პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ვაშლის ძმარი

თვალებს ვხუჭავ და თვალწინ სულ ერთი და იგივე სურათი მიდგას. ბებო სოფელში ბანაობისთვის განკუთვნილი ოთახის ორივე კარს ფართოდ აღებს და მე გრძელი სველი თმით დერეფანში გავდივარ. ძველებურად, სოფლურად მაბანავებს – „ლახანკით“ და „კრუჟკით“. დერეფანში გრძელ სკამზე მამა და დედა სხედან. მათკენ მივდივარ და ვპოზიორობ, ვითომ მოდელი ვარ. დედა იცინის, მამა კი რაღაცნაირად სევდით შემომცქერის, შემდეგ დედასკენ ტრიალდება და თითქოს მოთხოვნაგარეული ტონით ეუბნება:

  • შემპირდი, რომ კარგ ქალს გაზრდი, წესიერს და განათლებულს…

მე ყურადღებას არ ვაქცევ, რადგან ნაყინის დამტარებელი მანქანის სიგნალი მესმის და თავქუდმოგლეჯილი იქით გავრბივარ. უკან მობრუნებულს დედას ხმა ჩამესმის, მამას ოდნავ სარკაზმით რომ ეკითხება – შენ რა, ოჯახიდან მიდიხარ და შვილის აღზრდაში მონაწილეობას აღარ აპირებ?..

30 აგვისტოა, მეორე დღეს თბილისში მივდივართ, რადგან პირველ სექტემბერს სკოლა იწყება. აი, 16 სექტემბერს კი მამა მართლაც წავა… ოღონდ, მხოლოდ ოჯახიდან კი არა, პლანეტა დედამიწიდან და მარადისობას შეუერთდება.

ყველაფერი კი, ე.წ. „ედიკაურის“ გამო მოხდება. იმ სეზონზე ღვინის ქარხნებში ტონობით შაქარს შეიტანენ, რათა მავანს „ზღვა“ მოსავლისთვის სოციალისტური შრომის გმირის წოდება და მედალი მიეღო. შემდეგ, ეს „გმირადმოვლენილი მავანი“ თავისივე დავალების შემსრულებელი მეღვინეების დაჭერას დაიწყებს დიდი რაოდენობით ფალსიფიცირებული ღვინის დაყენებისთვის. ასეთ შაქარწყლიან ღვინოს კი შემდეგ „ედიკაურს“ დაარქმევენ.

სწორედ „ედიკაურს“ შეეწირა ჩემი ბავშვობა, რადგან მამა, რომელიც ენისლის ღვინის ქარხანაში მთავარი და თავისი საქმის მცოდნე მეღვინე იყო. ის ღვინის გაყალბების წინააღმდეგ წავიდა და ადგილობრივმა მაფიამ მოიშორა!…

ჩანაფიქრი ამავე ქარხნის მეღვინემ, გივი ძამაშვილმა დაგეგმა. ჩემს „მასწავლებელს“ ვთხოვ, ეს გვარ-სახელი არ წამიშალოს, რადგან პირველად ვამბობ ასე ხმამაღლა, რომ ჩემი ოჯახი სწორედ გივი ძამაშვილის გეგმის მსხვერპლი გახდა და მას შემდეგ ეს გვარი მძაგს, თუმცა გვარის რომელიმე უდანაშაულო წარმომადგენელთან შეხვედრისას თუ თანამშრომლობისას გრძნობები არასდროს გამიმჟღავნებია.

16 სექტემბრის დილის 4 საათზე მოწყობილ ავარიას თავისი შედეგი მოჰყვა და ამავე საღამოს ოთხზე მე უკვე „ობოლი“ მერქვა და ახალ ცხოვრებას ვიწყებდი… ყვარლის საავადმყოფოში გარდაიცვალა და ბოლო წუთებში მხოლოდ ჩემს სახელს ახსენებდა თურმე.

შემდეგ იყო გამოძიება, ავარიის უნებლიე მოწმე მეცხვარეების მიცემული ჩვენებები, ქარხნის მუშების დასტურიც ავარიის მოსაწყობი ფუსფუსის შესახებ. თუმცა, ოფიციალურად ნათქვამი აღარ გაიმეორეს… ბანალური შიშის გამო.

ახლა კვლავ 30 აგვისტოს საღამოს დავუბრუნდეთ, სადაც ჯერ კიდევ ყველა ერთად ვართ და მე ფიქრადაც არ მაქვს, რომ შეიძლება რაიმე შეიცვალოს.

ჩემი დაბანის შემდეგ ქეთო ბებო თავის ვაშლისძმრიან კასრს მიუბრუნდა. დიახ, ხელიდან ყველაფერი გამოსდიოდა. სკოლაში მუშაობის 40-წლიანი უწყვეტი სტაჟით დამსახურებული პედაგოგი გახლდათ. სიცოცხლის ბოლომდე თავისი, უკვე ასაკში შესული მოსწავლეების წერილები მოსდიოდა. მიწაზეც მუშაობდა და „ჯუჯულებსაც“ (ქათმებს ეძახდა ასე) აშენებდა. ჰოდა, თავის ბაღში დაკრეფილი რაღაც ჯიშის ვაშლისგან ძმარსაც აყენებდა, ძალიან სასარგებლო რამ არისო.

  • „ის საჭმლის მონელებას უწყობს ხელს და მადას გიბრუნებთ. თუ ვარდის ან კედრის ზეთში ავურევთ, მასში ნატურალურ მატყლს დავასველებთ და თავზე დავიდებთ, თავის ტკივილს უშველის“ – ამას ავიცენა წერდა ზოგადად ძმარზე და კერძოდ, ვაშლის ძმრის სიკეთეებსაც აღწერდა თავის სამედიცინო ტრაქტატში.

ძმარზე პირველი ჩანაწერები ჩვ. ერ. მესამე საუკუნეს ეკუთვნის. ძველი ბერძენი სწავლული თეოფრასტი აღწერდა, ამ სითხესთან მეტალების ურთიერთქმედებით როგორ იღებდნენ საღებავებს, მაგ. ტყვიის კრიალას. შემდეგ, მეშვიდე საუკუნეში არაბმა ალქიმიკოსმა ჯაბირმა შეისწავლა ძმარმჟავა, ძველ რომში კი პირდაპირ გააღმერთეს და ტყვიის ჭიქებით დღე და ღამე წრუპავდნენ. ასეთ სასმელს „საპას“ უწოდებდნენ და საკმაოდ ტკბილი ყოფილა, რადგან დიდი რაოდენობით ტყვიის აცეტატს შეიცავდა.

ნებისმიერი ძმრის მთავარი კომპონენტი ძმარმჟავაა, რომლის მიღება ქიმიურად და მიკრობიოლოგიურადაა შესაძლებელი. ეს ბოლო მეთოდი ყველაზე ძველია და ბებოც სწორედ მას იყენებდა. თუ ნატურალურ ტკბილ წვენს ღია ჭურჭელში სითბოში დავტოვებთ, დუღილის პროცესი დაიწყება და დროთა განმავლობაში მასში არსებული მთლიანი შაქარი ბაქტერიების მიერ გამომუშავებული ფერმენტების ზემოქმედებით სპირტად გარდაიქმნება. წარმოქმნილი სპირტი დუღილს გააგრძელებს და ძმარმჟავა წარმოიქმნება. ნებისმიერი ძმარი დაახლოებით 4% ძმარმჟავას შეიცავს, ასევე სხვადასხვა ორგანულ ნივთიერებებს – ესთერებს, ალდეჰიდებს და ა.შ. ვიტამინებიდან მხოლოდ ბეტაკაროტინი, რეტინოლი (A)-ს წინამორბედი და ასკორბინის (C) მჟავაა შეიცავს.

ძმარი სხვადასხვა არსებობს, თუმცა ვაშლის ძმრის სიკეთეები განსხვავებულია. მაგალითად, ის ანთების ერთ-ერთი ძლიერი საწინააღმდეგო საშუალებაა, განსაკუთრებით ნაწლავებისთვის.

ბუნებრივია, ვაშლის ძმარიც ძმარია და მისი პირდაპირ დალევა არ შეიძლება, წყლით უნდა გავაზავოთ. სწორად მიღებული ვაშლის ძმარი ცილა მუცინების სტაბილიზებას უწყობს ხელს. ცილა მუცინები გლიკოზირებული ცილებია. მათი უნარია გელისებრი სუბსტანციის წარმოქმნა. ჩვენი ნერწყვის შემადგენლობაში შედიან და პირის ღრუში ნახშირწყლების მონელებას უწყობენ ხელს. ასევე, წვრილ ნაწლავში ერთგვარ ბარიერს ქმნიან და ნაწლავური იმუნიტეტის შექმნაში მონაწილეობენ. ხშირად მუცინები ინჰიბიტორის როლში გვევლინებიან და პათოგენების ბლოკირებას უწყობენ ხელს.

ვაშლის ძმარი ფენოლურ ნაერთებსაც შეიცავს. მაგ. კატექინები, ჰალის მჟავა (იგივე ტანინი) და ა.შ. ისინი ბეტაამილოიდური ფოლაქების სინთეზს აფერხებენ. ვინც არ იცის, სწორედ ეს ფოლაქები ითვლება ალცჰეიმერის დაავადების გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად.

აქვს გამოხატული ანტისიმსივნური ეფექტი და მას ალტერნატიული მკურნალობის მიმდევარნი ძალიან კარგ შედეგებზე გაჰყავს. ოღონდ, აქ ისევ და ისევ პროფილაქტიკა და ადრეული სტადიებია ნაგულისხმევი.

კბილის პროთეზის გამოყენებისას პირის ღრუს იცავს სოკო კანდიდას განვითარებისგან. იყენებენ ატოპიური დერმატიტისას. ბუნებრივია, კონცენტრირებული სახით მისი გამოყენება კანზე წასასმელადაც არ შეიძლება და ერთი ჩაის კოვზი დაახლოებით 350-400მლ. წყალში უნდა გაიხსნას.

კვლევები იმასაც აჩვენებს, რომ ვაშლის ძმარი ჰეპატოპროტექტორსაც წარმოადგენს, ანუ ღვიძლის დამცველის ფუნქციას ასრულებს. მე რაც ამოვიკითხე, ალუმინისგან, კადმიუმისგან და ზოგიერთი პათოგენური მიკროორგანიზმისგანაც შეუძლია დაცვა.

თუმცა, აქ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი არ უნდა დავივიწყოთ. ის, რაც მე მიხდება, შენ არ მოგიხდება. ის რაც შენ ჭეშმარიტებად მიგაჩნია, ჩემთვის სიცრუეა და პირიქით.

ჰოდა, ყველას ვერ არგებს ვაშლის ძმარი.

მაგალითად, ვის?

ვისაც კუჭის წყლული აწუხებს. ან, თუ არ იცის თავისივე კუჭში რა ხდება, პატარა ექსპერიმენტი ჩაატაროს. დალიოს ნახევარი ჩაის კოვზი ვაშლის განზავებული ძმარი. თუ დისკომფორტს იგრძნობს, (რადგან ძმარი კუჭში არსებულ წყლულზე მოხვდება) შეეშვას ამ საქმეს, ძმარი მისთვის არ შეიძლება.

– ვისაც გასტრიტი აწუხებს. ანუ, თუ კუჭში არსებული მარილმჟავა საყლაპავში ამოდის და მუდმივად, ე.წ. გულძმარვას გრძნობს. ეს ნიშნავს, რომ კუჭის მჟავიანობა მომატებულია და მჟავაზე მჟავას დამატება მთლად რიგიანი საქმე ვერ არის.

– ვისაც ზოლინგერ-ელისონის სინდრომი აქვს. აქვე გულწრფელად დავწერ, რომ წარმოდგენა არ მაქვს, რა სინდრომია. თუმცა, თუ ვინმეს აქვს, ნამდვილად ეცოდინება და ვაშლის ძმარსაც მოერიდება.

თვალებს ვხუჭავ და სულ ერთსა და იმავე სურათს ვხედავ. ჩემი სოფლის სახლის დერეფანში მზეზე სანახევროდ გამშრალი გრძელი თმით ვზივარ. ფეხებს მხიარულად ვიქნევ, ნაყინს გეახლებით და მერცხლების მიერ მოწყობილ აურზაურზე ვიცინი. ჯერ ყველაფერი კარგად არის და არც არაფერი მადარდებს. ჯერ ჩემიანები უკლებლივ ჩემთან არიან და წარმოდგენაც კი არ მაქვს, რომ სულ რაღაც ორ კვირაში ახალ სტატუსს – „ობოლს“ მივიღებ. მერე ხალხი მოვა, ზოგი გულწრფელად, ზოგიც მოვალეობას მოიხდის, თავზე ხელს დამადებენ ან ლოყაზე მომჩქეტენ და გამძლეობას მისურვებენ. მერე წავლენ და ჩვენ სულ სამნი დავრჩებით – მე, დედა და ბებია. დავრჩებით იმისთვის, რომ ჩვენი დროის მოსვლამდე გზა გავაგრძელოთ…

ოღონდ მანამდე, ნაყინს დავამთავრებ და ბებოს ვაშლის ძმრის გადაღებაში დავეხმარები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი