შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ბავშვის მიჯაჭვულობა დედასთან – გამომწვევი მიზეზები და დაძლევის გზები

„არ ვიცი, რა მოვუხერხო ამ ბავშვს. მის გარეშე ნაბიჯს ვერ ვდგამ, კალთაზე მყავს მოწებებული. სულ მის გვერდით უნდა ვტრიალებდე. მის გარეშე სახლიდან ვერ გავსულვარ იმის შიშით, რომ ისტერიკაში არ ჩავარდეს. საბავშვო ბაღში მინდოდა მეტარებინა, მაგრამ პირველივე დღეს სახლში დაბრუნება მოგვიწია, რადგან 5 წუთითაც არ გაჩერდა უჩემოდ. მალე სკოლაში მოუწევს წასვლა და ვშიშობ, რომ არც იქ დარჩება ჩემ გარეშე“. ეს სიტყვები ეკუთვნის 5 წლის ნინის დედას, რომელიც სერიოზულად წუხს და შფოთავს მასზე შვილის ასეთი ავადმყოფური მიჯაჭვულობის გამო.

ვფიქრობ, ზემოაღწერილი სიტუაცია უცხო არ უნდა იყოს ბევრი პატარის მშობლისთვის, რომლის გასვლა სახლიდან და დროებით ბავშვის მხედველობის არიდან გაქრობა სერიოზულ პროტესტს, ისტერიკას იწვევს მასში და ხშირად ის დედის გამოჩენამდე ჭამაზეც კი უარს ამბობს.

ადრეულ ასაკში, 3 წლამდე ბავშვის დედასთან მიჯაჭვულობა სრულიად ნორმალური ფსიქოლოგიური მოვლენაა, გარკვეული ფაზაა ფსიქიკის განვითარებაში. ამ პერიოდამდე პატარა საკუთარ თავს დედის ნაწილად აღიქვამს. მას ყოველთვის ახარებს დედის გამოჩენა და შფოთავს, თუ დიდხანს ვერ ხედავს მას. ხდება ხოლმე, რომ დედის გარდა, ოჯახის ვერცერთი წევრი ვერ ახერხებს პატარის დამშვიდებას. დედას მასზე „მაგიური“ გავლენა აქვს. მართალია, გარკვეულ ასაკამდე ასეთი მიჯაჭვულობა სერიოზული საფრთხის მატარებელი არ არის, მაგრამ არასწორი მიდგომის შემთხვევაში ის ავადმყოფურ ხასიათს იღებს და ბევრ პრობლემას უქმნის, როგორც დედას, ასევე ბავშვს. ზოგიერთი ბავშვი მწვავედ რეაგირებს დედის არყოფნაზე, მის წასვლაზე უკვე 7 თვის ასაკში. ასეთი პატარები ავლენენ შფოთვას, იწყებენ ტირილს, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია მადის დაკარგვაც. უკვე ამ ასაკში განვითარებას იწყებს შიშის ავადმყოფური გრძნობა. მართალია, სიცოცხლის პირველ წლებში ბავშვი საკუთარ თავს დედის ნაწილად აღიქვამს, მაგრამ „მე“-ს ცნობიერების აღმოცენებასთან ერთად დედა მისთვის „მე“-ს აუცილებელ საყრდენს წარმოადგენს, რომლის გარეშეც მას არ შეუძლია. ამ პერიოდში, არასწორი მიდგომის შემთხვევაში ბავშვს შეიძლება ჩამოუყალიბდეს დედის გაქრობის, გაუჩინარების შიში. ასეთ დროს ბავშვმა შფოთვა და ნერვიულობა შეიძლება მაშინაც კი დაიწყოს, როცა დედა მეზობელ ოთახში ან სამზარეულოში გადის. შედეგად დედასთან განშორება მარადიულ პრობლემად იქცევა, როგორც ბავშვისთვის, ასევე დედისთვის. რაც შეეხება საბავშვო ბაღს, იქ, სადაც ყველა უცხოა, გარემო კი ახალი, ბავშვს პანიკურად ეშინია დედის გარეშე დარჩენა. მისთვის არ არსებობს გარანტია, რომ მოულოდნელად „გაუჩინარებული“ დედა დაბრუნდება. მან არ იცის, რას უნდა ელოდოს მისგან. პრობლემის დასაძლევად, როგორც წესი, საჭიროა მისი გამომწვევი მიზეზების გარკვევა.

ბავშვის დედასთან ავადმყოფური მიჯაჭვულობის გამომწვევი ძირითად მიზეზები:

  • დედის ქვეცნობიერი მისწრაფება გახდეს ყველაზე მთავარი ადამიანი საკუთარი შვილისთვის. ის მუდმივად მისი ყურადღების ცენტრშია, სხვა ადამიანებთან დიდხანს არ ტოვებს და მათთან ბავშვის ურთიერთობას ეჭვის თვალით უყურებს;
  • გარე სამყაროსთან კონტაქტების ნაკლებობა. ხანდახან ბავშვის მოვლითა და აღზრდით მხოლოდ დედაა დაკავებული. მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს: ბებია-ბაბუების არყოფნა გვერდით, მშობლების დაცილება, ოჯახის სხვა წევრების დაკავებულობა და სხვა. ასეა თუ ისე, მთელ დროს დღის განმავლობაში პატარა დედასთან ატარებს. ასეთი ბავშვისთვის დედა მთელი სამყაროა. მაშინაც კი, როცა ის სხვა ბავშვებთან თამაშობს, მუდმივად გრძნობს მის გვერდით დედის არსებობას;
  • მამის გარდაცვალება ან ოჯახიდან წასვლა. მამის ოჯახიდან წასვლის შემთხვევაში ბავშვს უჩნდება დედის დაკარგვის შიში, რომელიც, როგორც მას ეჩვენება, შეიძლება გაქრეს ისევე მოულოდნელად, უეცრად, როგორც გაქრა მამა;
  • ჰიპერმზრუნველობა. დედები ხანდახან უზომოდ ზრუნავენ ბავშვზე, უზღუდავენ მას დამოუკიდებლობას. მეურვეობა მტკივნეულ ფორმებს იღებს. ისინი არწმუნებენ ბავშვებს, რომ მათ დედის გარეშე არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. პატარები ქვეცნობიერად იღებენ დედის პოზიციას და ძლიერ ეჯაჭვებიან მას.

აღნიშნულმა მიზეზებმა შეიძლება იმოქმედოს ბავშვის ცნობიერებაზე კომპლექსურად და პროვოცირება გაუკეთოს დედასთან ავადმყოფურ მიჯაჭვულობას. ხშირად დედები ვერ აცნობიერებენ პრობლემას, მათ ძალიან მოსწონთ კიდეც, რომ პატარას არ შეუძლია მათ გარეშე. თუმცა, ძალიან მალე დგებიან ისეთი პრობლემის წინაშე, რომლის დაძლევა მარტივი უკვე აღარ არის.

ცნობილია, რომ ნებისმიერი პრობლემის პრევენცია უფრო ადვილია, ვიდრე მისი დაძლევა. ამიტომ, ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში ბავშვთან ურთიერთობისას უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ თავად ჩვენ არ გავხდეთ ბავშვის ავადმყოფური მიჯაჭვულობის მაპროვოცირებელი.

რეკომენდაციები ბავშვის დედაზე ავადმყოფური მიჯაჭვულობის თავიდან ასაცილებლად:

  • ნუ გავკიცხავთ, ნუ დავსჯით ბავშვს ზედმეტი მიჯაჭვულობის გამო. ნუ შევეცდებით შთავაგონოთ, რომ ის ხელს გვიშლის ცხოვრებაში – სულერთია ის ამას მაინც ვერ გაიგებს. გავითვალისწინოთ, რომ ბავშვი ამ დროს კი არ ჭირვეულობს, უბრალოდ მფარველობას ეძებს ჩვენში. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ბავშვი „არანორმალურია“ მხოლოდ იმიტომ, რომ მაშინ, როცა ყველა მშვიდად რეაგირებს დედის არყოფნაზე, მის წასვლაზე, ის ისტერიკას აწყობს. ნუ მოვუყვანთ მას მისაბაძ ნიმუშად მშვიდ ბავშვებს – ამან შეიძლება გამოიწვიოს არასრულფასოვნების კომპლექსის ჩამოყალიბება, საკუთარ თავში ჩაკეტვა;
  • ნურასოდეს ვიმოქმედებთ ძალადობრივი მეთოდებით. დედის ყოველი გასვლა სახლიდან ტრავმას აყენებს პატარას და ამძიმებს მის მდგომარეობას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ფარულად მიდის, უჩინარდება. დედის შეუმჩნევლად წასვლა კიდევ უფრო აშინებს პატარას. ამჯერად მისთვის დამთრგუნველი ხდება არა იმდენად განშორება, რამდენადაც მოულოდნელობა და გაურკვევლობა;
  • მთავარი, რაც აუცილებელია ბავშვისთვის, რომელიც დედაზე უზომო მიჯაჭვულობის გამო იტანჯება – არის სიმშვიდის, დაცულობის და უსაფრთხოების განცდა. კარგი იქნება ბავშვთან ერთად ბუნებაში გასეირნება, მოძრავი თამაშები სუფთა ჰაერზე. ეს ყველაფერი გაუძლიერებს ბავშვს ნერვულ სისტემას, რაც ბუნებრივად გაზრდის მის ამტანობას;
  • არ დაგვავიწყდეთ, რომ ბავშვი საჭიროებს ურთიერთობას არა მხოლოდ ოჯახის წევრებთან, არამედ სხვა ადამიანებთანაც. რაც უფრო დიდხანს იცხოვრებს ის ჩაკეტილ სამყაროში, მხოლოდ ოჯახის წევრებისა და უახლოესი ადამიანების გარემოცვაში, მით უფრო მეტად დაიტანჯება საკუთარი კომპლექსებით. ხშირად წავიყვანოთ ბავშვი ჩვენთან ერთად სტუმრად, მოვიწვიოთ მეგობრები ბავშვებით ჩვენთან სახლში;
  • გვიხაროდეს ბავშვის მხრიდან დამოუკიდებლობის გამოვლენა, არასოდეს გავამახვილოთ ყურადღება მის მიჯაჭვულობაზე. მოვერიდოთ მისი თანდასწრებით სხვასთან საუბარს ამ საკითხზე;
  • მიჯაჭვულობის დასაძლევად არ ვიმოქმედოთ მკვეთრად, ხისტად, შედეგის დაუყოვნებლივ მიღების მოლოდინით. ბევრად უკეთესი და ნაყოფიერი იქნება ეტაპობრივად მოქმედება. მაგ. დასაწყისისთვის მივაჩვიოთ ბავშვი ოთახში მარტო დარჩენას. ამასთან, მან უნდა იცოდეს, რომ დედა ახლოსაა, მაგ. სამზარეულოში. ამის შემდეგ შეგვიძლია უკვე მივაჩვიოთ ბავშვი დედის ხანმოკლე დროის განმავლობაში მის გვერდით არყოფნას. ამისათვის შევარჩიოთ ისეთი დრო, როცა ბავშვი მშვიდად და კარგ ხასიათზეა, როცა რაღაც საინტერესო საქმიანობით არის დაკავებული. მის ყურადღებაზე ზედმეტად ფოკუსირების გარეშე, ისე, სხვათა შორის ვუთხრათ, რომ მალე დავბრუნდებით;
  • ოჯახის წევრებმა, რომლებიც რჩებიან ბავშვთან დედის არყოფნის დროს, უნდა იზრუნონ, რომ ამ დროს ის დაკავებული იყოს რაიმე საინტერესო საქმიანობით. ასეთ შემთხვევაში, დროთა განმავლობაში ბავშვი მიხვდება, რომ დედის მის გვერდით არყოფნისას მას შეუძლია არანაკლებ კომფორტულად და მშვიდად იგრძნოს თავი, ვიდრე მისი გვერდით ყოფნის დროს. მხოლოდ ოჯახის ყველა წევრის ერთობლივი ძალისხმევით, მოთმინებითა და გაგებით შეიძლება ბავშვის დედაზე ავადმყოფური მიჯაჭვულობის დაძლევა.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ ბავშვის დედაზე ავადმყოფური მიჯაჭვულობის დროულად დაუძლევლობისა და მისი პროგრესირების შემთხვევაში შეიძლება სერიოზული სირთულეების წინაშე აღმოვჩნდეთ პიროვნების ფორმირების პროცესში. როგორც წესი, ბავშვებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იზრდებიან დედის დაკარგვის მუდმივი შიშით და მისი მუდმივი მეურვეობით, ზრდასრულობაშიც უჭირთ დამოუკიდებლად მოქმედება; ახასიათებთ დაქვეითებული თვითშეფასება, საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობა, აწუხებთ არასრულფასოვნების კომპლექსი. ფსიქიკური მდგომარეობის არასტაბილურობა მოცემულ შემთხვევაში სოციალური სირთულეების თანამგზავრი ხდება, რაც ზრდასრულობის ასაკში სერიოზულ პრობლემად იქცევა ადამიანისთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი