პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მიმბაძველობა ბავშვებში

არავისთვის იქნება უცხო, რომ პატარები დიდი მონდომებით ბაძავენ უფროსებს, განსაკუთრებით – მშობლებს. ღიმილის მომგვრელია ქუჩაში მამის გვერდით მიმავალი პატარა ბიჭუნას ყურება – ის ცდილობს, მამასავით იაროს, ილაპარაკოს, იმეორებს მის მანერებს, მიმიკასა და ჟესტიკულაცია. ვინ არ გამხდარა იმის მოწმე, როგორი მონდომებით ცდილობს პატარა გოგონა, თავისი პატარა თითებით გააბრტყელოს ცომი და ისევე „გამოაცხოს“ ხაჭაპური, როგორც ამას დედა აკეთებს.

მიმბაძველობა დიდი სარგებლობის მომტანია ბავშვისთვის, მისი განვითარებისთვის:

* მიბაძვა, იმიტაცია მძლავრი ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობითაც ხდება ბავშვის სოციალური ადაპტაცია, მისი ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარება, სხვადასხვა უნარის დაუფლება და პიროვნების ფორმირება;

* მიბაძვა ბავშვისთვის მშობლების ცხოვრებისეული გამოცდილების ათვისების კარგი საშუალება და თვალსაჩინო შედეგიცაა;

* მიბაძვა როგორც სოციალური გამოცდილების ათვისების ერთ-ერთი გზა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარების ადრეულ ეტაპებზე. ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვი მიბაძვით ითვისებს, სწავლობს საგნობრივ მოქმედებებს, ქცევის ნორმებს, გამოიმუშავებს თვითმომსახურების უნარ-ჩვევებს, ეუფლება მეტყველებას. მიბაძვა ფსიქიკური განვითარების ხელშემწყობია. მიბაძვის უნარი საფუძვლად უდევს ბავშვის ინტელექტუალურ და მოტორულ განვითარებას, რადგან მიბაძვა ახალის ათვისების ეფექტური ხერხია;

* იმიტაციას ბავშვი იყენებს როგორც კომუნიკაციის საშუალებას. მშობლის სახეზე დაკვირვებით და მისი მიმიკის, გამომეტყველების მიბაძვით ის სწავლობს ურთიერთობას. ჩვენი მოქმედების, ქცევის კოპირებით და მოგვიანებით ჩვენ მიერ გამოცემული ბგერების განმეორების მცდელობით ჩვილები ერთვებიან კომუნიკაციაში და ეუფლებიან მეტყველებას. მათი პირველი ბგერები უკვე უფროსების სიტყვების მიბაძვის მცდელობაა;

* როგორც კი პატარა მოახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას, აღწევს დამოუკიდებლობას მოძრაობაში, ის ცდილობს დაეუფლოს ყველაფერს, რასაც უფროსები ვიყენებთ. ბავშვის ცნობისმოყვარეობა უსაზღვროა და ამის წყალობით ის იზრდება. რა თქმა უნდა, პატარა ჩვენს ჟესტებს და მოძრაობებს თავდაპირველად მოუქნელად, მაგრამ აშკარა სიამოვნებით და უდიდესი ენთუზიაზმით იმეორებს; განსაკუთრებით მაშინ, თუ მისი „მიღწევები“ ჩვენში ღიმილს იწვევს, ის კვლავ და კვლავ შეეცდება მოგვბაძოს. ახლობელი ადამიანის ასეთი მოქმედება, როგორც წესი, განამტკიცებს ბავშვის ქცევას. უფროსების მიბაძვა ეხმარება ბავშვს გაიზარდოს, გახდეს დიდი. მიბაძვა მისთვის გარემომცველი სამყაროს შემეცნების კარგი საშუალებაა;

* უაღრესად დიდია მიბაძვის, იმიტაციის როლი ბავშვის ფიზიკურ განვითარებაში, განსაკუთრებით – ადრეულ პერიოდში. ბავშვის ფიზიკური განვითარება უმნიშვნელოვანესია, პირველხარისხოვანი, და, თავის მხრივ, გონებრივი განვითარების ხელშემწყობი ხდება. როცა ბავშვს ვასწავლით ფეხზე დგომას, ბურთის აღებას და გადაგდებას, სიარულს უფროსების მაგალითზე, ყველაფერი ეს უშუალო გავლენას ახდენს მისი გონებრივი უნარების შემდგომ განვითარებაზე;

* ზრდასრულთა ქცევის კოპირება ბავშვისთვის საკუთარი სქსობრივი იდენტობის გაცნობის, გაგების საშუალებაცაა. სქესობრივი მიკუთვნებულობის განცდა ბავშვს სამი წლიდან უჩნდება და შესაძლებლობას აძლევს, დაინახოს საკუთარი თავი მომავალში. ამ პერიოდიდან ბავშვი იწყებს არა უბრალოდ მოქმედებების, არამედ გარკვეული ადამიანების მიბაძვას. მას უკვე შეუძლია საკუთარი თავის სხვასთან გაიგივება სქესობრივი ნიშნით. მაგალითად, ბიჭუნები, ამჩნევენ რა თავიანთ მსგავსებას მამასა და სხვა მამაკაცებთან, იწყებენ საკუთარი თავის მიკუთვნებას იმავე კატეგორიისთვის. იმის გაცნობიერება, რომ ის მიეკუთვნება ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას, ბავშვს უჩენს მისწრაფებას, მიბაძოს ამა თუ იმ სქესის ადამიანს და დაიმკვიდროს თავი ადამიანთა კონკრეტული კატეგორიისადმი თავისი მიკუთვნებულობით. ამას ბავშვები აღწევენ გარშემო მყოფების მიბაძვის გზით: პატარა გოგონები უფროსების მიბაძვით ხშირად „იკეთებენ“ მაკიაჟს, „იცვამენ“ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, „იკეთებენ“ დედის სამკაულებს; ბიჭები მამის ჰალსტუხს „ირგებენ“, „იღებენ“ მის ნოუთბუქს და „მიდიან“ სამსახურში. თუმცა დღევანდელ სამყაროში ყველაფერი ასეთი ერთმნიშვნელოვანი აღარ არის, იცვლება სტერეოტიპები – ბავშვები ხედავენ, როგორ ამზადებენ მათი მამები ვახშამს და უცვლიან პატარას პამპერსს, დედები კი მთელი საღამო კომპიუტერთან მუშაობენ.

მიბაძვას ბავშვი ჯერ კიდევ ჩვილი ასაკიდან იწყებს და საკმაოდ გრძელ გზას გადის. ამასთან, სხვადასხვა ასაკობრივ საფეხურზე მიბაძვას სხვადასხვა ფსიქოლოგიური მექანიზმები უდევს საფუძვლად. ჩვილობის პერიოდში უფროსის მოქმედებების და ბგერების, დედის სახის გამომეტყველების, მისი ღიმილის მიბაძვა პირველი „შინაარსიანი“ კონტაქტის დამყარების მცდელობაა. ზრდასრული ადამიანის ჟესტებისა და მოქმედებების განმეორება ჩვილების ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობაა – გავიხსენოთ, რა მხიარულად ღუღუნებს პატარა დედასთან „ურთიერთობისას“, თვალს ადევნებს თითოეულ მის მოძრაობას, იმეორებს ბგერებს და როგორც კი იგრძნობს, რომ ეს გამოსდის, ტაშს უკრავს ისე, როგორც ამას აკეთებენ უფროსები მის გასამხიარულებლად. სამეტყველო ბგერების წარმოთქმაში მიბაძვა პირველი ნაბიჯია მეტყველებით აქტივობაში. ბავშვი იზრდება, მისი ღუღუნი თანდათან გადაიზრდება მხიარულ ტიტინში, რომელშიც სულ უფრო ხშირად ვხვდებით უფროსების მხრიდან წარმოთქმული მარტივი სიტყვების ნაწყვეტებს. შემდგომში ცხოველების ხმების მიბაძვა, ლექსიკური მარაგის გამდიდრება ზღაპრებსა და ლექსებში გამოყენებული სიტყვათშეთანხმებებით, საბავშვო ბაღში – აღმზრდელების, ეზოში უფროსი მეგობრების მიერ გამოყენებული ფრაზებით საშუალებას აძლევს პატარას, უფრო წინ წავიდეს მეტყველების დაუფლების პროცესში.

ორი წლიდან იზრდება იმიტაციების მოცულობა. ბავშვი უკვე ახერხებს მოქმედებათა თანმიმდევრობის გამეორებას, ფიქრობს, რომ შეუძლია ყველაფრის ისე გაკეთება, როგორც ჩვენ, უფროსები ვაკეთებთ და უკეთესადაც კი. ცდილობს, გაიმეოროს ყოველი ჩვენი მოქმედება, თუნდაც მოუხერხებლად, შეასრულოს მარტივი დავალებები და ამით ამაყობს კიდეც.

სამი წლის ასაკში მიმბაძველობა კიდევ უფრო გამოხატული ხდება, მეტად მოგვაგონებს გარშემო მყოფი მოზრდილების ქცევას. ამ პერიოდში ბავშვი ხვდება, რომ ნამდვილი, რეალური ძალა უფროსების ხელშია. ის აცნობიერებს საკუთარ სისუსტეებს. აქედან გამოსავალი, ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ჰქონდეს თუნდაც მცირეოდენი ძალა, ბავშვისთვის არის როლური თამაში. როდესაც პატარები თამაშობენ მასწავლებლობანას, ისინი ლაპარაკობენ თავიანთი მასწავლებლის ფრაზებით, მაგრამ უფრო მკაცრად იქცევიან, ვიდრე მათი პედაგოგი. ასე ისინი ცდილობენ, მიიღონ აბსოლუტური ძალაუფლება, რომელიც, მათი აზრით, აქვთ უფროსებს. ანალოგიურად იქცევა პატარა, რომელსაც აიძულებენ, ჭამოს ის, რაც არ მოსწონს. თამაშის დროს ის ამას იმეორებს თოჯინასთან – „უბრძანებს“, რომ ჭამოს. ეს ძალიან კარგი ხერხია საკუთარი მშობლების „აღსაზრდელად“, რადგან უჩვენებს მათ, როგორ არ უნდა მოიქცნენ.

სკოლამდელებში იმიტაცია მოიცავს ცხოვრების სხვადასხვა მხარეს, ასპექტს და უფრო ღრმა ხდება. ბავშვი უკვე უფრო მეტად ბაძავს უფროსების ურთიერთობას, მათ ქცევებს.

რატომ ბაძავენ ბავშვები უფროსებს, თანატოლებს და სხვა ადამიანებს?

* უპირველეს ყოვლისა, ბავშვს სურს თავადაც ისწავლოს ყველაფერი ის, რასაც მის გარშემო მყოფი უფროსი ადამიანები აკეთებენ.

* უფროსების მიბაძვით პატარები ეუფლებიან, იძენენ ახალ უნარებს, გამოიმუშავებენ ჩვევებს.

* ბავშვი გრძნობს, რომ უფროსების მიბაძვით მას შეუძლია დაძლიოს საკუთარი სისუსტეები. პატარებს სურთ, გახდნენ ისეთივე ძლიერები, როგორებიც მათი მშობლები არიან; ისეთივე ფართო ნაბიჯებით იარონ, ისევე სწრაფად ირბინონ, როგორც მამა დარბის, ისევე მოხერხებულად ჩააცვან თავიანთ თოჯინას, ასეირნონ ეტლით, როგორც ამას აკეთებს დედა, როდესაც მის პატარა დაიკოს აცმევს და ეტლით ასეირნებს. ამრიგად, რამის სწავლის სურვილთან ერთად, ბავშვი ცდილობს გადალახოს შიში, სისუსტე, უსუსურობა და მოიქცეს ისე, როგორც გარშემო მყოფი უფროსები იქცევიან.

* მიბაძვა სიყვარულის გამოხატვაა – ბავშვები ყოველთვის ბაძავენ იმათ, ვინც უყვართ, ვისითაც აღფრთოვანებულები არიან და ვისაც უნდათ, რომ ჰგავდნენ. როდესაც პატარა ბაძავს დედას ან მამას, ის საკუთარ თავს ახლობელ, საყვარელ ადამიანებთან აიგივებს.

* ხშირად მიბაძვა გამოწვეულია მისწრაფებით, მიიღოს სოციალური მოწონება, სურვილით, ჰგავდეს საყვარელ ადამიანს ან მიაღწიოს გარკვეულ მიზნებს.

გავითვალისწინოთ, რომ ბავშვები მშობლებს უფრო ხშირად ბაძავენ, ვიდრე სხვა ზრდასრულებს, იმიტომ, რომ მშობლები მათთვის წარმოადგენენ ემოციების – როგორც დადებითის, ისე უარყოფითის – მუდმივ წყაროს. ის, ვინც ემოციებს იწვევს ბავშვში, იპყრობს მის ყურადღებას და შედეგად პატარა უკეთესად ითვისებს სწორედ ამ ადამიანების ქცევას, ამასთან, ითვისებს როგორც დადებითს, ისე უარყოფითს. და ვინაიდან იდეალური ადამიანი არ არსებობს, ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ აბსოლუტური ეტალონი ბავშვისთვის. გონივრული არ იქნება, ზედმეტი მოთხოვნები წავუყენოთ საკუთარ თავს და ბავშვს. როდესაც ის გაიზრდება, თავად მიხვდება, რომ უფროსებსაც აქვთ ნაკლოვანებები და ამის გაცნობიერება დაეხმარება, მიიღოს და აღიაროს საკუთარი სისუსტეები.

დაბოლოს, თვალყური ვადევნოთ ჩვენს ქმედებებს, სიტყვებს. გვახსოვდეს, რომ ბავშვები ყურადღებით გვაკვირდებიან და თუ მათ ქცევაში რამე არ მოგვწონს, იქნებ ეს ჩვენი მიბაძვის შედეგია, იქნებ უწინარესად ჩვენ გვჭირდება საკუთარ თავზე მეტი მუშაობა?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი