ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

დალი დეიდა

სიკვდილამდე ორი დღით ადრე ტელეფონზე ველაპარაკე. ის მეხუთე სართულზე ცხოვრობდა, ჩვენ – მეექვსეზე, მაგრამ ბოლო დროს, როცა სიმსივნის მეტასტაზები გამალებით უტევდნენ მის ორგანიზმს, მე ძალიან მიმძიმდა მისი ნახვა, ამიტომაც თავს ვარიდებდი მონახულებას. ჩემთვის რთული იყო იმასთან შეგუება, რომ ის მარცხდებოდა თუნდაც ბევრად ძლიერ მოწინააღმდეგესთან – კიბოსთან ორთაბრძოლაში. 
მისი მარცხი თანდათან უფრო და უფრო იოლი შესამჩნევი ხდებოდა: ისედაც თეთრ კანზე მიტკლის ფერი დაეფინა; როგორც ქიმიოთერაპიის წესია, თმა დასცვივდა და ბოლო დროს თავსახვევის გარეშე აღარ მინახავს; წონა მნიშვნელოვნად დაკარგა და დასუსტდა. ბოლოს კი, როცა ტელეფონზე დამირეკა, ვერ ვიცანი მისი ხმა, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩამესმოდა ყურში – დინჯად, აუღელვებლად ნათქვამი, ოდნავ გაწელილი სიტყვა სალამი, რომელსაც ჩვენთან შემოსვლისას ამბობდა ხოლმე. 
„დალი ვარ” – მითხრა ჩუმად, მიძინებული ტემბრით, როცა მის სალამს ხანგრძლივი სიჩუმე შევაგებე გაუგებრობის ნიშნად. სწორედ მაშინ გადამეწურა მისი ამ ქვეყნისკენ შემობრუნების იმედი. დავრწმუნდი, რომ ურჩხულს თავისი წასაღები მიჰქონდა.
დალი დეიდა 1990-იანი წლების სამყაროს ნაწილი გახლდათ, რომელიც, ბევრისგან განსხვავებით, 2000-იანებშიც კარგად გაერკვა. ყვითელი კორპუსის ოფიციალურად არარსებული, თუმცა აქტიურად მოქმედი ქალთა ორდენის გამორჩეული წევრი. ზაფხულობით, ამ ორდენის შტაბ-ბინა მე-4 სართულის საშრობი იყო. წელიწადის სხვა სეზონებზე კი შტაბი ორდენის წევრთა ბინებში გადაინაცვლებდა ხოლმე. იქ, სადაც სითბო მოტეხილი იყო და როცა დენი მოვარდებოდა, ტელევიზორის ცისფერი ეკრანიც გამოჩნდებოდა. ცხადია,  ორდენის შეკრებებზე მთისა და ბარის საკითხი განიხილებოდა: პოლიტიკა (დილეტანტურად); სოციალური მდგომარეობა (ექსპერტულად, საკუთარ ტყავზე გამოცდით); უბნის ამბები (იქითურ-აქეთური); სერიალები „სანტა ბარბარა”, „დინასტია”, „გვადალუპე”, „ბლანკოს ქვრივი”, „კასანდრა”, „იოლი ფული”, „ბაბილონის გოდოლი” (მტყუან-მართალის გარჩევებითა და სასამართლოებით).
ორდენის შეკრებებზე დალი დეიდა ყოველთვის ყველაზე სამართლიანი მსაჯული იყო. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჩვენი უბანი ქერინგტონების ოჯახში ატეხილმა ხმაურმა, კევინ ბლეიქის ძე ქერინგტონის ჰომოსექსუალობამ შეძრა და უმეტესობა სტივენის დასჯას ან განკვეთას მოითხოვდა, დალი დეიდამ სამ წინადადებაში ჩამოაყალიბა ის, რის ახსნაშიც დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები მსუყე გრანტებს იღებენ. ბნელ, ცივსა და სასტიკ დროში დალის შესანიშნავად ესმოდა ის, რასაც ადამიანები  დღესაც, ბევრად უფრო ნათელ პერიოდში ვერ იგებენ.
ზოგჯერ ადამიანთა ხსოვნას შენს გონებაში, მის მიერ ნაჩუქარი რაიმე ნივთი უკვდავყოფს და რაც უფრო უბრალოა ეს ნივთი, მით უფრო შინაურად მიიჩნევ მჩუქნელს. მე და ჩემს ძმას გვქონდა 2 პატარა ჩანგალი, სტანდარტულზე ბევრად მომცრო, ლამაზი ორნამენტებით, რომლებიც დალი დეიდამ შორეულ ბავშვობაში გვაჩუქა, რათა უპრეტენზიოდ გვეჭამა საჭმელი და ზოგჯერ იძულებითი პროცესი გაგვეხალისებინა. ამ ჩანგლით ვჭამდი ბევრი წლის განმავლობაში. მაშინაც კი, როცა ის ჩემი ხელის გულში ისევე იკარგებოდა, როგორც ნემსი თივის ზვინში; როგორც მოხერხებული ჯიბის ქურდი ხალხის მასაში. დალი დეიდას გარდაცვალების შემდეგ, შევამჩნიე, რომ ჩანგალი რაღაცნაირად დამძიმდა. არა ფიზიკურად, არამედ შინაარსობრივად და თითოეულ ლუკმას მეტი მნიშვნელობა მიეცა. მოგვიანებით, როცა ჩემი ძმიშვილი წამოიზარდა და საკუთარი ხელით ჭამა დაიწყო, ჩანგალი გადავულოცე და ვუთხარი, რომ ეს განსაკუთრებული ჩანგალია: „თორის ჩაქუჩი ხომ იცი? ეს თორის ჩანგალია. მისი აწევა მხოლოდ კეთილშობილ სუპერგმირებს შეუძლიათ” – განვუმარტე ნიკას და მგონია, რომ არც არაფერი მომიტყუებია მისთვის. მართალია კეთილშობილი სუპერგმირი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ყოველთვის მინდოდა, რომ კარგი ადამიანი ვყოფილიყავი. აქედან სუპერგმირობამდე კი სულ ერთი ნაბიჯია. შეიძლება არც კი.  
წინა საღამოს დალი დეიდა საავადმყოფოში წაიყვანეს. ურჩხული ძალიან ახლოს იყო მიზანთან. ახალ გათენებულზე, როცა ჯერ კიდევ სიზმრის ნარჩენებს ვებრძოდი და თვალიც ბოლოდე გახელილი არ მქონდა, ტელეფონმა დარეკა. ჩვენი ტელეფონის ზარი ასეთი მჭახე და ავისმომასწავებელი არასოდეს ყოფილა. მე მაშინვე მივხვდი, რომ სამყაროს ერთი შესანიშნავი ადამიანი გამოაკლდა. „არ უპასუხოთ” – ვიმეორებდი გონებაში, თითქოს ამით ვცდილობდი მისი გარდაცვალების გადავადებას. თითქოს თუკი არ ვუპასუხებდით, მისი სიკვდილის ამბავი ჩვენამდე ვეღარ მოაღწევდა. როცა დედაჩემის ატირებული ხმა მომესმა (მან საუკეთესო მეგობარი, მხარდამჭერი და მესაიდუმლე დაკარგა), თხემიდან ტერფამდე ცხელმა ტალღამ დამიარა, მერე კი საწოლში დაიკარგა. მე ამ შეგრძნებას მდუღარე წყალში გარეული ყინულის შხაპს ვუწოდებ – როცა ერთდროულად გამოგწვავს გულ-მუცელს და თან გაიყინები. ასეთ დროს თავში ყველაზე ნათელი მოგონებები მოგდის, რომლებიც ამ ადამიანთან გაკავშირებდა. მე გამახსენდა მისი ნათქვამი „სალამი”; ჩანგალი; ყოველდღიურად მორთმეული კიტრი და პომიდორი (ჩემი და ჩემი ძმის მთავარი რაციონი); 90-იანებში დარჩენილი დაბადების დღეები, რომლებზეც ის მჭახედ და ლამაზად იცინოდა; მასთან ერთად გატარებული უთვალავი საათი; მისი გულუხვობა და სიყვარული ჩემ მიმართ. რაც მთავარია, ასეთ დროს გახსენდება ის, რაზეც ყველაზე მეტად გწყდება გული – ის, რაც უნდა გაგეკეთებინა და არ გააკეთე; ის, რისი თქმაც გინდოდა და ვერ უთხარი. ასეთ დროს შენ დარდობ არა იმაზე, რომ შენთვის უძვირფასესი ადამიანი წავიდა, არამედ იმაზე, რომ შენთვის უძვირფასესი ადამიანი სწორედ შენგან წავიდა და ვეღარასოდეს დაელაპარაკები მას. მაშინ ავდექი, ყურსასმენები გავიკეთე და ჩავრთე ფრენკ სინატრას My Way კომპიუტერის წინ ვიჯექი და ცრემლებად დავიღვარე. 
როდესაც კორპუსს სასწრაფო დახმარების მანქანა მოუახლოვდა, რომელსაც ეტყობოდა, რომ ცუდი ამბავი მოჰქონდა და არსად ეჩქარებოდა, მე დალი დეიდას მეუღლის თავთან ვიჯექი და ვცდილობდი უსიტყვდოდ მენუგეშებინა წნევის წამლებით გაბრუებული ახლადდაქვრივებული მამაკაცი. ფანჯარასთან მივედი და გაბზარული ხმით ვუთხარი: „მოასვენეს”. როცა ოთახიდან გასვლა დავაპირე, როლანდი ბიძიამ მთხოვა: „არ წახვიდე”. ცხადია, მის თხოვნას უსიტყვოდ დავემორჩილე, რადგანაც მივხვდი, რომ არის ტკივილები, რომლის დაძლევასაც ერთი ადამიანის ძალა არ ეყოფა და შეიძლება არც ბევრის ეყოს. როლანდის სასთუმალთან დავჯექი და ხელი ჩავჭიდე. 
ცოტა ხნის შემდეგ ყვითელი კორპუსის ქალთა ორდენის შეკრებები, რომლებსაც ბავშვობაში არასოდეს ვაცდენდი და ძალიან მომწონდა, ბევრად უფერული და უინტერესო გახდა ჩემთვის. ალბათ იმის გამო,რომ  ადამიანებს ერთიანობა ნაკლებად სჭირდებოდათ; მთავარი საფრთხე – სასტიკი 90-იანები უკვე ნამღერი სიმღერა იყო; სერიალების ოქროს ხანას წერტილი დაუსვა სერიალმა „კლონი”; დაბადების დღეებს სულ უფრო იშვიათად აღნიშნავდნენ მეზობლები. თუმცა, ალბათ ყველაზე მეტად იმიტომ გახდა  უინტერესო იქაური ამბები ჩემთვის, რომ მას დალი დეიდა გამოაკლდა – ქალი კეთილი სახითა და უფრო კეთილი გულით. სიმართლის მცველი. ადამიანი, რომელსაც ჯოან როულინგის სამყაროში რომ ეცხოვრა, აუცილებლად სიბნელის წინააღმდეგ მებრძოლი იქნებოდა. 
ვისაც გასული საუკუნის ბოლო ათწლეულში თბილისში უცხოვრია, იცის რას ნიშნავს მეზობელი, ხოლო ვინც ეს იცის, კარგი მეზობლის ფასიც მოეხსენება და ვისაც კარგი მეზობლის ფასიც მოეხსენება, მიხვდება რას ნიშნავდა დალი ბრეგვაძე ჩვენთვის. 
დალი დეიდას გარდაცვალებიდან დღეები ან თვეები კი არა, წლები გავიდა. მისი მეუღლე საფლავზე ყოველდღე დადის. მე – არცერთხელ არ მივსულვარ. განა იმიტომ, რომ დრო არ მაქვს, ან ვერ მივაგნებ. არა. უბრალოდ, როცა კი დავაპირებ, გული და კიდურები ისევე მძიმდება, როგორც მისი ნაჩუქარი ჩანგალი. ვერაფრით ამოვხსენი, რისი ბრალია. ალბათ იმის, რომ საფლავის ქვაზე მისი სახის დანახვას, მირჩევნია თუნდაც ისეთი მახსოვდეს როგორიც ბოლო დროს იყო – უფერული და სუსტი, თუმცა, ურჩხულთან მებრძოლი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი