პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მეგობრები და წიგნები

მეგობრები არ ითვლიან ჭორფლებს – ღაწვებზე, ნაოჭებს – თვალების ქვემოთ, ჭაღარას თმაში.
მეგობრები არ ითვლიან ბიჭებს, რომლებთანაც არ გაგიმართლა, ბიჭებს, რომლებთანაც გაგიმართლა.
მეგობრები არ ითვლიან წამებს, წუთებს, საათებს, დღეებს,  რომლებიც ერთად გაატარეთ.

მეგობრები არ ითვლიან შენს ხელფასს, არც დღეებს,  რომელიც ხელფასამდე დარჩა.

მეგობრები არ ითვლიან შენს მომატებულ კილოგრამებს, არც დაკლებულს ითვლიან, საერთოდ, მეგობრები არ ითვლიან კილოგრამებს.

მეგობრები არ ითვლიან შენს მესიჯებს, მიღებულ თუ გამოტოვებულ ზარებს,  მიწერილ თუ დაბრუნებულ წერილებს.

მეგობრები არ ითვლიან შენს წაკითხულ წიგნებს, ნანახ ფილმებს, მოსმენილ მუსიკას. მით უმეტეს არ ითვლიან, თუ ერთად წაიკითხეთ, ერთად ნახეთ და ერთად მოისმინეთ.

მეგობრები არ ითვლიან შენს წარუმატებლობებს, შენი გამოცდის ქულებს, ვერჩაბარებულ გამოცდებს, ვერაღებულ დიპლომებს.

მეგობრები არ ითვლიან რამდენჯერ გაგიწიეს დახმარება, რამდენჯერ დაგიხსნეს გამოუვალი სიტუაციიდან, რამდენჯერ გადაგარჩინეს.

მეგობრები არ ითვლიან, რამდენჯერ მოგიდუღეს ყავა, გაგიმზადეს ჩაი, მით უმეტეს, არ ითვლიან ცხელ სასმელში ჩაყრილ შაქრის ნატეხებს.

მეგობრები არ ითვლიან შეცდომებს შენს მეტყველებაში, არც მათდამი მიწერილ ბარათებში ითვლიან გრამატიკულ შეცდომებს.

მეგობრები არ ითვლიან წიგნებს, რომლებიც გათხოვეს და არ დაუბრუნე. (არა, არა მოგატყუეთ, ამას მეგობრები ითვლიან).

და, რაც ყველაზე მთავარია, მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს.
….დღეს უკვე აღარაა 21 მარტი – დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე.  წინ მთელი ერთი წელია იმ დღეებამდე, როცა ისევ გადავიღებთ ფერად-ფერად და პოზიტიურ ფოტოებს ჭრელი წინდებით.  მანამდე მთელი ერთი წელია.

ჩვენ ყველანი ვსაუბრობთ, რომ სოციალიზაცია, გარემოში  ჩართულობა, საზოგადოებასთან ინტეგრაცია – მოკლედ, მეგობრობა უმთავრესია.

ჰოდა, ამ დღეებში, მეგობრობაზე ფიქრისას, როგორც ყოველთვის,  ბავშვობასა და ბავშვობის წიგნებში დავბრუნდი.

მე მყავდა სკოლის მეგობარი, რომელიც ზედგამოჭრილი პეპი იყო, დღესაც ჩემს პატარა ბიჭს პეპის, ანიკას და ტომის საოცარ თავგადასავლებზე რომ ვუამბობ, ჩემი ბავშვობის მეგობარი, ნათია მიდგას თვალწინ.

მერე, დიდობისას,  გავიცანი ნამდვილი ტისტუ, ბიჭი, რომელიც აივანზე საოცარ ყვავილებს ახარებდა და თვითონაც ყვავილივით ლამაზი სული ჰქონდა.

კიდევ ერთ მრავალშვილიან და მხიარულ ოჯახს ვიცნობდი, ძაღლიც ჰყავდათ – თითქოს ჩემი უსაყვარლესი წიგნიდან  გამოსულიყვნენ.

ჰეკლბერი ფინსაც ვიცნობდი, ჩემს პარალელურ კლასში სწავლობდა და ბევრი უწმაწური სიტყვა იცოდა.

მოკლედ, ჩემი საყვარელი საბავშვო წიგნების გმირები ჩემ ირგვლივ არსებობდნენ და ქმნიდნენ ჩემს პატარა, ბავშვურ, ჯადოსნურ სამყაროს.

მაგრამ,  სამწუხაროდ, არცერთი წიგნი არ წამიკითხავს, რომლის პერსონაჟიც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი იქნებოდა, ასეთი წიგნები ჩემი სკოლის ბიბლიოთეკაში თუ სახლის თაროებზე უბრალოდ არ იყო.

არადა, როგორი მნიშვნელოვანია დღეს ასეთი მხატვრული ლიტერატურა გვქონდეს ქართულ ენაზე. ვფიქრობ, ქართველმა საბავშვო მწერლებმა ამაზე ფიქრი აუცილებლად უნდა დაიწყონ. ხოლო სანამ ისინი დაწერენ, გამომცემლობებს შესანიშნავი ნაწარმოებების თარგმნა შეუძლიათ.

მაგალითისთვის, ამას წინათ წავიკითხე ამერიკელი მწერლის ელიზა ვოლოსონის წიგნი „ჩემი მეგობარი იზაბელი”, ის  ორი განუყრელი მეგობრების იზაბელისა და ჩარლის მეგობრობაზე გვიამბობს, იზაბელს დაუნის სინდრომი აქვს, თუმცა ეს არ უშლით ხელს ბავშვებს ძალიან მხიარულად და საინტერესოდ გაატარონ დრო.

მეორე ამერიკელი მწერლის, ელიზაბეტ სტიუვ-ბოდინის წიგნი „მოდი, დავხატოთ წითელი რვაფეხა” პატარა გოგონას ამბავს მოგვითხრობს, რომელსაც დაუნის სინდრომის მქონე ძმა გაუჩნდა. როგორ ელოდებიან ოჯახში პატარას, რა მზადება და ფაციფუცია, როგორ უყვარს თავისი პატარა ძმა და როგორი ბედნიერებაა, როდესაც ოჯახის წევრები ერთმანეთს უფრთხილდებიან – ნამდვილი საოჯახო საკითხავია.

 

როდესაც ნებისმიერი ადამიანი თქვენი საყვარელი წიგნის პერსონაჟი ხდება, როდესაც ლიტერატურა გიადვილებს მის ხასიათს, თავისებურებებს, პრობლემებს ჩასწვდე, ურთიერთობაც და მეგობრობაც გაცილებით იოლი ხდება.

შენ უბრალოდ წინასწარ იცი, რომ ჰეკ ფინს გახამებული პერანგი არ უნდა აჩუქო დაბადების დღეზე, ხოლო ტომ სოიერს არაფრით არ მოეწონება თუნდაც ყველაზე ლამაზი ვიოლინო საჩუქრად. პეპის – ფუშფუშა კაბას არ მიუტან, ხოლო ანიკას – შურდულს.

ამ ყველაფერს გასწავლიან მხიარული, საინტერესო და ინფორმაციული წიგნები, რომელიც  ძალიან, ძალიან სჭირდება პატარა მკითხველს.

თუ  კარგად დაძებნით, ასეთ წიგნს ბევრს იპოვით, სამწუხაროდ, ქართულად ჯერ არა, მაგრამ იმედია, თანდათან ჩვენთანაც შეიძენს საბავშვო ლიტერატურა კიდევ ერთ, მნიშვნელოვან ფუნქციას, დაწეროს საზოგადოების პრობლემებზე, სტიგმებსა თუ კლიშეებზე, ინკლუზიასა და თანასწორობაზე, რადგანაც საბავშვო ლიტერატურა მრავალი რთული საკითხის ადრევე, მარტივად და სიყვარულით გადაწყვეტის შესანიშნავი საშუალებაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი