ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

რას ვესაუბრებით ბავშვებს ომზე

ცხელი აგვისტოს შუადღეა, საზაფხულო არდადეგებს სოფელში ვატარებ, ექვსი ან შვიდი წლის ვარ. ბიძაშვილებთან ერთად ვენახში მზით გახურებულ მიწაზე ფეხშიშველა დავრბივარ. ძალიან ცხელა. ვენახში ატამია დამწიფებული, სახლეჩი ატამი, ბუსუსებიანი და ვარდისფერი. ბავშვური უზრუნველობითა და უდარდელობით არის გაჯერებული ყოველი დღე. ყველა, ვინც გვიყვარს და სიმშვიდეს გვანიჭებს, ახლოს გვყავს და კარგად – ეს მთავარი პირობაა ბავშვური უდარდელობისთვის. მოულოდნელად, ჩვენს თავზე თვითმფრინავი გადაიფრენს და სიმშვიდის ეს შეკოწიწებული ფაზლი ნაწილებად იშლება და უწესრიგოდ იფანტება ირგვლივ. მუხლებში ძალას ვკარგავ და ისეთ სისუსტეს ვგრძნობ, ვიცი სახლამდე მირბენა ნამდვილად გამიჭირდება, ნაბიჯის გადადგმასაც ვერ ვახერხებ, ვშეშდები… თვითმფრინავის ხმაური მაშინებს, მგონია, რომ ომი იწყება. ეს შიშები კიდევ მრავალი წელი შემაშინებს, სანამ წარსულს არ ჩაბარდება.

 

ომის მეხსიერება ასეთია, უეცარი გაშეშებისა და ფეხქვეშ მიწის გამოცლის შეგრძნებით. საომარ კონფლიქტებს ყველა თავისებურად ვიმახსოვრებთ. მთელ სხეულში იბეჭდება ეს კვალი. ფრაგმენტულად, აქა-იქ მოსმენილი საშინელი ამბები ომის საშინელ დღეებზე არსად ქრება უკვალოდ, ვინც ეს პირადად გამოიარა, ის ალბათ ვერასდროს დაივიწყებს მომხდარს. ღრმად, მეხსიერების უღრმეს ფენებში ილექება ეს ამბები და ნებისმიერ დროს შეიძლება ამოტივტივდეს, თავი გაგვახსენოს ძველებური ტკივილით, რომლის მართვა ახლა უფრო შეგვიძლია, ვიდრე ბავშვობაში.

 

შეიარაღებული კონფლიქტების თანმდევი პატარ-პატარა, მძიმე და შემზარავი ისტორიები იშვიათად ხვდება ისტორიის სახელმძღვანელოებში, თუმცა კარგად იბეჭდება ჩვენს მეხსიერებაში და მისი შემზარავი ექო დიდხანს მიგვყვება. ამბები ზეპირი ისტორიების სახით გადაეცემა ადამიანებს და ალტერნატიული ისტორია იწერება – შეგრძნებებით, ემოციებითა და შიშებით სავსე.

 

უკრაინის ომიდან 100 დღეზე მეტი გავიდა. ომის მონაწილენი და დამკვირვებელნი ომის დაწყების დღიდან გავხდით. საკუთარ სმარტფონებში თავჩარგული, არეული დღის და ღამის რეჟიმით და განცდით, რომ ეს ყველაფერი ჩვენს თავსაც ხდება და უბედურების თანაზიარი ვართ, კიდევ უფრო მეტად გვიჩენდა საშინელი უსამართლობის განცდას. შეძრწუნებული და რისხვით აღსავსე ვაზიარებდით სასტიკ ამბებს ომის შუაგულიდან – კიევიდან, მარიუპოლიდან, ხარკოვიდან, სუმიდან, ბუჩადან, უკრაინის სხვადასხვა ქალაქიდან თუ სოფლიდან. გვაოცებდა სასტიკ ომში მყოფი ადამიანების სიმამაცე და ვტიროდით მათი უბედურების შემყურე.

 

ომის დაწყების პირველივე დღეებიდან საჭირო გახდა ბავშვებთან იმაზე ლაპარაკი, რა ხდებოდა ჩვენ გარშემო, რატომ გავხდით ასეთი დაძაბული და მყიფე, თითქოს სადაც იყო დავიმსხვრეოდით. ამბები ხომ სწრაფად ვრცელდება, ბავშვებიც უამრავ ინფორმაციას იგებდნენ კლასელებისგან, ავტობუსის მგზავრებისგან, ქუჩის მხატვრობიდან, მაღაზიაში თუ უფროსების საუბრებიდან, ძალიანაც რომ გვეცადა მათთვის ინფორმაციის მიღების წყაროები დაგვეხშო. საერთოდ რომ არ გველაპარაკა, განცდები და შიშები, რომლებზეც არ ვლაპარაკობდით, მაინც აირეკლებოდა და აისახებოდა ჩვენს მზერაში, ხმის ტემბრსა თუ დამოკიდებულებაში. ამიტომ გადავწყვიტე, ჩემს შვილებთან მელაპარაკა ყველაფერზე, რასაც მოისმენდნენ და გაიგონებდნენ ომზე, ტყვიების წვიმაში მოყოლილ ადამიანებზე, უდანაშაულო ადამიანების, დიდებისა თუ პატარების მოპარულ სიცოცხლეებზე.

 

ეს ამბები ბავშვებს უზარმაზარი უსამართლობის განცდას უჩენდა, ბრაზობდნენ და განიცდიდნენ ცეცხლის ხაზზე მყოფი ბავშვების გამო, სიკვდილს უსურვებდნენ მას, ვინც ეს სისასტიკე დაატრიალა, ხატავდნენ საბრძოლო სცენებს და ამით იყვნენ დაკავებული. დროდადრო ვფიქრობდი, მომეძებნა ისეთი სიტყვები, რომ დამემშვიდებინა ისინი, შეგვეცვალა საუბრის თემა ისე, რომ არ ჩამეხშო მათი ინტერესი და მომეფიქრებინა ისეთი გასართობები, სადაც მეც და ისინიც ცოტა ხანს გავექცეოდით ომის შუაგულიდან წამოსულ სასტიკ ინფორმაციებს, რომლებსაც ღრუბელივით ვისრუტავდით. ზოგჯერ ვუმალავდი მათ ჩემს სმარტფონში ინფორმაციას ბავშვების სიკვდილზე, ძალადობაზე; ვუმალავდი მათ ამპუტირებულ ფეხებსა და ხელებს, შეშინებულ სახეებს და თვალებში ჩამდგარ უცნაურ დარდს, რომ ცოტათი მაინც დამეცვა ომის ინფორმაციების შემაძრწუნებელი გავლენისგან. მაგრამ, მათ ყველაფერი იცოდნენ და ამაზე ლაპარაკი სურდათ.

 

ცოტა ხნის წინ ჩემს შვილებთან ერთად საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას ჩემი უფროსი შვილის თანატოლი ბავშვის საუბარი მოვისმინეთ. პატარა გოგონა დედას სიამაყით უყვებოდა, როგორ დახატეს სკოლაში უკრაინის მხარდამჭერი დროშები მთელმა კლასმა. დედამ მკაცრად უსაყვედურა, რომ ეს არ იყო ბავშვების საქმე და ბავშვების გასარჩევი თემა.

 

ვფიქრობ, მასწავლებლები და მშობლები გლობალურად ვერ შევცვლით მოვლენებს, ვერ ავკრძალავთ ომებს, სიკვდილს და ადამიანთა ტანჯვას, მაგრამ შეგვიძლია, შევცვალოთ ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანების ცხოვრება, მათი მსოფლმხედველობა და ვეცადოთ მათთან ერთად განვსაზღვროთ ის ჭეშმარიტი ღირებულებები, რომლებისკენაც უნდა ვისწრაფოდეთ დიდი თუ პატარა, მშობელი თუ ბავშვი, მოსწავლე თუ მასწავლებელი. ამ გზაზე აუცილებლად დაგვჭირდება ერთმანეთის მოსმენა და აზრების გაზიარება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, გამოვასწოროთ ეს შეცდომა, მოვუსმინოთ და ველაპარაკოთ ბავშვებს იმაზე, რაც აწუხებთ და რაც აინტერესებთ.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი