ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ფრაზები, რომლებიც სასაცილო არ არის

“ნება მომეცით გითხრათ, რა პრობლემა მაქვს გოგონებთან მუშაობისას. როცა ისინი შენთან ერთად ლაბორატორიაში არიან, სამი რამ ხდება: ან შენ გიყვარდება, ან მათ უყვარდები, ან გააკრიტიკებ და ტირილს იწყებენ”, – თქვა ბრიტანელმა ბიოქიმიკოსმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში ტიმ ჰანთიმ სამხრეთ კორეაში ერთ-ერთ სამეცნიერო კონფერენციაზე და რამდენიმე საათში შეწყვიტა აკადემიური მოღვაწეობა.

 

72 წლის პროფესორი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში კითხულობდა ლექციებს. კოლეჯიდან მისი წასვლის მიზეზი, ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ სწორედ ეს სამი წინადადება გახდა, რომლისთვისაც მისი სექსისტური ხასიათის გამო თავად ტიმმაც მოიხადა ბოდიში, მაგრამ კოლეჯში, რომელიც დიდ ბრიტანეთში პირველი უმაღლესი სასწავლებელი იყო, სადაც მამაკაცი და ქალი აბიტურიენტების უფლებები გაათანაბრეს, ბოდიში საკმარისად არ მიიჩნიეს. მათ თქვეს, რომ ტრადიციას გაფრთხილება სჭირდება, გენდერული თანასწორობის დაცვა მათთვის დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ლექტორი, რომელიც კვლევით ლაბორატორიებში სეგრეგაციის მომხრეა, მათ რიგებში ვერ გაჩერდება. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, ცხადია, მოჰყვა როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შეფასებები. პირველნი ამბობენ, რომ პრეცედენტი ძალიან მნიშვნელოვანია თანასწორობისთვის ბრძოლის საქმეში და დისკრიმინაციული შეხედულებების წინააღმდეგ გამოსვლის ეფექტური შემთხვევაა, მეორენი თვლიან, რომ სავალდებულო კორექტულობა სწორხაზოვან მიდგომებს წარმოშობს და ასე ცოტა მოსაწყენია ცხოვრება. მე თუ მკითხავთ, დისკრიმინაციას მოწყენილობა სჯობს.

ტიმის გამოსვლას და მის მიერ აკადემიური თანამდებობის დატოვებას თავად ქალი მკვლევრებიც გამოეხმაურნენ, რომლებმაც twitter-ზე საკმაოდ სახალისო და საინტერესო კამპანია წამოიწყეს. არქეოლოგები, ბიოლოგები, ფიზიკოსები, ქიმიკოსები, მედიკოსები სოციალურ ქსელში ათავსებენ ფოტოს საკუთარი სამუშაო ადგილებიდან და ჰყვებიან ლაბორატორიის ამბებს.

“ვტიროდი, როცა ებოლამ რამდენიმე ჩემი პაციენტი იმსხვერპლა, იმიტომ რომ მე მაქვს გრძნობები და არა იმიტომ რომ ქალი ვარ.”

“ვერ ვიტყვი, რომ არ მიტირია დისერტაციის წერისას, მაგრამ უფრო გულსატკენია, როცა კოდებს წერ პროგრამისთვის და შენს სქესზე მიგითითებენ”.

“დღე ისე გავიდა, არ მიტირია, ღმერთმანი, ალბათ უნდა ვიამაყო”.

“არ არის ადვილი იმუშაო ლაბორატორიაში კაცებთან ერთად, რომლებსაც თურმე შენი არსებობა აშფოთებთ”.

”ნიღაბი, რომელიც მომწამვლელი ნივთიერებებისგან მიცავს, მოხერხებულია ცრემლების დასამალადაც, თუ ამას ჩემგან რომელიმე მამაკაცი კოლეგა მოითხოვს”.

“ფრთხილად იყავით, ამ ლაბორატორიაში ქალებიც მუშაობენ, რომლებიც შიგადაშიგ ტირიან, არ შეგიყვარდეთ ისინი!”

ეს მხოლოდ ნაწილია. სინამდვილეში უფრო მეტი შემთხვევაა ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ინტერნეტშიც და რეალურ ცხოვრებაშიც, სადაც ქალებს მიუხედავად უფლებებისთვის ბრძოლაში მოპოვებული წარმატებებისა, მაინც ხშირად გვიწევს სექსისტური კომენტარებისა თუ რეპლიკების მოსმენა.

“თუ ახლა, პირველ კურსზე თქვენგან რომელიმე გათხოვილია, სულელია, მაგრამ მეოთხე კურსზე რომ შემოვალ სხვა საგნის წასაკითხად, ისევ გაუთხოვრები იქნებით ისინი, ვინც ახლა მარტოები ხართ, თქვენც სულელები იქნებით”, – თქვა ერთ-ერთმა საუკეთესო მეცნიერად აღიარებულმა მამაკაცმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩემი სწავლის პირველივე თვეს და ეს არავის, დიახ არავის გაუპროტესტებია აუდიტორიაში მჯდომი 200 სტუდენტიდან. სამწუხაროდ, ჩვენ მიჩვეულები ვართ, როცა ასე გველაპარაკებიან. მეტიც, ეს ფრაზა პატივცემულ პროფესორს სხვა დროსაც არაერთხელ უთქვამს საუნივერსიტეტო სივრცეში და იმ “ფრთიან ფრაზათა” კატეგორიაში იყო, ყველა სტუდენტმა რომ იცის.

ასეთი შემთხვევა ქართულ საგანმანათლებლო პროცესს მრავლად ახლავს თან. მაგალითად, ერთი ხანში შესული ქალბატონი ხაზგასმით ცუდად ექცეოდა გოგონებს, შეურაცხყოფას აყენებდა მათი სამოსის, მაკიაჟის ან ლაპარაკის მანერის გამო. ბიჭებს კი წინა რიგში სვამდა და ლექციისას ხაზგასმით მათკენ იყო მიმართული მისი ყურადღება. ამავე ქალბატონმა ერთ-ერთ გამოცდაზე მითხრა, კარგ ნიშანს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგიწერ, თუ პირობას მომცემ, რომ ლექტორობაზე ან ტელეწამყვანობაზე არასოდეს იფიქრებ, არ მინდა შენ ხელში სხვა ადამიანები ჩავარდნენ ან ბევრმა ხალხმა გისმინოსო. დღეს ის ცოცხალი არ არის, მაგრამ სანამ ეთერში შევდივარ ხოლმე, ხშირად მახსენდება მისი უცნაური ულტიმატუმი.

სპეციალობაზე, სადაც მე ვსწავლობდი სულ თითზე ჩამოსათვლელი ბიჭი “სწავლობდა”, რომლებსაც სწავლა სულაც არ სჭირდებოდათ გამოცდაზე ნიშნის მისაღებად, თავიანთი ეგზოტიკურობიდან გამომდინარე საკმარისი იყო მოსვლა და დაფიქსირება. ცხადია, იყო გამონაკლისებიც, მაგრამ ძირითადად ასე ხდებოდა.

უფრო ნათელი რომ იყოს, რატომ გიყვებით ამ ამბებს, გაიხსენეთ, რამდენჯერ გითქვამთ ჭკვიან გოგონაზე, რომ მას კაცის ტვინი აქვს, ან რამდენჯერ გირჩევიათ ახალგაზრდა ქალისთვის, სწავლაზე გადაყოლა არ ვარგა, პირად ცხოვრებასაც მიხედვა უნდაო. რამდენჯერ უკითხავთ თქვენი თანდასწრებით 20 წელს გადაცილებული გოგონასთვის, აღარ თხოვდებიო ან სკოლის მერხზე მჯდომი არასწულწლოვანის ჰორმონალური მღელვარება ნამდვილ სიყვარულად, მეტიც ოჯახის შექმნის მიზეზად ჩაუთვლიათ. ან გაიხსენეთ, ნამდვილად იმის გამო აირჩიეთ მასწავლებლობა, რომ ბავშობიდან ამაზე ოცნებობდით, თუ იმის გამო, რომ მოცემულობა გქონდათ, სკოლაში ყველა მასწავლებელი მდედრობითი სქესის იყო, ქალისთვის საუკეთესო პროფესიად განიხილებოდა.
კიდევ უფრო ყოფით ამბებს გეტყვით. გაიხსენეთ რამდენ თქვენს მოსწავლე გოგონას აქვს საღამოს სახლში უფრო ადრე ყოფნის ვალდებულება, რაც მის თანატოლ ბიჭებს არ აქვთ. რამდენი თქვენი მოსწავლე გოგონა ზრუნავს უმცროს და-ძმებზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს გოგონას ვალდებულებაა? რა მდგომარეობაა მშობელთა კრებებზე, დადიან მამები, ინტერესდებიან ისინი თავიანთი შვილების ამბებით? დადიან გოგონები სპორტზე, თუ ეს რა მათი საქმეა? რას ვეუბნებით ბიჭებს, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზების გამო ცრემლი სდით: გოგო ხომ არ ხარო. ლამაზ და ჭკვიან გოგონებს რას უფრო ხშირად ვეუბნებით, რომ კარგად გამოიყურებიან თუ იმას, რომ თავიანთ საქმეს გადასარევად აკეთებენ.

რა შუაშია ეს ყველაფერი ერთანეთთან? პირდაპირ კავშირშია. იმიტომ არ გვყავს გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ჭკვიანი ქალები, იმიტომ აქვთ უფრო მაღალი აკადემიური ხარისხი კაცებს, იმიტომ აძლევენ თავს უფლებას ადამიანები, ქალს კონკრეტული როლი და სტატუსი შესთავაზონ, რომ ჩვენ ჯერაც ვერ ვახდენთ მიდგომების და ფრაზების, როგორც პრობლემის იდენტიფიცირებას. ჩვენ ვიცინით, როცა შეურაცხყოფას გვაყენებენ ისეთ სივრცეებშიც კი, სადაც წესით დაცულები უნდა ვიყოთ.

დისკუსიას ბრიტანელ მეცნიერთან დაკავშირებით შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ბმულზე- https://twitter.com/hashtag/DistractinglySexy?src=hash

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი