ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

2 ამბავი ჩემზე

„მესხმა ბურთი გაიტანა კარში, სახიფათო მდგომარეობაში” – საოჯახო ზეპირისტყვიერების ისტორიკოსები დღემდე დავობენ, მე მეკუთვნის ეს სტრიქონები თუ ჩემს ბიძაშვილს.

ღრმა ბავშვობა იყო, ცოტაც რომ ამოვცურე, ასე გაგრძელდა – გურიაში ფეხბურთის მოედანი ხშირ შემთხვევაში ქუჩა იყო, სადაც მანქანა ისეთივე სიხშირით ჩამოივლიდა, რა სიხშირითაც შიშველი ფანები ჩამორბიან ნამდვილ სტადიონებზე. დარტყმას დაყუდება ერქვა. თუ მეკარეს ძლიერი ბურთების ეშინოდა – დაყუდება არ იყო. ბურთი ძელს არ ხვდებოდა, თუ კი, მაშინ კარის ზომა იზრდებოდა – ძელის მაგივრობას ქვა სწევდა. ფეხები სულ დალეწილი გვქონდა, „აბა, ბალეტს ხომ არ ვცეკვადით”.

ჰო, ალბათ ყველგან ასე ხდებოდა. არა მარტო ჩვენს ქვეყანაში. ადამიანებს, როგორც წესი, სწორედ ასე დაწყებული ისტორიები გვიყვარს – ისინი ხომ ღარიბ უბნებში იზრდებოდნენ, აი, პელე ჩვრის ბურთით თამაშობდა, მარადონა – ფორთოხლით, აგერ ახლა რიბერი ლამის მეკურტნედ მუშაობდა და რუნი ვიღაც ჯიბგირებთან მუშტი-კრივით ამთავრებდა „მატჩს”.

სანაკრებო განხრით, როგორც გითხარით, მე ინგლისის გულშემატკივარი ვარ. ეს არ ვიცი, საიდან მოდის, ვერაფრით ვიტყვი – ერთ დღეს მაკმანამანის ლამაზ პასს ვუყურე, რივალდოს ფინტს ვამჯობინე და ავირჩიე-მეთქი. უფრო ბრმა ამბავს ჰგავს. ალბათ ყველა ასე ირჩევს თავიდან, თითქმის თვალდახუჭული და მერე, ჭირში თუ ლხინში, გვერდით უდგას საყვარელ გუნდს. არგენტინა ჩემი მტერია (ბრჭყალებში რომ ჩავსვა, ყალბი იქნება). განა არ ვიცი, რომ ხშირად გვჯობნიან ხოლმე (ეს უცხო გუნდებზე პირველ პირში ლაპარაკიც ფეხბურთის სენთაგანია), რომ მარადონას იმ საღამოს ხელიც ღმერთის ჰქონდა და ფეხიც, რომ ოუენის მცირე რევანში და ბექემის მიკნავლებული თერთმეტმეტრიანი ისტორიას არ ცვლის, მაგრამ „აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს”.

ისე, აშკარად ძველი საქმეა:

ფარაონთა სამარხებში არქეოლოგებმა ბურთებს მიაგნეს. არავინ იცის, რისთვის იყენებდნენ მათ ეგვიპტელი ზეპურები, მაგრამ ადამიანებმა ერთ დღესაც რომ ფეხი დაჰკრეს, ცხადია: ძველი ბერძნები ესკიპიროსს თამაშობდნენ, რომაელები – გარპას-ტუპს, იაპონელები – კემარს, ჩინელები – ძი-ნიუს. ეს სახეობები ფეხბურთის ჰომოერეკტუსები იყვნენ.

ფეხბურთის ჰომოსაპიენსი (დღეს ჰომოფაბერად ქცეული) ინგლისში დაიბადა XIX საუკენეში.

ფეხბურთს ჩვენშიც თამაშობენ. ადრე უფრო უკეთ. იმ ადრინდელის ექოს ექო იყო ავტორდაუდგენელი სტრიქონები, დასაწყისში რომ გაგაცანით და ალბათ გაგაცინეთ.

ნუ ჩამითვლით ფსევდოპატრიოტულ გამოხდომად, როდის-როდის და, ფეხბურთზე ლაპარაკისას ყველაზე გულწრფელი ვარ – აბა, ადექით, ჩასვით მესხის ადგილას რომელიმე მოქმედი ქართველი ფეხბურთელის გვარი, დაარღვიეთ მარცვლების რაოდენობა, რიტმი, რითმა, რაც გნებავთ. ამაოდ. სახიფათო მდგომარეობაც ვერ შევქმენით, გოლს ვინღა ჩივის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი