ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მასწავლებლობიდან ლიდერობამდე

ჩემთვის ბევრჯერ უკითხავთ, როდის გავხდი ფემინისტი და მეც დაუფიქრებლად მიპასუხია, რომ ყოველთვის ფემინისტი ვიყავი, ყოველთვის მჯეროდა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, მჯეროდა, რომ ქალებს ყველაფერი შეგვიძლია, ერთი შეხედვით, მიუღწევლის მიღწევაც კი. ოღონდ არც ისე დიდი ხნის, ასე, ორიოდე წლის წინ ჩემი ფემინისტობის საფუძველს უფრო თეორიები და მსოფლიოში ცნობილი ქალების ისტორიები წარმოადგენდა. ბევრი არაფერი ვიცოდი იმის შესახებ, რა ხდება საქართველოს სოფლებში, როგორ ცხოვრობენ ქალები იქ, სადაც ცენტრალური მაგისტრალი არ გადის, იქ, სადაც ეზოებს მავთულხლართების ჩრდილი დაჰყვება.

კოლექციონერი არა ვარ. არასოდეს არაფერი შემიგროვებია. არც სუვენირები მიყვარს. მოგზაურობისას კი ყველაფერს ქუჩებში სიარული და ადამიანებზე დაკვირვება მირჩევნია. მე ისტორიებს ვაგროვებ, ისტორიებს და მათ გმირებს, რომლებიც ჩემი ცხოვრების მთავარი ინსპირაციაა. ვერ დავიწუწუნებ, ჩემი სამსახური მეხმარება, რომ ადამიანური ამბები, რომლებსაც მუდამ ვეძებ, არასოდეს მომაკლდეს.

უკვე ორი წელი ხდება, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრში” ვმუშაობ. ჩემი მოგზაურობა საქართველოს სოფლებში და იქ მცხოვრებ არაჩვეულებრივ ქალებთან ურთიერთობაც, შესაბამისად, თითქმის ორ წელს ითვლის. მუშაობის დაწყების მეორე დღესვე გორის მუნიციპალიტეტში აღმოვჩნდი შეხვედრაზე, სადაც ქალები თავიანთი თემის პრობლემებს აცნობდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. სწორედ მაშინ ვნახე პირველად მარიკა ბუჩუკური, არაჩვეულებრივი გოგო ტირძნისიდან.

2009 წლამდე მარიკა ბუჩუკური რიგითი მასწავლებელი იყო, ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე ამბობს, თუმცა მარიკა იმ ადამიანების რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც ყველაფერს დიდი სიყვარულითა და მონდომებით აკეთებენ და ახერხებენ, შეცვალონ გარემო, რომელშიც ცხოვრობენ. ასეთი მასწავლებლები კი საქართველოს ძალიან სჭირდება. სწორედ ასეთი მასწავლებლები უყრიან საფუძველს უკეთეს ხვალინდელ დღეს.

2008 წლის ომის პერიოდის გახსენება მარიკას არ უყვარს. აგვისტოს ურთულეს დღეებზე ბევრს არ ლაპარაკობს. ამბობს მხოლოდ იმას, რომ ომმა მისი ცხოვრება და დამოკიდებულებები შეცვალა. ახალგაზრდა მასწავლებელი სწორედ მაშინ მიხვდა, რომ სიცოცხლეზე ძვირფასი ამქვეყნად არაფერია და ცოტა ხანში აქტიურად შეუდგა საქმიანობას იმისთვის, რომ სხვების ცხოვრება გაეხადა უკეთესი, ვიდრე მანამდე იყო.

2009 წელს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში ფონდ „ტასოს” წარმომადგენლები ჩავიდნენ და ეკონომიკური გაძლიერების მიზნით ქალებს ინდივიდუალური გრანტები შესთავაზეს. პროექტის პრეზენტაცია სკოლაში გაიმართა. მასწავლებლებმა ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, საკონტაქტო პირად დაუოჯახებელი, შესაბამისად, „მოცლილი” მარიკა აირჩიეს. რაც უნდა ვეცადოთ, სტერეოტიპებს ვერსად გავექცევით. ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილს ღრმად სწამს, რომ ქალი, რომელსაც ოჯახი არ ჰყავს, სრულფასოვანი ცხოვრებით არ ცხოვრობს და დროც ბევრი რჩება. მარიკას შემთხვევაში შედეგი ისეთი აღმოჩნდა, არავინ რომ არ მოელოდა – „უბრალო მასწავლებელი” (მის სიტყვებს ვციტირებ) იქცა აქტიურ სათემო მუშაკად, ქალად, რომელმაც საკუთარ თავში იპოვა ძალა, გარშემო მყოფებზე ეზრუნა.

დღეს მარიკა „შიდა ქართლის სათემო ფონდს მშვიდობისა და განვითარებისათვის” ხელმძღვანელობს, პარალელურად გაეროს ადამიანის უფლებათა დამკვირვებელი და კოალიციის „ქალთა პოლიტიკური ჩართულობისათვის” წევრია. მას ენდობიან თემში, ადგილობრივ ხელისუფლებაში. საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მარიკა საიმედო პარტნიორია, მედიისთვის – სასურველი რესპონდენტი. ცოდნას, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ფონდ „ტასოს” და „ქალთა საინფორმაციო ცენტრის” ხელშეწყობით მიიღო, დიდი ენთუზიაზმით უზიარებს სხვებს. გამოცდილებას, რომელიც წლების განმავლობაში დაუგროვდა, ყოველდღიურად ამდიდრებს და ცდილობს, ისევ და ისევ თემის პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენოს. მარიკა მედიატორია ტირძნისელებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის. მისი ყოველდღიური საქმიანობა, ეკონომიკის გაკვეთილების ჩატარებასთან ერთად, სხვა ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაზე ზრუნვაა. სოფლებში, ჩვენ რომ „საზღვრისპირას” ვეძახით არაოფიციალურად, სოფლებში, სადაც ადამიანები ომის შიშით იძინებენ და იღვიძებენ, სადაც სიცოცხლისა და მშვიდობის ფასი ყველაზე უკეთ იციან, პრობლემა გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენ გვგონია.

ადრე, 2009 წლამდე, მარიკა ბუჩუკური ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ გაკვეთილების ჩატარების გარდა, სხვა საქმეც გამოუვიდოდა. საკუთარ შესაძლებლობებს, როგორც საზოგადოებისთვის სასარგებლო რესურსს, სერიოზულად არ აღიქვამდა. დღეს მან კარგად იცის, რომ საქართველოს სოფლებში ცხოვრობს უამრავი ქალი, რომლებსაც, მასავით, მცირეოდენი ბიძგი სჭირდებათ, რათა საკუთარი თავიც და სხვებიც დიდი ცვლილებებისთვის მოამზადონ.

მარიკა ბუჩუკური ფიქრობს, რომ დღეს ქალებმა უფრო მეტი იციან თავიანთი უფლებების შესახებ, ვიდრე წლების წინ იცოდნენ. საკუთარი თავის რწმენაც მოემატათ და ერთმანეთის დახმარებით მეტსაც აღწევენ. მარიკა, რომელსაც ექვსი წელია შვებულება არ ჰქონია და შაბათ-კვირასაც იშვიათად ისვენებს, დარწმუნებულია, რომ ყველა ქალს შეუძლია, იყოს ლიდერი, თუ მას ხელოვნურ ბარიერებს არ შეუქმნიან და მოტივაციას არ მოუკლავენ.

მე მგონია, რომ გამიმართლა, რადგან როცა მგონია, რომ ძალა აღარ მყოფნის, ის ქალები მახსენდება, რომლებსაც ჩემმა საქმემ შემახვედრა, ქალები, რომლებიც კონფლიქტურ ზონასთან ცხოვრობენ, შინ ყოველდღე მავთულხლართების გავლით ბრუნდებიან და მაინც არ კარგავენ ბრძოლის სურვილსა და ოპტიმიზმს. ისინი ჩემი გმირები არიან.

ჩემი გმირია მარიკა ბუჩუკურიც, თავად მას რომ ჰკითხოთ, ჩვეულებრივი გოგო, რომელსაც თავის მთავარ ღირსებად ერთგულება მიაჩნია, უდიდეს მიღწევად კი – ადამიანების სიყვარული და ნდობა.
იცნობდეთ მარიკას. მან თავისი თემის ცხოვრება შეცვალა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი