ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

წიგნი მესიზმრეთა

„თუ იქით წახვალ, საითაც შენი შიში უფრო მძაფრდება, მაშინ სწორ გზას ადგახარ”, – წერს მილორად პავიჩი ერთგან. სწორედ ამ პრინციპის ერთგულია მისი გმირების უმრავლესობა. ისინი შიშის სუნს კარგად გრძნობენ და არათუ გაურბიან, არამედ ყოველთვის იქით მიდიან, სადაც შიში ბუდობს, სუნთქავს და იზრდება. თავისდა უნებურად, შიშების აღმოჩენისა და დაძლევის მონაწილე ხდება პავიჩის მკითხველიც, რომელიც უსიტყვო შეთანხმებას დებს მწერალთან – ბოლომდე მიჰყვეს, უყვარდეს და ურთგულოს.
თუმცა ზემოთ მოყვანილი ფრაზის მთელ სიღრმეს მაშინ ჩავწვდი, როცა პავიჩის „უნიკალური ეგზემპლარის” თარგმნა დავიწყე. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და შიში ყოფილა, როცა საყვარელი მწერლის ტექსტს ჰკიდებ ხელს. მასზე მუშაობა გაცილებით მეტია, ვიდრე, უბრალოდ, თარგმნა. უფრო დროსა და სივრცეში ძიებას ჰგავს, ავტორთან გამოლაპარაკების, მისთვის კითხვების დასმის მცდელობას, საკუთარი შიშისთვის პულსის მუდმივ კონტროლს – ისე არ გაგექცეს, რომ ვეღარ დაეწიო.
წარმოიდგინეთ, როგორ შეიცვლებოდა თქვენი ცხოვრება, ათი წლის შემდეგ სანახავი სიზმრის ნახვა ამაღამ რომ შეგეძლოთ; რა მოხდებოდა, თქვენთან რომ მოსულიყო ადამიანი, რომელიც მომავლის თვალწინ გადაშლას დაგპირდებოდათ განსაზღვრული დავალების შესრულების საფასურად – დათანხმდებოდით? მე, ალბათ, ვცდიდი. „უნიკალური ეგზემპლარის” გმირებმაც სცადეს. სადამდე მიიყვანა ისინი მცდელობამ, ამას წიგნიდან შეიტყობთ.

„უნიკალური ეგზემპლარი” პირველად 2004 წელს გამოიცა სერბულ ენაზე. რომანს ასი დასასრული აქვს, ერთმანეთისგან განსხვავებული, განსაკუთრებული სურნელის მქონე ისტორიები, რაც საშუალებას აძლევს მკითხველს, სასურველი ვერსია აირჩიოს. შესაბამისად, ყველა, ვინც ამ წიგნს გადაშლის, უნიკალური ეგზემპლარის მფლობელი ხდება.

თავად მილორად პავიჩის თქმით, „უნიკალური ეგზემპლარის” დაწერის იდეა მას სიზმარში მოუვიდა. წიგნის მთავარ თემად სწორედ სიზმრები გვევლინება, სიზმრები და უკიდეგანო სამყარო, სადაც ადამიანები საკუთარ თავსა და ცხოვრებას სიზმარ-ცხადის ზღვარზე დაეძებენ.

წიგნის ანოტაციას რომ ვწერდე, ვიტყოდი, რომ „უნიკალური ეგზემპლარი” არის დეტექტიური რომანი ადამიანური სისუსტეების, შიშებისა და სიყვარულის შესახებ, რომელსაც პერსონაჟები საბედისწერო გადაწყვეტილებამდე მიჰყავს. ერთი შეხედვით, მართალიც ვიქნებოდი, მაგრამ აქ მეტ გულწრფელობას გამოვიჩენ და გეტყვით, რომ „უნიკალური ეგზემპლარი”  ჯადოსნური წიგნია, რომელსაც შეუძლია, საკუთარი თავი სხვა მხრიდან დაგანახოთ, სარკეში ჩაგახედოთ და აღმოგაჩენინოთ, რომ ის, ვინც ანარეკლი გგონიათ, სინამდვილეში სხვა ადამიანია, ხოლო ის, ვინც სარკის წინ დგას – სხვა.

„უნიკალური ეგზემპლარის” ფურცლებზე განვითარებულ ამბავს თან იმ სუნამოების სურნელი დაჰყვება, რომელთა სახელებიც წიგნის პირველი ნაწილის თავებს ჰქვია. პავიჩი ადამიანისა და სუნის თანაცხოვრებაზე წერს, წერს ეპოქებსა და ადამიანებს შორის საზღვრების არარსებობაზე და კიდევ ერთზე – ყველას შეუძლია, იყოს მკვლელი, უფრო სწორად, ყველა შეიძლება აიძულონ, იყოს მკვლელი, თუ სუსტ წერტილს უპოვიან. ეს არის წიგნი მათთვის, ვისაც სჯერა, რომ ზოგჯერ მართლაც საკუთარ სიზმრებში ვცხოვრობთ და მათთვისაც, ვინც სიზმრებს არასოდეს დაჰკვირვებია, რადგან ასეთ მკითხველს ყველაფერი წინ აქვს – პავიჩის წაკითხვის შემდეგ ძილი აღარასოდეს არის ისეთი, როგორიც მანამდე იყო.

„უნიკალური ეგზემპლარის” პირველ ქართულ გამოცემას (გამომცემლობა „ინტელექტი”, პროექტი „პავიჩი ქართულად”) მკითხველი მაისის ბოლოს, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე იხილავს. მას მილორად პავიჩის მეუღლე, იასმინა მიხაილოვიჩი, რომელიც ფესტივალს საპატიო სტუმრის სტატუსით ეწვევა, პავიჩის სხვა ქართულ თარგმანებთან ერთად წარადგენს.

ასი დასასრული ნუ დაგაბნევთ. მილორად პავიჩმა, რომლის ტექსტებიც ორიგინალური ფორმით გამოირჩევა და ხშირად თავსატეხებსაც გვთავაზობს, „უნიკალური ეგზემპლარის” მკითხველს მარტივი რჩევა მისცა: „როგორ წავიკითხოთ „უნიკალური ეგზემპლარი”? – შეგნებით, რომ ყველას ის დასასრული ერგება, რომელსაც იმსახურებს”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი