პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ჭინკა

ეს მერე შევიტყვე აქტიური ქალების შესახებ – პოლიტიკაში, არასამთავრობოებში, საზოგადოებრივ მოძრაობაში, თორემ ადრიან 90-იანებში, პატარა რომ ვიყავი და ქალაქს ომისა და რბევის პირველი ტალღა მოშუშებული არ ჰქონდა, ერთადერთი აქტიური გოგო ვიცოდი და ისიც ჩემი ბიძაშვილი – ნინიკო თოლორაია.

მეტსახელების შერქმევა ჩემი საყვარელი საქმეა, მაგრამ ნინიკოს შემთხვევაში ცისანა სართანიამ დამასწრო და გამხდარ, მოუსვენარ და თავნება ბავშვს ჭინკა შეარქვა. ზუსტად გამიჭირდება ახსნა, ადამიანი იხდენს მეტსახელს თუ მეტსახელი ერგება ადამიანის ხასიათს და შემდგომ ცხოვრებას. ფაქტია: წლები გავიდა, ნინიკო დიდი გოგოა, პროფესიონალი ჟურნალისტი და მე კი ისევ იმ ჭინკას ვერ ველევი – მობილურშიც ასე მიწერია და რომ შევხვდები, სადაც არ უნდა ვიყოთ, უმალ მღალატობს საზოგადოებაში მოქცევის ეტიკეტი და ჭინკას ვეძახი ხოლმე.

მაშინ ტელეეკრანებს ასე მოდებული არ იყო, მაგრამ ეტყობა სადღაც გვენახა და საღამოობით რომ შევიკრიბებოდით, პატარა თოქ-შოუებს ჩვენც ვაწყობდით ხან სად, ხან – სად. ჭინკას ბაბუამისის შუშის საარყე გრაფინი მოჰქონდა, სარქველს ვხსნიდით, შიგ წყალს ვასხამდით, ჭიქებს ჩამოვურიგებდით გადაცემის მონაწილეებს და სარქველს კი მიკროფონად ვიყენებდით.

იმ დროს ჭინკა ვერც წარმოიდგენდა, რომ ჟურნალისტი უნდა გამხდარიყო, რადგან ყველაზე უკეთ ალბათ ფეხბურთის თამაში გამოსდიოდა. რაული და მორიენტესი უყვარდა, მაგრამ თვითონ, როგორც მახსოვს, თავდამსხმელის ამპლუაში არასდროს უთამაშია. ეს მხოლოდ ერთადერთხელ მოხდა.

გარეთ საშინლად წვიმდა. თამაშის იშტაზე ვიყავით მოსულები, ხელ-ფეხი არ გვიჩერდებოდა და ჩემმა ძმამ „ნასკებისგან” გვარიანად მყარი ბურთი დააყენა. ტყვიასავით იყო, აკენწვლაც შეგეძლო და გამჭოლი პასის გაკეთებაც. ორ-ორად გავიყავით: ჩემი ძმა და ნინიკოს ძმა – ერთ მხარეს, მე და ნინიკო – ერთად. ჩვენი უზარმაზარი ოთახის ორ კუთხეში კარები მოვნიშნეთ და თამაშიც გახურდა. ჭინკასგან მარჯვნივ პასი მივიღე, განიერი მაგიდისთვის უნდა შემომევლო, ბურთი სულ ოდნავ გამექცა, ბიჭებმა იფიქრეს, სივრცეს გადავუკეტავთო, ორივე ერთდროულად გადმოვიდა ჩემს ფლანგზე და ჭინკა მარტოდმარტო დარჩა. მარცხენა დიდად არ მემარჯვებოდა, მაგრამ მაშინ ეტყობა შეუძლებელი მოვინდომე და გამოვიდა კიდეც – ბურთი მაგიდის ფეხებს შორის გაძვრა და სადაცაა ჭინკასთან უნდა გაჩენილიყო, ის კი დაუბრკოლებლად შეაგდებდა ცარიელ კარში. მაგრამ ამ დროს ჩემმა ძმამ, რამდენიმე მეტრის სიშორიდან ისეთი სუფთა და ეფექტური ვარდნა განახორციელა, ფაბიო კანავაროს, ნემანია ვიდიჩს და ტიაგო სილვას შეშურდებოდათ.

უეჭველი გოლი რომ ცხვირწინ აგვაცალა – ეს ერთი, ჭინკა ბეწვზე რომ გადარჩა სერიოზულ ტრავმას – ესეც მეორე, და მესამე – მორალური უპირატესობა მოიპოვეს ჩვენზე, ეგ კი ფეხბურთში გადამწყვეტია.

საბოლოოდ არც ჩემგან და არც ჭინკასგან ფეხბურთელი არ დადგა (ისე, ხანდახან ფიქრში წარმოვიდგენ, ნინიკო თოლორაიას რომ დიდი ფეხბურთი ეთამაშა, საფეხბურთო პერსონალიას ერთი კოლორიტული სახელი – CHINKA – შეემატებოდა, დანარჩენი მსოფლიო კი კიდევ ერთ ქართულ სიტყვას ისწავლიდა და ეგებ ჩვენი მითოლოგიაც უფრო ახლობელი გამხდარიყო ბერძნული და ეგვიპტური მითოსისგან თავმობეზრებული მკვლევარებისთვის). სამაგიეროდ, იმ საქმეში, სადაც ახლა არის, ჭინკამ თავის განუყრელ თვისებებს – შრომისუნარიანობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა და ადამიანის სიყვარული – უერთგულა და რეგიონებში მცხოვრები ბევრი ჟურნალისტისგან განსხვავებით, მხოლოდ თავის პროფესიას ემსახურება. ამიტომ, კაცმა რომ თქვას, არც შეღავათს ითხოვს ვინმესგან – ეს სიტყვა ჯერ კიდევ მაშინ ამოშალა ლექსიკონიდან, როცა ბიჭებთან ერთად ჭინჭის ბურთს აგორებდა დიდ და გაუთბობელ ოთახში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი