ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

გასასვლელი ბილეთები

 

გასასვლელი ბილეთები განმავითარებელი შეფასების ერთ-ერთი ინსტრუმენტია. მისი გამოყენება ყველა საგნის მასწავლებელს შეუძლია გაკვეთილის ბოლოს, კერძოდ, გაგება-გააზრების პროცესზე დაკვირვებისას. მისი შინაარსი და ფორმატი თავად შეგვიძლია შევარჩიოთ. სახელწოდება „გასასვლელი ბილეთი“ ძალიან უცნაურად ჟღერს და საწყის ეტაპზე მოსწავლეებს ცნობისმოყვარეობას უღვივებს, თუმცა, მისი შევსება მაშინაც კი ახალისებთ, როცა ფორმატი მათთვის უკვე კარგად ნაცნობია.

გთავაზობთ გასასვლელი ბილეთების შესახებ ამონარიდს წიგნიდან „განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება“ და საკუთარი პრაქტიკიდან კონკრეტული მაგალითების მოყვანით თითოეული მახასიათებლის გამოკვეთას შევეცდები:

 

 

გასასვლელი ბილეთების გამოყენებით მასწავლებელს ეძლევა შესაძლებლობა,

გაკვეთილის ბოლოს:

 

ა. მიიღოს შემდეგი ინფორმაცია:

 

·       მოსწავლეთა მიერ საკითხის გაგება-გააზრების შესახებ;

·       მოსწავლეთა ინტერესების, ღირებულებების, დამოკიდებულებების შესახებ;

·       სწავლა-სწავლების პროცესთან დაკავშირებით მოსწავლეთა მოსაზრებებისა და შეხედულებების შესახებ.

 

ბ. მიღებული ინფორმაცია გამოიყენოს მომდევნო გაკვეთილის დასაგეგმად მოსწავლეთა საჭიროებისა და ინტერესების გათვალისწინებით.

 

გასასვლელი ბილეთების შევსების მოლოდინი ხელს უწყობს მოსწავლეთა ყურადღების შენარჩუნებას გაკვეთილის ბოლომდე. საკლასო რუტინის არსებობა კლასისა და დროის მართვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

 

 

სასწავლო წლის განმავლობაში გასასვლელი ბილეთები გამოვიყენე  დაწყებით და საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან  არაფორმალურ გარემოში, კერძოდ, უბნის ბიბლიოთეკაში, „წიქარა – მუზეუმი მუზეუმში“, ეროვნულ მუზეუმში, ცისფერ გალერეასა და დედაენის პარკში სტუმრობისას.

მოსწავლეებს გასასვლელ ბილეთებთან ერთად ვთავაზობდი განმავითარებელი შეფასების კიდევ ერთ ინსტრუმენტს – შესასვლელ ბილეთებს, რომლებიც მათი მოლოდინების გარკვევაში მეხმარებოდა.

გასასვლელი ბილეთებისთვის შეგვიძლია მრავალფეროვანი, კონკრეტულ საჭიროებას მორგებული შაბლონი მოვიფიქროთ.

ჩემ მიერ მოსწავლეებისთვის შეთავაზებული გასასვლელი ბილეთის ქარგა ამგვარი იყო:

 

გასასვლელი ბილეთი                                                 სახელი:                      გვარი:

3 რამ, რაც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა დღევანდელი შეხვედრიდან:

 

1.

 

 

2.

 

 

3.

 

 

2 რამ, რაც სიახლე იყო ჩემთვის:

 

1.

 

 

2.

 

 

1 კითხვა, რომელსაც პასუხი მინდა გაეცეს:

 

 

რისი თქმა მსურს ლელა მასწავლებლისთვის:

 

 

 

 

თავდაპირველად, სანამ გაერკვეოდნენ, რა უნდა დაეწერათ და რას ვითხოვდი მათგან, მკაფიო ინსტრუქციების მიცემა დამჭირდა.

როგორც აღვნიშნე, გასასვლელი ბილეთები არაფორმალურ გარემოში გამოვიყენე, ამიტომ ბილეთების შევსება უცნაურ გარემოში უწევდათ, მაგალითად, მაკდონალდსში, ილიას ბაღში, დედაენის პარკში, ბიბლიოთეკაში… მთავარია, გასასვლელი ბილეთები შეხვედრის შემაჯამებელ ნაწილად იქცეს.

გასასვლელი ბილეთების წაკითხვის შემდეგ მასწავლებელს საშუალება ეძლევა შეაფასოს რა გაიგეს, ამისთვის კი მოსწავლეთა ნაწერების დახარისხება და ანალიზია საჭირო, რისთვისაც გარკვეული დროა საჭირო. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს უკუკავშირი მივაწოდოთ, ამისთვის, შეგვიძლია: 1. მთელ კლასს მადლობა გადავუხადოთ და გავუზიაროთ შთაბეჭდილებები, რომლებიც გასასვლელი ბილეთების კითხვისას დაგვეუფლა ან 2. პატარა ბარათებზე კომენტარი დავუწეროთ.

ჩემს პრაქტიკაზე დაკვირვებით, გასასვლელ ბილეთს ყველა დიდი ხალისით ავსებს. არ ყოფილა თუნდაც ერთი შემთხვევა, რომ რომელიმე მოსწავლეს ინსტრუქციის შესრულებაზე უარი ეთქვას მაშინ, როცა რამდენიმე მათგანი საკლასო გარემოში ყველა ტიპის წერით დავალებას თავს ვერ ართმევს.

შესაძლოა, მოტივაციის ამაღლებასა და შინაგანი ძალების მობილიზებას არაფორმალურმა გარემომ შეუწყო ხელი, სადაც წერისა და ფიქრის დრო საკმარისი ჰქონდათ ან საკლასო ოთახიდან სრულიად განსხვავებულ, საინტერესო, თავისუფალ გარემოში ყოფნამ იმოქმედა.

სემესტრის ბოლოს მეხუთეკლასელები ეროვნული მუზეუმის კავკასიის ბიომრავალფეროვნების კუთხის სანახავად წავიყვანე, სადაც მოუსმინეს გიდს, შემდეგ შეარჩიეს ერთი ფრინველის ფიტული, გაასულიერეს და მისი დღის ჩანაწერი დაწერეს. მუზეუმიდან დედაენის პარკში გადავინაცვლეთ. ბავშვებს წამოღებული ჰქონდათ სკეიდბორდები, გორგოლაჭები და სკეიდპარკში ისრიალეს.

ამ დღის გასასვლელი ბილეთების ანალიზი ამგვარია:

  • საკითხის გაგება-გააზრება

გასასვლელი ბილეთებიდან გამოიკვეთა, რომ მოსწავლეებს განსაკუთრებულად დაამახსოვრდათ თავის ქალები, ძველი ფული, ცხოველების ძვლები, მწვანე კოდალა, 9 აპრილის ბაღი, წითელყელა ბატის არსებობა, სიტყვა „ექსპონატი“, წესების დაცვის აუცილებლობა, დედაენის ბაღი, ლეოპარდი, ფრინველთა ბუდეები.

რამდენიმე მოსწავლის პასუხი ზოგადი და ზედაპირული იყო, ვერ შეძლეს მთავარი დეტალის გამოკვეთა, რაზეც შემდგომში აუცილებლად გავამახვილებ ყურადღებას.

  • ინტერესები

მოსწავლეთა ინტერესი მრავალფეროვანი აღმოჩნდა, მაგალითად:

„სკეიდპარკში თამაში კლასთან ერთად“; „სკეიდპარკში როგორ „ვკატაობდით“; „ბევრი ტკბილეული ვჭამეთ“; „მთელი პროცესი, ბავშვებს ფოტოებს რომ ვუღებდი ლელა მასის ფოტოაპარატით“; „მაქსიმესთან (ნამდვილი სახელი არ მახსოვს) ფოტო“…

ამგვარად, შემეცნებითი, კულტურული სიტუაციების პარალელურად ბავშვებს უხარიათ იმგვარი გარემო, სადაც ერთად ერთობიან, ტკბილეულს მიირთმევენ, მსახიობებს რომ ხვდებიან და როცა ენდობიან. ამ ყოველივეზე დაკვირვებამ გადამაწყვეტინა სწავლების პროცესში შევიტანო  ბევრი ისეთი აქტივობა, რაც მოსწავლეების ინტერესებს ეხმიანება.

  • ღირებულებები

„მე დამამახსოვრდა, მეტროში რომ შემოვიდა ერთი კაცი და მღეროდა“. – მეხუთეკლასელი გოგონას ამ ფრაზამ სურვილი გამიჩინა, მეტი ყურადღება მივაქციოთ ქუჩის მუსიკოსებს, რომლებიც ურბანულ ცხოვრებას ალამაზებენ და, ამასთანავე, მათი პატივისცემა ვასწავლოთ ბავშვებს.

  • დამოკიდებულებები

გასასვლელი ბილეთების კითხვისას მასწავლებელი მარტივად ამოიცნობს მოსწავლეთა დამოკიდებულებას გარესამყაროსადმი – რა აოცებთ და ახარებთ, მაგალითად, ერთი მოსწავლის ფრაზის წაკითხვისას მივხვდი, როგორ აკვირდებიან უფროსების ქცევას და როგორი მნიშვნელოვანია მათთვის კლასელის მშობლების დამოკიდებულებები.

ბავშვებისა და კლასელის მშობლების ურთიერთდამოკიდებულებების გასაცნობად მიზანმიმართული აქტივობის დაგეგმვაც საინტერესო იქნებოდა.

  • სწავლა-სწავლების შესახებ მოსწავლეთა მოსაზრებები

გასასვლელი ბილეთები მრავალფეროვნებითა და მოულოდნელობებით გამოირჩევა, თუმცა, თითქმის ყოველი მოსწავლე გამოხატავს სწავლა-სწავლების შესახებ პოზიტიურ დამოკიდებულებას, მაგალითად:

„მეექვსე კლასში სად წაგვიყვანთ?“

„ლელა მას, დღეს ყველა ძალიან გავერთეთ და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის“.

„საიდან იფიქრებთ ასეთ მაგარ რაღაცებს?“

„კიდევ როდის წამოვალთ?“

მასწავლებლისთვის ძალიან დიდი ძალა აქვს იმის დანახვას, ბავშვები როგორი სავსეები არიან შთაბეჭდილებებით და როგორ გამოხატავენ მადლიერებას. მათი კითხვები სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ სწავლა-სწავლება მათთვის სასიამოვნო და სიახლეებით სავსე პროცესია.

  • მომდევნო გაკვეთილის დაგეგმვა

მოსწავლეთა დასმული შეკითხვები შემდეგი გაკვეთილის ინსპირაციად შეიძლება იქცეს:

„რატომ გადაწყვიტეთ, ამ მუზეუმში რომ წაგეყვანეთ?“

„მას, პენი-ბორდის ტარება ვერ ისწავლეთ?“

„ლელა მას, გასწავლათ ვაჟიკომ პენიბორდის ტარება?“

„ყველაზე მეტად რა მოგწონთ თქვენში?“

„ლელა მას, თქვენ რა მოგეწონათ?“

„მოგეწონათ დღევანდელი დღე, ლელა მას?“

„როგორ მოგეწონათ დღე, ლელა მას?“

ერთი და იმავე შინაარსისა და სხვადასხვა სიტყვით ჩამოყალიბებული შეკითხვები მშვენიერი ბიძგია შემდეგი გაკვეთილისა და მასწავლებლის უკუკავშირისთვის, მაგალითად, პასუხად მასწავლებლის მიერ შევსებული გასასვლელი ბილეთის კლასისთვის წაკითხვა, პირადი წერილი ან ღია ბარათი მოკლე, სახალისო კომენტარებითურთ.  

  • ყურადღების შენარჩუნება/მთავარი დეტალების შემჩნევა

გასასვლელი ბილეთების შევსების მოლოდინი მოსწავლეებს აქტიურ მოსმენასა და მთავარი დეტალების გამორჩევას ასწავლის.

  • მშობელთა ჩართულობა

როგორც ზემოთ აღვნიშნე, არაფორმალურ გარემოში ჩვენთან ერთად არიან მშობლები, ბებიები, უფროსი და-ძმები. ერთხელ ბავშვებს რომ გასასვლელი ბილეთები დავურიგე, ერთმა მშობელმა მთხოვა, ჩვენც შევავსებთო და მას შემდეგ ტრადიციად იქცა, რომ გასასვლელ ბილეთში ყველა დიდი მონდომებით  წერს საკუთარ შთაბეჭდილებებს. უფროსების ამგვარი ინტერესი და დამოკიდებულება ბავშვებისთვის ენითაუწერელი სიხარულია და შებრუნებული პირადი მაგალითიც შეგვიძლია ვუწოდოთ, ეს ხომ ის იშვიათი მომენტია, როცა ბავშვების მონდომება უფროსებში აღძრავს იმავეს კეთების მოტივაციას.

რას გვაძლევს მასწავლებლებს გასასვლელი ბილეთების ანალიზი?

ამგვარად, მასწავლებლებს გასასვლელი ბილეთების ანალიზი საშუალებას გვაძლევს დავაკვირდეთ, რა გაიგეს მოსწავლეებმა, როგორია მათი დამოკიდებულებები, კიდევ რისი სწავლა სურთ.

სტატიაზე მუშაობისას  ჩემი  მოსწავლეების გასასვლელი ბილეთები წავიკითხე. გამახსენდა ჩვენი ბედნიერი დღეები, რომლებიც გარეუბნის სკოლისთვის დამახასიათებელი ერთფეროვანი რუტინის გასახალისებლად გამოვიგონე  და ამ თავგადასავალში კლასის დამრიგებლებთან ერთად მშობლები, ბებიები და უფროსი და-ძმები გამოგვყვნენ. კითხვისას თითოეულის სახე ამომიტივტივდა და მადლიერების განცდა დამეუფლა, საკუთარ აზრებს რომ მიზიარებენ. ყველაფერთან ერთად, სწორედ ამ ნიშნით გამოირჩევა გასასვლელი ბილეთები, რომ სკოლის სწრაფ დროს აჩერებს, დაკვირვების, მოსმენისა და შეფასების საშუალებას გვაძლევს.

მოსწავლეების მიერ შევსებული გასასვლელი ბარათები იხილეთ სკოლის ბლოგზე.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მარიანა ხუნძაყიშვილი, სარა ბივერი. 2018. სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის. განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება. სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი