ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ცენტრი, რომელიც სკოლებს ეხმარება

რამდენიმე თვის წინ ჩვენს ელექტრონულ გაზეთში კურტ ლიოვენშტაინის ცენტრის შესახებ ვწერდი. გერმანიაში ეს დაწესებულება ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საგანმანათლებლო ცენტრია, რომელიც სხვადასხვა ტიპის სკოლებისთვის დამატებით სასწავლო-სამეცნიერო რესურსებს ქმნის. მაშინ მხოლოდ ბუნდოვნად ვიცოდი, რომ ამგვარი შინაარსის ორგანიზაცია საქართველოშიც არსებობდა.

 

თბილისის ცენტრში, ძველ სოლოლაკში, ქალაქის ყველაზე მყუდრო ქუჩაზე, კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი „კავკასიური სახლი” მდებარეობს. დაწესებულების სახელწოდება მრავლისმთქმელია და ათასგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა. უცხო ადამიანმა შესაძლოა იფიქროს, რომ სახლი მხოლოდ კავკასიელ ხალხებს შორის კავშირების განმტკიცებაზე მუშაობს და არაფერი აქვს საერთო საჯარო სკოლების მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან. არაკომერციული ორგანიზაციის საქმიანობის პრინციპებიც ნაკლებ ხმაურსა და განსაკუთრებულ თავმდაბლობაზეა დაფუძნებული. მაშასადამე, აუცილებელია, თავად აღმოვაჩინოთ „კავკასიური სახლი” და მის მიერ საგანმანათლებლო სექტორისთვის გაკეთებული საქმე. დღეს მხოლოდ კულტურულ ურთიერთობათა ცენტრისა და სკოლების ურთიერთობის შესახებ მოგითხრობთ, არაფერს ვიტყვი ამ ორგანიზაციის წარმომადგენელთა მიერ ბრწყინვალედ თარგმნილ და გამოცემულ ყურანზე, იოსებ ბროდსკისა თუ ჰერმან ჰესეს შემოქმედებაზე და მსოფლიოს ლიტერატურული მემკვიდრეობის სხვა უმნიშვნელოვანეს ნიმუშებზე.

ერთხელ, უნივერსიტეტიდან შინისკენ მიმავალი, ვარაზისხევში ერთ უცნობ თანატოლს გადავეყარე. უცნობი პირდაპირ მოიჭრა ჩემთან და სხვადასხვა საკითხზე აზრი მკითხა. მეც არ დავიბენი და სიამოვნებით ავყევი საუბარში. ბოლოს მისი ვინაობაც გავარკვიე. ახალგაზრდა წარმოშობით სოფელ ნუკრიანიდან ყოფილა. რეგიონებიდან ამბების მოგროვება ჩემი სუსტი წერტილია, ამიტომ თანამოსაუბრეს დაწვრილებით გამოვკითხე მშობლიური სოფლის შესახებ. მისმა პასუხებმა გამაოცა. ცხადია, ნუკრიანიც სხვა ღარიბი ქართული სოფლების მსგავსად ცხოვრობს, მაგრამ იქ თურმე საჯარო სკოლისთვის სასარგებლო აქტივობებიც იმართებოდა.

მაგალითად, რამდენიმე წლის წინ ენთუზიასტთა მცირერიცხოვან ჯგუფს სოფელში მულტიკულტურული საზაფხულო სკოლა მოუწყვია. საზაფხულო სკოლაში ქალაქელი და ადგილობრივი ბავშვები, ქართველები, ქურთები, სომხები და რუსები ერთად სწავლობდნენ კავკასიოლოგიას, ეკოლოგიას, ქართულ ენასა და ხელოვნებას. ცხადია, საზაფხულო ბანაკის რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი სოფლის სკოლაშივე დარჩა. ამავე ჯგუფს ნუკრიანის სკოლის რეკონსტრუქციისა და მისი ბიბლიოთეკის გამდიდრებისთვისაც გამოუნახავს ფინანსური რესურსები. ჯგუფს ნუკრიანი დიდხანს არ ავიწყდებოდა და ადგილობრივი ქალებისა თუ მოსწავლე გოგონებისთვისაც ცდილობდა პატარა საამქროების მოწყობას. სოფელ ნუკრიანში საგანმანათლებლო საქმიანობის მთავარი წამახალისებელი და სკოლის შენობის რეკონსტრუქციაზე მომუშავე ჯგუფი „კავკასიური სახლი” აღმოჩნდა.

ნუკრიანის პრეცენდენტმა ჩემთვის არიადნას ძაფის ფუნქცია შეასრულა. კახეთის შემდეგ „კავკასიური სახლის” მიერ ფეხზე დაყენებული, მოწესრიგებული, წიგნებითა და საგანმანათლებლო რესურსებით გამდიდრებული სკოლა ფშავშიც აღმოვაჩინე. შუაფხოს საჯარო სკოლას თურმე დიდხანს უნარჩუნებდა სიცოცხლეს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის თანადგომა. სულ ბოლოს თავად მოვინახულე ხუდონჰესის წინააღმდეგ მებრძოლი სვანური სოფელი ხაიში და მისი საჯარო სკოლის შთამბეჭდავი წიგნსაცავი, რომელიც ასევე ჩემთვის ოდესღაც უცნობ სახლს გაუმდიდრებია, მოუწესრიგებია.

მოგვიანებით კავკასიოლოგიური სახალხო უნივერსიტეტის შესახებაც შევიტყვე. სახალხო უნივერსიტეტი, ფაქტობრივად, მოდერნიზებულ საკვირაო სკოლას წარმოადგენს. არასასკოლო დღეებში უფროსკლასელები და ახალბედა სტუდენტები ერთად იკრიბებიან, რათა ცნობილი პროფესიონალებისა თუ მონდომებული მოხალისეებისგან მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვან თემებზე ლექციები მოისმინონ. შეუძლებელია, უარი თქვა ლევან გიგინეიშვილის მომაჯადოებელ დიალოგებში მონაწილეობაზე, კვალიფიციურ პროფესორებთან ერთად კავკასიელ ხალხთა დინამიური ისტორიისა თუ ეკოლოგიური პასუხისმგებლობის საკითხების განხილვაზე. რაც მთავარია, ყველა დისკუსია და სემინარი ვიდეოპორტალზე იტვირთება და ნებისმიერ მსურველს უსასყიდლოდ შეუძლია დამატებითი საგანმანათლებლო რესურსების გაცნობა.

ვფიქრობ, ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ჯგუფები, რომლებიც დანგრეული სკოლების აღდგენაზე, ახალი სასწავლებლების აშენებაზე, მთიანი რეგიონების დაცლისგან გადარჩენაზე, მოსწავლეთა ძველი წიგნსაცავების განახლებაზე და თანამედროვე ლექციებისა თუ დისკუსიების საყოველთაო ხელმისაწვდომობაზე ზრუნავენ. ვიმედოვნებ, მომავალში გაცილებით მეტი ორგანიზაცია გამოუცხადებს სოლიდარობას სკოლებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი