პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მებიუსის ფირი ცხოვრებასა და ხელოვნებაში

Möbius Friend Tape – ციფრული მედია, ინსტალაცია (იტალია)

 

ალბათ მიგიქცევიათ ყურადღება, სოციალურ ქსელში სქროლვისას დრო როგორ გადის. რამდენიმე საათის შემდეგ კი საერთოდ გავიწყდებათ, რა ნახეთ და რა წაიკითხეთ.

ზემოთ მოცემულ ინსტალაციაში არტისტი იკვლევს სწორედ  სოციალური ქსელების ფენომენს, როგორც ინფორმაციის ძირითად წყაროს ადამიანებისთვის.

Möbius Friend Tape – ასე უწოდებს მას ავტორი. ამგვარად სტრუქტურირებული ტექსტების კითხვის ჩვევა იწვევს მკითხველში გარკვეული ტიპის ცნობიერების ფორმირებას. მყარი სტრუქტურები ქრება, სწრაფად ხდება გადართვა სხვადასხვა ემოციაზე, გამომუშავდება დავიწყების ჩვევა; – ხომ არ გეცნოთ?

აი, გამოჩნდა თაიმლაინზე რაღაც სევდიანი ამბავი და ჩვენც თვალები გვიწყლიანდება, შემდეგ ვიღაცის ქორწილია, ან ბავშვი დაიბადა და ცრემლი ღიმილით იცვლება. უცებ დებატებში აღმოჩნდები და ბრაზი გერევა და დღის ბოლოს ყველაფერი იშლება.

ამ კონტექსტში, მომხმარებლის მიერ ხელოვნების აღქმა განსაკუთრებულ ხასიათს იძენს, ადამიანს უყალიბდება საკმაოდ სპეციფიკური ხედვა იმის შესახებ, თუ რა ითვლება ზოგადად ხელოვნებად, კონკრეტულად თანამედროვე ხელოვნებად და რას აკეთებენ თანამედროვე ხელოვანები.

მებიუსის ზოლი, გარკვეული გაგებით, უსასრულო ობიექტია, მას დასასრული არ აქვს, თუმცა არის ზღვარი – სამგანზომილებიან ევკლიდეს სივრცეში ეს ობიექტი ყოველთვის დახურულია.

ინსტალაცია “Möbius Friend Tape” წარმოგვიდგენს სოციალური ქსელის მომხმარებლის ცნობიერებას, როგორც ფრენდ – ფირს, როგორც დახურულ სისტემას, საიდანაც გამოსავალი არ არის გარდა გარე სივრცისა, გალერეის დარბაზში.

 

არქიტექტურულმა ბიურომ Miliy Design დაასრულა ბუდისტური სამლოცველოს დიზაინი ჩინეთის ქალაქ ტაიცანისთვის. მისი ფორმა მებიუსის ფირია. რომელიც უსასრულობის სიმბოლოა.

თავად არქიტექტორებისთვის ტაძრის ფორმა უფრო მოგვაგონებს რეინკარნაციას – ბუდიზმისთვის დამახასიათებელი სულების გადასახლების იდეას. მათი იდეით, შენობის გარეგნობა უნდა ასახავდეს უძველესი რელიგიის არსს. თუმცა, მებიუსის ბეჭედი, რომელიც არის მომავალი შენობის საფუძველი, არის არა მხოლოდ მეტემფსიქოზის (ანუ სულების ტრანსმიგრაციის) მეტაფორა, არამედ ფუნქციური დიზაინის გადაწყვეტა: მისი ციკლური ფორმა იძლევა ბუნებრივ ვენტილაციას, ხოლო მინა – ჩანართები უზრუნველყოფს ოთახის ბუნებრივ განათებას.

თანამედროვე ფოტოხელოვანი ჟილბერ გარსენი თავის შემოქმედებაში ხშირად მიმართავს მებიუსის ლენტის მეტაფორას.

ხშირად შეხვდებით მებიუსის პრინციპს ხელოვნებაში. ჰოლანდიელი მხატვარ-გრაფიკოსი  მორის კორნელიუს ეშერის (Maurits Cornelis Escher 1898 – 1972) შემოქმედების საფუძველი მებიუსის ფირია.

ამ განსაკუთრებული გრაფიკით ისე ერწყმის დრო და მარადიულობა ერთმანეთს, ჩვეულებრივი ცნობიერებიდან თითქოს სულ სხვა განზომილებაში გვამოგზაურებს მხატვარი-გრაფიკოსი.

წარმოსახვა და რეალობა მებიუსის ფირზე სრულიად ახალ რეალობას ქმნის. ამიტომ წერდა ეშერი: ხანდახან, როცა ვხატავ, მეჩვენება, რომ მე ვარ მედიუმი იმ არსებებისა, რომლებიც თავად შევქმენი ჩემს წარმოსახვაში.

ადვილი არ არის, სარკმელი გაჭრა ახალ სამყაროში და გაბედო იქ შეხედვა. ეს მათემატიკოსებმა ვერ მოახერხეს. „მათემატიკოსებმა გააღეს სხვა სამყაროს კარი, მაგრამ თავად ვერ გადაწყვიტეს ახალ სამყაროში შესვლა. მათ უფრო მეტად აინტერესებთ, სად დგას კარი, ვიდრე ბაღი, რომელიც ამ კარს მიღმაა“ (ეშერი).

ეს კი ცუკერბერგის METAსამყაროა – რეალურისას და ვირტუალურის განთავსება მებიუსის ფირზე, – ეს არის ახალი სარკმლის გაჭრა სხვა რეალობაში!

რას მოუტანს ეს კაცობრიობას? ეს თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული – როგორი წარმოსახვები გვაქვს და როგორი უნარი, რომ ეს წარმოსახვა რეალობად ვაქციოთ!

ფაქტი კი ერთია: სამყარო შეიცვალა, ის ისეთი აღარ არის, როგორც ციფრულ ტექნოლოგიებამდე იყო.

„ამერიკული მთებიც“ მებიუსის ლენტის პრინციპზეა აგებული, იქნებ ამიტომ იწვევს ასეთ თავბრუდამხვევ ემოციებს? ერთ ზედაპირზე გადმოტანილი შიგნითა და გარეთა მხარე და მოძრაობა „თავდავიწყებულს“ ხდის ადამიანს და განუმეორებელ განცდებს ანიჭებს!

იქნებ ცხოვრებაც „მებიუსის ფირია“…? თქვენ როგორ ფიქრობთ?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი