პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

2:3

ხომ არის ჩაძინების სახეობები და ჩაძინებათაგან საფეხურით მაღალი საქმე: ტელევიზორთან შეპარვით მიძინება. კომპიუტერში რომ მუსიკა გაქვს ჩართული, „ვინდოუს მედია პლეირის” ფანჯარას უყურებ და ძილის წამალი გაქვს დალეული და წკაპ და იცი, გაითიშები. ან სოფელში წევხარ ღუმელის კვამლით თვალებდასიებულ ოთახში, შენები ბუნდოვნად ლაპარაკობენ და თვალებზე რაღაც გებლანდება. ცალი ფეხი ზმანებებში გაქვს, ცალი ხტუნიამწერებშეფარებულ ტახტზე და უცებ ბებია გიყვირის: აბა, ადექი, ადექი – გამოცხვა. შენ დგები, ისე რომ ცალ ფეხს ისევ სიზმარში ტოვებ. და ვერ ხვდები, რატომ გაგაღვიძეს. ბებიას უჭირავს ღვეზელი, იგივე მუცლის სალოცავი, საშობაო, სამჯერ შემოგატარებს და ამბობს: „შენი მუცლის სატკივარი-აღმა ქარს, დაღმა წყალს. შენი მუცლის სატკივარი-აღმა ქარს, დაღმა წყალს”. დგახარ, ოდნავ ბანცალებ და ვერ ხვდები, ან მუცელი რატომ გტკივა, ან რატომ გაგაღვიძეს. მაგრამ რაღაც ჯადოსნური ამბავი რომ დგას, ამას გრძნობ. ახლა აღარც ის ბებია მყავს და არც მუცლის სალოცავები მაქვს. ხოლო საქმე იმდენი, რომ ცალ ფეხი დილით ისევ სიზმარში მრჩება და ისეთი, რომ ხან მეორესაც სიზმრებში ვადგამ. სხვა სიზმრებში. ცხადისთვის წესით გაუგებარ ამბებში. აცდენილ ამბებში. შესაბამისად ცოცხალ-მკვდარი და ბრმად მეძინება. ამის გამო რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი გამოვტოვე. მათ შორის ერთი, რომელზეც ახლა გიამბობთ.

 

სასწაულმა შეჩვევა იცის. ეგრე გგონია, რომ სულ მოხდება, თუ ერთხელ ნახე. მანჩესტერი დიდი მაცდურია ამ მხრივ, ხანდახან იმეორებს არნახულ შემოტრიალებებს და შენ კიდევ ყოველთვის ელი, რომ ბოლო წუთას ორ გოლს გაიტანს და რომ ვერ – ასჯერ უფრო გიმძიმს.

იმ დღეს რატომღაც ჩამეძინა, ან ჯადოქრებმა იძალეს, ან ორმა ჭიქა იზაბელამ და იქ გამეღვიძა, სადაც ფერგი ხელით ანიშნებდა დაცვას მეტოქის კარისკენ. 89 წუთი იდგა. კამპ ნოუს სასწაულიდან ერთი წელი. მშვიდად მეგონა – გაიმეორებდნენ. რომ დამთავრდა, არ ვიჯერებდი და მერე სიზმარი მეგონა. მაგრამ ის დღე რაულის იყო, და რედონდოს ფინტის, ბერგის გაცურების და დელ ბოსკეს დაბადების. ამ უცნაური, დიდი ულვაშასი, რომელმაც მერე ყველა ტიტული მოიგო.

მაშინ აბა სად იყო გადახვევები. ჩვენ დროში ვნახე კომპიუტერში ეს დრამატული საგა. საქმე შემაშინებლად სიმბოლურად გამოიყურება: მანჩესტერის კაპიტანსა და ყოჩს, პატრიკ ვიერას დუშმანს და ირლანდიული ბალადების მოყვარულ კაცს, შირერზე ხელის აღმმართავ როი კინს ფეხი საკუთარი კარისკენ გაურბის და ანგარიში გაიხსნება. მერე ის რედონდოს სასწაული და რაულის დუბლი. მერე ბექჰემის საფირმო გოლი (არაჯარიმით) და პოლის თერთმეტმეტრიანი, მთელი საღამოს ჯავრი რომ ჩადო. მეორე დღეს, როცა მარცხი გავაცნობიერე მივხვდი – ამ გუნდს სამარეშიც ჩავყვებოდი, თუნდაც მაისურები გადაეღებათ და სათამაშოდ როხო, მატა და ფალკაო მოეწვიათ. მივხვდი, რომ მარცხი, შეიძლება გამარჯვების ძმა არ არის, მაგრამ როცა საქმე სიყვარულს ეხება, სწორედ მარცხი ქმნის სიყვარულს. აკვიატებულ, მოურჩენელ სიყვარულს. სიყვარულს აქაც, აგერ, წერისას ტავტოლოგიად ქცეულ, მაგრამ მაინც მაგარ ამბავს. გაუგებარს, მაგრამ მაინც მაგარ ამბავს.

წყლის მოტანა მეზობლის ჭიდან. დღეში ერთხელ თუ ზამთარია. რამდენჯერმე – თუ ზაფხული. „წაი, წყალი მეიტანე რაია ბებიე” – „გიორგის უწევს ახლა”. მიდიხარ. კარგია, თუ დაემთხვა და ის ჩამოსული გოგოც მიდის წყლის მოსატანად. მაგრამ ეგ დამთხვევა პლანეტები რომ ერთ რიგზე განლაგდებიან, მაგ სიხშირით ხდება. ამიტომაც მარტო მიდიხარ. გაივლი ერთი მეზობლის ეზოს, სადაც თვალებდაწირპლული მაძებარი წევს და ტკიპების მოშორებას ცდილობს. მიხვალ ჭასთან. „თუ ოცის დათლაში ამევიღებ, ჯინსის შარვალს მიყიდიენ” – ჩაუთქვამ. ჭა არის ძველი. ოდნავ მომწვანო. ჭამ იცის ბევრის ოცნებები. სანამ დაყრუვდება. „მევიტანე წყალი, ვედრას გასდის ცოტა”. მერე სიზმრებში ჩაგყვება და ყველაფერს ამ ქარგაზე ააგებ. ბოლოს გაიგებ, რომ შეყვარებული ჰყოლია და შეყვარებულს უკეთესი ჯინსის შარვალი ჰქონია. და მიხვდები, რომ მარცხი, შეიძლება გამარჯვების ძმა არ არის, მაგრამ როცა საქმე სიყვარულს ეხება, სწორედ მარცხი ქმნის სიყვარულს. აკვიატებულ, მოურჩენელ სიყვარულს. სიყვარულს აქაც, აგერ, წერისას ტავტოლოგიად ქცეულ, მაგრამ მაინც მაგარ ამბავს. გაუგებარს, მაგრამ მაინც მაგარ ამბავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი