ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

დაჰკარ, დაჰკარ

თქვენ ჯვარი გწერიათ და ჩემს მეგობარს ტვინი ცოტა უცნაურად აქვს მოწყობილი. ისე, რომ Google-ის პრინციპს ეწინააღმდეგება: გონების საძიებო ველში სიტყვის ჩაწერისას ჯერ ბოლო გვერდების ინფორმაციას უგდებს, მოგვიანებით კი მთავარს. მაგალითად, კეთილშობილი სიტყვის „შრომის” გაგონებაზე ჯერ საბჭოთა კავშირში დაბადებული სლოგანი ახსენდება, მერე კი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია. არადა, რა კარგი და მრავლისდამტევი სიტყვაა „შრომა”.

თქვენ ჯვარი გწერიათ, მაგრამ ამ მხრივ ვერც ჩემი გონება მუშაობს ალგორითმული სიზუსტით. ამ სიტყვის გაგონებაზე არც „შრომამ შექმნა ადამიანი” მახსენდება და არც შალვა ნათელაშვილი – ერთ, ქვეყნისთვის უცნობ პიროვნებამდე მივდივარ. 

ჩემთვის შრომა ზაალ ნიქაცაძეა. 

ზაალ ნიქაცაძე, იგივე ზაალი მასწი, 172-ე სკოლაში შრომას ასწავლიდა. სანამ ამ საგნამდე მივაღწევდით, დაუცხრომელი ცნობისმოყვარეობით ჩავუვლიდით ხოლმე სკოლის მარჯვენა ფლიგელს, რომელში შესვლაც ისევე ეკრძალებოდათ უმცროსკლასელებს, როგორც გრიფინდორის, სლიზერინის, ჰაფლპაფისა და რეივენქლოს სტუდენტებს – ჰოგვარტსის მესამე სართულზე ასვლა. არადა, რა უნდა იყოს აკრძალულზე უფრო გემრიელი, მით უმეტეს – სკოლის მოსწავლისთვის… ცხადია, ხშირად შევიძურწებოდით ხოლმე და დროის უქონლობის გამო სწრაფად ვათვალიერებდით კედლებზე ჩამოკიდებულ საგნებს – მოჩუქურთმებულ შანდლებს, სტუდენტების გამოგონებებს, ხეზე ამოკვეთილ გამოსახულებებსა და ფოტოსურათს, რომელზეც ზაალ ნიქაცაძეს საზეიმო ვითარებაში გადასცემდნენ რაღაც უცნაურ პრიზს. ვაზისუბანი ხომ მოარული ხმების მიწაა და ზაალზეც დადიოდა ხმები, თბილისელ შრომის მასწავლებლებს შორის მეორე ადგილი დაიკავაო. პირველიო? – გაფართოებული თვალებით კითხულობდნენ ისინი, ვინც ამბავს პირველად ისმენდა. პირველი? კლასიკური გიმნაზიის მასწავლებელმაო, – სწრაფად და ჩურჩულით მოსდევდა პასუხი კითხვას, რომელიც, ცხადია, რიტორიკული იყო. აბა, ვის უნდა დაეკავებინა?! მტკვრის მარცხენა სანაპიროს ერთი მივარდნილი სკოლის მოსწავლეებისთვის პირველი გიმნაზია საოცარი ადგილი გახლდათ და შეუძლებელი გვეჩვენებოდა, მისი პედაგოგები რამეში, თუნდაც ბალახის ჰოკეიში, საუკეთესოები არ ყოფილიყვნენ.

თუმცა გვწამდა, რომ ზაალი მეორე იყო. ანუ მოკვდავთა შორის პირველი.

მოგვიანებით, როცა მისი მოსწავლეები გავხდით, აღმოვაჩინეთ, რომ ლოდინი ამად ღირდა. ზაალს ორი სახელოსნო ჰქონდა გამართული – სადურგლო და საზეინკლო, ანუ ხისა და რკინისა. აქ წესრიგი და დისციპლინა დაგვხვდა. თითოეულ მერხსა თუ დაზგაზე მიკრული იყო მოსწავლის სახელი და გვარი, რაც იმას ნიშნავდა, რომ პირადი სამუშაო სივრცე გქონდა, რაც მუშაობის ხალისს აათმაგებდა. სადურგლო კაბინეტი თბილ, ხის ფერებში ჰქონდა გაწყობილი. სქელ მერხებზე სხვადასხვა იარაღი მიემაგრებინა, გარშემო კი ჩარხები და სათავსები შემოერტყა. სადურგლო კაბინეტში, ნათურის შუქზე, ისეთი განწყობა გეუფლებოდა, თითქოს ქოხში იყავი, რომელსაც აგიზგიზებული ბუხარი ანათებდა და ათბობდა, შენ კი იდექი და ჩხირკედელაობდი რაღაცას. საოცნებო ამბავია პირდაპირ.

საზეინკლო კაბინეტი უფრო პირქუში იყო. ყველაფერი ლითონში ჩაესვათ, თითქოს ფალსიფიცირებულმა მიდასმა შეახო ხელი და ოქროს ამბავში რომ ვერას გახდა, რკინადღა აქციაო.

ზაალი უფლებას გვაძლევდა, ჩვენი გამომგონებლური ფანტაზიები დაგვეკმაყოფილებინა, მაგრამ თავისი პროგრამაც ჰქონდა: შანდალი, სათამაშო, ჭადრაკის დაფა, ტელევიზორის ანტენა და ასეთი რაღაც-რუღაცები. პროგრამაც ჰქონდა და თხოვნა-მოთხოვნებიც: ყველას უნდა მოეტანა სამუშაო ფორმა (ანუ მამის ყმაწვილკაცობისდროინდელი პერანგი), რომელსაც გაკვეთილის შემდეგ მისივე სათავსოში ვტოვებდით. ამგვარად ის ტანისამოსზე ზრუნვას გვაჩვევდა; უსაფრთხოების წესები მკაცრად უნდა დაგვეცვა და როცა სამუშაოს დავასრულებდით, ყველა იარაღი თავის ადგილზე დაგვებრუნებინა.
რთული იყო თუ არა ეს წესები მეშვიდეკლასელებისთვის? ჰოც და არაც. ერთი მხრივ, რატომ უნდა გვეკეთებინა შრომის გაკვეთილზე ის, რასაც სხვაგან არ ვაკეთებდით? მეორე მხრივ კი ამ სივრცეს, თავისი მასწავლებლიანად, სულაც არ აღვიქვამდით საკლასო ოთახად და, საზოგადოდ, სკოლად. ეს უფრო ჯეიმს ბონდის მეჭურჭლეთუხუცესის, მისტერ Q-ს აპარტამენტებს ჰგავდა.

ზაალის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თხოვნა-მოთხოვნა (და ამის გამო ყველაზე მეტად ვემადლიერები) ის იყო, რომ ჩვენში ფართოდ გავრცელებული რუსული სიტყვები ლექსიკონიდან გაგვექრო. „ატვიორტკის”, „პლოსკოგუბცის”, „ბოლტის” და ეგეთი მაიმუნობების წარმოთქმა აკრძალული გვქონდა. სახრახნისს, ბრტყელტუჩას, ჭანჭიკსა და სარჩილავს გაუმარჯოსო, – ასეთი მიდგომის კაცია ზაალი.

გუშინ, ძველ ნივთებში ძრომიალისას, შანდალს წავაწყდი. კარგად გამოჩარხულს, სარჩილავით (აბა, თუ მიხვდებით, ვინ მასწავლა) და ლაქით მოპირკეთებულს. მისი კეთების პროცესიც კი ზუსტად აღვიდგინე. რას შვრება ზაალ ნიქაცაძე-მეთქი, დედაჩემს ვკითხე. სახლშია, სკოლაში აღარ მუშაობსო, – მიპასუხა. 

გასაოცარია, როგორ შეეგუა საკუთარი ხელით შექმნილ სამყაროსთან განშორებას. თუმცა… ასეა, მშრომელებიც ბერდებიან. 

ასოციაციები ოხერი რამაა. ხან რას გაგახსენებს, ხან – რას.

ისე კი, რა დროს საბჭოთა კავშირი და შალვა ნათელაშვილია.

შრომას ზაალ ნიქაცაძე ჰქვია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი