ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

პიტერ ბანზლი: „მექანიკური გული“

პიტერ ბანზლის რომანის, „მექანიკური გულის“ ქართული გამოცემის გარეკანმა ჩემი ყურადღება ფერადი ნახატების უცნაური კომბინაციით მიიპყრო. ეს დაახლოებით 300-გვერდიანი ნაწარმოები თავგადასავლის მხოლოდ პირველი წიგნია. ასე რომ, სკოლის ბიბლიოთეკაში სასიამოვნო წინათგრძნობით მოვკალათდი.

არიან მწერლები, რომლებსაც ისეთი სამყაროს შექმნის უნარი აქვთ, რომელშიც მოქმედი კანონები თუ წესები ჩვენსას არ ემთხვევა. ასეთ დროს მხატვრული დამაჯერებლობის შესანარჩუნებლად დამატებითი ღონისძიებების გატარებაა საჭირო. როგორც წესი, ასეთი ტექსტებისთვის დამახასიათებელია შესავალი, რომლის ფუნქციაც მკითხველის შემზადება და იმ მოულოდნელობისგან თავის არიდებაა, რომ წინამდებარე წიგნში განსხვავებული პერსონაჟები, კანონები თუ წესები მოქმედებს. თუმცა, პიტერ ბანზლის წიგნი ასე არ იწყება. ის იწყება ეპიზოდით, რომელშიც მოქმედი პერსონაჟებიდან მინიმუმ ერთი, აშკარად არ ეკუთვნის იმ სამყაროს, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ. და სწორედ ეს არის ამ რომანის თავისებურება. იმის გამო, რომ წინ ძნელად დასაჯერებელი ამბები ელით, ავტორი არ ითხოვს კომპრომისს მკითხველის წარმოსახვისგან. პირიქით, წიგნის პირველსავე გვერდზე წარმოდგენილი განსაცდელი ისეთ შთაბეჭდილებას გვიტოვებს, რომ არც ავტორს და მით უმეტეს, არც რომანის მოქმედ გმირებს არ აქვთ იმის დრო, რამე აგვიხსნან. ეს განაპირობებს წიგნის უზადო დინამიკასა და სისხარტეს, ქმნის ფათერაკიან განწყობას, რომელიც ბოლო გვერდამდე არის შენარჩუნებული. მასში, ადამიანებთან ერთად უცნაური ქმნილებები მონაწილეობენ, რომლებსაც მექანოიდები ჰქვიათ – გამომგონებელ-მეცნიერ ჯონ ჰარტმანის მიერ შექმნილი, ხელით მოსამართი ერთგული არსებები, რომლებიც ადამიანების სამსახურში დგანან და მათ ეხმარებიან.

წიგნის პირველ გვერდებზე ერთმანეთს ენაცვლება თავები, რომლებშიც მოქმედება სამ დამოუკიდებელ ადგილას მიმდინარეობს. თითოეულ თავში წარმოდგენილ მოქმედებას თითო მოქმედი მთავარი პერსონაჟი ჰყავს. მათი კვალი მალე იკვეთება ერთმანეთთან და ერთი მიზნისკენ მიმავალ გზაზე ერთიანდება. იდეალურად ჩამოყალიბებული სიუჟეტური სისტემა პერსონაჟების ერთმანეთთან შეხვედრის მოლოდინს, ამბების მონაცვლეობისადმი ინტერესს ამძაფრებს, ამიტომ, იმის რისკი, რომ რომელიმე გვერდზე მოწყენილობა იგრძნოთ, ფაქტობრივად, არ არსებობს. სამაგიეროდ, არსებობს მაღალი შანსი, რომ წიგნის პერსონაჟები ძალიან შეგიყვარდეთ და იქ წარმოდგენილი მთელი სამყარო რამდენიმე დღით საიმედო თავშესაფრად იქცეს თქვენთვის.

პიტერ ბანზლის, ისევე, როგორც საბავშვო ავტორების უმეტესობის მხატვრულ სათქმელს ბოროტების სიკეთით, მეგობრობით, ჰუმანიზმით, სიყვარულით ძლევის იდეა წარმოადგენს. ნაწარმოების მთავარი პერსონაჟები: ლილი, რობერტი, მექანოიდი მელა, ერთმანეთისადმი ერთგულებით ახერხებენ საკუთარი და სხვების სიცოცხლის გადარჩენას. სამყარო ეთიკურ კრიზისს განიცდის. ამის ფონზე, გასაგები ხდება საგონებელში ჩავარდნილი მეცნიერის, ჯონ ჰარტმანის გადაწყვეტილება, რომ თავისი ორიგინალური ქმნილებები – მექანოიდები – სრულყოფილ პროდუქციად აქციოს და მისცეს მათ ის, რაც ადამიანურ სამყაროში ასეთი დეფიციტურია: სული.

პერფექციონისტი მეცნიერი საბოლოოდ ენერგიის ისეთ უშრეტ წყაროს შექმნის, რომელსაც მთელ სამყაროში ანალოგი არ აქვს. ეს უდიდესი შემოქმედებითი წარმატება მისთვის პიროვნული ტრაგედიის მიზეზი გახდება. და აქ პირველად ჩნდება მეცნიერული ეჭვიც. სინამდვილეში, სჭირდება კი კაცობრიობას ამხელა შესაძლებლობა იმ საფრთხის გათვალისწინებით, რომ ნებისმიერი მეცნიერული სიკეთე თავისუფლად შეიძლება ბოროტ მიზნებს მოარგოს? მეცნიერი მზად არის თავის ყველაზე დიდ შემოქმედებით მიღწევას შეელიოს, მაგრამ თავისი ოჯახის გადასარჩენად იძულებული ხდება, შეცვალოს გადაწყვეტილება და კონფლიქტიც სწორედ აქედან იწყება, რომელსაც პერსონაჟები სახიფათო, თუმცა მკითხველისთვის თავშესაქცევ და დაუვიწყარ თავგადასავლამდე მიჰყავს.

„მექანიკური გული“ სიამოვნებას მიანიჭებს როგორც სკოლის მოსწავლეებს, ისე ზრდასრულ მკითხველებს და რაც მთავარია, სურვილს გაუჩენს, საბავშვო ბიბლიოთეკებსა თუ წიგნის მაღაზიებს კიდევ ერთხელ ესტუმრონ, რათა მოიძიონ და წაიკითხონ წიგნის მეორე ნაწილი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი