ვინ მიიღებს ოსკარს

ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიის დაწყებამდე სულ რამდენიმე საათი რჩება, მაგრამ როცა ჩემი პროგნოზი თქვენამდე მოაღწევს, ოსკაროსნების სია უკვე ცნობილი იქნება. დილით Facebook-ს გახსნით ან რომელიმე გამოცემის ვებგვერდზე შეხვალთ და იქაურობა აჭრელებული დაგხვდებათ მრავალათასიან საღამოს კაბებსა და სმოკინგებში გამოწყობილი ვარსკვლავების ფოტოებით, იმედგაცრუებული, სიხარულით სავსე და თავდაჯერებული სტატუს-კომენტარებით: „ხომ ვამბობდი!” – და სხვა და სხვა.

ჰოლივუდურ ვარსკვლავთცვენაში ქართველებიც გამოერევიან, მაგრამ მათ ამ ვარსკვლავთცვენით გამოწვეული ისეთივე გაკვირვება და აღფრთოვანება ექნებათ აღბეჭდილი სახეებზე, როგორიც ჩვენ. ამ ქართველების ამბავმა ლამის ყველა ჩვენგანის სახლში შემოაღწია. ჯერ იყო და მათ „ჯიბის ფულზე” ვინერვიულეთ, მერე – ჩაცმულობაზე და მალე, თუ წითელ ხალიჩაზე რომელიმე ჩვენიანს მოვკარით თვალი, ისიც გვეცოდინება, რა ფერის საცვალი აცვია მას. სმოკინგ-შარვლის ამბები რომ მოვინელეთ, თურქული დიდთოვლობა წამოგვეწია – აეროპორტში გაიჭედნენ. ბოლოს ჭორი გავრცელდა, მიშა მესხმა პასპორტი დაკარგაო და მოკლედ რა, ტანჯვაა ეს წუთისოფელი. ჩააღწიეს მგონი.

„ოსკარს” ჩვენში სხვადასხვა ფერის თვალით უყურებენ. ზოგი ცხვირს უბზუებს – ჰოლივუდი იანკების იდეოლოგიაა, ამერიკელების ყველაზე ძლიერი იარაღი, და მანდაურობას ნამდვილი ხელოვნებისა არაფერი სცხიაო. თუ ხელოვნება გინდათ, აგერ, ევროპა-აზიისკენ გამოიხედეთო. უფრო – ევროპისკენო. ზოგსაც ქვიშის საათი გადმოუპირქვავებია და სულიმწარედ ელოდება წითელ ხალიჩაზე პირველი ძვირად ღირებული ფეხსაცმლის შედგმას. მე კი მგონია, რომ „ოსკარმა”, იქაურმა თავგადასავლებმა და ჰოლივუდმა კარგი სამაღარიჩო საქმე გაგვიკეთა იმ ტკბილ ხანაში, თბილისში კალაშნიკოვის ავტომატის კაკანი რომ აღარ ისმოდა, ახალი კი არაფერი ხდებოდა. მოგვიანებით თეა გვასალიამ მოგვისწრო სულზე. იმ ხალხის ფერადი ისტორიების მოსმენა გაყინული სახლის ფანჯარას ჰგავდა, საიდანაც კარგი ამინდი ჩანს. ამიტომაა, ვერც ჰოლივუდის და ვერც „ოსკარის” მიმართ გულგრილი რომ ვერ ვარ.

კინოაკადემიას თავისი ხუშტურები აქვს – ვიღაცები უყვარს, ვიღაცები სძულს; ზოგს ხან გაუღიმებს, ხან წარბს შეუკრავს. კლინტ ისტვუდი თავისიანად მიაჩნია, კუბრიკს კი ჭირვეული ბავშვივით უცხოობდა; საარაკო უნიჭობით გამორჩეულ კუბა გუდინგ უმცროსს ოსკარი ჩაახუტა, ლეო დი კაპრიოს კი კარგა ხანია აშაყირებს… ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა, ცაში – ვარსკვლავები და ამერიკის კინოაკადემიაში – ცოდვები, მაგრამ მაინც გვიყვარს და გვაინტერესებს, ეს ოხერი.

წელს რა მოხდება? მე რა ვიცი. იმას კი მოგახსენებთ, ჩემთვის საინტერესო ნომინაციებში რა მინდა მოხდეს:

მთავარი ჯილდო ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს Birdman-მა უნდა მიიღოს. ეს ნიჭიერი მექსიკელი ყაზილარი, კარგა ხანია, ერთიმეორეზე უკეთეს ფილმებს ჩარხავს, მაგრამ ბოლო ნამუშევარი ისეთია, რომ აკადემიამ გვერდი ვერ უნდა აუაროს (თუმცა ერთხელ და ორჯერ აუვლია?!). ამ ფილმში ისეთი ამბები ტრიალებს, ისეთი დინამიკა და იმდენი ენერგია მოდის, რომ ნუ იტყვით…

სადაც სამართალია, მამაკაცის მთავარი როლისთვის ჩამოსხმული ქანდაკებაც Birdman-ის ანგარიშზე უნდა გაუშვან. მაიკლ კიტონმა ციბრუტივით იტრიალა, 63 წლის განმავლობაში ნაგროვები ენერგია გადმოანთხია და თავისი ბოლო წლების საუკეთესო როლი ხონჩით მოგვართვა. სანამ ინიარიტუს ფილმს ვნახავდი, მეგონა, სტივ კერელს მიაგებდნენ პატივს Foxcatcher-სთვის, მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით იოლი მისია ჰქონდა დაკისრებული – რეალური პერსონა უნდა განესახიერებინა. ეს მსახიობს ჯაფას უმსუბუქებს. მას აქვს Youtube-ი იმისთვის, რომ ობიექტი გაშიფროს (თუ პერსონაჟის ვიდეო არსებობს), მისი მიმიკები, მიხრა-მოხრა, საუბრის მანერა შეისწავლოს. ბოლოს და ბოლოს, ფოტოსურათიდანაც შესაძლებელია გმირის ხასიათის მოპარვა. სტივ კერელს გრიმიც ეხმარებოდა, გრიმით კი, გეცოდინებათ, უფრო ადვილია. 

Birdman-ს კიდევ ერთი მომგებიანი ნომინანტი ჰყავს – ედვარდ ნორტონი, რომელიც ჯილდოზე მეორეხარისხოვანი როლისთვისაა წარდგენილი და გულზე ხელის დადებით ვამბობ – შესანიშნავ პერფომანსს დგამს. ბოლოდროინდელი უღიმღამო კარიერის შემდეგ ეს თვალში საცემი გამოხტომა იყო მისი მხრიდან. ერთი კია, ნორტონს ბევრად უფრო რთული კონკურენტები ჰყავს – გნებავთ, ნომინაციების კლასიკოსი რობერტ დიუვალი და გნებავთ, ნიჭიერი კაცი მარკ რუფალო. ისე კი, დაივიწყეთ ეს ხალხი. ამ ოსკარს ჯეი ქეი სიმონსი ჩაიჯიბავს. წყალი არ გაუვა ამას. 

ერთი პარადოქსული რამ ახასიათებს „ოსკარს” – ცალ-ცალკე ნომინაციებია საუკეთესო ფილმისთვის და საუკეთესო რეჟისორისთვის. გასაკვირია – თუ ფილმს იმ წლის საუკეთესო ნამუშევრად აღიარებ, მაშ, წლის საუკეთესო რეჟისორიც იმ ფილმის შემქმნელი არ უნდა იყოს? თუმცა მანდ სხვა მაფიაა – საუკეთესო ფილმისთვის ჯილდოს პროდიუსერი იღებს და არა რეჟისორი. ასეა, რას ვიზამთ.

რეჟისორების ნომინაციაში საქმე იოლად როდია. ერთი მხრივ ინიარიტუ ზის, მეორე მხრივ  – რიჩარდ ლინკლეიტერი შესანიშნავი სურათისთვის Boyhood და ამ ორ ბრწყინვალე ნომინანტს უეს ანდერსონიც ემატება საოცრად ტკბილი ფილმით The Grand Budapest Hotel. ანდერსონის შემთხვევა მარტივი მგონია – მას საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის დააჯილდოებენ და დაშოშმინდება. რეჟისორად კი, ეჭვი მღრღნის, ლინკლეიტერს გამოარჩევენ და ინიარიტუ დაიჩაგრება.

ქალებთანაც რთული ვითარებაა. მთავარი როლისთვის მარიონ კოტიიარს უფრო ეკუთვნის დაფასება, მაგრამ ჯულიანა მურს დააჯილდოებენ. აკადემია ჭაღარას, რაგინდ კარგადაც მალავდე, პატივს სცემს. ისე კი, რას ვერჩი ჯულიანას, მშვენივრად გაისარჯა.

რა მოხდება ქალის მეორეხარისხოვან როლზე? – ალბათ, პატრიცია არკეტი გაიხარებს. მერილ სტრიპი თავის ტრადიციად ქცეულ ნომინანტობას დასჯერდებ. მაგრამ ამ არაამქვეყნიურად ნიჭიერი ქალისგან განა რამეღა დარჩა გასაკვირი?! იქნებ აიყვანონ კიდეც სცენაზე.

უცხოენოვანი ფილმისთვის განკუთვნილ „ოსკარს”, როგორც არ უნდა დაგვამწუხროს ამ ამბავმა, ან ზვიაგინცევის Leviathan-ი, ან პოლონური Ida მიიღებს;
დოკუმენტური ფილმისას – Citizen Four;
მუსიკისას – The Imitation Game;
კოსტიუმებისას – The Grand Budapest Hotel;
მულტფილმისას – How to Train Your Dragon 2.

და კიდევ ერთი: შეიძლება, სხვა ყველაფერში ვცდებოდე, მაგრამ ორივე თირკმელს ჩამოვალ ფსონად, რომ საუკეთესო ოპერატორის ნომინაციაში Birdman-ის ოპერატორი, გენიოსი ემანუელ ლუბეცკი გაიმარჯვებს.
აგერ მე და აგერ თქვენ. 

კომენტარები

comments