ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

რა აინტერესებს მას, ვისაც არაფერი აინტერესებს

მამაჩემი დარწმუნებული იყო, რომ რაგბიში ვერ ვივარგებდი. „ეს შენი საქმე არ არის. მიაწექი იმას, რაც კარგად გამოგდის – ისტორიას, ლიტერატურას. ამათ დაძრავ, იმ დათვებს – ვერა”- ამბობდა ის. ზურაბი წინააღმდეგი იყო, რომ ჩვენი უბნის გუნდის – „მგლების” წევრი გავხმდარიყავი. გულის სიღრმეში მამაჩემს ვეთანხმებოდი. ბავშვობიდან ტლანქი, მოუქნელი და არასპორტული ვიყავი, მხედველობის პრობლემები მქონდა, მშიშარაც გახლდით – სიბნელისა და უშველებელი გველის – ანაკონდასი მეშინოდა. ამ მოუქნელობისა და შიშების პარალელურად, რაგბის შიდა სამზარეულო არაადამიანურად მაინტერესებდა. უფრო ზუსტად კი – ცნობისმოყვარეობა მკლავდა, თუ რა გრძნობა გეუფლება, როცა შენი ქვეყნის ჰიმნის დროს, მხარბეჭგადაფსკვნილი დგახარ გუნდელებთან ერთად და ათიათასობით ქართველი მოგჩერებია; როცა კომეტასავით მოწყვეტილ მოწინაარმდეგეს მიწაში თავით ჩაარჭობ და აღტკინებული სტადიონის ზმუილი გაგაყრუებს; როცა მოწინააღმდეგის ჩათვლის მოედანში მკლავში ამოჩრილი ბურთით შესრიალდები და ტრიბუნა დაინგრევა; როცა რუსეთის ნაკრებს დაამარცხებ და მოედანს საპატიო წრეს დაარტყამ.
მამაჩემს უნდოდა, რომ ამ ინტერესის დაკმაყოფილებაზე უარი მეთქვა. ზუსტად ასე – სანაგვეზე მიმეყარა ყველა ის ოცნება, რომელიც საქართველოს ნაკრების თამაშიდან თამაშამდე ჩემს ტვინში აკუმულირდებოდა. ეს არასამართლიანი იყო. მამის ეს აკრძალვანარევი სურვილი ჩემს გონებაში შლიდა ყველა იმ კონტურს, რომელიც იქამდე გამევლო. მე თავიდან ბოლომდე ვაცნობიერებდი, რომ რაგბის სათამაშოდ არანაირი ნიჭი არ გამაჩნდა, უბრალოდ, აინშტაინის მსგავსად, ვიყავი ვირივით ჯიუტი და მკლავდა ცნობისმოყვარეობა. მორაგბეობის სურვილი ძალიან დიდხანს დუღდა ჩემში საიმისოდ, რომ უარი მეთქვა მასზე. მითუმეტეს, რომ ჩვენი უბნის ჩემპიონ გუნდში თამაშობდნენ ბორა აბაშიძე და ზვიად ესართია – ჩემი პარალელური კლასელები, რომლებიც მერეოდნენ და მჩაგრავდნენ. არა! მე არ მინდოდა შურისძიება, ეს გრძელვადიანი პოლიტიკური გათვლებით არასწორი ნაბიჯი გამოვიდოდა. ზავის დადება ბევრად მომგებიანი იქნებოდა. მათ გუნდში შესვლა კი ამისთვის ზედგამოჭრილი გამოსავალი იყო.
„მე მაინტერესებს” – ვუთხარი მამას. მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო – არ ამიკრძალა, მაგრამ არც დამლოცა. ასე გაჩნდა ჩემი მეორე ცხოვრება, რომელშიც დედა და ბებია მეხმარებოდნენ. „თუკი ასე ძალიან გინდა, სცადე, რატომაც არა” – მითხრა მანანამ. სწორედ ისინი მაძლევდნენ ყოველთვიურ საწევროს – 10 ლარს. პირველსავე ვარჯიშზე, რომელიც დათქმულზე დიდხანს გაგრძელდა, შეშინებულმა დედაჩემმა მომაკითხა, როცა შინ დროულად არ დავბრუნდი. მან ვარჯიშის დასასრულს დარბაზში შემოიხედა, რამაც მთელი გუნდის ყურადღება მიიპყრო. ალბათ ეს იყო სპორტის ისტორიაში კარიერის ყველაზე ცუდი დასაწისი. „შენ ზედმეტად ბევრი იწვალე აქ მოსახვედრად საიმისოდ, რომ ამ უხერხულობის გამო დათმო ის” – ვუთხარი საკუთარ თავს და გუნდელებს დავუბრუნდი, რომლებმაც ალმაცერად შემომხედეს.
ნელ-ნელა გავაცნობიერე, რომ ჩემს ცნობისმოყვარეობას, ინტერესებსა და ოცნებებს კიდევ ერთი დიდი გამოწვევა – მამაჩემის გაოცება და მისი კაპიტულაცია დაემატა. არ ვაგვიანებდი ვარჯიშებზე, ძუნძულის დროს ბოლომდე ვიტანდი წვივების ჯოჯოხეთურ ტკივილს, ვცდილობდი ბურთი არ დამვარდნოდა და მწვრთნელს, გია ამირხანაშვილს, ჩემ გამო მთელი გუნდი არ დაესაჯა. ვარჯიშის დაწყებიდან ორი თვის თავზე ჩემთვის გასაკვირი რამ მოხდა. სახლიდან გასვლის წინ ეზოდან ჩემი სახელი მომესმა. როცა მეექვსე სართულიდან გადავიხედე, ბორა და ზვიადი დავინახე, რომლებმაც, როგორც აღმოჩნდა, გამომიარეს, რათა ვარჯიშზე ერთად წავსულიყავით. პირველად სწორედ მაშინ ვიგრძენი თავი გუნდის წევრად. ბორა გუნდის კაპიტანი იყო. გზაში მან რჩევები მომცა და შემაგულიანა – გია ძირითადში დაყენებას გიპირებს და აბა შენ იციო. არის მომენტები, როცა ადამიანს სრული ბედნიერებისთვის მეტი არც არაფერი სჭირდება. იმ ვარჯიშზე რკინას ვღრღნიდი, დავფრინავდი, რაქს ვპარსავდი, მოლს ხარივით ვაწვებოდი. ასე გაგრძელდა რამდენიმე ვარჯიშის განმავლობაში, სანამ არ მივხვდი, რომ ჩემპიონების გუნდში მე ვერასოდეს გავხდებოდი ძირითიადი მოთამაშე, რადგანაც მქონდა შიში, რომელსაც ვერასოდეს დავძლევდი. შექება კი ბორასგან მოდიოდა და არა მწვრთნელისგან. ამ დროს კი მივხვდი, რომ ჩემი ყოფილი იდეური მტრები უკვე მეგობრები იყვნენ. მე მაშინებდა გიორგი ცირეკიძე, რომელიც აისბერგივით მოიწევდა ხოლმე ჩემკენ და არასოდეს მყოფნიდა სიმამაცე პირდაპირ დავხვედროდი. რაგბიში კი ეგეთი კანონია – შეიძლება კუნთი კანს არ გიხეთქავდეს, მაგრამ თუ მოწინააღმდეგის გეშინია – ვერც შელოცვა გიშველის და ვერც ცისკარას სალამური.
მოგვიანებით, ერთი ვარჯიშის დროს მორიგი საკვირველობა მოხდა. მოთელვისას მოედნის განაპირას მამაჩემი დავინახე. ის არ ჰგავდა კაცს, რომელმაც შვილის შესაძლებლობის ირწმუნა; ის ძალიან ჰგავდა მამას, რომელმაც შინაგანი ბრძოლების შემდეგ გადაწყვიტა, რომ აჯობებს შვილს თავი ასე მოაჩვენოს. ერთხელაც, თამაშის წინა დღეს, მან ბაზრობაზე წამიყვანა და 14 ლარიანი, შავი ბუცები მიყიდა. იმ მომენტისთვის ყველაზე მაგარი ბუცები დედამიწის ზურგზე. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. ბუცები, რომლების ჩაცმაც ყველაფერზე მეტად მინდოდა და რომლებიც საბოლოოდ ვერ ჩავიცვი, რადგანაც ჩემს გუნდელს, ძირითადის მოთამაშეს დავუთმე, მან კი თავისები – ძველისძველი, დიდი, მოფლაშული, გვერდებში გახეული მწვანე ბუცები მომცა. ბედის ირონიით, ამ ფინალურ თამაშში, მატჩის დასრულებამდე 3 თუ 4 წუთით ადრე, როცა დიდი ანგარიშით ვიგებდით, მწვრთნელმა მოედანზე შემიშვა. ეს ჩემი შანსი იყო ტრიბუნაზე მდგომი ზურაბ გორგილაძისთვის რაიმე დამემტკიცებინა. მე ბაბაჯანას ვგავდი და მთელი ძალით, თუმცა სასაცილოდ დავრბოდი. სიამოვნებით გეტყოდით ფინალურ თამაშში ლელო გავიტანე მეთქი, მაგრამ არ მინდა უსინდისო მატყუარას სახელით მიცნობდეთ. საერთოდაც, თითქმის სამწლიანი სარაგბო კარიერის მანძილზე მხოლოდ ერთი ლელო დავდე. ვარჯიშის დროს, როცა ბურთი ყველას აუტზე გადასული ეგონა. მე ის ავიტაცე და ისე გავიქეცი, თითქოს უკანასკნელი გაქცევა ყოფილიყოს. თამაში მოვიგეთ. უფრო ზუსტად კი ჩემმა გუნდელებმა მოიგეს. მე უბრალოდ სწორ დროსა და სწორ ადგილზე აღმოვჩნდი. სანამ მოწინააღმდეგის მიერ გაკეთებულ საპატიო დერეფანში გამოვივლიდი, გუნდელებს მოვეფარე, მიწიდან მუჭით ტალახი ავიღე, მაისურსა და შორტზე წავისვი და გზა გავარგძელე. შინისკენ მიმავალს კი მამაჩემმა მითხრა: „შენი ბუცები რომ გცმოდა, უკეთ ითამაშებდი”.
იმის მიუხედავად, რომ ჩემი შეცდომის გამო მთელ გუნდს არაერთხელ ურბენია მოედნის დიაგონალებზე, არასოდეს, არცერთი მათგანისგან არ მიგრძვნია, რომ ზედმეტი ვიყავი. ბორა აბაშიძე და ზვიად ესართია ჩემი საუკეთესო მეგობრები გახდნენ, რომლებსაც ვენდობი და რომელთა იმედიც ყოველთვის მაქვს. იმ ფინალიდან წლების შემდეგ, რამდენიმე თვის წინ, როცა ვიფიქრე, რომ ჩემი მორაგბეობა ჩემ გარდა ყველას დაავიწყდა, მათ შორის ოჯახის წევრებსაც კი, სამსახურში ყოფნისას, გაქანებული მუშაობის დროს იმ გუნდელმა დამირეკა, რომელსაც მაშინ მსოფლიოში საუკეთესო, 14 ლარიანი ბუცები ვათხოვე. ძველი „მგლები” ვიკრიბებით, უნდა ვიქეიფოთო. იმ წამს მომეჩვენა, რომ ხალხს შეიძლება უყვარდე და გაფასებდეს არა შენი უპირატესობებისა და სიძლიერის გამო, არამედ ისე, უბრალოდ; ისინი შეიძლება გუნდის ნაწილად აღგიქვამდნენ მაშინაც კი, როცა ამ გუნდისთვის არაფერი გაგიკეთებია; ისინი შეიძლება მგლად მიგიჩნევდნენ იმ შემთხვევაშიც, თუკი მგლისა არაფერი გცხია. ქეიფში ვერ წავედი. იმ გახსენებისგან გამოწვეული სიხარული კი დღემდე მომყვება.
„მე მაინტერესებს” – მგონია, რომ სწორედ ამაზე დგას და ამით მუშაობს ყველაფერი. იმასაც კარგად ვხვდები, რომ როცა აღარაფერი დამაინტერესებს, ჩემი ცხოვრება იმ წამსვე დამთავრდება, თუგინდ მას შემდეგ კიდევ მრავალ წელს ვიცოცხლო. 14 მარტს, საქართველო-რუსეთის ჯახის დროს, ჩემ უკან მამა-შვილი იჯდა. ერთ მომენტში, როცა სტადიონი ჩაწყნარდა, შვილის ხმა გავარჩიე: „მამა, რეგბიში მატარებ?” – აი ასე, არაგრამატიკულად, გაუმართავად, მაგრამ სავსებით გასაგებად. მამის პასუხი ვეღარ გავიგე და მართალი გითხრათ ჩემი გამოცდილების მქონე კაცისთვის არც იყო საინტერესო.
შეიძლება იმ ბიჭმა როდესმე ეს წერილი წაიკითხოს, მაგრამ მაშინ, ალბათ, გადაწყვეტილების მიღება უკვე გვიან იქნება. ეს წერილი უფრო მშობლებისთვისაა. მიეცით უფლება თქვენს შვილებს ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილონ. აკრძალვას აზრი არ აქვს, ისინი კანში მაინც ვერ დაეტევიან, რადგანაც მათ აინტერესებთ. აინტერესებთ და მორჩა. ცალკე საკითხია, როგორი მორაგბეები, ფეხბურთელები, მოჭიდავეები და ჩოგბურთელები გახდებიან ისინი. შეიძლება ჩემსავით გამოუსადეგარი სპორტსმენები გამოდგნენ. ვინ თქვა სუსტი მუხლის ან მკლავის გამო ადამიანის ჩამოწერა შეიძლებაო. ჰო, დიდი შანსია, რომ მათ ვერასოდეს შეძლონ რუსეთისთვის გატანილი ლელოთი ტრიბუნების აფეთქება.
მერე რა?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი