სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

აწკრიალებენ

ჩემი ბოლო ზარი ბატონმა ჟორამ დარეკა. ის მეუღლესთან, უსაყვარლეს ქალბატონ მარინასთან ერთად მუშაობდა 172-ე სკოლაში. რაც თავი მახსოვს, სულ მუშაობდნენ. ერთად მიდიოდნენ, ერთად მოდიოდნენ. ახლა სოფლად ცხოვრობენ და თავიათ კარ-მიდამოს უვლიან. 
ჟორას განკარგულებაში ორი ზარი იყო. ერთი ელექტრო, მთავარი შესასვლელის გასწვრივ, ფანჯრის რაფის ქვეშ მიმაგრებული ღილაკით რომ აწკრიალებდა; მეორე კი – ხელის, სქელი ზარი, შავი სახელურით, რომელსაც ტკბილ-მწარე ოთხმოცდაათიანებში უფრო იყენებდა და მერეც, როცა სკოლას დენი არ მოეწოდებოდა. უშუქობისას, ჯერ მარჯვენა ამოსასვლელს მოადგებოდა და დააწკარუნებდა, მერე მარცხნივ წავიდოდა და იმავეს იზამდა. 
შემიმჩნევია, რომ ერთსა და იმავე გაკვეთილს სხვადასხვა მოსწავლისთვის სხვადასხვა ხანგრძლივობა აქვს. ჩემთვის ალგებრის გაკვეთილები გრძელდებოდა ყველაზე დიდხანს. ერთი შეხედვით არც ქიმიას ჰქონდა დასასრული, იმის მიუხედავად, რომ დავალებების შემოწმებას უხვად მიჰქონდა დრო. ასეთი საგანიც ისწავლებოდა ჩვენს ეპოქაში – უსაფრთხოება ერქვა. ვერც კი ვიხსენებ რა ეწერა იმ ლურჯ წიგნში, სულ ერთხელ თუ ორჯერ რომ გადავფურცლე. ეს უსაფრთხოება ხომ გრძელდებოდა და გრძელდებოდა. 
უცნაურია, რომ 11 წლის მანძილზე სულმწარედ ველოდი როდის ააწკრიალებდა ჟორა ზარს და რაც უფრო დიდხანს ეჭირა ხელი ღილაკზე (ან აჟღარუნებდა შავტარიან ლითონს), მით უფრო მაღალ ტემპერატურაზე მიდუღდა სისხლი. მით უმეტეს, თუ შესვენება მესამესა და მეოთხე გაკვეთილებს შორის იყო მოქცეული და დიდ დასვენებად იწოდებოდა. უცნაური კი იმიტომაა, რომ ბოლო ზარის მოახლოებისას, როცა თეთრ, მოხატულ პერანგებში გამოწყობილები სკოლის წინ, მზის გულზე შევიკრიბეთ, რაც უფრო ახლოვდებოდა ბოლო ზარი, მით უფრო მიქრებოდა მისი ხმის გაგების სურვილი. ხმის, რომელსაც 11 წელი, ყოველი გაკვეთილის დაწყებისას შევნატროდი. 
მაგრამ ეს ხომ გარდაუვალი ამბავი იყო. ჟორამ ზარი დარეკა და ეს ზარი თითქოს უსაფრთხოების გაკვეთილზე ბევრად უფრო დიდხანს გაგრძელდა. ამ ხმამ ისევე დაგვაბნია და აგვიწუილა ყურები, როგორც ჭურვის აფეთქების სიახლოვეს მყოფ ჯარისკაცებს ემართებათ ხოლმე ფილმებში. ამ ერთი წუთის განმავლობაში ჩვენ, აწმყოდან გამოთიშულებმა, მოვასწარით გვეფიქრა წარსულზეც და მომავალზეც. იმაზე, თუ ვისი დამრიგებელი იქნებოდა ამიერიდან ციალა ბერიკაიძე; ვინ მიუჯდებოდა ისაკაძის მიერ სუპერგმირებითა და როკჯგუფების სახელებით მოხატულ მერხს; ვინ შევძლებდით ოჯახისა და სამეზობლოს ღირსების დაცვას – უმაღლესში ჩაბარებას; ვინ უფრო მალე დავქორწინდებოდით ან ვიყიდდით მანქანას; სად ვიმუშავებდით; რითი ვისუნთქებდით და საერთოდაც, რამდენი მოვახერხებდით ვყოფილიყავით უბრალოდ კარგი ადამიანები. ყველაზე მეტად კი, მანამ, სანამ სკოლის დამამთავრებელი ბანკეტი გვექნებოდა, გვტანჯავდა სურვილი, რომ წლის თავზე ისევ შევკრებილიყავით. 
ასეთი ფიქრები ტრიალებდა ახალგაზრდა გოგო-ბიჭების თავებში 2007 წლის 18 მაისს, ვაზისუბნის IV მ/რ-ის, I კვ-ის შუაგულში, 172-ე სკოლის წინ. შოუშენკელი პატიმრისა არ იყოს, მაისის მზე გვითბობდა მხრებს და ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ თავისუფალი ადამიანები ვიყავით. თავისუფალი ადამიანები განსხვავებული მიზნებით. მას შემდეგ 8 წელი გავიდა, მაგრამ ვერცერთი წლისთავი ვერ აღვნიშნეთ. ეგ ამბავი ხომ ყველასთან ერთნაირადაა: კლასელს შეხვდები, მოიკითხავ. მერე კი უეჭველად ასეთი კითხვა-პასუხი წავა:
სხვა? 
არც არაფერი რა, ძველებურად.
ჰოო.
მააშ.
არ შევიკრიბოთ, კაცო?
აქამდე არ უნდა შევკრებილიყავით? 
ვინ ითავებს მერე მაგ ამბავს?
ვერიკო. ხო იცი, ეგაა მარიფათიანი.
ეე, აბა მეც ვიკითხე რა. 
კაი, შევხმიანდეთ როგორმე. 
ასეთი იქნება ძველი, გულითადი კლასელების შეხვედრების დასაწყისიცა და დასასრულიც მანამ, სანამ ადამიანი ძირფესვიანად არ გააცნობიერებს, რომ მას წარსულიდან ვიღაცები ეძახიან; სანამ არ მიხვდება, რომ სუნი, რომელიც ენატრება შესვენებებზე ენერგიით განეტილი მოზარდების სირბილისგან აყრილი პარკეტის მტვრის, ფიზკულტურის გაკვეთილიდან ამოყოლილი ოფლისა და ყველის ნაცვლად მაკარონჩატენილი ყაჭაპურის სუნია; სანამ არ მიხვდება, რომ ბანკეტზე ჩადენილი ახალგაზრდული სამარცხვინოობების გამოსწორებაც შესაძლებელია. 
172-ე სკოლა ჩემი სახლიდან 200 ნაბიჯში დგას. დღეს, აივანზე გამოსულმა ჟორას შემცვლელის მიერ დარეკილი ზარის ხანგრძლივი ხმა გავიგე. როცა გავიხსენე, რომ მაისი იწურება, მივხვდი რატომაც აწკრიალებდნენ. 
ეს ბოლო ზარის სევდაა, სხვა კი არაფერი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი