შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

იცნობდეთ ნამდვილ კლარას!

საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილი უამრავი ბოროტების დასტურად არაერთი ტრაგედიისა თუ სისხლიანი ისტორიული მოვლენის გახსენება შეიძლება. საყოველთაო რეპრესიებსა და დამოუკიდებელი ქვეყნების დაპყრობასთან ერთად კომუნისტური რეჟიმის სახელს უკავშირდება ათასი სხვა, შედარებით ნაკლებად მძიმე დანაშაულის წახალისებაც. მაგალითად, ჩვენ დღემდე არ ვიცნობთ კარგად რვა მარტის დღესასწაულის ფუძემდებელ კლარა ცეტკინს, რადგან მისდამი გამოვლენილი ყალბი საბჭოთა სიმპათიის გამო თავად მასაც ბოლშევიკად მივიჩნევთ. შეიძლება, რევოლუციონერი ქალის იდეები უტოპიურად მიგვაჩნდეს და არ მოგვწონდეს, შეიძლება, მის მრავალ შეცდომასაც ვამჩნევდეთ, მაგრამ კლარა ცეტკინის ფიგურის დემონიზება ალბათ მაინც მცდარი და არცთუ გონივრული დამოკიდებულებაა ჩვენი საზოგადოების მხრივ.

ლიბერალიზმის ცნობილ თეორეტიკოსს ჯონ სტიუარტ მილს სიტყვის თავისუფლება ადამიანის უმთავრეს უფლებად მიაჩნდა, რადგან ამ იდეის რეალიზება შესაძლებლობას იძლევა, მოწინააღმდეგის პოზიციაში ჭეშმარიტების მარცვალიც აღმოვაჩინოთ. აქედან გამომდინარე, ურიგო არ იქნება, თუ ორიოდე სიტყვას ვიტყვით დიდი იდეალისტისა და მეოცე საუკუნის გამორჩეული მოღვაწის კლარა ცეტკინის შესახებ.

კლარა ცეტკინი პროფესიით მასწავლებელი იყო და წლების განმავლობაში მოღვაწეობდა გერმანიის სხვადასხვა საშუალო სკოლაში. 17 წლიდან მემარცხენე მოძრაობის აქტივისტთა შორის აღმოჩნდა. მთელი მისი ცხოვრება გადასახლებებისა და დევნის ისტორიაა. სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი პირველად 1878 წელს გააძევეს მონარქისტებმა სამშობლოდან. თორმეტი წლის განმავლობაში იგი ციურიხსა და პარიზში ცხოვრობდა და იქიდან ეხმარებოდა თანაპარტიელებს დემოკრატიული უფლებებისა თუ რესპუბლიკის დაფუძნებისთვის ბრძოლაში. რევოლუციონერი ქალი ნამდვილი ნოვატორი გახლდათ. მისი უშუალო მონაწილეობით დაფუძნდა არაერთი საზოგადოებრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია.

თუ ყურადღებით გადავავლებთ თვალს ქალთა მოძრაობის ისტორიას, მივხვდებით, რომ კლარა ცეტკინი იყო ქალთა ემანსიპაციის მოთხოვნებზე ორიენტირებული მსოფლიოს ისტორიაში პირველი ყოველდღიური გაზეთის დამფუძნებელი და გამომცემელი. ის იმპერიალისტურ გერმანიაში 1890 წლიდან გამოსცემდა გაზეთ „თანასწორობას”, რომელიც ომის მუდმივი სამზადისით გართულ სახელმწიფოს მშვიდობისა და სოციალური თუ გენდერული სამართლიანობის დამყარების აუცილებლობაზე მიანიშნებდა.

1889 წელს სწორედ კლარა ცეტკინის განსაკუთრებული მონდომებისა და აქტიური მონაწილეობის შედეგად შეიქმნა მემარცხენე ძალათა ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო გაერთიანება და გაერთიანების ქალთა სექცია. მსოფლიოს ქალთა კონფერენციებზე გამოსვლის დროს ის ფემინისტური მოძრაობის მომავალს წინასწარმეტყველებდა. ცეტკინს მიაჩნდა, რომ მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობის უფლებისთვის ბრძოლა და ეკონომიკური საკითხის იგნორირება ვერც ერთ მოძრაობას ვერ მოუტანდა რეალურ შედეგს: „ხმის მიცემის უფლება ეკონომიკური თავისუფლების გარეშე, არც მეტი, არც ნაკლები, არის ცვლილება მიმართულების, კურსისა და შედეგის გარეშე. სოციალური გათავისუფლება, ემანსიპაცია მხოლოდ პოლიტიკურ უფლებებზე რომ იყოს დამოკიდებული, საყოველთაო საარჩევნო უფლების მქონე ქვეყნებში სოციალური სამართლიანობის, უთანასწორობისა და სიღარიბის პრობლემა არ იარსებებდა”.

საერთაშორისო პაციფისტურ კამპანიაში მონაწილეობისა და პირველი მსოფლიო ომის მოწინააღმდეგეთა დემონსტრაციების ორგანიზებისთვის კლარა ცეტკინი 1914-1918 წლებში ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში იდევნებოდა და საეჭვო რეპუტაციის მოქალაქედ მიიჩნეოდა. მიუხედავად ამისა, მან მოახერხა არაერთი ჰუმანიტარული ორგანიზაციისა და ქსელის დაარსება, რომლებიც უანგაროდ ეხმარებოდა, აპურებდა და მკურნალობდა ომით დაზარალებულ ევროპელებს.

ვაიმარის რესპუბლიკის დაფუძნებისთანავე ცეტკინი რაიხსტაგის წევრი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. პარლამენტარობის მიუხედავად, მისი დევნა არ შეწყვეტილა. თავდაპირველად მისი აჯანყებული პარტიის განეიტრალებას რესპუბლიკის ცენტრისტული მთავრობა ცდილობდა, მოგვიანებით გამარჯვებულმა ნაცისტებმა დაისახეს მიზნად მემარცხენე ოპოზიციონერების პოლიტიკური და ფიზიკური ლიკვიდაცია და მიაღწიეს კიდეც მიზანს.

1932 წელს ჰიტლერმა და მისმა თანაგუნდელებმა საპარლამენტო არჩევნებში საბოლოოდ გაიმარჯვეს. საზღვარგარეთ სამკურნალოდ გახიზნული და საყოველთაო ტერორს გარიდებული 75 წლის დეპუტატი გერმანიაში სიცოცხლის რისკის ფასად დაბრუნდა. უხუცესი დეპუტატის რანგში მას ნაცისტური რაიხსტაგის პირველი სხდომა უნდა გაეხსნა. ტრიბუნაზე ასულმა მოხუცმა ქალბატონმა მთელ ევროპას შეახსენა ფაშიზმის სისხლიანი განვითარების პერსპექტივა და ყველა ოპოზიციურ ძალას გაერთიანებისკენ, რასისტული მთავრობის დამხობისკენ მოუწოდა (დარბაზში ისხდნენ ჰიტლერიც და ნაცისტური ფრაქციის ლიდერი ჰერმან გერინგიც). გამოსვლა მან შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „ვასრულებ რა უხუცესი წევრის მოვალეობას, გახსნილად ვაცხადებ რაიხსტაგის პირველ სხდომას და გამოვთქვამ იმედს, რომ, ჩემი ინვალიდობის მიუხედავად, მომეცემა შესაძლებლობა გერმანიის მუშათა დეპუტატების პირველი ყრილობის გახსნისა”.

ნაცისტების გამწარებულმა ბელადმა ცეტკინსა და მის თანაფრაქციელებს გამბედავი და პირდაპირი გამოსვლა არ აპატია. რაიხსტაგის სხდომის შემდეგ კლარას მალევე მოუწია ქვეყნიდან გაქცევა და, მძიმე ავადმყოფი, გარდაიცვალა კიდეც ემიგრაციაში. მის თანაფრაქციელთა უდიდეს უმრავლესობას იგივე ბედი ეწია.

შესაძლოა, ბევრს არ მოსწონდეს ცეტკინის იდეები, მაგრამ შეუძლებელია არ დავაფასოთ მისი იდეალიზმი და განსაკუთრებული სიმამაცე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი