პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ჩვენმა მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ…

ალბათ უკვე თქვენც შეიტყვეთ ჩვენს საზოგადოებრივ დისკუსიებში დამკვიდრებული ახალი ტერმინებისა და ცნებების შესახებ. უკანასკნელ ხანს მეცნიერები და აქტივისტები ხშირად საუბრობენ „ჰიბრიდულ ომებსა” და „რბილ ძალაზე”, ამ კატეგორიათა შინაარსი კი მრავალი მოქალაქისთვის კვლავ უცნობი რჩება.

სახელმწიფოები ერთმანეთის წინააღმდეგ მხოლოდ იარაღით არ იბრძვიან, მძიმე ტექნიკასთან ერთად მათ მრავალი სხვა საშუალებაც აქვთ. მაგალითად, იმპერიალისტური მიზნებით აღძრული სახელმწიფოები მეზობელ ქვეყნებში ბუნებრივი რესურსებისა და ძირითადი საწარმოების პრივატიზებას ცდილობენ, რათა გადამწყვეტი გავლენა მოიპოვონ დასამორჩილებელი საზოგადოების ეკონომიკურ ცხოვრებასა და ფინანსურ საქმიანობაზე. აპრობირებული მეთოდია მოსაზღვრე სახელმწიფოში მეტროპოლიის ინტერესების დამცველი პარტიების, ინტერესთა ჯგუფებისა და მედიის საშუალებების დაფუძნება, დაფინანსება და წახალისება. ხშირად მტრულად განწყობილი ქვეყანა ეთნიკური ან რელიგიური უმცირესობების პროვოცირებასა და კონფლიქტების გაღვივებას ესწრაფვის. მსგავსი შემთხვევების დროს, როდესაც ერთი პოლიტიკური სისტემა მეორეზე გავლენის მოპოვებას არაძალადობრივი სტრატეგიების გამოყენებით ცდილობს, საქმე გვაქვს „რბილ ძალასთან”.

დავაკვირდეთ ჩვენს დღევანდელ ყოფას. საქართველოს ეკონომიკური რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი გასხვისებულია. ქვეყნის სიმდიდრეს ან გაურკვეველი წარმოშობის ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიები აკონტროლებენ, ან მათი განკარგვის უფლება რუსულ სახელმწიფო და კერძო საწარმოებს აქვთ მოპოვებული.

სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად ვაწყდებით უცნაური შინაარსის სტატიებს, რომლებიც „ზნედაცემული” და „გარყვნილი” ევროპის არსებობას გვაუწყებენ. ძალას იკრებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც დასავლური ცივილიზაციის მანკიერებებზე ამახვილებენ ყურადღებას და თავიანთი მრავალფეროვანი, კარგად დაფინანსებული ღონისძიებებით ალტერნატივად ერთმორწმუნე რუსეთთან თანამშრომლობასა თუ კეთილმეზობლურ ურთიერთობას გვთავაზობენ.

ამას წინათ ჩემს ტელეფონზე უცნაური ზარი გაისმა. ქართულად შესანიშნავად მოლაპარაკე უცნობს ჩემი როგორც პოლიტიკის მეცნიერებათა მაგისტრანტის აზრი აინტერესებდა დამოუკიდებელი ჯავახეთის სომხური რესპუბლიკის თაობაზე, რომლის უსაფრთხოების გარანტი ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი შეიძლება ყოფილიყო. დაბნეულმა სასწრაფოდ დავკიდე ყურმილი და რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა ნომრიდან გამოგზავნილ შეტყობინებებს აღარც კი ვუპასუხე. ეს მაგალითი არაფერია კონფლიქტებისა და დაძაბულობის იმ მრავალწლიან გამოცდილებასთან შედარებით, რომელიც საქართველომ ბოლო ხანს ეროვნულ უმცირესობებთან ურთიერთობის დროს დააგროვა.

ფაქტები მიგვანიშნებს, რომ მეზობელი იმპერია საქართველოში საკუთარი ინტერესების ლობირებას არაძალისმიერი მეთოდებითაც ცდილობს ანუ ჩვენს წინააღმდეგ აწარმოებს „ჰიბრიდულ ომს” და ჩვენს დასამორჩილებლად არც „რბილი ძალის” გამოყენებას ერიდება. საუბედუროდ, მხოლოდ ერთი აქტორი არ ცდილობს აღნიშნული სტრატეგიებით ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებას.

როგორ მოვიქცეთ იმპერიალისტური პოლიტიკის შესაჩერებლად?

ზოგიერთი ამტკიცებს, რომ აუცილებელია საქართველოში „რბილი ძალის” გამოყენების ხელშემწყობი ორგანიზაციების აკრძალვა. იდეის მომხრეები მალევე მიხვდნენ, რომ ამ გზით სვლა წარმოუდგენელია. სიტყვის, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლება ადამიანის უნივერსალური უფლებაა. რაიმე მიზეზით მისი შეზღუდვა, მოქალაქის მიერ განსხვავებული ნების გამოვლენის აკრძალვა ქმნის საშინელ პრეცედენტს, რომელიც შესაძლოა ავტორიტარიზმის ჩამოყალიბების წინაპირობად იქცეს.

მეორე ჯგუფის მოთხოვნა გაცილებით ლოგიკური და ადეკვატურია. ისინი იმპერიალისტური პოლიტიკის შესაჩერებლად მეტ გამჭვირვალობასა და რეგულაციას უჭერენ მხარს და ამბობენ: „აუცილებელია არა განსხვავებული, თუნდაც პრორუსული, აზრის გამოხატვის აკრძალვა, არამედ თავად რუსეთის სახელმწიფო და კერძო კაპიტალის აქტივობის შეზღუდვა საქართველოს ტერიტორიაზე”. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ერთი გარემოება: მსოფლიოს მრავალი სხვა წერტილიდან მომავალი კაპიტალიც შესაძლოა საზიანო იყოს საქართველოსთვის. მათი აქტივობაც შევზღუდოთ?

„რბილი ძალის” შესაჩერებლად მუშაობა გაჩაღდა კიდევ ერთი მიმართულებით. მკვლევართა ნაწილმა გადაწყვიტა, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას. მათ განახორციელეს პროექტი „რუსული გავლენა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე” და აღწერეს ჩვენს ქვეყანაში მოქმედი ინტერესთა არაერთი ჯგუფის კავშირი მეზობელ სახელმწიფოსთან. კვლევასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა გაჩნდა, მაგრამ საბოლოოდ ყველა დარწმუნდა დასაბუთებული და ზედმიწევნით კარგად სტრუქტურირებული ინფორმაციის ფლობის სარგებლიანობაში.

მიუხედავად ასეთი მრავალფეროვანი არჩევანისა, მე მაინც განსხვავებული გზით სვლას გირჩევდით. ვფიქრობ, ჩვენმა მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ პატრიოტიზმი პროფესიონალიზმის გარეშე წარმოუდგენელია. მთელი ჩვენი ყურადღება მიმართული უნდა იყოს იმგვარი ალტერნატივების შექმნისკენ, რომლებიც სამუდამო ჩრდილში მოაქცევს ჩრდილოეთიდან თუ სხვა მხრიდან წამოსულ ანტისახელმწიფოებრივ იდეებს. ამრიგად, მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ქვეყანაში „რბილი ძალის” გამოყენებაზე ორიენტირებული მეხუთე კოლონა არსებობს; მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ არ ვართ მოწოდების სიმაღლეზე მეხუთე კოლონის გავლენის დასაბალანსებლად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი