმარისად სოციალიზებულები და ვერ ისაუბრებენ თავიანთი სხეულის ფუნქციებზე, სანამ ყველა ჩუმად იქნება და სხვები არ დაინახავენ, რომ ეს ხდება”.

2014 წლის ივლისში 800–მეტრიანი დისტანცია გაირბინა ორსულობის მერვე თვეში მყოფმა ალისია მონტანომ. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ხუთგზის ჩემპიონის სარბენ ბილიკზე გამოსვლას ნაკლებად შოკისმომგვრელი ეფექტი ჰქონდა და საზოგადოებისთვისაც სხვაგვარ გზავნილს წარმოადგენდა, ვიდრე კირანისა, ამ ორ ამბავს შორის პარალელის გავლება ადვილია.

ქალებმა ისე უნდა მოახერხონ თავიანთ ბუნებასთან, სხეულთან, ფიზიოლოგიასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულება, რომ არ დაუპირისპირდნენ საზოგადოების მიერ მათთვის დაკისრებულ როლს, მათ შესახებ არსებულ რწმენა-წარმოდგენებს, რაც სულაც არ არის ადვილი. როცა დავფიქრდი, მივხვდი: იმის გაცნობიერებიდან, რომ გოგო ხარ, საკუთარ სხეულთან ჰარმონიის მისაღწევად უმეტესობას მრავალი წელი სჭირდება; არიან ისეთებიც, ვინც ფიზიოლოგიასთან ბოლომდე გაუცხოებული რჩება.

თანამედროვე გამოწვევები კიდევ უფრო ამძაფრებს დისკომფორტს საკუთარი სხეულის გამო: რეკლამები, რომლებიც გაიძულებენ, იყო უნაკლო – არ გქონდეს არც ერთი ზედმეტი ღერი თმა, გრამი, ნაოჭი; მოდის ინდუსტრია, რომელსაც ფეხი უნდა აუწყო; გარშემო მყოფები, რომლებსაც სიამოვნებას ჰგვრის სხვის პირად სივრცეში შეჭრა და პერსონალური დეტალების განხილვა, ცხადია, ქალსა თუ გოგონაზე მძიმედ მოქმედებს. როცა, ამასთან ერთად, ბუნებრივი მოვლენები – მაგალითად, ისეთი, როგორიც არის მენსტრუაცია, სექსი, მკერდის გაზრდა, თმის ამოსვლა – ტაბუდადებულია და მათზე გულახდილად საუბარს მოზარდი ვერავისთან ახერხებს (ან მხოლოდ თანატოლებს ესაუბრება ჩუმად), შესაძლოა, პრობლემების მთელი კასკადი წარმოიშვას.

გარდა იმისა, რომ არ გამოუვა საკუთარი სხეულის შეყვარება, მისი მოსმენა, მარტივად და ჯანსაღად ცხოვრება, გოგონას არ ეცოდინება, რა ნორმალურია და რა – არა, ამიტომ შესაძლოა, ძლიერ ტკივილს ან ხანგრძლივ ციკლს ითმენდეს და იღებდეს ისე, როგორც ნორმალურს, დაემართოს გადამდები დაავადება დამცავი საშუალებების გამოყენების არცოდნის გამო, მიმართოს „ხალხურ” მეთოდებს „სილამაზისთვის” (ამის თვალსაჩინო მაგალითია ბოლო წლებში ლეღვის ნახარშით დამწვრობის გახშირება), შეცდომით მიიღოს მედიკამენტი ან სწორად ვერ აარჩიოს ჰიგიენური საშუალება, და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მენსტრუაციის სახელიც კი გვაშინებს და „იმად” მოვიხსენიებთ, სექსი, ოჯახურ ურთიერთობაშიც კი, სირცხვილად არის მიჩნეული, ტაბუდადებულ თემებზე ერთმანეთთან საუბარს გაურბიან დედები და შვილები, წყვილები, ექიმები და პაციენტები, მასწავლებლები და მოსწავლეები. ერთი ბოლოდროინდელი რეკლამა მახსენდება: ნო–შპა ამბობს, რომ ის ყველა ქალის ჩანთაში უნდა იდოს. არა, ბატონო, ნო–შპა არ უნდა იდოს ყველა ქალის ჩანთაში, ზოგს სრულიად უმტივნეულო მენსტრუაცია აქვს, მან კი, ვისაც სტკივა, სანამ ჩანთაში რეკლამით შთაგონებულ ნოშპას ჩაიდებდეს, ექიმთან უნდა მივიდეს – შესაძლოა, ტკივილს საკმაოდ სერიოზული მიზეზიც ჰქონდეს, მაგრამ თუ ამაზე არ ვისაუბრეთ, თუ კითხვები არ დავსვით, თუ სერვისი არ მოვითხოვეთ, თუ შეგვრცხვა, შესაძლოა, მართლაც ნო–შპას ამარა აღმოვჩნდეთ.

დიახ, სისხლით დასვრილი შარვალი, ცოტა არ იყოს, არასთეტიკურია და მძაფრ ეფექტს ახდენს. მსოფლიოში ალბათ ძალიან ცოტა გოგოს თუ ეყოფოდა გამბედაობა, ასე დამახსოვრებოდა მილიონობით ადამიანს. მადლობა კირანს, რომ ეს გააკეთა. დიახ, საშიშია სარბენ ბილიკზე რვა თვის ორსულის დანახვა, მაგრამ საჭიროა და მნიშვნელოვანი. მაშინ როცა მილიონობით ქალს ორსულობის ან მცირეწლოვანი შვილის გამო არასასურველ კადრად მიიჩნევენ, როცა ბავშვობიდან გვასწავლიან, რომ ქალის მთავარი საქმე დედობაა, ქალებმა ყველგან, სადაც შეგვეძლება, უნდა ვთქვათ, რომ ორსულობა დაბრკოლება არ არის, არც ბავშვია ხელის შემშლელი გარემოება და ჩვენ, სახლში ფუსფუსთან ერთად, ჩვენი საყვარელი საქმეებიც გვაქვს, რომლებიც გვინდა ვაკეთოთ, განურჩევლად ოჯახური მდგომარეობისა და სოციალური სტატუსისა. ადამიანებმა (და, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ქალებმა) უნდა ვილაპარაკოთ ჩვენს ბუნებაზე, ჩვენს სხეულზე, მის ციკლებსა და პერიოდებზე, ნიშან–თვისებებსა და თავისებურებებზე, რათა  ჩვენც და ჩვენმა შვილებმაც უფრო ჯანმრთელად და ჰარმონიულად ვიცხოვროთ. ვილაპარაკოთ ყველგან, სადაც ამის საშუალება გვექნება: პრესის ფურცლებზე, საკლასო ოთახებში, წითელ ხალიჩებზე, საპროტესტო აქციებზე, სამზარეულოებში, სოციალურ ქსელებში თუ მარათონებზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი