პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ოკუპანტის პირისპირ: Modus operandi, რამდენიმე კომენტარი „მგზავრის წერილებისთვის“

ძალიან მოხარული ვარ.
პეტერბურგიდამ.
მე გახლავართ ერთი სომხის სოვდაგრის დახლიდარი.

ესაა პირველი სამი ფრაზა, რომელთაც ილია ჭავჭავაძის მგზავრი რუს ოფიცერთან შეხვედრისას წარმოთქვამს. რადგან „მგზავრის წერილებში“, ილიას სხვა პროზაულ ნაწარმოებებთან შედარებით, პერსონაჟი და ავტორი ყველაზე ახლოს დგანან ერთმანეთთან, ჩვენს წერილში მათ შორის ტოლობის ნიშანს დავსვამთ. პოდპორუჩიკის გამოჩენაც კი საკმარისი აღმოჩნდა, ილიას უყოყმანოდ დაეჭირა დისტანცია ალკოჰოლიკ რუსთან ურთიერთობაში. უკვე მესამე ფრაზით მან აირჩია ირონია, როგორც  მეთოდი ოფიცერთან საურთიერთოდ.

ცხადია, ვიცით, პირველი ვინ ელაპარაკებოდა ადამიანებს ირონიის მოშველიებით. ოღონდ სოკრატე მოსაუბრეებზე მეტს ლაპარაკობდა, ილია ჭავჭავაძე კი ირონიულ სიტყვაძუნწობას ირჩევს. სხვებთან საუბრისას სოკრატეს მიზანი ხშირად რაიმე საკითხის გამორკვევა იყო. ილიას მიზანი რამდენადმე განსხვავებულია: მკითხველის წინაშე ცხადყოს, რა ადამიანია თანამოსაუბრე და გვიჩვენოს, როგორ უნდა მოვეკიდოთ მას. და კიდევ ერთი, არსებითი სხვაობა: სოკრატესთან დიალოგში ჩაბმული იყვნენ თავისუფალი ათენის თავისუფალი მოქალაქეები. მგზავრის წერილებში კი ქართველი კაცი, რომელსაც ეროვნული თავისუფლება დაკარგული აქვს, ელაპარაკება დამპყრობელს. უკეთ, დამპყრობელი ელაპარაკება იმპერიის ქვეშევრდომს, რომელიც მთელი არცთუ მოკლე დიალოგის მანძილზე ჯამურად სამოცდაათ სიტყვასაც არ ამბობს ხმამაღლა.

მე გახლავართ ერთი სომხის სოვდაგრის დახლიდარი  – ამ ირონიული ფრაზით ილიამ მკვეთრად დაადაბლა თავისი სოციალური სტატუსი. ის თავადიშვილია, თან პეტერბურგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. როგორც ჩანს, მგზავრი ცოტას ხალისობს, მას სოციოფსიქოლოგიური ექსპერიმენტის ჩატარება მოუნდა და გამოუვიდა კიდეც: პირველივე ბიჯმა ცდისპირს ტუჩები აუპრუწა. პოდპორუჩიკმა იმთავითვე ჩაიქნია ხელი იმაზე, რომ მგზავრთან „გონების გასაფხიზლებელი და ჭკვის საზრდო“ მუსაიფი გამოუვიდოდა.  ვინაობისა და სტატუსის დამალვით ილიამ საშუალება მისცა სატიტულო ერის წარმომადგენელსა და იმპერიის მსახურს მთელი თავისი კულტურტრეგერული გაქანება წარმოეჩინა.

„დახლიდარიო!“ – თქვა და ტუჩები აიპრუწა“. – ეს მოკლე წინადადება მკაფიოდ მიგვანიშნებს, რომ ჩვენი დაკარგული თავისუფლების სადარაჯოზე დგას ადამიანი, რომელსაც, ალბათ, ჰგონია, იცის, მაგრამ რეალურად წარმოდგენა არ აქვს, რა არის ღირსება. ქედმაღლურად განეწყო იმ კაცის მიმართ, ვისაც მოსალოდნელი სოციალური სტატუსი არ აღმოაჩნდა, უწინარესად სწორედ უღირსობის ნიშანია.

ოფიცერთან შეხვედრის ეპიზოდს ილია ინტენსიურად ტვირთავს საზრისებით, რომლებიც იოლად დისტილირდება ცივი გონებით განსჯისას. მგზავრისა და პოდპორუჩიკის დიალოგზე ერთი რამ მრავალგზის ნათქვამია: როგორია რუსეთის სახე, წარმოდგენილი ამ „აფიცრით“. ორიოდ სიტყვას ჩვენც შევმატებთ. მაგრამ ნათქვამია, უკეთ, მონიშნულია ისიც, ჩვენ, დაპყრობილი, თავისუფლების არმქონე ადამიანები როგორ შეიძლება და როგორ უნდა ვუყურებდეთ რუსეთსა და რუსებს.

მაგრამ, მოდი, ჯერ პოდპორუჩიკის მცირე დოსიე დავდოთ: ის უტაქტოა და არაგულისხმიერი, რადგან გამარჯობის თქმის მერე იმ ადგილზე ლაპარაკობს აგდებით, სადაც თვითონ არამკითხე სტუმარია; ლარსის მიდამოებს უდაბურად  და ვერანად იხსენიებს. „დახლიდარობის“ შეტყობა აქცევს ქედმაღალ და დამცინავ ადამიანად, რაც ინტონაციაშიც კი გამოეხატება და პეტერბურგთან, როგორც რუსეთის გულთან შედარებისას, დამატებით მიაფურთხებს თბილისს („წიტიანი ქალაქი“ გაქვთო). წყენა, შეურაცხყოფა ისე „ორგანულად“ გამოსდის, რომ ეგებ თავსაც არ აძლევს ანგარიშს. მოისურვებს ინტელექტუალური უპირატესობის დამტკიცებას და განაცხადებს, მწერალი ვარ, ეგრე კი ნუ მიყურებთო.  ეტყობა, მგზავრის მზერაში კარგი ვერაფერი ამოიკითხა. შემდეგ ქართველებსა და სომხებს უწუნებს განსჯის, სისტემური მსჯელობის უუნარობას და გაუნათლებლებად მიიჩნევს. აქ ეგებ გარკვეულწილად მართალიც იყო, მაგრამ თავადაც არ ეტყობა ნიშანწყალი განათლებისა. ისედაც, იმ ეპოქაში რუსეთის იმპერიის რუსი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უწიგნურია, წერა-კითხვის არმცოდნე. ოფიცერმა იცის, რომ იმპერიის ჭანჭიკია, მაგრამ რუსობა აძლევს საფუძველს, დაახარისხოს და დააკნინოს ქვეშევრდომები, ამ შემთხვევაში ქართველები და სომხები (რუსეთის იმპერიამ ისე დაასრულა არსებობა, რომ მოქალაქეები უფლებრივ თანასწორობას ვერ ეღირსნენ და სხვადასხვა დისკრიმინაციას განიცდიდნენ). მე-19 საუკუნის მთავარი ლიბერალური ნაბიჯი, ყმების გათავისუფლება (არსებითად, მონათმფლობელობის გაუქმება)  პრობლემების დასაბამად მიაჩნია. პოდპორუჩიკი სრულიად მოკლებულია კრიტიკული თვითრეფლექსიის უნარს, მისი მიეთ-მოეთი მგზავრს ერთხელ გააცინებს კიდეც. გულწრფელად აღაფრთოვანებს ეთნიკურად ქართველ გენერალთა რაოდენობა, რადგან ეს ცივილიზაციის დამყარების ნიშნად მიაჩნია. ილია ჭავჭავაძე ისე გადმოსცემს პოდპორუჩიკის საუბარს, რომ მისი ვიზავი, პერსონაჟი მგზავრი თითქმის არაფერს ამბობს და ირონიული მდუმარებით, იშვიათი და ასევე ირონიანარევი რეპლიკებით მკითხველი ხვდება (ან უნდა მიხვდეს) მგზავრის სათქმელს ვრცლად. რას იზამ, ცენზურაა, ღიად ვერ იტყვი.  მაგალითად, ამ ეპიზოდში

„რამდენი გენერლები გეყოლებათ თქვენ, ქართველებს?

იქნება, ერთი ოციოდე მოგროვდეს“.

 მიახლოებითი რიცხვითი სახელი, ჩვენი აზრით, ირონიულ ელფერს ატარებს. -ოდე ბოლოსართი მიანიშნებს, რომ მგზავრისთვის სულაც არ არის მნიშვნელოვანი, რაც ღირებულად მიაჩნია ოფიცერს და ეს ღირებულებითი აცდენა ერთ ქვეტექსტსაც შეიცავს: რუსეთის იმპერიის ქართველი გენერალი რუსეთის ინსტრუმენტია, ის ბევრი არაფერში არგია თავის დაპყრობილ სამშობლოს.

 მგზავრის პოზიცია მნიშვნელოვანია იმით, რაც ამ პოზიციაში არ არის, საერთოდ არ იგრძნობა და არც იგულისხმება: ესაა მოწიწება, კრძალვა, შიში, შებოჭილობა რუსი ოფიცრის წინაშე. „შენ ზევითა ხარ,  მე ქვევით“, შენ დამპყრობელი ხარ, ჩემზე ძლიერი, მე მმართებს მაამებლობა, პატივი უნდა გცე, როგორც მწყალობელს და გემორჩილებოდე – ამგვარი  განწყობები მგზავრმა იმთავითვე უარყო, მანამ, სანამ ჩვენ, მკითხველებს, შეგვხვდებოდა.

ვლადიკავკასში მყოფი მავანი ფრანგის რეპლიკა – „მებრალებით, რომ თქვენ იძულებული ხართ მაგას გაალაყებინოთ ტვინი“ – ცხადია, მხოლოდ „ფოშტის პოვოსკას“ არ ეხება. ამ ეპიზოდში ავტორი ევროპული პრიზმიდან უყურებს რუსეთს და თანამემამულეებს მოთხრობის დასაწყისშივე აფრთხილებს: იმპერია ალაყებს ქვეშევრდომებს, თავისუფლების დაკარგვა, მონობა, დამპყრობლის მორჩილება, უკრიტიკო ლოიალობა მოასწავებს დეგრადაციას – უწინარესად ინტელექტუალურსა და ზნეობრივს. ერთი ეგეთი არსება, ველიკოდერჟავული ქედმაღლობით აღსავსე პირუტყვი იამშჩიკი იქვე ზის თუ დევს კოფოზე, როგორც ცოცხალი მტკიცებულება. რუსი იამშჩიკი არის ტიპი, რომლის ხატად და მსგავსად არ უნდა ვიქცეთ. არადა, ეს გვემუქრება, ეგებ იმპერიის მიზანიც ეგ იყოს.

მგზავრი ითმენს პოვოსკაში ჯაყჯაყსაც და ოფიცრის ლაყაფსაც. სხვა გზა ჯერ არ არის. ოღონდ თმენა არ ნიშნავს, რომ მას, თმენას, თანდათან მიჩვევა, მოწონება ან შეგუება შეუწყვილდეს.  ეს არის მოცემულობა, რომელიც არ უნდა მიიღო და რომელსაც შენი, თუნდაც მხოლოდ ფარულად  რეზისტენტული, მოქმედების წესი შეაგებო.

გავიხსენოთ ქრესტომათიული აბზაცი: „ოთხი წელიწადი იყო, რაც მე რუსეთში ვიმყოფებოდი და ჩემი ქვეყანა არ მენახა. ოთხი წელიწადი!.. იცი, მკითხველო, ეს ოთხი წელიწადი რა ოთხი წელიწადია! პირველი, რომ მთელი საუკუნეა მისთვის, ვინც თავის ქვეყანას მოშორებია. მეორე, ეგ ოთხი წელიწადი ცხოვრების საძირკველია, ცხოვრების წყაროს სათავეა, ბეწვის ხიდია, სიბნელისა და სინათლის შუა ბედისაგან გადებული. მაგრამ ყველასთვის კი არა, მარტო იმათთვის, ვინც რუსეთში წასულა, რათა ჭკუა ავარჯიშოს, ტვინსა და გულს მოძრაობა მისცეს, – ფეხი აადგმევინოს. ეს ის ოთხი წელიწადია, რომელიც ჭაბუკის ტვინში და გულში გამოჰკვანძავს ხოლმე ცხოვრების კვირტსა. ეს კვირტი კიდევ ის კვირტია, რომელიდამაც მშვენიერი და ბრწყინვალე მტევანიც გამოვა და ძაღლყურძენაცა. ოო, ძვირფასო ოთხო წელიწადო! ნეტავი იმას, ვისაც შენგან გადებული ბეწვის ხიდი ფეხთაქვეშ არ ჩასწყდომია, ნეტავი იმას, ვინც შენ რიგიანად მოგიხმარა“.

ტროპებით უხვად გაჯერებული ამ ტექსტიდან მრავალი შეტყობინება შეიძლება „გამოვხადოთ“. მე მხოლოდ ორს დავჯერდები: პირველი, რუსეთი არის მხოლოდ შესაძლებლობა და არავითარ შემთხვევაში სიკეთე. თუ ერთმნიშვნელოვნად სიკეთეზე ლაპარაკობ, არ ახსენებ სიბნელეს, ძაღლყურძენას, ბეწვის ხიდის ჩაწყვეტას, როგორც სიკეთის მახასიათებელს. იმპერიაში შეიძლება მიიღო განათლება, მაგრამ ეს განათლება იმპერიის დიდებას არ უნდა მოახმარო. აქ არანაირი მორალური პრობლემა არ არის.  სწორედ რიგიანად მოხმარებული ოთხი წლის დამსახურებაა, რომ მგზავრი ფხიზელი თვალით უყურებს რუს ადამიანს, რუსულ კულტურას და რუსეთის „მისიას“. მეორე, ეს მონაკვეთი ირიბად უკავშირდება რუსეთის მიერ შემოთავაზებულ ცივილიზაციურ „სიკეთეს“, იზლერის ბაღს, რომელსაც პოდპორუჩიკი განათლების კერად თვლის.

მცირე ინფორმაცია იზლერის ბაღზე: როგორც წესი, კლასში ბავშვებს, გამომთვრალი პოდპორუჩიკის გარდა, არავინ ეუბნება, რა იყო ეს იზლერის ბაღი პეტერბურგში. საბჭოთა ტერმინოლოგიით რომ აღვწეროთ, ეს იყო კულტურისა და დასვენების პარკის სინთეზი სამკურნალო-გამაჯანსაღებელ კომპლექსთან. მესმის, ბავშვები ამ მკვდარი სიტყვებით ვერაფერს გაიგებენ. იოჰან ლუციუს იზლერი (რუსეთში ივან ივანოვიჩად წოდებული) წარმოშობით შვეიცარიელი კაცი გახლდათ, რომელიც რუსეთის იმპერიაში საცხოვრებლად  მამამისს წაჰყვა. შემდეგ მამინაცვლისგან შეისწავლა კონდიტერის ხელობა და, ჩანს, ბიზნესი ისე წარმატებით განავითარა, რომ 1848 წელს იჯარით აიღო პეტერბურგში გაშენებული „ხელოვნური მინერალური წყლების დაწესებულება“. „დაწესებულებაში“ მოქალაქეები მიდიოდნენ მინერალური წყლების დასალევად, სხვადასხვა ტიპის აბაზანების მისაღებად. ცალკე შენობები ეკავა მომსახურე პერსონალს. დიდად წარმატებული პროექტი ვერ გამოდგა. ივან ივანოვიჩ იზლერმა კი ეს დაწესებულება გამოაცოცხლა. გააშენა ბაღნარი, სადაც ადამიანები სეირნობდნენ, აწყობდა კონცერტებს, წვეულებებს, დღესასწაულებს. „დაწესებულებას“ გვარიანად დიდი ტერიტორია ეკავა და იზლერმა ამ მიწაზე გააშენა პავილიონები და სცენები, ასევე ხელოვნური ტბორები, ხელოვნური კუნძულები, დეკორატიული თაღები, „სიურპრიზებისა და ოცნებების“ ხეივნები (როგორც ეტყობა, ილიას პოდპორუჩიკს სწორედ იქაური ზმანებები ახსენებენ თავს). ბაღი ნათდებოდა. ხანდახან საჰაერო ბურთს და ფოიერვერკსაც გაუშვებდნენ.  კონცერტის თუ სხვა სანახაობის პროგრამაში უთითებდნენ, რომელი მარნის ღვინოს მიართმევდნენ სტუმრებს. ჩაის სამოვარით პირდაპირ ბალახზე სვამდნენ. საკუთარი ფერმაც ჰქონდათ და ზოგჯერ მოქალაქეებს მათ თვალწინ მოწველილი ძროხის თბილ, ორთქლიან რძეს შესთავაზებდნენ. იზლერის ბაღს საკუთარი პოლიცია ჰყავდა და იქ მისვლა ნებისმიერ დროს შეიძლებოდა, შუაღამითაც, მათ შორის. ბაღში ერთდროულად ყოფნა შეეძლო 8000-ზე მეტ ადამიანს.   პოდპორუჩიკის და მგზავრის ლაპარაკის დროს (1861წ.) იზლერის ბაღი, როგორც ბიზნესი, ყვავის. 1876 წელს ხანძარმა მთელი ბაღი ნაცარტუტად აქცია და ის აღარ აღუდგენიათ. ერთი წლის შემდეგ თავად იზლერიც მოკვდა, უკიდურეს სიღატაკეში.

„მგზავრის წერილებში“ ილია სიტყვაძუნწი და ცოტა მკვახეა, როცა დაუპატიჟებელი სტუმრის ჩაციებას – იზლერის ბაღი გინახავთ თუ არაო? – ერთი სიტყვით, მოჭრილად უპასუხებს: „მინახავს!“ თავად კი არაფერს ამბობს ამ ბაღზე, რომელიც პოდპორუჩიკს ცივილიზაციისა და განათლების კერად მიაჩნია. აქ მნიშვნელოვანია, რომ პორუჩიკი, გარდა იმისა, რომ გულწრფელია თავის სიბრიყვეში, დაპყრობილ ქვეყანას განათლების მისაღებ ადგილად  „ასაღებს“ არა უნივერსიტეტს ან თუნდაც სამხედრო სასწავლებელს, არამედ სივრცეს, სადაც ერთობი, სეირნობ, ისვენებ. ვფიქრობ, აქ მხოლოდ რუსი ოფიცრის სიჩლუნგეზე არ უნდა ვილაპარაკოთ. ქართველებისთვის „საგანმანათლებლო ორიენტირად“ იზლერის ბაღის  დასახვა არაპირდაპირი მოწოდებაა, რომ არ ისწავლო, არ განვითარდე, გართობა და დროსტარება სჯობს,  ხოლო მეორე მხრივ – გაფრთხილებაცაა, რამ შეიძლება ჩაგიწყვიტოს ბეწვის ხიდი ფეხთაქვეშ“. პოდპორუჩიკიც, მთელი თავისი არსებით, მშვენივრად განასახიერებს,  რა ნაყოფს იძლევა იზლერის ბაღი, როგორც „განათლების კერა“.

„მგზავრის წერილები“, როგორც ეს კარგ პროზას შეჰფერის, მრავალშრიანი ტექსტია. ყველას გვახსოვს, ვის იხსენიებს და რა ციტატები მოჰყავს ილია ჭავჭავაძეს მოთხრობაში. რუსული სიტყვიერებიდან მას ორი ფრიად საგულისხმო ციტატა მოაქვს, გრიბოედოვის და ლერმონტოვის. გრიბოედოვის ციტატა მშობლიური კვამლის სიტკბოებაზე მოთხრობის დასაწყისშივე განიმარტება, ეს განმარტებაც ბევრჯერ ადეკვატურად განმარტებულია და გამეორება არ ღირს. თუმცა, აქ შეიძლება კიდევ ერთი სარქველი იყოს ასახდელი ბოლის გამოსაშვებად და გასაფანტად; ესაა რეალური ისტორია თვითონ გრიბოედოვისა, მისი ქორწინების, მისი სიკვდილის, რაც ე.წ. რომანტიკულობის საბურველს სრულიად ჩამოგლეჯდა  მის ბიოგრაფიის „ქართულ ნაწილს“ და მთაწმინდის საფლავზე წაწერილ პათეტიკურ სიტყვებს.

რაც შეეხება ლერმონტოვის ცნობილ ციტატას,  бежали робкие грузины (გარბოდნენ მშიშარა ქართველები), ის მაქსიმალურად ფუნქციურია ილიას ტექსტში; ხსენებული სტრიქონს წარმოთქვამს პოდპორუჩიკი და ავტორი ამით (და შორეულად ეგებ გრიგოლ ორბელიანის ციტირებითაც) მიანიშნებს, რაც უნდა სიქველე გამოიჩინოს ქართველმა, რუსი, დამპყრობელი, არჩევს შენი სისუსტე დაინახოს და აგიფრიალოს. მესამე ციტატა ირიბია  და ისიც მოთხრობის დასაწყისშია: „საკვირველია!  რუსის მხატვრების სურათებზედ რა ლამაზად არის ხოლმე გამოყვანილი ამ სქელკისერა „იამშჩიკის“ ბრიყვი სახე, იმისი ოყრაყული სანახაობა, იმისი მიდუნ-მოდუნებული ზლაზვნა, უადამიანო და პირუტყვული მიხვრა-მოხვრა. რამოდენადაც სურათია კარგი, ორ იმოდენად საძაგელია ნამდვილი“. მგონია, რომ ეს სიტყვები დაიწერა პუშკინის „ზამთრის გზის“ გათვალისწინებითაც:


Что-то слышится родное
В долгих песнях ямщика:
То разгулье удалое,
То сердечная тоска…

სამივე ეს ინტერტექსტი ერთ მიზანს ისახავს: ფხიზლად შევხედოთ რუსულ კულტურას. მისი საუკეთესო წარმომადგენლებიც კი შეალამაზებენ, ცვლიან რეალობას (რაც ხელოვნებისთვის ბუნებრივია), ოღონდ მერე ამ შელამაზებულ რეალობას გვატენიან, როგორც ნამდვილ სურათს. კი ბატონო, დატკბით ხელოვნებით, მაგრამ იცოდეთ, რომ სინამდვილე სხვაა: პუშკინთან იამშჩიკი გაბმით მღერის, რეალურად კი ილიასთან ზმუის პირუტყვივით. პოდპორუჩიკი ლოთი და შტერია, მაგრამ მას როტა აბარია. სამხედრო ძალა არის ყველაზე ქმედითი ბერკეტი, რასაც უჭირავს ჩვენი დაკარგული თავისუფლება. იურთიერთეთ დამპყრობელთან ამის გათვალისწინებით; ცხოვრება ისედაც გვიწევს ლოთებისა და პირუტყვების გვერდით და არ არის საჭირო მათთან რაიმე საერთოს ვეძიებდეთ.

იამშჩიკთან და პოდპორუჩიკთან შეხებისას, აგრეთვე რუსეთში გატარებულ წლებზე ფიქრისას, მგზავრი არანაირ პოზიტიურ სენტიმენტებს არ ამჟღავნებს რუსეთისა და რუსების მიმართ. არავითარი სიმპათია, ლტოლვა, სიყვარული არც რუსეთის მიმართ იგრძნობა და არც რუსეთი ავლენს საქართველოს მიმართ.

რუსები არ მიაჩნია მგზავრს არც როლურ მოდელებად; როდესაც ის ფიქრობს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მოქმედების მოდუსზე, მისი აზრი ევროპელ გენიოსებს დასტრიალებს, ბაირონი და გოეთე ესახება შესაძლო სამოქმედო სტრატეგიების მეტაფორებად.

„მგზავრის წერილების“ სწავლებისას ბავშვებს ტრადიციულად ელაპარაკებიან რუსეთის სახეზე ამ ტექსტში. ვფიქრობ, უნდა ველაპარაკოთ იმაზეც, თუ რას ვშვრებით, როგორ ვიქცევით, როცა რუსეთის სახეს თვალს გავუსწორებთ. ილია ჭავჭავაძეს აქვს ამის პასუხიც.

 

ფოტო :https://saba.com.ge/Books/AudioDetails/6602/%e1%83%9b%e1%83%92%e1%83%96%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი