ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

მხატვრული წერის გაკვეთილები

მესამე ნაწილი

პირველი ნაწილი

მეორე ნაწილი

ვინც წინა წერილები წაიკითხა, ეცოდინება, რომ პროტაგონისტისა და ანტაგონისტის შექმნა ვისწავლეთ, დავწერეთ სხვადასხვა დავალება, რაც ჩვენი გმირის უკეთ გაცნობაში დაგვეხმარებოდა ჩვენც და ჩვენ მკითხველსაც, მოდი, ახლა უფრო მეტი გავიგოთ გარემოცვაზე, რადგან ამის გარეშე ცოტა პერსონაჟს თუ იპოვით წიგნებში.

სავარჯიშო მეხუთე

მენტორი.

მსოფლიო ლიტერატურის ისტორია გვასწავლის, რომ გმირის თავგადასავალი ხშირად მენტორთან შეხვედრის შემდეგ იწყება. ვინაა მენტორი? როგორც წესი, ეს ასაკით უფროსი ადამიანია, ვინც ჩვენ პერსონაჟს შემთხვევით გაიცნობს და რაღაც ისეთს ეტყვის, რომ მასში მოგზაურობის სურვილს აღძრავს. ამ მოგზაურობაში, ამ თავგადასავალში იზრდება კიდეც ჩვენი პერსონაჟი და ხდება ისეთი, როგორიც ის წიგნის ბოლოს გვხვდება ხოლმე.

მენტორის მოსაფიქრებლად, ჯერ გაიხსენეთ, რა ინტერესები აქვს თქვენს პერსონაჟს, რაზე  ოცნებობს, მაგრამ ნაბიჯის გადადგმა კი უჭირს, ეშინია, ერიდება, ან სულაც ეზარება. ამის შემდეგ, ზუსტად ისე, როგორც პერსონაჟის შექმნისას, აღწერეთ მენტორის სრული პორტრეტი, აგერ ნახავთ, ჩვენ მას მოგვიანებით ოსტატურად გამოვიყენებთ.

რა ჰქვია და რა გვარია მენტორი?

რა ასაკისაა?

როგორი გარეგნობა აქვს? (დეტალურად აღწერეთ გარეგნობა)

როგორი ხასიათისაა?

რა მიზანი აქვს ჩვენ გმირთან მიმართებით?

რა ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს?

სად და როგორ გაიცნო მენტორმა ჩვენი გმირი?

რა ურჩია მენტორმა პროტაგონისტს?

დაწერეთ ერთი მნიშვნელოვანი (დიახ, მნიშვნელოვანი და არა უბრალოდ) ამბავი მენტორის ცხოვრებიდან.

მაგალითი:
 ბუსი და ბილი კომპიუტერული თამაშების ჩემპიონატზე აპირებდნენ გასვლას, მაგრამ მშობლებმა არ გაუშვეს.

ამ ამბის შემდეგ, ბიჭები ძალიან მოწყენილები იყვნენ და მშობლებმა ორივეს სუფთა ჰაერზე გაყვანა გადაწყვიტეს.

პარკში ბუსი და ბილი ვერაფრით ერთობოდნენ, ამიტომ გადაწყვიტეს ჯარისკაცის ფორმაში ჩაცმულ ბიჭთან  მისულიყვნენ და მისი ამბები მოესმინათ. ის მართლაც ჯარისკაცი აღმოჩნდა, ჯერემი ერქვა და 33 წლისა იყო. ჯერემს შავი, კუპრივით შავი თმა და მუქი ლურჯი თვალები ჰქონდა. ნავარჯიშევი, დაკუნთული სხეული სიგამხდრის მიუხედავად მაინც ეტყობოდა.

ჯერემი მხიარული იყო, მაგრამ  გამოხედვაში სევდა მაინც ემჩნეოდა. ყველა მისი ისტორია საინტერესო იყო: ტანკებისგან გაქცევა, სამასი ჯარისკაცი სამიათასის წინააღმდეგ, დიქტატორის მოკვლა, კოშკში შეპარვა, ავღანეთიდან ხალხის გამოყვანა და ერთი პატარა ქვეყნის, საქართველოს ჯართან ერთად ბრძოლა საერთო მტრის წინააღმდეგ. თუმცა მისი ყველაზე საინტერესო ისტორია შემდეგი იყო:

როდესაც სამასკაციანი ჯარით სამიათასიან ბატალიონს ებრძოდნენ, ამერიკელებმა ჰარტიელებს (უცნობი, გამოგონილი ქვეყანა) მოუგეს. მიუხედავად იმისა, რომ ათჯერ ნაკლებნი იყვნენ. სულ ოცდაათი კაცი გადარჩა, მათგან ერთ-ერთი ჯერემი იყო, ის დაჭრეს.

ამ დროს მათ ასკაციანი ბატალიონი წამოეწიათ, კიდევ ათი კაცი მოკლეს, გადარჩენილები კი დაატყვევეს. დაცული ციხიდან გაქცევა მაინც მოახერხა ჯერემიმ. ეს ასე მოხდა: ტყვეობისას, ბევრჯერ აწამეს სამხედრო, მაგრამ ინფორმაცია კი ვერ დასტყუეს. ერთ-ერთი წამების შემდეგ, როდესაც ის საკანში მიჰყავდათ, დაჭრილმა ჯერემმა მცველს ის დანა წაართვა, რომლითაც დანა ტანი დაუსერეს და სამივე მცველი დახოცა. გადაიცვა ერთ-ერთის ფორმა და საკნის მცველი გათიშა, გასაღებების აცმა წაართვა და მეგობრებიც დაიხსნა. ისინი სამხედრო ჯიპით გაიპარნენ.

ახლა ჯერემი ქვეყნისგან დაუფასებელი ვეტერანი იყო და საღამოებს, აქ, საზოგადოებრივ პარკში ხეტიალში ატარებდა. ბუსიზე ისე იმოქმედა ამბავმა, რომ გადაწყვიტა, თავადაც ჩაედინა გმირობა.

სავარჯიშო მეექვსე

ალბათ დავკვირვებივართ, რომ წიგნებში ხშირია დიალოგები. ესაა ადგილი, როდესაც ორი პერსონაჟი ერთმანეთში ლაპარაკობს. ასეთი საუბრის დროს, გამოცდილი ავტორი დიალოგში პერსონაჟებს კიდევ უკეთესად გვაცნობს.

ამ სავარჯიშოს მიზანია მოვიფიქროთ ისეთი დიალოგი, სადაც არ ვიცით რა წინაპირობა აქვთ მოსაუბრეებს. სად არიან, ვინ არიან და რა მიზანი ამოძრავებთ, მაგრამ წაკითხვის შემდგომ, მკითხველი მაინც მიხვდება რა ხდება.

მაგალითი:

ლუკა – ზეგ ჩემ ანთმენს გაჩუქებ.

საბა: – არ მჭირდება შენი ცალხელა ანთმენი.

ლუკა: – ხელი აი ასე უნდა დააწებო და ახალივითაა.

საბა – ვერ ვიტან ანთმენებს.

ლუკა – სპაიდერმენებს ჯობიან.

საბა – ეგენი ეს ერთი ნამდვილი მამა და დედა არ არიან და პაკომ თქვა კიდე, ფულს უხდიან მაგათ რომ ავადმყოფი…

ლუკა – პაკო ბოროტია.

საბა – …

ლუკა – პულტიან კაცსაც, ზანგსაც, ბუცებსაც და კიკისაც გაჩუქებ.

საბა – კიკი შენი არაა.

ლუკა – ჩემიცაა.

საბა – ძაღლს ხო არ დაჭრი? ძაღლი მთლიანია და ისედაც აქ დარჩება.

ლუკა – …

საბა – ჯერესერთი, თურმე მშობლები აძალებენ ხახვების ჭამას.

ლუკა – ტყუილია. დედები ყველაფერს პატიობენ შვილებს.

საბა –

ლუკა –

საბა – მამაჩემი ყველაზე კეთილი იქნება.

ლუკა – ჩემი მამა ისედაც უკვე ძალიან კეთილია.

საბა – და დედაჩემი კიდევ ძალიან ლამაზი იქნება, ყველაზე ლამაზი. დედაშენზე ლამაზიც.

ლუკა – გშურს!

საბა – ღმერთს გეფიცები არ მშურს. მე თვითონვე არ მინდა არსად წასვლა.

ლუკა – გშურს და ბოროტი ხარ. მეჯავრები.

(ანთმენს მეორე ხელსაც მოატეხავს, ფეხებთან დაუგდებს საბას და ოთახიდან გარბის)

აბა თუ გამოიცნობთ სად ხდება მოქმედება, ვინ არიან გმირები და რა სიტუაციაა აღწერილი?

ავტორის პასუხს ცოტა ქვევით წაიკითხავთ:

მოქმედება ვითარდება მიუსაფარ ბავშვთა სახლში. ორი მეგობარი (7-8 წლისები) საუბრობენ. ლუკა ოჯახმა იშვილა, საბა ეჭვიანობს და ლუკას წასვლის წინ ბრაზს ამგვარად გამოხატავს.

სავარჯიშო მეშვიდე

ამ თავის სავარჯიშო ასეთია: მოდი, ვნახოთ რამდენად კარგად იცნობთ საკუთარ გმირს. ვინც თვითონ არ იცნობს ბოლომდე პერსონაჟს, რომელზეც წიგნის დაწერას აპირებს, ის სხვასაც ვერ დააჯერებს სიმართლეში, ლიტერატურა ხომ სხვა არაფერია თუ არა სიმართლის დამაჯერებლად თქმის ხელოვნება.

მაშ ასე, კარგად გაიხსენეთ თქვენი შექმნილი გმირი და ასევე პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონდათ წაკითხული წიგნებიდან. ახლა ისინი ერთმანეთს შევახვედროთ და დავაკვირდეთ, როგორ მოიქცევიან, როგორ ილაპარაკებენ.

მოიფიქრეთ ადგილი, სადაც ისინი ერთმანეთს შეხვდნენ.

მოიფიქრეთ რა საერთო ინტერესი აქვს თქვენ პერსონაჟს და გმირს, საყვარელი წიგნიდან.

მოიფიქრეთ თავგადასავალიც, რომელიც მათ გადახდათ თავს.

მაგალითი:

ერთ დღეს, ბუსი თავის ბიძაშვილთან ჯეიმსთან სარი სთრიტზე წავიდა ღამისთევით. იქვე მეზობლად ერთი ცელქი ბიჭი, გრეგ ჰეფლი ცხოვრობდა. ბუსისას და გრეგსაც მოსწონდატ ვიდეო თამაშები, ასე რომ ბუსიმ სიამოვნებით დაპატიჟა გრეგი ბიძაშვილის სახლში. მათ შეთანხმება  დადეს, რომ გრეგი თავის „მრუდე ჯადოქარ 2-ს“ წამოიღებდა, ხოლო ჯეიმსი და ბუსი მას Star War-ს დაახვედრებდნენ, რომლის თამაში რამდენიმე ადამიანის ერთდროული მონაწილეობით ურიგო არ არის.

თამაშის შემდეგ, „ვარსკვლავური ომების“ ორი სერიის ნახვაც დაგეგმეს, მაგრამ რად გინდა? შაბათი იყო და გრეგის დედამ „არანაირი ვიდეო თამაშებიო!“ თქვა და „მრუდე ჯადოქარის“ დისკიც არ გაატანა შვილს, თუმცა გრეგმა მშობელს დაუმალა, რომ ბიჭებს სხვა დისკიც ჰქონდათ მომარაგებული, ამიტომ სევდიანი სახე მიიღო და სინამდვილეში კი გახარებული წავიდა სტუმრად.

თან ისიც უნდა ვთქვათ, რომ გრეგს გულის ჯიბეში სხვა თამაშის დისკი მაინც ედო (ეს წინა თვეში ნაჩუქარი ფულით ჩუმად შეიძინა და არავის ეუბნებოდა) და ბიჭებმაც იდეალური დრო გაატარეს ჯეიმსთან.
(ვინც არ იცით, გრეგი „წრიპა ბიჭის“ პერსონაჟია)

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი