ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

5 საქმე – 5 ადამიანი

მათზე ხშირად ვფიქრობ. ათასი საქმისათვის თავმიცემული, როცა დაღლილობისგან დათრგუნული საკუთარ თავში გაძლებისა და გადარჩენის ძალას ვეძებ, მათზე გაფიქრებაც კი მშველის. რამდენიმეზე ადრეც დამიწერია, მერეც დავწერ. დღეს კი:

1. მამა მაკარმა დამირეკა. ზუგდიდშიც დავრეკე და ვიფიქრე, შენს ამბავსაც გავიგებო. ყურადღებიანი კაცია. გაგამხნევებს, გაგამაგრებს, წუხილს და შეჭირვებას გაგიიოლებს; შინაარსიანი საუბარი იცის, განათლებულია, წიგნიერება კი სასულიერო პირებში – უფრო თეთრ სამღვდელოებაში – იშვიათობადაა ქცეული. ვიღაც შეიძლება შემედავოს, მღვდელს მადლი სჭირდება და ადამიანების თანაგრძნობა, მხოლოდ ლიტერატურის, ფილოსოფიისა და თეოლოგიის ცოდნას რა თავში იხლისო. მაგრამ მინახავს ისეთი მღვდლებიც, სახარების განმარტება რომ არ შეუძლიათ (ეს მაინც ევალებათ და მოეთხოვებათ). უცოდინრობა ჩამორჩენილობაა. მით უმეტეს, თუ ერში ტრიალებ და ადამიანთა სულები უნდა იხსნა. საიდანაც გამოსახსნელია, ის ციხე და ჯურღმული უნდა იცოდე, თორემ ამაო გაბრძოლებად დაგირჩება დაცემულის, ცოდვილის, განწირულის თავზე ნაქადაგები წმინდა წერილი და უმაგალითო პატერიკები. მამა მაკარი თავისი არსებობით ადასტურებს იმას, რომ მორწმუნე ადამიანი განათლებულიც უნდა იყოს, და მღვდელსაც მოეთხოვება „მიწიერი მეცნიერებების” ცოდნა. მან ხომ ზეციური მადლის საპირწონეზე დადებული ამქვეყნიური სიამეები უნდა განიხილოს და თავის სულიერ შვილებს აუხსნას (განუმარტოს) წუთისოფლისა და მარადისობის „გამოწვევები”. 

2. ეთერ ქავთარაძემ გამოსაცემად მოამზადა გრიგოლ რობაქიძის პირადი მიმოწერა, წინასიტყვაობა, კომენტარები და საძიებლები დაურთო. ძალიან გაიშვიათდნენ ასეთი ადამიანები – საქმის სიყვარული, პასუხისმგებლობა და კეთილსინდისიერება რომ დაჰყვებათ. მათგან გამორიცხულია ზერელეობა, ზედაპირულობა, თავის დაზოგვა! სწორედ ამით გვჯობნიან ახალი საუკუნის შვილებს, რომელთაც გვიკვირს და გვაოცებს ეს, ერთი შეხედვით, გადამეტებული მათი ფუსფუსი, ყოველი წვრილმანის ბოლომდე მოკვლევისა და მოძიების დაუცხრომელი ჟინი. ეს გვაკლია – ეს აზარტი, ეს სულიერი მოთხოვნილება.

3. ირაკლი სამსონაძემ ერთხელ მართებულად შემისწორა: ფოლკნერზე ვყვებოდი, ახირებული კაცი იყო, დიდად არ უყვარდა ხალხმრავალ ადგილებში გამოჩენა-მეთქი. არ უყვარდა კი არა, არ ეცალაო, – მითხრა ირაკლიმ, – თავისი საქმე ჰქონდა და მაგაზე წინ არაფერს დააყენებდაო. ასე რომ, სანამ ვინმეს ჩაკეტილს და ახირებულს ვუწოდებდეთ, უნდა წარმოვიდგინოთ, რომ შეიძლება ისინი ამ დროს საქმეს უზიან და იმაზე მეტს შრომობენ, რაც ჩვეულებრივი მოკვდავის ნიჭს, ძალას და უნარს აღემატება. 

4. ვარო თოლორაია ჩემი წიგნების პერსონაჟია. ცხოვრებაში სულ რამდენიმე შემხვედრია მასავით ნიჭიერი, პრინციპული, სამართლიანი და ყველა ადამიანური გაჭირვების ღირსეულად დამთმენი ქალი. ბებიაჩემი სკოლაში დიდხანს ასწავლიდა ისტორიას, ჩვენ კი ადამიანის პატივისცემა და უიმედო მდგომარეობაში გაძლება გვასწავლა. სხვისი არ შეგშურდეთო, სულ გვიჩიჩინებდა, მაგრამ მე კი ყოველთვის მშურდა მისი (და ეს სიცოცხლეში ვერასდროს ვუთხარი): მშურდა და მაოცებდა, თუ როგორ შეეძლო სიმარტოვესთან მგელივით გამკლავება. 

5. სულ ვაპირებდი და ვერასდროს დავწერე ჯემალ მონიავას მოსაგონარი. დიდებული კაცის. დაუზარელი, უშურველი და გულიანი პიროვნების. ნიჭიერებაზე ცალკე ითქმის – თეატრშიც და ლიტერატურაშიც. მისი საუკეთესო ნოველების წიგნიც მინდა გამოვცე. ჯიმა მონიავა – ასე ეძახდა ლია ნაროუშვილი. მართლაც, ვისაც ენდობოდა და ვინც უყვარდა, მისი ჯიმა იყო! თვალწინ მიდგას ჯემალის გაღიმებული სახე, ოდნავ გაკვირვება რომ გადაჰკრავდა: „სად დაიკარგე, მამა?!” – ასე მითხრა, ხილიანის ქუჩის თავში იდგა, მიწისქვეშა გადასასვლელთან. ეს „მამა” ისეთი გულწრფელი, მზრუნველი და ადამიანური მეჩვენა ერთი შეხედვით უცხო კაცისგან, უცებ რატომღაც ის დრო ვინატრე – როცა მეც ერთხელაც ამ სიტყვებითა და განცდით შევხვდებოდი ვინმეს, ჩემზე ბევრად უმცროსს, და მასაც ისევე შევუტოკებდი გულს სიხარულით, როგორც ეს ჯემალ მონიავამ გააკეთა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი