ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

აქტივობები, მდგრადი განვითარებისთვის

გარემოს დაცვაზე არაერთხელ დამიწერია. ბოლო პერიოდში ჩემი ყველა აქტივობა მდგრად განვითარებაზეა ორიენტირებული. თანამედროვე სკოლაში გეოგრაფია უნდა გახდეს ის რგოლი, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს, გააცნობიეროს ბუნებისა და საზოგადოების, ბუნებრივი და სოციალური დისციპლინების მჭიდრო ურთიერთკავშირი. გეოგრაფია ეხმარება მოსწავლეს ცნობიერების ჩამოყალიბებაში, ეს კი, თავის მხრივ, ეხმარება მას, გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რაც სამყაროში ხდება.

ძალიან საინტერესოა, რას ფიქრობენ ჩვენი მოსწავლეები გარემოს დაცვაზე. მათი აზრებისა და დამოკიდებულებების მიმართ ინტერესი განსაკუთრებით ძლიერდება წლის ბოლოს, როცა კიდევ ერთ თაობას უშვებ დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე, როცა თან გიხარია და ამაყობ და ამავე დროს უზომოდ გიჭირს განშორება. წელს ხომ ჩემი ანანო ამთავრებს სკოლას.

ანანო, ნუცა, თამარი, ანა… გახსოვთ, რამდენი სტატიის თანაავტორები და გმირები არიან?

აი, რას წერს ანანო გაფრინდაშვილი (ჩემი ანანო):

„ის შეუფასებელია, ყველასა და ყველაფერშია და სიცოცხლე ჰქვია. მას ამ სამყაროში, ამდენ გალაქტიკასა და პლანეტას შორის, შეიგრძნობ მხოლოდ ერთადერთზე – დედამიწაზე.

რას ემსახურება ეკოლოგიური განათლება? იმას, რომ ჩვენი რეალური სახე დავინახოთ. დიახ, ჩვენი და არა სხვისი, რადგან ეს რამდენადაც მე მეხება, ზუსტად იმდენადვე გეხებათ თქვენ და სხვებს.

ეკოლოგიური განათლება ფაქტობრივ ცოდნასთან ერთად გულისხმობს ემპათიას, რის გარეშეც ვერ იარსებებს დედამიწაზე სიცოცხლე და თანაცხოვრება. სწორედ ემპათიის ნაკლებობის გამოა, აქამდე რომ მოვედით. გავიგოთ, რა სჭირს დედამიწას და მისი გაჭირვება ჩვენ როგორ გვავნებს, ან ჩვენ თუ ჯერ ვერ გვავნებს, მაშინ დავფიქრდეთ ჩვენს წვლილზე პრობლემაში.

მართალია, რთულია, მოსთხოვო ამ სახის ემპათია ადამიანს, რომელსაც მასლოუს პირამიდის წვერამდე ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი და საკუთარი თავის გადასარჩენად იბრძვის ყოველდღე. თუმცა ეს ადამიანები გაცილებით ცოტა ზიანს აყენებენ დედამიწას, იმათთან შედარებით, ვისაც ქონება, რაღაც სახის ძალაუფლება და ძალაუფლებასთან ერთად მეტი და მეტი ამბიცია აქვთ.

ადამიანურმა ამბიციებმა განვითარების ზენიტში აიყვანა მსოფლიო. გამოთქმაა ასეთი – „რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს“, ხოლო ჩვენს ყოფას დღევანდელი გადმოსახედიდან ასე შევაფასებდი: „რაც გვაძლიერებს, ის გვკლავს“.

ჩვენი მოვალეობაა, გავიაზროთ, რომ ადამიანის, ცხოველის, მცენარის, წვიმის, მზისა თუ თოვლის არსებობა შეუფასებელი და ერთადერთია“.

სტატიის სათაური კი ნუცა სეხნიაშვილის ესედან არის აღებული:

„ბავშვი სათავეა, დასაწყისია დიდი ადამიანისა“, – თქვა ილია ჭავჭავაძემ. შესაბამისად, ის, თუ როგორ პიროვნებად ჩამოყალიბდება ადამიანი, ბავშვობაში წყდება და სკოლას აქვს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გავლენა მის აზროვნებასა და ცოდნაზე. მაშასადამე, აუცილებელი ყოფილა ბავშვისთვის სკოლაშივე გარემოს სიყვარულისა და მოფრთხილების ჩანერგვა, რათა ზრდასრულობაშიც გაითვალისწინოს დედაბუნების ინტერესები“.

„დაუვიწყარია სტუმრობა გეოგრაფიულ საზოგადოებაში, ჩვენი სახელმძღვანელოების ავტორთან, მაია ბლიაძესთან შეხვედრა. რადგან ყველა ვერ დაესწრო, ჩვენ მოვაწყვეთ სემინარი და ქალბატონი მაიასგან მიღებული ინფორმაცია გავაცანით ჩვენი სკოლის უფროსკლასელებს. თამაშებისთვის დავამზადეთ ბარათები და პლაკატები. იმედი მაქვს, რომ ჩვენმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და იმ დღეს ვიღაც სახლში ოდნავ უფრო მეტი ცოდნითა და შეგნებით წავიდა.

გერმანულის გაკვეთილიც ხშირად ქცეულა ბუნების დაცვაზე არგუმენტების მოყვანის, დასაბუთებისა და ახალი ინფორმაციების შეცნობის სივრცედ, ოღონდ, რა თქმა უნდა, გერმანულად და ბოლოს ნასწავლი სიტყვების გამოყენებით. ლეონარდო და ვინჩიმ თქვა, ბუნება ისეა მოწყობილი, რომ ყველგან რაღაცას ასწავლისო. არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი და ვიტყოდი, რომ ახალ-ახალი ინფორმაციები ბუნების დაცვაზე ყველგან გვხვდება: დასვენებაზე ისტორიის მასწავლებლისგან, წინა დღეს რომ შეამჩნია, ვიღაცა სიგარეტის ნამწვავს მანქანიდან აგდებდა და თავაზიანად სთხოვა, აიღე და გადააგდეო; კლასელისგან, სკოლის შემდეგ ავტობუსის გაჩერებაზე ახალ ნიღაბს რომ იკეთებდა და გადაკვრით გვითხრა, თურმე სამედიცინო ნიღბის საყურეებში ჩიტები იხლართებიან ნაგავსაყრელზე და გადაგდებამდე მათი დაძრობა ჯობიაო; ხშირად მასწავლებლები ექსკურსიების, პიკნიკის ან საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვების შემდეგ გარემოს დასუფთავებას რომ იწყებენ, ბავშვებს მაგალითს აძლევენ და იმავეს გაკეთებისკენ უბიძგებენ. გარემოსდაცვითი განათლება არ არის კონკრეტული საგანი, ის ყველა სხვა საგნის და ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია“.

აი, ასეთი მოსწავლეების გაცილება მიწევს ამ სასწავლო წელს. თითქოს გუშინ მოვიდნენ სკოლაში, ბედნიერები და ცოტა დამფრთხალი სახეებით, თვალებციმციმა ვარსკვლავები.

„ეკოლოგიური პრობლემები თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, მათი გადაჭრის გზების გამონახვა კი კაცობრიობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ამოცანაა. ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა საკითხი, მისი მოგვარების ქვაკუთხედიც განათლებაა“, – წერს მეთერთმეტეკლასელი თამარ გადელია.

თამარი იქითა საქართველოდან არის. ყველა ჩვენგანის საოცნებო საქართველოდან.

– მასწ, ხომ არ გგონიათ, ომი იქ დამთავრდა? უკვალოდ არ გამქრალა, ომი მთელი ცხოვრება გრძელდება, ის ჩვენშია. თაობებზე გადმოვიდა და… – მითხრა თამარმა. ვიგრძენი, რომ ორივეს ბურთი გაგვეჩხირა ყელში და ცრემლი მოგვაწვა.

„ჩვენ დაგვავიწყდა, როგორ ვიყოთ კარგი სტუმრები, როგორ ვიაროთ დედამიწაზე მსუბუქად, ისე, როგორც ამას მისი სხვა ბინადრები აკეთებენ“, – არ ვიცი, ვისი სიტყვებია ეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანის ყოველდღიური სამოტივაციო ციტატა. სწორედ ასეთი აზროვნება ვისწავლე და დავუკავშირე მას ჩემი ცხოვრება, რომელიც, ვცდილობ, იყოს ენერგოეფექტური და ეხმარებოდეს გარემოს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში. ხოლო იმისათვის, რომ დაიწყო რაიმე საკითხის მოგვარების გზების ძიება, მნიშვნელოვანია ჯერ მისი შესწავლა და ფაქტების ანალიზი. ჩემთვის ცნობილია, რომ დღეს არსებული გარემოს პრობლემების მოსაგვარებლად კომპლექსური მოქმედებაა საჭირო. ამის გამო, მიმაჩნია, რომ ჩვენ ვართ ერთი დიდი სისტემის ნაწილი, რომლის თითოეული კომპონენტის ფუნქციონირება ერთნაირად გამართული უნდა იყოს, ერთ-ერთის მორღვევა კი გამოიწვევს მთელი მექანიზმის მოშლას. ამიტომ, თუ ფეხით დავდივარ, არ ნიშნავს, რომ შემიძლია ვიხმარო განუსაზღვრელი რაოდენობის პლასტმასა ან ქაღალდი. როგორც სკოლის მოსწავლეს, ზემოთ ხსენებული მასალებისგან დამზადებული პროდუქცია ნამდვილად მჭირდება, მაგრამ გამოსავალი შემდეგშია – ერთჯერადის ნაცვლად ვიყენებ მრავალჯერად მინის ბოთლს. მაქსიმალურად ვავსებ რვეულის თითოეულ გვერდს, სანამ მეორეზე გადავალ. ჩემი ცხოვრება სავსეა ასეთი მარტივი ელემენტებით“.

აი, ასეთია თამარი. ხან მხიარული და ხმაურიანი, ხან კი დაფიქრებული და სევდიანი. მიზეზი არ ვიცოდი. ძალიან ჭკვიანი და გონიერი თამარი გამორჩეული და წარმატებული მოსწავლეა. არჩევანი გავაკეთეო, მახარა ცოტა ხნის წინ – გარემოს დაცვის მიმართულებით მინდა გავაგრძელო სწავლაო. სადაც უნდა იყოს და რასაც უნდა აკეთებდეს, ვიცი, წარმატებული იქნება.

„ადამიანმა ბუნების შესწავლა ჯერ კიდევ ანტიკური დროიდან დაიწყო. ადამის შვილებსა და ბუნებას შორის ურთიერთობა დროთა განმავლობაში განვითარდა, შემგროვებლებისა და მონადირეების დროიდან ტექნოლოგიურ ხანამდე. მოგვიანებით ბერძნულ და რომაულ ისტორიაში საწვავი და გემთმშენებლობისთვის საჭირო საშენი მასალების მოსაპოვებლად ხმელთაშუა ზღვის აუზში მრავალი მთის ფერდობზე გაიჩეხა ტყე და ამის შედეგად გახრიოკებული ლანდშაფტების ნახვა დღესაც შეიძლება“, – ეს მეთერთმეტეკლასელი თბილი და მოღიმარი ელენე გოჭოშვილია, რომელსაც მუდამ აქვს პასუხი.

მეცხრეკლასელებიც მინდა გაგაცნოთ. ეს ის ასაკია, როცა უკვე კარგად ვუგებთ ერთმანეთს. იციან, რა და როგორ უნდა გააკეთონ. პატარა გამოგონებაც კი აქვს უკვე ლიზი კახეთელიძეს, რომელიც შრომისმოყვარეობით გაგაოგნებთ:

„ნიადაგის დაბინძურებაზე უფრო დეტალურად სკოლაში შევიტყვე და გადავწყვიტე, შემექმნა ორი ნივთი, რომლებითაც გარემოს დაცვას მცირედ შევძლებდი. პირველ გამოგონებაში დაპატარავებული ტანსაცმელი გადავაკეთე ჩანთებად. ამით შევამცირე პოლიეთილენის გამოყენება, რომელიც საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს გარემოზე. ზუსტად პოლიეთილენის პარკების გამო იღუპება უამრავი წყალქვეშა ცხოველი, რადგან მათ ის საკვები ჰგონიათ. მე ასევე შევძელი გადამემუშავებინა ორი რამ – წყლის ბოთლი და ყურის საწმენდი ბამბა. მივიღე მექანიზმი, რომლითაც მცენარეებს ვრწყავ. ბოთლის თავსახურს გავუხვრიტე თავი, შემდეგ კი იქ გავუკეთე ყურის საწმენდი ბამბა. ბოთლში წყლის ჩასხმის შემდეგ მცენარეები მარტივად, უჩემოდ ირწყვება“.

ყველაზე მეტად კი ეთო აბულაძემ და ანა წილოსანმა გამაკვირვეს. მათ ხომ, არც მეტი, არც ნაკლები, მისი უდიდებულესობა მოდა და გარემოზე მისი გავლენა გააკრიტიკეს:

„უამრავი პრობლემიდან ჩემთვის ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა მოდა და მისი გავლენა გარემოზე. გიფიქრიათ, ყოველწლიურად რამდენ ტანსაცმელს ვყიდულობთ, რომლებსაც რამდენიმე გამოყენების შემდეგ ნაგავსაყრელზე მოვისვრით ცუდი ხარისხის გამო? იაფფასიანი სამოსის ყიდვა შემდგომში ნივთის მოხმარების ხანგრძლივობაზე აისახება. ეს ყველაფერი სწრაფი მოდაა, რომელიც იმდენად მალე ცვდება, რამდენად სწრაფადაც შეიქმნა. ტრენდის სწრაფი წარმოება, რეპლიკაცია, დაბალი ფასები – ეს ყველაფერი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს არა მხოლოდ გარემოს, არამედ მყიდველსა და წარმოებაში ჩართულ ადამიანს“, – წერს ეთო.

„სწორედ ამ დროს იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სამოქალაქო მოძრაობები და სწორი პროტესტი. ყველამ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა, რომ წინ აღუდგეს მსგავს უსამართლობას სიტყვით თუ საქმით. იმისთვის, რომ ჩვენ, ცალკეულმა ინდივიდებმა, ხელი შევუშალოთ სწრაფი მოდის რისკებს, შეგვიძლია შევიძინოთ ტანსაცმელი მეორადი მაღაზიებიდან, განვაახლოთ ან შევაკეთოთ ჩვენი ძველი სამოსი და ფეხსაცმელი, გავაჩუქოთ და გავყიდოთ ჩვენი ნივთები და ა.შ. ადამიანი ათასობით წელია ზემოქმედებას ახდენს გარემოზე, თუმცა მისი საქმიანობა არასოდეს ყოფილა ისეთი დამაზიანებელი, როგორიც ახლაა. სწორედ ამიტომ გვაქვს მორალური ვალდებულება, მეტი ვაკეთოთ მომავალი თაობებისთვის, რათა შევუნარჩუნოთ ის, რაც ჩვენამდე მოვიდა“, – ასე ზრუნავს ანი გარემოზე.

გლობალურ პრობლემებზე საუბრისას ახალი იდეაც დაიბადა. ნიკა კალანდიას სიტყვები – „დედამიწასთან ლაპარაკი“ – დღის ფრაზად გამოვაცხადეთ. ნომინაციებიც დავაწესეთ: თვის და წლის ფრაზა.

– მასწ, თავიდან მე-7 კლასში განსხვავებულმა გაკვეთილებმა ჯერ გამაკვირვა, მერე მომეწონა და ახლა ვიცი, რომ მაგარი ხართ, – მითხრა თამარმა.

მაგრები, გონიერები, ჭკვიანები თქვენ ხართ. უკეთეს ქვეყანასაც თქვენ ააშენებთ და იქნებ დაბრუნდეთ კიდეც იქითა საქართველოში.

ნუცას სიტყვებით დავასრულებ: „რადგან თანამედროვე სამყაროში ნაკვალევის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია, გარმოსდაცვითი განათლება დამეხმარა შუალედის პოვნაში, რომლისთვისაც ჯერ ვერ მიმიღწევია, მაგრამ მისკენ სვლას ვაგრძელებ“.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი