პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ერთი ოთხიანის გამო

ზაზა ჩემი მეგობარი არასოდეს ყოფილა, პარალელურ კლასში სწავლობდა და არც ის ვიცოდი, ისიც ჩემსავით „არსენალის” ფანი თუ იყო. სხვა თუ არაფერი, სხვანაირად გამოველაპარაკებოდი მაინც: მეგონა, ჩუმი, უცნაური და დაძაბული ტიპი დამხვდებოდა, ამიტომ „ზდაროვა, როგორ ხარ”-ის იქით იშვიათად წავსულვარ. 

ჩუმი ჩანდა, მაგრამ ამბობდნენ, რომ ტექნიკურ საგნებში მასწავლებლებსაც ეშინოდათ მისი. დაუნდობელი ყოფილა უვიცობის მიმართ – არც კლასელს პატიობდა და არც მასწავლებელს, ისე დაუნანებლად გაამასხრებდა ხოლმე, თურმე ვერც შეატყობდი.

ვიცანი, იმწუთასვე ვიცანი. ალბათ ათი წელი იქნება, თვალიც არ მოგვიკრავს ერთმანეთისთვის. სუფრის მეორე მხარეს იჯდა, სვამდა, სადღეგრძელოებს არ ტოვებდა და ვიფიქრე, რომ უეჭველად ბანკში მუშაობდა კრედიტ-ოფიცრად: მხოლოდ ბანკის თანამშრომლები სვამენ ასე უზომოდ დასვენების დღეებში, თითქოს სამუშაო საათებიდან გამოყოლილ ნევროზს და დაძაბულობას ალკოჰოლით ალღობენ.

მერე გარეთ გავედით, სიგარეტს მოუკიდა და მხარზე ხელი გადამხვია ძველი ძმაკაცივით. „კლასელები ვართ ბოლობოლო”, – თქვა ღიმილით, „ჰო, პარალელური კლასელები”, – დააზუსტა მაშინვე, ჯიბიდან სმარტფონი დააძრო, უაზროდ, სიჩუმის მოსაკლავად ჩააცქერდა, მერე ისევ ჩაიცურა ჯიბეში.

– შენ არ გეცოდინება, არც გემახსოვრება, – შორს, სიბნელისკენ იყურებოდა, შუქის კვალი ირიბად ეცემოდა სახეზე და გეგონებოდა ბოლი ასდისო, – მე კიდე… რა დამავიწყებს! ყველას დაუძახეს, ყველა აიშალა, წინა მერხებზე ვინც იჯდა. ა და ბე კლასი ერთად ვიყავით რატომღაც, დიდი ოთახი რომ იყო, ხო გახსოვს, იქ. ფრიადოსნები გაყავდათ, პირველი სემესტრის ბოლო იყო და ფოტოები უნდა გადაეღოთ საპატიო დაფაზე გასაკრავად.
– კი, როგორ არ მახსოვს.

– გადიოდა და გადიოდა ხალხი. ათ-ათად მიდიოდნენ და ამაყები, ბედნიერები და გახარებული ბრუნდებოდნენ. მე ერთი ოთხიანი გამომყვა ქართულ ენაში და არ მიწევდა გასვლა, ფორმაც არ ჩამიცვამს, ისე ვიყავი, ჩვეულებრივად.
სიგარეტი ჩააქრო, გაიხედ-გამოიხედა, ურნას დაუწყო ძებნა, ვერ იპოვა და ნამწვი წკიპურტით მოისროლა ჭიშკრის გადაღმა. 

– მწვანე დაფა იყო… არა, წითელი იყო და ზედ მწვანე ფოთლები ეხატა. ბევრი ფოთოლი, გაბნეული. იმ ფოთლებზე ფრიადოსნების სურათებს აწებებდნენ. ქვეშ გვარს და სახელს მიუწერდნენ და მორჩა, მთელი კონცერტი ეგ იყო. მაგრამ კონცერტი მერე იწყებოდა: ყოველ დღე, ყველა ბავშვი რომ შენ სურათს ნახავდა საპატიო დაფაზე, შენი სახელი ეცოდინებოდა, ვარსკვლავი იყავი!

გამეცინა, დავეთანხმე. ღვინო მოეკიდა, სიგარეტს სიგარეტზე ექაჩებოდა. სუფრაზე ხომ არ შევბრუნდეთო, შემომაპარა, არა-მეთქი, დამეზარა, ნახევარზე მეტი ხალხი აშლილი იყო უკვე, ზოგი ცეკვავდა, ზოგიც წასასვლელად ემზადებოდა. 

– ჰოდა, იმას ვამბობდი, უკვე უნდა დამთავრდეს ეს კონცერტი, ფრიადოსნები მორჩნენ ჩაკარტიჩკებას, კლასელებში ბაქიბუქობასაც მორჩნენ და ბოლო ათი უნდა გავიდეს ფოტოგრაფთან. დამრიგებელმა სია ამოიკითხა და მთელ ოთახს მოავლო თვალი. ბოლო რიგში მშობლები ისხდნენ, აქტიური და უსაქმური მშობლები, შვილებს რომ დაყვებიან ხოლმე, მთელი სკოლის ალიან-ჩალიანი რომ იციან. სიის ჩამთავრება იყო და ათი ბავშვი წამოიწია მერხიდან, შემოსასვლელისკენ გაემართა ჩქარი ნაბიჯით, შესასვლელთან პატარა საცობიც კი შეიქნა. დამრიგებელი ჯერ თვალით ითვლიდა, შემდეგ შემობრუნდა და „სადაც ათი იქ თერთმეტიც რომ იყოს არაფერი დაშავდება ღმერთმანი თამთა შენ ერთი ოთხიანი გყავს არაუშავს გამოასწორებ ერთი ოთხიანის გამო ხომ არ დაიჩაგრები ადექი ახლავე და შენც გადაგიღებენ ფოტოს” – თქვა ღიმილით, სხაპასხუპით და უნებურად ბოლო მერხისკენ გაექცა თვალი: თამთას დედა, ქალბატონი ირინე არც მალავდა, რომ ფრიად კმაყოფილი იყო.

ზაზამ მუშტში ჩაჭყლიტა სიგარეტი და ისევ შორს, სიბნელეს გაუშტერა თვალი.

– და თამთაც შემოსასვლელის საცობში აღმოჩნდა. რიგში. მაშინ შევამჩნიე: ფორმა ეცვა, შავი კაბა და ქათქათა პერანგი.  უცებ შემზიზღდა ყველაფერი. უცებ ოფლის და ძღნერის სუნი დადგა. თამთასთვის ნაჩუქარი ყვავილებიც შემზიზღდა, ის სიტყვები, მას რომ ვეუბნებოდი ჩუმად დერეფანში, კიბესთან, ფიზკულტურის გაკვეთილზე. ჩემი სულელური საქციელებიც შემზიზღდა, თამთას დედისთვის რომ თავის მოწონებას ვცდილობდი. თვალები სიბრაზის ცრემლით მქონდა სავსე და ვერც დამრიგებელს ვუთხარი, რომ პატარა მათხოვარი ქალია და ხათრის გამო ყველაფერს დაიკიდებს. ვერც ვეტყოდი, იმიტომ რომ შემარცხვენდა და ხმას გამაკმენდინებდა: „ა, ხო, სულ დამავიწყდა: შენც ხომ ერთი ოთხიანი გყავს!” ეს რომ ეთქვა, მოვკვდებოდი, თავს მოვიკლავდი. ამიტომ არაფერი ვთქვი და სკოლა ისე დავამთავრეთ, თამთასთვისაც არაფერი მითქვამს, არაფერი მიგრძნობინებია. ოღონდ ეგ იყო: იმის მერე არც დერეფანში გამყავდა ჩუმი, ყველასგან დამალული სიტყვების სათქმელად, არც კიბესთან, არც ფიზკულტურის გაკვეთილზე ვეჩურჩულებოდი. არც ერთი სიტყვა. მხოლოდ ნიშნები. ნიშნები და საპატიო დაფა, წითელი ფონის მწვანე ფოთოლზე დაწებებული ფოტო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი