პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

დალი ფანჯიკიძის ამოცანა

– მგონი, დასვენება დავიმსახურე, – თქვა დალი ფანჯიკიძემ ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში 2013 წელს. ამ სიტყვების წაკითხვისას საკუთარი თავით კმაყოფილი კი არა, თავის ნაშრომით ბედნიერი ადამიანი წარმომიდგა თვალწინ და ასეც დამამახსოვრდა.

ძნელია, დალი ფანჯიკიძე არ დაგმახსოვრებოდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი ჯერ პოპულარული მწერალი ქმრის და შემდგომ გენიალური ავტორების უკან იდგა ყოველთვის.

– მეგრელებმა ვერ მაპატიეთ, ქმრის გვარზე რომ გადავედი, – მითხრა მაშინ, როცა ჩემი მოსწავლეობის დროინდელი ამბავი გავიხსენე: რესპუბლიკურ კონფერენციაზე, შემოქმედებით სექციაში, როგორ გვირჩია სექციის ხელმძღვანელმა მთელი საქართველოდან ჩამოსულ ბავშვებს ერთი უცნობი გერმანელი ავტორი, – ბევრ რამეს გასწავლით და მოგცემთ, თან ისე ბრწყინვალედ თარგმნა დალი კოკაია-ფანჯიკიძემო.

„გუგლისა“ და ელექტრონული ლექსიკონების ეპოქაში მთარგმნელები ალბათ ვერ წარმოიდგენენ, რა ჯაფა დაადგებოდა რკინის ფარდის გადმოღმა მყოფ ადამიანს, ვინც გადაწყვიტა, თომას მანის „ბუდენბროკები“ და „ჯადოსნური მთა“ ეთარგმნა და ტექსტის შესწავლის, სტილის მიგნების, არაერთი სირთულის გადასალახად და უამრავი მსხვილმან-წვრილმანისთვის ქართული შესატყვისის მოსაძებნად კოლოსალური შრომა გასწია. დალი ფანჯიკიძეს დიდი ხნის შემდეგ, ოცდამეერთე საუკუნის 10-იანებში, როცა კორექტურისთვის უგზავნიდნენ თარგმნილი რომანების ვეება ხელნაწერებს, უკვირდა, – რამ მათარგმნინა, რამ გადამაბრუნებინა ეს მთებიო. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ უარი არ უნდა ეთქვა ოჯახის ყოველდღიურ საქმეზე და პედაგოგის პროფესიაზე. მასთან ხანგრძლივი ურთიერთობა სულაც არ იყო საჭირო, რომ მიხვედრილიყავი იმას, რამაც შეაძლებინა „ამ მთების გადაგორება“.

ერთგულება და პროფესიონალიზმი. პასუხისმგებლობის განცდა და საკუთარი თავისთვის დაწესებული მაღალა თამასა. პირდაპირი – ზოგის თვალში მკაცრი – ხასიათი და სათარგმნი ტექსტის სრულყოფილად შესწავლის სავალდებულო წესი… – ამ ჩამონათვალისთვის კიდევ ბევრი წახნაგის მიმატება შეიძლება განსაკუთრებით იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში მეგობრობდნენ და თანამშრომლობდნენ დალი ფანჯიკიძესთან.

მახსოვს, 2010 წელს, როცა „არტანუჯში“ გრიგოლ რობაქიძის „ჰიტლერისა“ და „მუსოლინის“ წარდგენა გავმართეთ, წიგნების მთარგმნელებმა თავიანთი შემოქმედებითი ლაბორატორიის შესახებ ისაუბრეს და დალი ფანჯიკიძეს ესიამოვნა კოლეგის – ნანა გოგოლაშვილის დადებითი რეპლიკა:

– ნანასგან ცოტა გამიკვირდა, ძალიან მკაცრი და კრიტიკულია ხოლმე, არ გამოირჩევა საქებარი სიტყვებით.

– რას ამბობ, დალი? – აღელდა ქალბატონი ნანა, – მგონი მე მომაწერ შენს თვისებას, შენ უფრო ხარ ასეთი.

დიქტატორების თემით დაზაფრული აუდიტორია გახალისდა. დალი ფანჯიკიძე და ნანა გოგოლაშვილი ცოტა ხანში კიდევ ერთხელ მიუბრუნდნენ რობაქიძის შემოქმედებას: „ქალღმერთის ძახილი“ და „მეგი – ქართველი გოგონა“ 2012 წლის ზაფხულში და შემოდგომაზე გამოვეცით. ერთ მწერალთან მიბრუნება დალი ფანჯიკიძისთვის უცხო არ ყოფილა (თომას მანი, მაქს ფრიში), მაგრამ რობაქიძე არ იყო მისი საყვარელი მწერალი. მეტიც – მთარგმნელი  არც მალავდა თავის კრიტიკულ დამოკიდებულებას და რომანის გერმანულ ტექსტში გაპარულ შეცდომებზე – ზოგჯერ კურიოზულ შეცდომებზე – საჯაროდ ლაპარაკსაც არ მორიდებია „ქალღმერთის ძახილის“ გამოცემის შემდგომ (ერთ-ერთი ასეთი იყო Milkbruder, რაც ქართული „ძუძუმტის“ მნიშვნელობით გვხვდება დიდერიხსის 1934 წლის გამოცემაში. ბუნებრივია, ხელოვნურად შერჩეული ეს კომპოზიტი ბევრს ვერაფერს მისცემდა გერმანულენოვან მკითხველს). თუმცა, მიუხედავად ამისა, როგორც ნამდვილი პროფესიონალი, შეიძლება ითქვას, ნამდვილი არტისტი, რომელიც თანაბარი პასუხისმგებლობით ასრულებს მისთვის განაწილებულ როლს, დალი ფანჯიკიძე შესაშური პასუხისმგებლობით ეკიდებოდა საქმეს და არ განასხვავებდა საყვარელ თუ მისი მთარგმნელობითი ბიოგრაფიისთვის სრულიად უცხო ნაწარმოებს. ეს ერთგვარი ამოცანა იყო მისთვის, რომ სხვადასხვა სტილის, მასშტაბისა და ფორმატის ავტორი გაექართულებინა და თავი არსად არ დაეზოგა.

იშვიათად დაეტყობოდა ემოცია, პირად საუბარშიც მიკიბვ-მოკიბვის გარეშე და გაჭრილად ამბობდა იმას, რასაც ფიქრობდა თარგმანზე და ადამიანზე. „ნამეტანი კარტულობა ნაკლია თარგმანისთვის, არადა ჩვენთან ღირსებად უთვლიანო“ – თქვა ერთხელ ჩვენთან სტუმრობისას, და უცებ, – „ზვიად, ეს თქვენი ოთახია?“ – ჩამეკითხა. თავი რომ დავუკარი, აღელვება დაეტყო, – „მერე ცოტა შეავლეთ ხელი, არ გიჭირთ ამ ქაოსში?“

წიგნი, რომელიც მეთერთმეტეკლასელს შემოქმედებითი სექციის ხელმძღვანელმა გვირჩია, ცოტა მოგვიანებით წავიკითხე. „ახალგაზრდა ვ.-ს ახალი ვნებანი“ პოეტური კრებულივითაა, მოცულობით რომ არ უნდა განსაჯო. ის დალი ფანჯიკიძის მიერ თარგმნილ ტიტანების წიგნებში სულ იოლად ჩაიკარგება, თაროზე შეიძლება არც მოგხვდეს თვალში. მაგრამ ეს ტექსტი განსაკუთრებით ფასეული იყო როგორც ერთი მთარგმნელის, ისე ქართული ენის ახალი შესაძლებლობის აღმოსაჩენად. ჯერომ სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“ (ვახტანგ ჭელიძე, 1963 წ.), ენტონი ბერჯესის „მექანიკური ფორთოხალი“ (გია ჭუმბურიძე, 1990 წ.) და ულრიხ პლენცდორფის „ახალგაზრდა ვ.-ს ახალი ვნებანი“ (დალი ფანჯიკიძე, 2003 წ.) ქართული სლენგის გენეზისის ერთი მნიშვნელოვანი ხაზია, რომელიც ამ წიგნების ხარისხიანად თარგმნის გარეშე არ იარსებებდა.

არადა, რამდენს დავკარგავდით თუნდაც ამ ეპიზოდის გარეშე:

„თუ წარმოგიდგენიათ უჯინსოდ ცხოვრება? ჯინსზე კეთილშობილი შარვალი დედამიწის ზურგზე არ არსებობს! ერთი ჯინსი მირჩევნია მოდების სალონის მთელ იმ სინთეტიკურ ძონძებს. ჯინსს ყველაფერს ვანაცვალებ ერთი რამის და ჰო, კიდევ მუსიკის გარდა. ოღონდ მუსიკაში არ გეგონოთ, ვიღაც ჰენდელზონ-ბახოლდის ვგულისხმობდე, ნაღდ მუსიკას გეუბნებით, ხალხნო! ბახოლდის ან სხვას კი არაფერს ვერჩი, მაგრამ ისინი ჯიგარში არ ხვდებიან. ჯინსებსაც ნაღდს ვგულისხმობ. რამდენი ნაყარ-ნუყარია, ვითომ ნაღდ ჯინსს რომ ჰგავს, მაგრამ ისეთის ჩაცმას, სულ არ გეცვას შარვალი, ის სჯობია. ნამდვილ ჯინსს, მაგალითად, წინ ზმეიკა არ უნდა ჰქონდეს, მოკლედ, ნაღდი ჯინსი მხოლოდ ერთია. ვინც ნაღდი ჯინსავიკია, ის კი მიხვდება, რომელზეც ვამბობ. ოღონდ არ გეგონოთ, ვისაც ნამდვილი ჯინსი აცვია, ყველა ნაღდი ჯინსავიკი იყოს. რამდენიც გინდა, ვიცი, არც იცის, ტანზე რა აცვია. ეგრევე ვიბოღმებოდი, ვინმე ოცდახუთი წლის პიჟონს ჯინსით რომ დავინახავდი. ჩატენიან თავიანთ ქონიან კოზლას ჯინსში და მერე წელამდე აიქაჩავენ, ჯინსი თეძოებზე შემოსაჭერი შარვალია, თეძოებზე თუ არა გაქვს შემოჭერილი და ხახუნის ძალა არ აჩერებს, ეგრევე ძირს ჩამოგვარდება. აბა, ქონიან ბარკლებზე და, მით უმეტეს, ქონიან კოზლაზე შეიძლება ჯინსის შემოჭერა? ამას ოცდახუთი წლის გოიმი რას მიხვდება. ეს იმას ჰგავს, გულზე კომუნისტის ჟეტონი გეკეთოს და სახლში ცოლს უბაგუნებდე. მე თუ მკითხავთ, ჯინსი შარვალი კი არ არის, მთელი პრინციპია.“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი