პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ქალაქების ეკოლოგია თუ ეკოლოგია ქალაქებში? – საზოგადოებრივი გეოგრაფიის გაკვეთილებისათვის

(მეორე ნაწილი)

ახალი სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც ქალაქებში ადამიანებისა და ბუნების ურთიერთქმედებას სწავლობს: საკითხავი საზოგადოებრივი გეოგრაფიის გაკვეთილებისათვის

ავტორი: ლევან ალფაიძე

„დედამიწა საკმარისს გვაძლევს თითოეული ადამიანის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, მაგრამ ის ვერ დააკმაყოფილებს ყველას სიხარბეს“ – მაჰათმა განდი.

ქალაქების მდგრადი განვითარებისთვის (თუნდაც არაფორმალურ „ბარიოსებში“ თუ „ფაველებში“) აუცილებელია იმ გარემოს დეტალური შესწავლა, რომელშიც ადამიანებს უწევთ ცხოვრება – ეს თანაბრად ეხება შვეიცარიული ციურიხის, კოლუმბიური ბოგოტას თუ ფრანგული სტრასბურგის ან ნიგერიული ლაგოსის მცხოვრებლებს. ქალაქის ლანდშაფტი და პეიზაჟი და მისი საცხოვრებელი სივრცე იქმნება ადამიანების, მათი საცხოვრებელი თუ სამუშაო შენობებისა და ქალაქის ბუნების ელემენტების საშუალებით.

თბილისი, გარდა შენობებისა და გზებისა, მთაწმინდის ქედისა და მტკვრის ხეობისგანაც შედგება; თბილისის კონტურს, მისი განაშენიანების მიმართულებასა და ხასიათს დიდწილად მისი რელიეფი და ბუნების ელემენტები განაპირობებენ. თბილისის ცენტრალური თუ საგარეუბნო რაიონები, მდინარის სანაპიროები თუ მთაგორიანი ფერდობები, ასობით ათასი ადამიანის საცხოვრებელია და მათი რაოდენობის ზრდა ან შემცირება თბილისის ცხოვრებაში სერიოზულ ცვლილებებს გამოიწვევს. ქალაქური მოზაიკის რომელიმე კომპონენტის გაქრობა, ცვლილება ან დრამატული ზრდა თუ შემცირება, ქალაქებში თვისობრივ ცვლილებებს იწვევს. ქალაქი ადამიანების გარეშე კარგავს თავის ფუნქციას და დეგრადაციას განიცდის; ქალაქი, საცხოვრებლისა და კომერციულ-ინდუსტრიული ზონების (ანუ საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების) შემცირების ან გაქრობის მიზეზით ცარიელდება. ხოლო ქალაქი, რომელშიც სტიქიურმა „განვითარებამ“ ბუნებრივი ელემენტების დრამატული შემცირება, დეგრადაცია ან განადგურება გამოიწვია – საცხოვრებლად უვარგისი ხდება და მას ადამიანები ტოვებენ.

როგორც ხედავთ, ურბანული გარემო ძირითადად ამ სამი ელემენტისგან იქმნება: ადამიანი (მისი საქმიანობითა და სურვილებით, გეგმებითა და პერსპექტივით), ფიზიკური ინფრასტრუქტურა (საცხოვრებელი შენობები, სამრეწველო და კომერციული შენობები, გზები, საინჟინრო-ტექნიკური ინფრასტრუქტურა, სხვა ტექნიკური ინფრასტრუქტურა) და ბუნებრივი ინფრასტრუქტურა (ლანდშაფტები, რელიეფი, მწვანე ნარგავები, პარკები, ხეივნები, წყლის სივრცეები, სხვა ბუნებრივი ელემენტები). რომელიმე მათგანის დომინაცია, სხვების დაკნინებასა და სახეცვლილებას იწვევს, რაც თავის მხრივ, აუცილებლად იწვევს ახალი და ხშირად არაპროგნოზირებადი და მოულოდნელი პრობლემების გრძელ ჯაჭვს, რომელთა მოგვარება ძალიან ძნელი, ან უმეტეს შემთხვევაში, შეუძლებელი ხდება.

ქვემოთ გთავაზობთ, შვედი ურბანისტი მკვლევრების, ლუნდის უნივერსიტეტის დოქტორების, ება ბრინკისა (Ebba Brink) და სანა სტალჰამარის (Sanna Stålhammar) კვლევის რამდენიმე შედეგს, რომელიც მათ რიო-დე-ჟანეიროს უდიდეს ფაველაში, როსინიაში (Rocinha) ჩაატარეს (როსინიას ფაველა მდებარეობს რიო-დე-ჟანეირიოს სამხრეთში, მთაგორიან ნაწილში, ტიჟუკას ტყესა და რიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ რაიონს შორის. ფაველას მოსახლეობის რაოდენობა 2010 წელს 60 ათასზე მეტი იყო):

„ბუნება ქალაქში [რიო-დე-ჟანეიროს ფაველაში] მდიდარია ფაუნითა და ფლორით. იგი თითქოს დამამშვიდებელი და ახალი ენერგიის წყაროა. ბუნება, რომელიც გარს გვერტყმის, რეკრეაციისა და მოდუნების ადგილია“, დაახლოებით ამ სიტყვებით და შეგრძნებებით აღწერენ ფაველას გარშემო არსებულ ბუნებას როსინიას მცხოვრებნი. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ფაველის მცხოვრებნი აქაურ ბუნებაზე საუბრობენ. ეს ხშირად არ ხდება, რადგან, როგორც წესი, არაფორმალური დასახლებების აღწერისას, ხშირია თხრობა უწესრიგობაზე და ხიფათზე. შვედი მკვლევრების ნაშრომი საინტერესოა იმით, რომ ურბანული მწვანე სივრცეების შესწავლაში, გაისმა რიო-დე-ჟანეიროს უღარიბესი უბნების მცხოვრებთა ხმა, რაც პირველი ნაბიჯია ქალაქგეგმარებაში ინკლუზიურობის ფაქტორის შემოტანისათვის. ბრაზილიური ფაველის ფართო აუდიტორიისთვის უცნობი და ხშირად, უხილავი მცხოვრებნი, საუბრობენ ქალაქის მწვანე სივრცეებზე როგორც რელიგიური, სულიერი და ემოციური გამოცდილებისთვის საჭირო ადგილებზე. ზოგიერთ ინტერვიუში, გამოკითხულნი ბუნებას აღწერენ როგორც ძალას, რომელსაც „შეუძლია ადამიანი განწმინდოს ტკივილისა და დარდისგან“. ზოგიერთი ჯგუფი, ფაველების ბუნებას აღწერს როგორც ადგილს, სადაც ატარებენ რელიგიურ რიტუალებს და ლოცვებს (საუბარია აფრო-ბრაზილიელებზე, რომელთა შორის გავრცელებულია ძველი აფრიკული, ანიმისტური რიტუალები, ლ.ა.) და აგროვებენ სამკურნალო მცენარეებს.

ზოგადად, გასული ოცდახუთი წლის განმავლობაში, XX საუკუნის 90-იანი წლებიდან, მეცნიერებამ და აკადემიურმა სამყარომ აღიარა, რომ ბუნების ცოცხალ და არაცოცხალ კომპონენტებს შორის ურთიერთქმედებების შესწავლა, განსაკუთრებით ურბანულ ეკოსისტემებში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დედამიწაზე სიცოცხლისათვის და ჩვენთვის, ადამიანებისთვისაც.

შესაბამისად, ახალი საუკუნის დასაწყისში მნიშვნელოვნად გაცხოველდა საუბარი და დისკუსია, დედამიწაზე ბუნებრივი სისტემების შენარჩუნებისა და გარემოსდაცვით საკითხებზე. ბევრ ქვეყანაში გაჩნდა საზოგადოებები, რომლებიც უშუალოდ დაკავდნენ ურბანული ბუნებისა და ურბანული ეკოლოგიის პრობლემების ანალიზითა და შესწავლით. სწორედ ამ დროს გაჩნდა მოთხოვნილება დედამიწის ბუნებრივი სისტემების საერთაშორისო, სახელმწიფოთაშორის ფორმატში გააზრებისათვის.

დღეს პლანეტაზე არსებული სიცოცხლისათვის და ადამიანთა საზოგადოებისათვის, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გამოწვევად იქცა ურბანული ეკოსისტემების დეგრადაცია და იმ მომსახურების (სერვისების) შემცირება-შეზღუდვა, რომელსაც ეს ბუნებრივი სისტემები ქალაქის მცხოვრებლებს აწვდიან. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, გამოჩნდა კვლევების საკმაოდ დიდი მოცულობა, რომლებიც ურბანული ეკოსისტემების სერვისებს (უეს) შეეხება. ამან დიდად შეუწყო ხელი ჩვენი ცოდნის გაღრმავებას უეს-ის შესახებ, მათი ბიოფიზიკური, ეკონომიკური და სოციო-კულტურული მიმართულებებით. მეტიც, ურბანული ეკოსისტემების სერვისები განხილულ იქნა რამდენიმე გლობალური ინიციატივის ფარგლებშიც. კერძოდ, ეკოსისტემების სერვისების შესწავლა მოხდა რიგი საერთაშორისო ორგანიზაციების/პროგრამების მიერ:

  • „ათასწლეულის ეკოსისტემების შეფასება“ (Millennium Ecosystem Assessment) – გაეროს ათასწლეულის პლატფორმა;
  • „ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების ეკონომიკის“ TEEB პლატფორმა;
  • IPBES-ის (The Intergovernmental Science-Policy Platform on Biodiversity and Ecosystem Services) – საერთაშორისო, მულტინაციონალური და მულტიდისციპლინური სამეცნიერო-პოლიტიკის კვლევითი პროექტის საშუალებით.

ამან, შესაბამისად, გამოიწვია ურბანული ეკოსისტემების სერვისებისადმი ყურადღებისა და ინტერესის ზრდა და მისი ჩართვა ურბანული პოლიტიკის დისკუსიებში, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის მოსახლეობის ნახევარზე მეტი დღეს ქალაქებში ცხოვრობს, ურბანული ეკოსისტემებისადმი ყურადღება კვლავ ძალიან მოკრძალებულია, თუ მას შევადარებთ, მაგალითად, ტყეებისა და ოკეანეების სანაპირო ზოლის, პოლარული აკვატორიებისა და ტერიტორიების, ან მსოფლიოს ზღვებისა თუ ოკეანეების ეკოლოგიური საკითხების კვლევებს.

დღეს დედამიწის ბევრ ქალაქში, განსაკუთრებით კი დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მდიდარ ქვეყნებში, მწვანე სივრცეებს საკმაოდ დიდი ფართობები უკავიათ და მათ მეტი ყურადღება და სახსრები ეთმობათ (მაგ. ქ. ნიუ-იორკში, Central Park-ი: 341 ჰა; ქ. მიუნხენში, Englischer Garten-ი: 375 ჰა; ქ. ბერლინში, Tiergarten: 210 ჰა; ქ. ლონდონში Hyde Park-ი: 140 ჰა). მეტიც, ქალაქის მწვანე „ინდექსი“, მისი მწვანე სივრცეების განვითარება და მატება, ქალაქის, ქვეყნისა და იმ ერის სავიზიტო ბარათად და კეთილგონიერ საქმიანობად აღიქმება. ამ კონტექსტში საგულისხმოა ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტის, წარმოშობით აიმარას ეროვნებით ინდიელის, ხუან ევო მორალესის სიტყვები: „ადრე თუ გვიან, უნდა ვაღიაროთ, რომ დედამიწასაც აქვს უფლება, იცხოვროს დაბინძურების გარეშე. კაცობრიობამ უნდა იცოდეს, რომ ადამიანის სახეობას არ შეუძლია დედამიწის გარეშე ცხოვრება, მაგრამ პლანეტა დედამიწა, იცხოვრებს ადამიანთა გარეშეც“.

 

აღსანიშნავია ადგილობრივი ეკოლოგიური ინიციატივებიც. ქ. თბილისში, მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე (500 ჰა-ზე მეტი) მიმდინარე, მთაწმინდის ფერდის ეკოსისტემის სარეაბილიტაციო პროგრამა, რომელიც 2020 წელს დაიწყო, გრძელდება და მიმდინარეობს სახელმწიფოსა და ფონდი „ქართუს“ თანამშრომლობით. ამ უზარმაზარი ტერიტორიის (ურბანული მასშტაბებით) რეაბილიტაცია და იქ არსებული მცენარეული საფრის განახლება დიდად წაადგება თბილისის ურბანულ ეკოსისტემას, რომელმაც 90-იანი წლებიდან დღემდე, დრამატული უარყოფითი ცვლილებები და დეგრადაცია განიცადა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ისტორიული ქარტეხილებისა, ქალაქების განვითარებისა და განაშენიანების განსხვავებული ეპოქებისა და იდეოლოგიებისა, ურბანული მწვანე სივრცეები, მდელოები, პარკები და ბუნების დაცული თუ ნარჩენი ბუნებრივი ტერიტორიები, წარმოქმნილი და შექმნილი ასი და მეტი წლის წინ, დღეს გარშემორტყმულნი არიან ინტენსიური განაშენიანებითა და ურბანული საინჟინრო ინფრასტრუქტურით. მსოფლიოს ქალაქების უმეტესობაში შემცირებულია რეკრეაციული და ბუნებრივი ლანდშაფტების სივრცეების ფართობები. თუმცა ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ის, რაც ჯერ კიდევ გვაქვს (პარკები თუ სხვა მწვანე ურბანული სივრცეები), მიუხედავად მათი შეზღუდული გავრცელებისა, კვლავ სასიკეთოა ქალაქში მცხოვრები ადამიანისათვის. ურბანული „მწვანე კუნძულები“ კვლავ ფილტრავენ ჰაერსა და წყალს, აწარმოებენ ჟანგბადს, არბილებენ სიცხეს (რომელსაც გამოყოფს გაცხელებული ასფალტი და ბეტონი), შთანთქავენ ავტომობილებიდან და სამრეწველო ობიექტებიდან მომდინარე მავნე აირებსა და მიკრონაწილაკებს, იკავებენ წყალს და ამცირებენ ნიაღვრული ნაკადების მოცულობებს, სასიამოვნო გარემოს ქმნიან დასვენებისა და სპორტული აქტივობებისათვის, უზრუნველყოფენ გარემოს ფრინველებისა და ფაუნის სხვა წარმომადგენლებისათვის და კვლავ ქმნიან ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან, ეკოლოგიურად გაწონასწორებულ ბუნებრივ გარემოს, რომელიც აუცილებელია ჩვენი, როგორც დედამიწაზე მცხოვრები სახეობის კეთილდღეობისა და სიცოცხლისუნარიანობისათვის.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი