ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

დრო, რომელიც არ გვაქვს

– დრო არ მაქვს! – ვამბობ წუხილით, მხრებს ვიჩეჩ და თავს ვაქნევ.
– დრო არ მაქვს! – ამბობს ვიღაც ჩემ გვერდით, მეგობარი, ნათესავი, მეზობელი და ისევ ვერ ვიკრიბებით.
– დრო არ მაქვს! – ამბობს კოლეგა, საათზე იყურება და სადღაც გარბის.
ზოგჯერ მეჩვენება, რომ თანამედროვე ადამიანებს არც ისე ბევრი საერთო გაგვაჩნია, თუმცა არის რამდენიმე წერტილი, სადაც ვიკვეთებით და ერთ-ერთი სწორედ ესაა – არავის გვაქვს დრო. ნიჭიერებსა და ზარმაცებს, ნაკლებად ნიჭიერებსა და მეტად მონდომებულებს, წარმატებულებს და წარუმატებლებს, დასაქმებულებს და უბნის ბირჟაზე ჩამომდგარებს, დაოჯახებულებს, დასაოჯახებლებსა და დაუოჯახებლებს, ყველას, ერთიანად, დრო არ გვყოფნის. თანაც, რაღაცნაირად, სიამაყითა და საკუთარი ღირსების სრული შეგნებით ვამბობთ, რომ ვმუშაობთ, დავრბივართ, ვცდილობთ და არ ვაღიარებთ, რომ ცხოვრება უკან გვრჩება. დღის განრიგში, რომელიც ზოგს ტელეფონში გვაქვს, ზოგს კი ჯერ კიდევ ბლოკნოტში, ერთმანეთის მიყოლებით წერია შეხვედრები, მოსაგვარებელი საქმეები, გადასაჭრელი პრობლემები. მაგალითად, ჩემს ბლოკნოტში, იმ ადგილებში, ველებს რომ ვეძახით, ასეთ მინაწერებსაც ნახავთ: „სალომე, არ დაგავიწყდეს ნათურის ყიდვა!” (კი, ზოგჯერ საკუთარ თავსაც ველაპარაკები), „დაზღვევის ამბავი მოაგვარე!” „ინტერნეტის ფულის გადახდა არ დაგავიწყდეს!” და ა.შ.
ადრე არც დავფიქრებულვარ, რომ განრიგში არსად მიწერია: „გაიღიმე, სალომე!” „ბედნიერი იყავი!” „მეგობრები მოიკითხე!” „მას, ვინც გიყვარს, უთხარი, რომ გიყვარს!” და დღეებიც გადის, შეხვედრიდან შეხვედრაზე სირბილით, საქმიანი სადილ-ვახშმებით, საცობებში დგომითა და ნერვების მოშლით, დაღლილი ფეხების სახლამდე გაჭირვებით მითრევით, სატელეფონო საუბრებით და ტრადიციულად, დაძაბულად ნათქვამი ფრაზით: „დრო არ მაქვს, რა ვქნა, რა გავაკეთო!”
სინამდვილეში, ვერც ვხვდებით, რომ წინადადება, რომელსაც ხშირად ვამბობთ, სულ სხვა დატვირთვის მატარებელია. დრო მართლაც არ გვაქვს. ერთ დღეს შეიძლება, მივხვდეთ, რომ საკუთარი ცხოვრება ხელიდან გაგვირბის და ვერ ვეწევით.
1 ივნისს ძალიან მინდოდა მზიურში მისვლა მზის ფესტივალზე, თუნდაც ცოტა ხნით, მაგრამ სამუშაო დღე იყო და დრო არ მქონდა. ძნელია, მსგავსი მიზეზით სამსახურიდან გათავისუფლება. სერიოზულად არავინ შემოგხედავს. არადა, რა უნდა არსებობდეს ცოტა ხნით ბავშვობაში დაბრუნებაზე უფრო მნიშვნელოვანი, მაგრამ ვერა, არ გამოდის.
2015 წლის ივნისში მე მაინც მივედი მზიურში, მივედი და გამახსენდა, რომ ათი წელია, არ ვყოფილვარ. მივედი მაშინ, როცა მოვარდნილმა წყალმა იქაურობა წალეკა და დასახმარებლად ვიღაც ერთმა კი არ დაგვიძახა, არამედ ყველამ, ნაცნობებმა და უცნობებმა, ერთმანეთს დავუძახეთ. ყველაფერი გადავდეთ, სამსახურის საქმეებიც, დანიშნული შეხვედრებიც, ბოტები ამოვიცვით, ნიჩბები დავიჭირეთ და მივედით. დრო გამოიძებნა. არ გვიწუწუნია, საყვედური არ დაგვცდენია. ვიმუშავეთ, ვისაც როგორ შეგვეძლო და წამოვედით. მანამდე ბევრი მადლობა ვთქვით მათი მისამართით, ვინც გვერდით გვედგა, ბევრი ბოდიში მოვუხადეთ მათ, ვისაც უნებურად ხელი შევუშალეთ მუშაობაში ან დავსვარეთ.
ჩვენ მოვიცალეთ. ავწიეთ თავები კომპიუტერის კლავიატურებიდან, სმარტფონებიდან, პლანშეტებიდან, ოფისები გამოვკეტეთ, მანქანებიდან გადმოვედით და ერთმანეთი დავინახეთ, დავინახეთ და მივხვდით, რომ სულაც არ ვყოფილვართ ისეთი ცუდები, როგორიც გვეგონა. ეკრანს იქიდან სხვანაირები ვჩანდით, უფრო სწორად, სხვადასხვანაირები და წარმოდგენაც არ გვინდოდა, რომ ოდესმე მხარდამხარ მოგვიწევდა დადგომა. სინამდვილეში, ერთმანეთი ნანახი არ გვყავდა.
მე აქამდე არასოდეს მქონდა დრო, რომელიმე აქციაზე გავსულიყავი და ხეების მოჭრა გამეპროტესტებინა. არც იმის დრო მქონდა, საღამოობით პარკში ჩამოვმჯდარიყავი და მშვიდად მესუნთქა სუფთა ჰაერი. ვიცი, რომ მოცლა მომავალშიც გამიჭირდება, მაგრამ ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რომ როცა მზიურს გაწმენდენ, ერთ დღესაც მოვახერხებ, მივალ და მიწაზე დავწვები ზუსტად იმ ადგილას, რომლის გაწმენდასაც მე და ჩემი თანამშრომლები უამრავ სხვა ადამიანთან ერთად ვცდილობდით, ხეებს თვალს ავაყოლებ, ცას ავხედავ და მოვუსმენ, რას იტყვის მდინარე, რომელმაც გაგვაგებინა, რას ნიშნავს სინამდვილეში „წყლის ძალა მოგცეს ღმერთმა”.
პ.ს. ჩემი გეგმის მიხედვით (საერთოდ, გეგმები და მათი შესრულება ძალიან მიყვარს), ივნისის თვის მეორე პოსტი წიგნებზე უნდა ყოფილიყო ან რომელიმე კონკრეტულ წიგნზე, რომელმაც ბოლო დროს აღმაფრთოვანა, მაგალითად, საპკოვსკის „მხედვარზე” (მართლა ჯადოსნური წიგნია, თუ ჯერაც არ წაგიკითხავთ, მე თქვენი მშურს), მაგრამ 13 ივნისის ამბების შემდეგ გეგმების შესრულების უნარი წამერთვა (იმედია, დროებით), ყველაფერი გადავავადე და ავრიე. შეიძლება, ჩემს ბლოკნოტში ხვალ დილისთვის ახალი ჩანაწერიც გაჩნდეს: „გაიღიმე, სალომე! ჯერ კიდევ გაქვს დრო!”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი