პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

სიტყვობანა – სახალისო თამაში ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად

სიტყვათა დიდი მარაგი გაწაფული კითხვის ხერხემალია. მრავალფეროვანი სასწავლო ტექსტების წაკითხვა რთულია, თუკი ბავშვს სიტყვათა მნიშვნელობა არ ესმის. კითხვა ამდიდრებს ლექსიკურ მარაგს, თუმცა სიტყვებზე მიზანმიმართული მუშაობა აუცილებელია. ტექნოლოგიურ სამყაროში ბავშვებს დიალოგის, ამბის თხრობის დრო თითქმის არ რჩებათ. სოციალურ ქსელში მათ მიმოწერას თუ თვალს გადაავლებთ, ადვილად შენიშნავთ არასწორ ფორმებსა და სასვენი ნიშნების უგულებელყოფას. სწორედ ამიტომ, მასწავლებლებს ლექსიკური მარაგის გამდიდრებისთვის სხვადასხვა აქტივობის მოფიქრება გვიწევს.

სიტყვობანა – ამ სტატიის სათაური თამაშის ელემენტებს შეიცავს, რადგან სხვაგვარად საგაკვეთილო პროცესი მონოტონური და არაეფექტურია. გიამბობთ ერთი გაკვეთილის შესახებ, რომელიც ნატო დავითაშვილის წიგნის „ნისლებში და ნისლებს მიღმა“ მიხედვით ავაგე.

წიგნს რამდენიმე თვე ვკითხულობდით. ამჯერად ყურადღებას გავამახვილებ რომანში გამოყენებულ სიტყვებსა და მათი სწავლების მეთოდზე.

წიგნის გაცნობისას ვიყენებთ მარკირებული კითხვის მეთოდს. ვხაზავთ ჩვენთვის საინტერესო, უცხო, ახალ ან ლამაზ სიტყვას. ვავსებთ სიტყვის რუკას, ვეძებთ განმარტებებს ლექსიკონში, ვხატავთ, ვათვალიერებთ სიტყვის ვიზუალურ მასალას.

„სიტყვობანა“ მეშვიდეკლასელებს წარმოქმნილი სიტყვებისა და კომპოზიტების შესწავლის შემდეგ შევთავაზე, რამაც მხატვრული ტექსტისადმი ინტერესი კიდევ უფრო გააღრმავა.

მწერალს წიგნში „ნისლებში და ნისლებს მიღმა“ გამოყენებული აქვს ძველი ქართული სიტყვები, რომლებიც თანამედროვე ყოფაში თითქმის აღარ გვხვდება. ფენტეზის ჟანრის რომანი ქართული მითოსის მიხედვით არის აგებული. მთავარი პერსონაჟები მოზარდი გოგო-ბიჭები არიან. მითოსური დროის მიუხედავად, ამბის დინამიკური თხრობა, ორი სიუჟეტური ხაზი და მოვლენათა მოულოდნელი განვითარება მეშვიდეკლასელებისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა. ძველი, მივიწყებული სიტყვებიც ჰარმონიულად შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა, მასწავლებელს დიდი ძალისხმევა სჭირდება სიტყვების გაცნობისას და სწავლებისას. ეს პროცესი სიტყვობანამ კიდევ უფრო საინტერესო, სახალისო და დაუვიწყარი გახადა.

წიგნიდან შევარჩიე შემდეგი სიტყვები: ვეძა, ჭიუხი, ჩანგი, დევისპირა, ზღუდეშემოვლებული, ქარაგმა, არტახები, გუმანი, თახჩა, ქარაფი, კვეს-აბედი, გრდემლი, ბროლი, ჭრაქი, მარიხი, გველეშაპი, კოჭობი, ძირხვენა.

ფერად ბარათებზე დაწერილი სიტყვები მაფინების ცომში ჩავდე და გამოვაცხვე. ჩანაფიქრის მიხედვით, სიტყვები მაფინებში უნდა დაფარულიყო, რადგან ცხობისას მათ თავი „ამოყვეს“, ინსტრუქცია შევცვალე.

  1. დაფაზე ჩამოვწერე შერჩეული სიტყვები და თითოეულის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ. კომპოზიტებსა და წარმოქმნილ სახელებს დავაკვირდით (დევისპირა, ზღუდეშემოვლებული, კვეს-აბედი, გველეშაპი, ძირხვენა);
  2. ბუშტის დახმარებით ერთმა წყვილმა ყველა სიტყვა ხმამაღლა წარმოთქვა. ბავშვები ერთმანეთს რიგრიგობით უგდებდნენ ბუშტს და თან დაფაზე ჩამოწერილ სიტყვებს ხმამაღლა ამბობდნენ;
  3. გაკვეთილის დაწყებამდე შევარჩიე ხუთი სიტყვა, დავწერე თაბახის ფურცელზე და სკოლის სხვადასხვა სივრცეში – საკლასო ოთახები, ეზო, სამასწავლებლო – დავმალე. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ამ ყველაფრის შესახებ კოლეგები გავაფრთხილე;
  4. თითოეულმა ჯგუფმა რიგრიგობით აიღო ფურცელი, რომელზეც მოსაძებნი ადგილის სახელი ეწერა;
  5. სიტყვის მოძებნის შემდეგ კლასში დაბრუნდნენ, ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში სიტყვათა მნიშვნელობები იპოვეს და ამოწერეს;
  6. შემდეგ სათითაოდ დავურიგე სიტყვებიანი მაფინები. კლასის წყვილებად დაყოფაში მაფინებში ჩარჭობილი სიტყვები დამეხმარა, კერძოდ, ზოგ ბარათზე ეწერა სიტყვა, ზოგზე კი – არა;
  7. თითოეულმა წყვილმა თავისი კუთვნილი სიტყვის მიხედვით დაწერა ჰაიკუ, შექმნა კომიქსი ან დახატა სიტყვა;
  8. ბოლოს კი წარადგინეს პრეზენტაციები;
  9. საშინაო დავალებად მივეცი დიალექტურ კორპუსში – co – მოეძებნათ ერთი ტექსტი, წაეკითხათ და კლასისთვის გაეცნოთ;
  10. გაკვეთილის დაწყებამდე ერთმა მოსწავლემ ფოტო-ვიდეომასალის გადაღება ითავა.

გაკვეთილმა არაჩვეულებრივად ჩაიარა. ჩართული იყო ყველა მოსწავლე. მიუხედავად ამისა, ვიცოდი, რომ ეს ყოველივე დამახსოვრებისთვის საკმარისი არ იქნებოდა. ამიტომ მეორე დღისთვის შევადგინე ტესტი – დაწერეს სიტყვათა განმარტებები. შედეგების გაცნობისას გამოიკვეთა, რომ უმრავლესობას კვლავ გაუჭირდა სიტყვათა დეფინიცია. შემდეგი გაკვეთილისთვის სიტყვების პლასტილინისგან გამოძერწვა და ფერადი ქაღალდებისგან გამოჭრა დავგეგმე. თითოეულმა წყვილმა გამოძერწა ერთი სიტყვა, შეავსო სქემა – სიტყვის რუკა და დაწერა ჰაიკუ. პრეზენტაციის წარდგენის შემდეგ ნამუშევრები კლასის გალერეაში გამოვფინეთ. მშრალად მოყოლილი ამბების უკან ბევრი ემოცია იმალება. ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი სკოლის ბლოგზე.

ამგვარად, სიტყვობანა სხვადასხვა ტიპის აქტივობას შეიძლება დავარქვათ. ჩემ მიერ აღწერილ გაკვეთილებზე მოსწავლეებმა:

  • სიტყვების მიხედვით თანამედროვე ქართული რომანი კიდევ უფრო შეიყვარეს;
  • იმუშავეს ქართული ენის განმარტებით ლექსიკონზე;
  • ვიზუალურად გააცოცხლეს თითოეული სიტყვა;
  • შეავსეს სქემა;
  • დაწერეს ჰაიკუ;
  • შექმნეს კომიქსი;
  • მოიფიქრეს წინადადებები.

საკლასო ოთახს გარეთ სიტყვის ძიებამ და მაფინებმა საგაკვეთილო პროცესს დაუვიწყარი ელფერი შესძინა.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი