ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

„სწავლის პირამიდა“ და განათლების სისტემის თანამედროვე გამოწვევები

უძველესი დროიდან ცდილობს ადამიანი, დახვეწოს ცოდნის გადაცემისა და ათვისების, ანუ სწავლა-სწავლების ფორმები და დროის მოითხოვნებს შეუსაბამოს. ისტორიულ ახალ დროში ეს მოთხოვნები კიდევ უფრო აქტიური გახდა. ამ მხრივ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიეს განმანათლებლებმა და ერთგვარად განსაზღვრეს კიდეც უახლოესი პერიოდის კონკრეტული ამოცანები. მაგრამ განმანათლებელთა ეპოქისთვის დამახასიათებელი ცოდნის გადაცემის ფორმები და მიღწევის გზები გლობალიზაციის ეპოქაში აქტიურად ჩაანაცვლა კომპეტენციების ჩამოყალიბებაზე ორიენტირებულმა სასწავლო პროცესმა, და ესეც ისევ დროის მოთხოვნის გამო, რადგან XXI საუკუნის ადამიანს დასჭირდა არა უბრალოდ „ცოდნა“, არამედ „ცხოვრების უნარიც“, ანუ ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების, კომპეტენციების ჩამოყალიბება. ამან განაპირობა ახალი საგანმანათლებლო სტანდარტების ერთ-ერთ ფუნდამენტურ მახასიათებლად კომპეტენციების წინ წამოწევაც – სტანდარტები აიგო არა „კვალიფიკაციის“ მიდგომის საფუძველზე (სპეციალისტების მომზადება), არამედ დაეფუძნა კომპეტენციებს, რაც გულისხმობს „მონაწილეობას“ (კომპეტენცია განიხილება როგორც „ცოდნა“, ხოლო კომპეტენტურობა – როგორც „უნარი“). შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესი ტრანსფორმირდა ოთხი ძირითადი მიმართულებით: „ცოდნის სწავლა“ („სწავლის სწავლა“), „სწავლა კეთებით“, „ერთად ცხოვრების სწავლა“ და „ცხოვრების სწავლა“.

შედეგად სასკოლო განათლების სისტემაშიც აქტუალური გახდა კომპეტენციებზე მუშაობა. ამ მიმართულებით საქართველოს განათლების სისტემაში წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმაც ხელს უწყობს მოსწავლეთა აღჭურვას ქმედითი კომპეტენციებით, რომელთა საჭიროებაც თანამედროვე ცხოვრებითაა განპირობებული.

რადგან სწავლება თეორიაცაა და პრაქტიკაც, უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, როგორ შევაფასოთ კომპეტენციების შეძენისკენ მიმართული დავალებების შედეგიანობა. ამისთვის მნიშვნელოვანია:

  • განვსაზღვროთ სასწავლო ამოცანის მიზანი;
  • დავალების შესაბამისობა განვითარების (აზროვნების) დონესთან (ბლუმის 6 დონე);
  • მოსწავლე მიზნამდე უნდა მივიდეს აზროვნების პირველი-მესამე დონის ფარგლებში (დავალების ძირითადი ნაწილი);
  • თითოეული დონის დასაუფლებლად მოსწავლემ უნდა შეასრულოს, სულ მცირე, 3-5 სავარჯიშო;
  • აზროვნების მეოთხე-მეხუთე დონეზე მოსწავლემ უნდა დაინახოს (მისთვის ნათელი უნდა გახდეს), რა შესძინა დავალებების შესრულებამ;
  • მეექვსე დონეზე დავალება მეტასაგნობრივია და მოსწავლეს უყალიბდება ცხოვრებისეული გამოცდილება, ქცევის შესაბამისი უნარ-ჩვევები;
  • წარმატებაზე (წარუმატებლობაზეც), საზოგადოდ, კლასში განსაკუთრებული აქცენტი არ დაისმის;
  • მასწავლებელი არ არის ძირითადი „მოსაუბრე“ გაკვეთილზე – ძირითადია მოსწავლე (მაგალითად, მასწავლებელი საგაკვეთილო დროის მხოლოდ 7-15 წუთს იტოვებს თავისთვის);
  • მთელი საორგანიზაციო ყურადღება ეთმობა მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ჩამოყალიბებას;
  • ეფექტური და წარმატებული სასწავლო პროცესის მისაღწევად გამოიყენება სააზროვნო პროცესების გააქტიურებისკენ მიმართული მრავალფეროვანი დავალებები, რომლებიც ზრდის მოსწავლის მოტივაციას და ხელს უწყობს ინტელექტუალური და შემოქმედებითი პოტენციალის გამოყენება-განვითარებას.

ეკონომიკურად დაბალშემოსავლიან ქვეყნებში კომპეტენციებისკენ მიმართული სწავლება, საზოგადოდ, ნაცადი პრაქტიკაა. მისი საფუძველია ბლუმის ტაქსონომია – სააზროვნო პროცესების კოგნიტიური იერარქია, რომლის დროსაც აზროვნების ყველა დონეზე თვალსაჩინოა, რას აკეთებს მოსწავლე კონკრეტული უნარ-ჩვევების სახით (და ბლუმის გამოყენებაც სწორედ ამიტომ დაიწყეს განათლების სისტემაში – ის ხელს უწყობდა ისეთი კომპეტენციის მქონე მოსწავლის აღზრდას, რომელიც სწრაფად დაძლევდა საბაზრო ეკონომიკის უმარტივეს გამოწვევებს. მაგალითად, დაიმახსოვრო მასალა და უპასუხო კითხვებს – ცოდნის დაგროვებისკენ მიმართული აქტივობაა, ჩასვა ფორმულაში სათანადო მონაცემებები – ცოდნის გამოყენება, ამოიცნო მრავალრიცხოვანი მაგალითებიდან შენი მიზნის შესაბამისი – უნარების გამოვლენა, გამოიყენო შენი ცოდნა და უნარი კლასგარეშე პრაქტიკულ სიტუაციებში – კომპეტენტურობის დადასტურება და ა.შ). უფრო თვალსაჩინოდ ბლუმის დონეებსა და შესაბამის კომპეტენციებს აჩვენებს ქვემოთ წარმოდგენილი ცხრილი (იხ. სურ.1):

სურ.1.

მართალია, დღეისთვის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სოლო-ტაქსონომიას, მაგრამ ძირითადი აქცენტები ისევ „იერარქიულია“ და „პირამიდისებური“. მთავარი აქცენტი აქ დაისმის შედეგიანობაზე, კომპეტენციებზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის მაქსიმალურ ეფექტზე. სწავლის პირამიდა, ბლუმის მსგავსად, საფეხურების მიხედვით გვიჩვენებს:

  • რომელ ეტაპზე რამდენად აქტიურია მოსწავლის სააზროვნო პროცესები, როგორია კონკრეტული უნარ-ჩვევების განვითარების დონე და რა არის მისი მოსალოდნელი შედეგი.

სწავლის პირამიდა, იგივე „სწავლის კონუსი“ (სურ. 2), სწავლის მოდელია, რომელიც თვალსაჩინოს ხდის სწავლის ზოგიერთი ფორმის (მეთოდის) ეფექტიანობას სხვა ფორმებთან (მეთოდებთან) შედარებით და მიუთითებს, რომ არსებობს სწავლის განსხვავებული მეთოდები, რომლებიც მიმართულია უფრო ღრმა და საფუძვლიანი დასწავლისკენ. ზოგიერთი ხელს უწყობს მასალის დიდი ხნით დამახსოვრებას (მაგალითად, ლექციის მოსმენით ჩვენ ვიმახსოვრებთ მასალის მხოლოდ 5%-ს, ხოლო როდესაც სხვას ვასწავლით – მასალის 90%-ს). ამიტომაცაა „პირამიდაზე“ კონკრეტული მინიშნება პასიურ და აქტიურ სწავლასა და შესატყვის ფორმებზე.

 

სურ.2. სწავლის პირამიდა (The learning pyramid (Learning Pyramid, 2020)

პასიური სწავლა – სწავლის ყველაზე გავრცელებული გზაა, ესაა მოსმენა, კითხვა, ყურება და დემონსტრირება, რომელთა საშუალო შედეგიანობა შესაბამება 30%-ს. რაც შეეხება აქტიურ სწავლას – მას შედარებით იშვიათად მიმართავენ სასწავლო პროცესში (ჯგუფური დისკუსიები, პრაქტიკული სავარჯიშოები, ურთიერთსწავლება), თუმცა მისი შედეგიანობა სწავლის დროს დაახლოებით 70%-ზე მეტია. მოცემული მეთოდების გამოყენებისას მოსწავლეს აზროვნების გააქტიურების, სწავლის, შეჯამების, ნებისმიერი ინფორმაციის მაქსიმალურად აღქმის რეალურ საშუალებას ვაძლევთ. ეს აქტიური სწავლის ეტაპია, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის მოსწავლის გამოცდილებას. საგაკვეთილო საქმიანობისას მასწავლებელი ცალკეულ აქტივობებად გარდაქმნის თითოეულ ამ ეტაპს და საინტერესო შედეგამდე მიიყვანს მოსწავლეს.

მოცემული პირამიდის ვარიანტული მიდგომაა ე.წ. იუნესკოს სწავლის პირამიდაც (სურ. 3), სადაც მოსწავლის საქმიანობის თითოეული ეტაპი, შედეგიანობის მიხედვით, შექსაბამება 10-ბალიანი სკალის ცალკეულ დანაყოფს. შეიძლება, მასწავლებელმა ეს თავისი გაკვეთილის მაორგანიზებელ სქემადაც კი წარმოიდგინოს:

(იხ.: Learning at the bottom of the pyramid:Science, measurement, and policy in low-income countries https://unesdoc.unesco.org/ark:/48223/pf0000265581)

ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გვახსოვდეს, რომ სწავლის მეთოდისა და კონკრეტული ნაბიჯების ეფექტურობაზე (როგორც უნდა იყოს ისინი წარმოდგენილი სასწავლო პირამიდაში) გავლენას ახდენს მოსწავლის უნიკალური სწავლის სტილი: ზოგიერთი მოსწავლე ინფორმაციას ყველაზე უკეთ იმახსოვრებს და ითვისებს ვიზუალური (სივრცითი) სწავლის გზით, ზოგი კი – მოსმენით, ამიტომ მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ მოსწავლეს სწავლის სტილის პოვნაში. მთავარია, არჩეული გზა იყოს მრავალფეროვანი და მიმართული უკეთესი შედეგისკენ. მაგალითად, არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ლექცია/ მასალის ზეპირი გადმოცემა ინფორმაციის დამახსოვრების ყველაზე ნაკლებად ეფექტური სასწავლო მეთოდია. ლექციური მეთოდი ისევე საჭირო და მნიშვნელოვანია, როგორც სასწავლო პირამიდაში წარმოდგენილი ნებისმიერი სხვა. მაშინაც კი, თუ ვერ მოხერხდა ყველაფრის დამახსოვრება, რაც ლექციური მეთოდის გამოყენებით ისწავლება, შენიშვნები, რომლებსაც იღებენ მოსწავლეები ასეთი შეხვედრების დროს, შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი იყოს შედეგის თვალსაზრისით.

მთავარია, რომ სწავლის პირამიდა მკაფიოდ აჩვენებს იმ გზებს, რომლებზეც უნდა დაისვას აქცენტი წარმატების მისაღწევად. ამიტომ არის, რომ სწავლის პირამიდა სწავლის შედეგების გაზომვისთვის, ელემენტარული უნარ-ჩვევებისა და ცოდნის რაოდენობის განსაზღვრისთვის აქტიურად გამოიყენება ე.წ. განვითარებად ქვეყნებში, სადაც დაბალი შემოსავლების გამო განათლების სისტემას აქტიური დახმარება სჭირდება (UNESDOC – Learning at the bottom of the pyramid:Science, measurement, and policy in low-income countries). ამ შედეგების გათვალისწინებით და სწავლის პირამიდის მოქნილი სისტემით, რომელიც სასწავლო პროცესის ინკლუზიურობას უწყობს ხელს, შესაძლებელია წარმატების მიღწევა და თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის შესაბამისი კომპეტენციების დაუფლება.

კომპეტენციებისკენ მიმართული მიდგომის გამოყენებისას მოსწავლე ადვილად აცნობიერებს ამოცანის არსს, აფასებს ახალ გამოცდილებას, რომელიც ამოცანის ამოხსნით, პრობლემის გადაჭრით მიიღო, ნათლად ხედავს საკუთარ ქმედებებსა და პროგრესს. ეს მისთვის, მოტივაციის თვალსაზრისით, გადამწყვეტია და ის აგრძელებს წინსვლას ცოდნის დაუფლებისა და აკადემიური მიღწევების გაუმჯობესების გზაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი