პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ჰიტლერის პირველი მოწინააღმდეგე

ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისათვის მაისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გადატვირთული თვე უნდა იყოს. გაზაფხულის უკანასკნელ მონაკვეთს მეოცე საუკუნის რამდენიმე განსაკუთრებული თარიღი უკავშირდება. 1918 წლის მაისში გამოაცხადა საქართველომ დამოუკიდებლობა და დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნება, 1945 წლის მაისში დასრულდა მეორე მსოფლიო ომი. ორივე მოვლენა ჩვენს საზოგადოებაში ხანგრძლივი განხილვების მთავარი თემა გახლავთ.

მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის შესახებ მსჯელობა ჩემზე უკეთ სხვებს შეუძლიათ. სამხედრო ოპერაციების შინაარსისა და მხედართმთავართა სტრატეგიების ანალიზი ჩემი საქმე არ გახლავთ. უბრალოდ სურვილი მაქვს, თქვენი ყურადღება ნაცისტური რეჟიმის დამყარების საწყის ეტაპზე გავამახვილო.

ბევრს მიაჩნია, რომ გერმანიაში ნაცისტურმა პარტიამ ხელისუფლების მოპოვება მოქალაქეთა აქტიური მხარდაჭერის ხარჯზე მოახერხა. ისინი ამტკიცებენ, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაწესებული უმძიმესი რეპარაციებითა და ვაიმარის რესპუბლიკის არასტაბილური მთავრობების მუშაობით უკმაყოფილო მოსახლეობამ ჰიტლერსა და მის გუნდს ძალაუფლება ერთსულოვნად გადაულოცა. აღნიშნული მოსაზრება საკამათო და არასწორია.

გერმანელებს რასისტული და ექსტრემისტული ძალისათვის ერთპიროვნული სამთავრობო პასუხისმგებლობა არ დაუკისრებიათ. ნაცისტებს სამი არჩევნები და უამრავი სისხლიანი ავანტიურა დასჭირდათ, რათა ყველა მნიშვნელოვანი სახელისუფლებო ბერკეტი ჩაეგდოთ ხელში. მათ მიერ წარმოებული საყოველთაო ტერორის მიუხედავად, ჰიტლერმა დემოკრატიის პირობებში მაინც ვერასდროს მიაღწია მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მხარდაჭერას. 1933 წლამდე გამართულ ვერცერთ საყოველთაო კენჭისყრაში ჰიტლერის პარტიამ 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხა.

მაშ, რის ხარჯზე შეძლო ჰიტლერმა დიქტატორის სტატუსის მოპოვება?

ხელისუფლების უმაღლეს საფეხურზე მოსახვედრად ნაცისტებს რაიხსტაგის შენობის გადაწვა დასჭირდათ. 1933 წელს მათი აქტივისტების ნაცვლად რესპუბლიკის მთავარი პოლიტიკური სცენის განადგურება მემარცხენე დეპუტატთა ნაწილს დაბრალდა. დადანაშაულებული დეპუტატები დააკავეს, გადაასახლეს, დახოცეს და პარალელურად საპარლამენტო უფლებამოსილებაც შეუჩერეს. ოთხმოცზე მეტი მემარცხენე პარლამენტარის გამოუცხადებლობის პირობებში რაიხსტაგში ნაცისტური ფრაქციის ხვედრითი წილი იზრდებოდა და მათი საპარლამენტო გავლენაც გაცილებით საგულისხმო ხდებოდა.

ყველაზე შეურიგებელი მოწინააღმდეგეების მცირე ჯგუფის მოცილების შემდეგ ჰიტლერმა მიზნად „საგანგებო უფლებათა აქტის” (Ermächtigungsgesetz) დამტკიცება დაისახა. აქტის საფუძველზე პრეზიდენტისა და კანცლერის უფლებამოსილებები ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ერთ ადამიანს, ნაცისტური პარტიის უპირობო ლიდერს უნდა გადასცემოდა. შედეგად, ერთი პოლიტიკური გაერთიანების ბელადი მთელი ქვეყნის ფიურერი გახდებოდა.

„საგანგებო უფლებათა აქტის” დასამტკიცებლად აუცილებელი ხმების მოგროვება ჰიტლერმა მარტივად მოახერხა. სიცოცხლის მოსპობის მუქარის საფუძველზე პოლიციასა და NSDAP-ის  რაზმებს ძალიან გაუადვილდათ ცენტრისტული და მემარჯვენე-ქრისტიანული პარტიების წარმომადგენელთა მომხრობა. რაიხსტაგის ერთადერთი ფრაქცია, რომელსაც მათ ვერაფერი მოუხერხეს, სოციალ-დემოკრატიული გაერთიანება (SPD) გახლდათ. SPD-ს წევრებს შეეძლოთ, რომ „საგანგებო უფლებათა აქტის” მიღების დროს პარლამენტში არ გამოცხადებულიყვნენ ან რაიხსტაგის სხდომაზე მისვლისას მხოლოდ კანონის წინააღმდეგ ხმის მიცემით დაკმაყოფილებულიყვნენ. უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და მათი წინააღმდეგობა მაინც ვერაფერს ცვლიდა. თუმცა რაიხსტაგის მემარცხენე დეპუტატები აცნობიერებდნენ, რომ მათ უნდა შეენარჩუნებინათ საკუთარი ხალხისთვის ღირსების გრძნობა და რითიც შეეძლოთ იმ საშუალებით უნდა დაპირისპირებოდნენ დიქტატურისა და არაჰუმანური რეჟიმის საბოლოო ლეგიტიმაციის პროცესს.

ჰიტლერის ოპოზიციაში დარჩენილი ერთადერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები 1933 წლის 24 მარტის საპარლამენტო სხდომაზე სრული შემადგენლობით გამოცხადნენ, მხოლოდ მათ გაბედეს „საგანგებო უფლებათა აქტის” წინააღმდეგ ხმის მიცემა და შეშინებული, საკუთარი მოსახლეობის ღალატის გზაზე შემდგარი ცენტრისტული პარტიებისა მხილება. მეტიც, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ოტო ველსმა სიცოცხლის რისკის ფასად მიაშურა რაიხსტაგის ტრიბუნას და მეორე მსოფლიო ომამდელ გერმანიაში ბოლო ანტიფაშისტური სიტყვა წარმოთქვა: „ვერანაირი აქტი ვერ მოგცემთ თქვენ ძალაუფლებას, რომ გაანადგუროთ მარადიული და შეულახავი იდეები… თავისუფლება და სიცოცხლე შეიძლება წაგვართვათ, მაგრამ ღირსებას ვერ დაგვათმობინებთ!” ბუნებრივია, სხდომის დასრულების შემდეგ ველსს ქვეყნიდან გაქცევა მოუწია. ნაადრევ გარდაცვალებამდე ემიგრაციაში მყოფი ლიდერი ნაცისტური დაზვერვის მუდმივი დევნისა და თავდასხმების პირობებში ცხოვრობდა. მისი წარმოთქმული სიტყვა ევროპის პარლამენტარიზმის ისტორიაში ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს.

ჩვენ ძალიან ბევრი რამ ვიცით მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებული გმირების შესახებ. ხშირად აღფრთოვანებული ვართ შარლ დე გოლის წინააღმდეგობის მოძრაობითა და გენერალ ეიზენჰაუერის გამჭრიახობით. ზოგიერთი სტალინის კულტის თაყვანისმცემელიც გახლავთ. სამაგიეროდ, საქართველოში თითქმის არავინ მსჯელობს იმ ერთი შეხედვით დამარცხებული ადამიანების შესახებ, რომლებმაც ყველაზე მძიმე ეპოქაში პირველებმა შემოგვთავაზეს ნამდვილი სიმამაცისა და თავგანწირვის მაგალითები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი